ახლა მთელი ყურადღება მოსამართლე გიორგი არევაძის მიმართ არის მიპრყობილი, რომელმაც 9 დეკემბერს უნდა გადაწყვიტოს გადაუვადოს თუ არა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი. თუმცა არევაძეს მოუწევს რეალურად გაარკვიოს, რა სჭირს სააკაშვილს და რამდენად შეესაბამება სიმართლეს მისი მხარდამჭერი ექიმების და ოჯახის ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და 2-3 თვეში მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება.
თუმცა მოსამართლეს მეორე მხარის აზრის გათვალისწინებაც მოუწევს, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრებზე განმარტებას „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აკეთებენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ სააკაშვილი საკვებს მიზანმიმართულად არ იღებს და ის თვითდაზიანებას განაგრძობს. არ იღებს ექიმების მიერ დანიშნულ მედიკამენტებს და მხოლოდ იმას ჭამს და იმ დროს, როცა ამას საჭიროდ თავად ჩათვლის. კლინიკის დირექტორმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვამ დღის განმავლობაში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელა.
„პაციენტი იღებს საკვებს საკუთარი სურვილის მიხედვით, რაც გამოჯანმრთელების პროცესისთვის შემაფერხებელია“ - ასეთია იმ კლინიკის დირექტორის პოზიცია, სადაც პატიმარი სააკაშვილი უკვე თვეებია იმყოფება. ზურაბ ჩხაიძემ შედეგიანი მკურნალობისთვის აუცილებელ პროცედურებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პაციენტის ქმედება მას ეწინააღმდეგება.
კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებების შემდეგ, პოზიცია შეცვალა ექს-პრეზიდენტის დედამაც. გიული ალასანიამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
ოჯახის წევრების ნაწილობრივ შეცვლილი პოზიციისა და ექიმების განმარტებების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრებს კრიტიკულს უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში, მისი, ჰუმანიტარული მიზნით, ქვეყნიდან გაყვანას გადარჩენის უალტერნატივო გზად მიიჩნევენ. ნიკა მელია კი სამოქმედო გეგმის დასასახად პარტიის თავმჯდომარეობის ყველა კანდიდატს იხმობს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას არადამაჯერებლად აღიქვამს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ექსპრეზიდენტის შიმშილობის პერიოდს იხსენებენ და არ გამორიცხავენ, რომ პატიმარი სააკაშვილი სასჯელისგან გაქცევას ავადმყოფობის სიმულირებით ცდილობდეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის წინ წამოწევას, ლობისტების პიარ-სტრატეგიას უკავშირებს მამუკა მდინარაძე. მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ საერთაშორისო მედიაში ანალოგიური სათაურებით გავრცელებული სტატიებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ დასავლური მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი ამბობს, რომ სააკაშვილი სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება.
„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად, მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედთან“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ სააკაშვილის მოსამართლეზე ზეწოლა ხდება, რათა ოჯახისთვის და მისი მომხრეებისთვის სასურველი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ანაჯაფრიძე აცხადებს, რომ ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომაპნიის მეშვეობით, უცხურ მედიაში სტატიები იბეჭდება, სადაც კომენტარებს მაია სანდუ აკეთებს და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი წერილი იბეჭდება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სააკაშვილის შესახებ ვირუსული ინფორმაციის გავრცელება ხდება, რათა ისეთი საინფორმაციო ველი შექმნან, რომ თუ მოსამართლემ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს პოლიტიკურ მართლსაჯულებად შეფასდეს.
„ვფიქრობ, რომ თუ ამ ვირუსულ შემოტევას ხელისუფლებამ გაუძლო და კონტრზომები თავად განახორციელა, ეს ყველაფერი გადაივლის, თავის კალაპოტში ჩადება. ახლა მთავარი ისაა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ზუსტი და მიუკერძოებელი სურთი მივიღოთ, რეალურად სააკაშვილს რა სჭირს. ჩვენ ინფორმაციას მხოლოდ ერთი მხარისგან ვიღებთ. ეს ადამიანები კი სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული, ექიმები და ექსპერტები არიან. ალტერნატიული წყაროდან ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. როდესაც ინფორმაციას დამოუკიდბელი წყაროებიდან მივიღებთ სინამდვილეში სააკაშვილს რა სჭირს, სპეკულაციების საშუალება არავის აღარ ექნება.
