ყოფილი მსახიობი ყოფილ მოკრივეს დაუპირისპირდა. ზელენსკი კლიჩკოს პროფანაციას არ პატიობს. უკრაინის პრეზიდენტი კიევის მერს უხარისხოდ მუშაობაში ამხელს ისე, რომ მის სახელს არ ახსენებს, კლიჩკოს ნამოქმედარის შესამოწმებლად კი ყველასათვის კარგად ცნობილ დავით არახამიას გზავნის.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ კიევში გახსნილ ე.წ. უძლეველობის პუნქტებში, სადაც კიეველებს რუსეთის მიერ ელექტროენერგიის გათიშვისას თავი უნდა შეეფარებინათ, ნაკლოვანებები გამოვლინდა. მრავალი კიეველი დარჩა დენის გარეშე 20 ან 30 საათის განმავლობაში. საუბარია იმ გასათბობ პუნქტებზე, რომლებიც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ 1-ელ ნოემბერს მოქალაქეების გასათბობად გახსნა.
„პროფანაციას არავის ვაპატიებთ, ისევე როგორც ტყუილს ანგარიშებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, ზელენსკისგან გაგზავნილმა დავით არახამიამ საქმე მყისიერად შეასრულა და დაასკვნა, რომ კიევში ამჟამად გათბობის 430 პუნქტი მოქმედებს, ე.ი. კლიჩკო მთლად უმოქმედოდ არ ყოფილა.
ზელენსკის ბრალდებებს გამოეხმაურა ვიტალი კლიჩკოც და თავისი ფოტოსურათი გამოქვეყნა ჩაფხუტით კიევის ერთ-ერთი თბოელექტროსადგურის აღდგენის პროცესში. ამასთან, კლიჩკომ აღნიშნა, რომ ასეთი მანიპულირება ლამაზად არ ჩანს არც უკრაინელების, არც უცხოელი პარტნიორების თვალში.
სინამდვილეში, რატომ ეჭვიანობს ზელენსკი კლიჩკოზე ისე, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო შექმნილ მძიმე სიტუაციას მხოლოდ კიევში ხედავს, როცა უკრაინის სხვა ქალაქებშიც ასეთივე სიტუაციაა? გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკი ეჭვობს, რომ კრივში მსოფლიო ჩემპიონი და საკმაოდ პოპულარული ვიტალი კლიჩკო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტი იქნება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ზელენსკი კლიჩკოს განეიტრალებას ცდილობს. როდესაც ზელენსკი პრეზიდენტი გახდა, კლიჩკოს მერის თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. თუმცა ვიტალი კლიჩკომ ანდრეი ერმაკის დახმარებით შეინარჩუნა თანამდებობა, რადგან ერმაკი ზელენსკისთვის სანდო პირი იყო.
პოლიტოლოგი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ აქ შეიძლება იყოს სრულიად უსაფუძვლო ეჭვიანობა ზელენსკის მხრიდან კლიჩკოს მიმართ და შეიძლება იყოს სერიოზული დარღვევა-დანაშაულიც, რომელზეც პრეზიდენტმა არ შეიძლება არ მოახდინოს რეაქცია. ამდენად, რა ხდება ზელენსკისა და კლიჩკოს შორის, ამის შეფასება ძალიან ძნელია, ერთი რამ ფაქტია, როცა ქვეყანა ასეთი მძიმე განსაცდელის წინაშეა და ასეთ ომშია, შიდა უკრაინული დაპირისპირება არაფერ კარგის მომტანი არ არის.
„ზელენსკისა და კლიჩკოს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სასიამოვნო არ არის, ყოველ შემთხვევაში, ახლა დაპირისპირების დრო ნამდვილად არაა. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ 2024 წლისთვის კლიჩკოც და ზელენსკიც პრეზიდენტობას აპირებდნენ და ამიტომაც არსებობდეს ეჭვიანობის საბაბი. უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა და უმაღლესი თანამდებობის დაკავების პრეტენზია შეიძლება ნებისმიერ პირს ჰქონდეს. მთავარია, ხალხი ვის დაუჭერს მხარს. სხვათა შორის, კლიჩკო საკმაოდ რეიტინგულია უკრაინელებში“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა for.ge-სთან საუბარში.
უსაფრთხოების სპეციალისტ ანდრო გოცირიძის აზრით, საეჭვოა, ახლა შიდა დაპირისპირებისთვის ეცალოს უკრაინის ხელისუფლებას. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დასავლურ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ამგვარი სტატიები რუსული სადაზვერვო ღონისძიება იყოს, რადგან უკრაინაში შეჭრისთანავე რუსეთის ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ მან უკრაინაში ვერ შექმნა შესაბამისი მეხუთე კოლონა და ვერ დაარღვია უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინის ხელისუფლების ერთობა, მიუხედავად მათ შორის განსხვავებებისა.
„ახლა, როდესაც რუსეთი ყველა მეთოდით ცდილობს, როგორმე უკრაინა მიიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან, ცივი ზამთრისა და განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფონზე მიტაცებული რეგიონები გაიფორმოს, ჩემთვის ზელენსკი-კლიჩკოს დაპირისპირებაზე საუბარი უფრო რუსულ სადაზვერვო აქტიურ ღონისძიებას ჰგავს, რათა განხეთქილება ჩამოაგდოს უკრაინის პრეზიდენტსა და კიევის მერს შორის. არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლებაში რაიმე ტიპის განხეთქილებაა. კიევის ენერგეტიკულ პუნქტებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს კიდეც ჩავარდნა, რადგან რუსეთი გაუგონარი მეთოდებით ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ბუნებრივია, აქ შეფერხება იქნება, ისიც ცხადია, ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს მკაცრი მოქმედებები და, შიგ შემთხვევაში, მკაცრი გამონათქვამებიც კი“, - აცხადებს ანდრო გოცირიძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე შეფასებით, ჯერჯერობით უკრაინა, როგორც სამხედრო ფრონტზე, ისე ზურგში, გმირულად უმკლავდება რუსულ აგრესიას, რასაც, ასევე, განაპირობებს დასავლეთის კონსოლიდირებული დახმარება, უკრაინის პოლიტიკური ძალების ერთობა და მინიმუმამდე დაყვანილი პოლარიზაცია.