თამაშობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ორმაგ თამაშს იმისთვის, რომ სასჯელს თავი აარიდოს და ქვეყნიდან გასვლა შეძლოს? მესამე პრეზიდენტის და მისი გარემოცვის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები აჩენს ეჭვს, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან დისტანცირებას არ აპირებს, ამას მხოლოდ მოსაჩვენებლად აკეთებს, რათა ხელისუფლება მისთვის სასჯელის გადავადებაში ან შეწყალებაში დაითანხმოს.
სააკაშვილის გარემოცვის კამპანია მისი ჯამრთელობის შესახებ სულ უფორ მეტ კითხვებს აჩენს, რადგან ორგანიზაცია „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებული დასკვნით გაუგებარი ხდება რეალურად რა სჭირს ექს-პრეზიდენტს. „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამტკიცებს, რომ შესაძლოა, სააკაშვილი კომაში ჩავარდეს, თუმცა მალავს იმ 10 სიპტომს და დაავადებას, რომელიც მას დაუდგინეს, რასაც სააკაშვილის სურვილით ხსნის.
სპეკულაციები ასევე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გრძელდება. სააკაშვილის გარემოცვა და ადვოკატები კვლავ ამტკიცებენ, რომ ის მოწამლულია, თუმცა თავად სააკაშვილი დედის პირით საზოგადოებას უთვლის, რომ ის ამაში საქართველოს ხელისუფლებას არ ადანაშაულებს და რუსულ კვალს ხედავს.
სააკაშვილი პოლიტიკიდან შესაძლო დისტანცირების ფაქტს კიდევ უფორ ბუნდოვანს ხდის საერთაშორისო ლობისტური კომპანია „გლობალ ფოინთის“ დაქირავება. ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ამერიკული კომპანია დაიქირავა, რომელმაც სააკაშვილის ინტერესები საზღვარგარეთ უნდა დაიცვას. კომპანიის მთავარი დანიშნულება მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადასაყვანად კამპანიის წარმოებაა.
გიული ალასანია ირწმუნება, რომ „გლობალ ფოინთის“ მეშვეობით ქვეყანაში ცნობილი ექიმების შემოყვანა უნდა მოხდეს. თუმცა მმართველ პარტიას სხვა ეჭვები აქვს. მათი აზრით, პიარ ლობისტების დაქირავების მიზანი სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება და მისთვის სასჯელის თავიდან არიდებაა. მათი აზრით, ეს ფაქტი სააკაშვილის რეალურ მიზანს ააშკარავებს. მმართველი გუნდის აზრით, ყოფილი პრეზიდენტის სურვილი სასჯელის მოხდისგან თავის არიდება და ქვეყანაში დესტრუქციული ფონის შექმნის მორიგი მცდელობაა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქმე გვაქვს ჩვეულ თვალთმაქცურ ქმედებებთან. აბაშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ბოლო დროინდელი პოზიცია, თითქოს მას პოლიტიკა არ აინტერესებს და მისგან დისტანცირებულია, ჩვეულებრივი თვალთმაქცობაა. „სააკაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიტიკით აღარ არის დაინტერესებული, ლობისტურ პიარ კომპანიას ქირაობს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ მას საქართველოში ხელისუფლება აწამებს. პოლიტპატიმარია და „ოცნება“ მას ციხიდან არ უშვებს. ამავე დროს კიდევ ერთხელ ვართ იმის მოწმენი, რომ სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. რამდენიმე დღის წინ დედამისმა განაცხადა, რომ ის მოწამლული იყო, თუმცა სააკაშვილმა სოციალური ქსელიდან უპასუხა, რომ ეს სპეკულაცია იყო. შემდეგ ისევ მისი ადვოკატი ამბობს, რომ არა ეს სააკაშვილის განცხადება არ იყო და ნამდვილად მოწამლულია.
ამაზე იუსტიციის სამინისტრომ ადვოკატებს შესთავაზა, რომ ექსპერტთა ჯგუფი შეეშვათ და გაეგოთ რეალურად არის თუ არა მოწამლული, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხდა. ახლა ის განცხადება, რაც დედამისის მეშვეობით სააკაშვილმა ისევ გააჟღერა, რომ თუ მოწამლულია, მაშინა რუსული კვალი იკვეთება, ისევ აბსურდულია. იმ განცხადებებს მაგონებს, როდესაც მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა უნდა მომხდარიყო. საზოგადოებას ახსოვს, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამტკიცებდა, რომ ის გორში იმიტომ გადაჰყავდათ, რათა ოს სეპარატისტებს გაეტაცებინათ. ცხადია გამოჩნდა, რომ ეს წმინდა წყლის სისულელე იყო. მერე კიდევ მეორი ბოდვა იყო, თითქოს სააკაშვილის პალატასთან ავტომობილი იდგა, რომლიდანაც მის დასხივებას ახდენდნენ. ე.წ. ფარმაკოლოგიურ წამებას ჰქონდა ადგილი. არაერთი აბსურდი და უბედურება აქვთ ნათქვამი და ეს ისევ გრძელდება. ამ ყველაფერს არავინ რომ არ იჯერებს, ამიტომაც სააკაშვილი ილუზიას ქმნის, თითქოს ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდა და ღირსია, რომ ვადაზე ადრე გაუშვან ან პატიმრობა გადაუვადონ“, - ამბობს გია აბაშიძე.