ერთ-ერთ გადაცემაში ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, რომლსაც „ოცნების“ მიმართ სიმპათიები არ აქვს, თქვა, რომ დიაგნოზებით რატომ ვხმალავობთო. ახლახანს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯამრთელობის პრობლემები ძირითადად, მისი სტრესული მდგომარეობით არის გამოწვეულიო. მას ციხეში ყოფნის მიუღებლობა აქვს, ხოლო ამის ნიადაგზე, ნერვოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემები განუვითარდა. ნებისმიერ ექიმს რომ ვკითხოთ, გვეტყვიან, რომ ასეთ მდგომარეობას ნებისმიერი ორგანოს დაზიანება შეუძლია გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი რადგან ციხეს ვერ ეგუება, მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს, საკმარისი არგუმეტი არაა“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ამ ყველაფერში ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელია - „ოცნება“ არ არის დარწმუნებული, რომ თუკი სააკაშვილი ციხიდან გამოვა და საზღვარგარეთ წავა, ის ოდესმე უკან დაბრუნდება და სასჯელის მოხდას გააგრძელებს.
„მოსამართლეს თავისუფლად შეუძლია, იმისთვის, რომ რეალური სურათი გაიგოს, რა ხდება სააკაშვილის ჯამრთელობის ირგვლივ, ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნოს. ეს მოსამართლის უფლებამოსილებაში შედის. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ 9 დეკემბერს, მოსამართლემ სიტუაცია ამ მიმართულებით წაიყვანოს. რაც შეეხება პროცესებს, თუკი მოსამართლემ არ მიიღო სააკაშვილისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ქვეყნის შიგნით, ალბათ, რაღაცა პროცესების აგორებას შეეცდებიან. აკვირდებით ალბათ, ყველა ის პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში იმყოფებოდა, „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგზე არიან გადართულები და ერთი-ერთში ენმ-ის ნარატივს იმეორებენ. შესაბამისად, მობილზიებულია ყველა, როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ როგორმე დიადი მიზანი მიღწეული იქნას.
მელიას განცახდება ემსახურება იმას, რომ როგორმე ინიციატივა თავის თავზე აიღოს. გასაგებია, რომ ვერც ერთი კანდიდატი ვერ იტყვის უარს ერთად დაჯდომაზე, რადგან ეს მელიამ თქვა. ამიტომ მელია ცდილობს, ყველას დაასწროს და ეს თემა სათავისოდ გამოიყენოს საკაშვილის მომხრეებში და ოჯახთან ქულები დაიწეროს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ხელისუფლება ორივე შემთხვევაში წაგებული იქნება. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუ მოსამართლე სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის გდაწყვეტილებას მიიღებს, ეს „ოცნების“ გადაწყვეტილებად ჩაითვლება და მის ამომრჩეველშიც და ოპონენტების თვალშიც სუსტ ხელისუფლებად წარმოჩინდება. თუკი არ მიიღებს, მაშინ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც თავდასხმის ობიექტი მაინც ხელისუფლება გახდება.
„გაშვება-არგაშვების თემა ორივე ვარიანტში ხელისუფლებისთვის წამგებიანია. თუკი გაუშვებენ და სასჯელს შეუმსუბუქებენ, ხელისუფლებას დამარცხებულად მისი მხარდამჭერები აღიქვამენ. მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ეს მას მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის ფასად დაუჯდება. მგონი, ამ შემთხვევაში, ყველა სცენარით მოვლენების განვითარება ხელისუფლებისთვი წამგებიანია.
კიდევ უფრო წამგებიან იქნება, თუკი მოსამართლე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას გადაწყვეტს. ეს ხელისუფლების სისუსტის ნიშანი იქნება. მოსახლეობას კი სუსტი ხელისუფლება არ უყვარს. რაც შეეხება ოპოზიციას და „ნაცმოძრაობას“, ვფიქრობ, ისევ, ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეეცდებიან, თუმცა ეს არ იქნება აქციები, რომელიც ქვეყანას დაანგრევს. არც ხელისუფლება არ აყვება ამ აქციებს და თუ ამ წნეხს მშვიდად გაუძლებს, ვფიქრობ, პროცესები ახალი წლის დადგომისთანავე მინელდება. თუმცა, ბევრი რამ დასავლეთიდან ზეწოლაზეც იქნება დამოკიდებული. ბოლო დროს დასავლეთიც და ამერიკაც სააკაშვილთან დაკავშირებით აქტიურობენ. ასევე უკრაინაც ვიცით, რომ ამ საქმეში დაინტერესბული მხარეა. ბევრი რამ უკრაინაზეც იქნება დამოკიდებული. ვიცით, ამ ქვეყანას დასავლეთში როგორ ანგარიშს უწევენ, ამიტომაც ველი, რომ ქვეყნის გარედან ზეწოლა იქნება“, - ამბობს საყვარელიძე.