საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება და შეუძლებელია გაუმჯობესდეს საპატიმრო პირობებში ან შეუთავსებელია საპატიმრო პირობებთან, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს, მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე. შესაბამისად, სახელმწიფო სააკაშვილს მკურნალობაში ნებისმიერი უცხოელი ექიმის ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში.
რელევანტურია თუ არა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და დეპრესიის მიზეზით? იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დიაგნოზი იქნება, თუკი საუბარი არის სასჯელის გადავადებაზე. მინისტრი მოუწოდებს დაცვის მხარეს, რომ მიმართონ სასამართლოს, რომელიც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მსჯელობს, გადაუვადოს თუ გაათავისუფლოს კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელისგან.
„სხვა ბერკეტი ბუნებაში, უბრალოდ, არ არსებობს. მივმართეთ სამხარაულის ბიუროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ექსპერტიზა ჩანიშნულია - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე კი თავად სააკაშვილმა უარი თქვა. ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია.
კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. საზოგადოებისთვის ასევე კარგად არის ცნობილი, რომ ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტებიც და როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფომ თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდგომ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, თუკი არ იქნება მიღებული ადეკვატური ზომები, ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, მოსალოდნელია მსჯავრდებულის გარდაცვალებაც კი.
„უკრაინის საელჩოს მივაწოდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, განიცდის გაუარესებას და მოსალოდნელია ადამიანის გარდაცვალებაც კი, თუკი არ იქნება მიღებული ადეკვატური ზომები. ყველა ჩვენს ექსპერტს, მათ შორის უცხოელ ექსპერტებს, მიგვაჩნია, რომ საჭიროა მისი გაყვანა სასწრაფოდ რაიმე დიდ კლინიკაში... ძალიან შეშფოთებულები არიან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიიღებენ ადეკვატურ ზომებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სადიზმი, დაელოდო როდის დამძიმდება ადამიანი და როდის მივა სიკვდილის კარამდე. მიხვიდე და დაელოდო ადამიანი სარეანიმაციო როდის გახდება და ყველა ორგანო როდის გამოვა მწყობრიდან, ეს არის სადიზმი, მეტი არაფერი“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. შესაბამისად, არ შეიძლება, ეს საკითხები პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს.
„ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყოს. როცა რადიკალური ოპოზიცია და ლობისტები გვთავაზობენ, საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, ეს სამართლისა და კანონის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს. იმიტომ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი, რომ ამ ყველაფრის უკან მათი პოლიტიკური მიზანი დგას, ქვეყანაში ვითარების არევა უნდათ.
ერთადერთი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ, რაც ვერ მოახერხეს - იგივე ცხელი შემოდგომა და ასე შემდეგ. ამის მიღწევა სააკაშვილის გათავისუფლებით უნდათ. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არც უნდა იყოს მიღებული, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, იუსტიციის მინისტრის შეთავაზება, შეიძლება, კარგია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებისთვის ეს საკმარისი არ არის. როგორც ხვიჩია აცხადებს, მსჯავრდებულს ტყვეობაში გამოჯანმრთელება უჭირს, ამიტომ ისედაც გასაგებია, რა და როდისაა ამ საქმეში გასაკეთებელი. დეპუტატი თვლის, რომ ქვეყნის მომავალი არავის, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის უნდა გადაყვეს.
„ჩვენ ახლა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესში ვართ და ამ პროცესში საჭიროა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კონსენსუსიც. ამ კონსენსუსის მისაღებად, ხელისუფლების ადგილზე, მე აქამდეც ვიფიქრებდი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომავალი არავის, არც მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გადავაყოლოთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე თვლის, რომ უცნაურია, როცა იუსტიციის მინისტრი თავაზობს უცხოელი ექიმების ჩამოყვანას, რაც მისი თქმით, ადასტურებს, რომ საქართველოში არ არსებობს სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უმკურნალებს სააკაშვილს. დეკანოიძის თქმით, სააკაშვილის საკითხი აღარ არის პოლიტიკური, არამედ ის უკვე არის ჰუმანიტარული საკითხი.
„მე გავაკეთე განცხადება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ფიზიკურად იგი გამოიყურება ძალიან მძიმედ. შესაბამისად, წარმოუდგენელია რაიმე სახით პოლიტიკური ჩართულობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ ამბობს არავითარ მკურნალობაზე უარს. მე როცა გუშინწინ მოვინახულე, ის იყო გადასხმის ქვეშ, თუ არ ვცდები ეს იყო კალიუმი და იღებს ძალიან დიდი რაოდენობით წამლებს.
არავითარი უარი სააკაშვილის მხრიდან მკურნალობაზე არ დაფიქსირებულა და ვარ ამის მომსწრე პირადად. ამიტომ თუ საქართველოში მისი მკურნალობა შეიძლება, რატომ ჩამოჰყავთ ექიმი? - ლოგიკური კითხვაა. მე სასამართლოსთან შევხვდი უფლებადამცველებს და მათი განაცხადი იყო, რომ ისინი ამ დღეებში შევლენ შუამდგომლობით, შუამდგომლობა შევა და დიაგნოზიც, ექსპერტიზა, დასკვნა იცით, რომ უკვე არსებობს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დაცვის მხარის ახალი სტრატეგია რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე და მოხდეს სასჯელის გადავადება, რათა განხორციელდეს მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა, უშედეგოა. სახელმწიფო ბრალდება და იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის საქართველოში. კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ყველაფერი გაწერილია კანონმდებლობით.
„არანაირი მექნიზმი ხელისუფლებას არ აქვს იმის, რომ დავუშვათ ზემოქმედება იქონიოს და გადაწყვეტილება მიიღოს სააკაშვილთან დაკავშირებით. თუ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, როგორზედაც არის ლაპარაკი, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მისი სამედიცინო მომსახურეობა, რაზედაც ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა. მაგრამ რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ან სასჯელის გადავადებას, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების, თუ სასჯელის გადავადების შესახებ, თუ არ იქნება ექსპერტთა დასკვნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე. სხვა გამოსავალი, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ არსებობს. პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს, მაგრამ ჯერ პროცესი არ დასრულებულა. ძველი მუხლებით შეიწყალოს და დარჩეს ის ნაწილი, რაზეც მისჯილი აქვს, ეს არაფერს შეცვლის. შესაბამისად, ერთადერთი ის რჩება, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.