რაც შეეხება „ემპათიას“ დასკვნას, აბაშიძე აცხადებს, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, რომელიც მედიკოსებს ამ დასკვნის მიმართ გაუჩნდათ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საზოგადოებამ რეალურად ვერ გაიგო, სააკაშვილს რა დაავადება აქვს. იქ არის 10 სიმპტომი მოცემული, რომელსაც მალავენ და ეს უფრო მეტ შეკითხვებს აჩენს.
„სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, რომ ხელისუფლებას ამ ბოდვით მოატყუებენ და ვინმე ამ ბლეფს დაიჯერებს. სააკაშვილის ცნობილი ლობისტები თუ მეგობრები, ინგლისურ ენაზე საუბრობენ იმას, რაც ჩვენ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული ტელეეთერებიდან გვესმის. თითქოს ის არის ნაწამები, ე.წ. რუსი ოლიგარქი ივანიშვილი მას კლავს და ა.შ. საზოგადოება დაიღალა და ერთი წელია გვესმის თითქოს მას რამდენიმესაათიანი სიცოცხლე დარჩენია. მისი გარემოცვიდან არაერთხელ წამოსცდათ, რომ სააკაშვილს ადაპტაციური აშლილობა აქვს და ციხის გარემოს ვერ ეგუება“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეც მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა, მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მისი ციხიდან გამოხსნა აღარც მის პარტიას და აღარც მის ამომრჩეველს ანაღვლებს, კონკრეტული ტაქტიკა აირჩია. ახლა ამტკიცებს, რომ ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას სურს, რამენაირად სასამართლოს დაუძვრეს და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდეს. ამის შემდგე კი გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ის არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკიდან არ წავა.
„კაცი, რომელიც ამბობს, რომ ავად არის და კვდება, მოულოდნელად ლობისტ კომპანიებს ქირაობს. დასავლელი პარტნიორების დარწმუნება სურს იმაში, რომ მას საქართველოში აწამებენ. სურს, რომ საერთაშორისო დონეზე ისევ აქტუალური ფიგურა იყოს და ამის ფონზე ამბობს, რომ ე.წ. პოლიტპატიმარია. ვითომ აქ ვინმე მას აწამებს და წამლავენ. ასეთი ადამიანისგან როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ეს არის წმინდა წყლის აფერისტობა, შარლატანობა. სააკაშვილს ერთი სული აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდეს ან გათავისუფლდეს, რომ ისევ ქვეყანაში რევანში მოაწყოს,
ამისთვის კი ყველაფერს იკადრებს. მისი ცრუპენტელობა არავის უკვირს, რადგან ეს ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე კარგად გამოსცადა. ხელისუფლება მას არ და ვერ დაუჯერებს იმაში, რომ თითქოს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს. საერთოდ ვფიქრობ, რომ ის რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება მისი და დავით კეზერაშვილის შეთანხმებული თამაშია. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი ამ ფორმით საკუთარი თანაპარტიელების მიმართ შურს ძიობს, რაგანაც ის პატარა ბავშვივით მოატყუეს, გააცურეს და ციხეში იმაზე დიდი ხანია ზის, ვიდრე მას წარმოედგინა. ამიტომ მისი ე.წ. ავადმყოფობის არავის სჯერა. „ემპათიის“ დასკვნიდან საერთოდ ვერავინ გამოიტანა დასკვნა, რით არის ავად. ამან უფრო მეტი კითხვები გააჩინა, ვიდრე პასუხები გასცა. არ არის გამორიცხული, დასავლეთში იმედებს ისევ სააკაშვიზლე ამყარებდნენ. ქვეყნიდან გაიყვანონ, მოაფერიანონ და მერე ახალი ძალებით უკან ქვეყანას შემოუტიოს. მან დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და ახლა ლობისტების დახმარებით ცდილობს დასავლელი პოლიტიკოსები დაარწმუნოს, რომ კიდევ ერთი შანის მისცენ. მისი აფიორის და შარლატანობის მთელი ფილოსოფია ესაა“, - ამბობს გვენეტაძე.