მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მისივე თანაპარტიელების დაანონსებული აქცია. ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია „ვივამედიდან“ გამოსულმა ეკა ხერხეულიძემ გაახმოვანა. ხაბეიშვილის იდეას - „ქართული ოცნების“ ოფისთან გააპროტესტონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, პოლიტიკაში ჩართვის მცდელობად აღიქვამს თავად პატიმარი და თანაგუნდელებს მოუწოდებს, მხოლოდ ჯანმრთელობაზე კონცენტრირდნენ. როგორც აღმოჩნდა, ხაბეიშვილსი ინიციატივა პარტიის ნაწილისთვისაც მიუღებელია.
ხაბეიშვილმა კი პარტიაში ბრიფინგი, სადაც აქცია დააანონსა, სასწრაფო წესით, ღამის 12 საათზე ისე ჩანიშნა, რომ პარტიის ნაწილიც კი ინფორმირებული არ იყო. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორების ჯგუფს სურვილი აქვს პროტესტს პარტია სრული შემადგენლობით შეუერთდეს.
ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პარტიაში აზრი ორად გაიყო - ნიკა მელიას ფრთა მიიჩნევს, რომ აქციები პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ უნდა დააანონსოს და არა რომელიმე კანდიდატმა. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ხაბეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას სააკაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად „ოცნების“ ოფისთან 3 დეკემბერს მაინც გამართავს.
„ქართული ოცნების“ ოფისთან დაანონსებულ აქციას, არასერიოზულად აღიქვამს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ გავლენების გაძლიერებას უკავშირდება და ეს პროცესი მათი თქმით, ოპოზიციურ პარტიას ასუსტებს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება აქციებთან დაკავშირებით სწორია, რადგანაც ის კარგად მიხვდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ზოგიერთი მისი წევრი მისი ჯამრთელობის თემას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს და ხვდება, რომ მისი ჯამრთელობა პოლიტიკასთან რაც უფრო დაკავშირებული იქნება, ხელისუფლება მის გათავისუფლებას ან სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას გააჭიანურებს.
„სააკაშვილმა კარგად დაინახა, რომ საკუთარმა პარტიის წევრებმა მოატყუეს და ის ქვეყანაში ცრუ იმედებით ჩამოიყვანეს. სააკაშვილი მიხვდა, რომ „ნაციონალები“ მისი ჯამრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ და პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება ამიტომაც უნდა. ახლა პარტიაში წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო და სააკაშვილის თემის გამოყენება წაადგება არა სააკაშვილს, არამედ თავად ამ კანდიდატებს. ამას სააკაშვილი მიხვდა და ლევან ხაბეიშვილს ამიტომაც მოუწოდა, რომ ახლა აქციების დრო არ არის. ნიკა მელიამაც ჩაატარა აქციები, მაგრამ ამით არაფერი მომხდარა. ასევე ჩატარდა ბევრი აქცია, სადაც 100 კაციც კი არ შეიკრიბა. ეს კი უარესია, რადგანაც უფრო რწმუნდება იმაში, რომ მის გამო ქუჩაში გამოსვლას არც მისი ამომრჩეველი აპირებს. მით უმეტეს ამით ხელისუფლების პოზიცია შეიძლება შეიცვალოს, რადგან „ოცნებას“ არ უნდა სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვება ან შეწყალება ისე შეიფუთოს, თითქოს ეს „ნაციონალების“ ან რომელიმე კონკრეტული ლიდერის ზეწოლის შედეგია. ამიტომ რაც უფრო იხმაურებენ, სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას ხელისუფლება მით უფრო გააჭიანურებს. ხაბეიშვილმაც კარგად იცის, რომ ერთი აქციით მიხეილ სააკაშვილს არავინ გამოუშვებს, ხოლო ამ აქციაზე ათი ათასაბოით ადამიანი არ მივა. ამიტომ სააკაშვილი სწორად უთვლის, რომ არ უნდა მისი სახელი მისსავე პარტიისთვის პოლიტიკური მანიპულაციების საშუალება იყოს“,-ამბობს ძაბირაძე და ფიქრობს, ახლა ხელისუფლება საზოგადოებაში ნიადაგს ამზადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანა მოხდეს.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადება, რომ სააკაშვილმა სასჯელი ქვეყანაში უნდა მოიხადოს და პრივილეგირებული არ უნდა იყოს, არაფერს ნიშნავს, ვინაიდან ზუსტად ასე ამბობდნენ ვენეციის კომისიაზე დეოლიგარქიზაციის კანონის გაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ, როგორც კი დასჭირდათ, პოზიციები შეიცვალეს.
„არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს შორის კომუნიკაცია ხდებოდეს და გარიგებას ცდილობდნენ. საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას შეუძლია სააკშვილის თუნდაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება სათავისოდ, პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს. თუკი ამას გააკეთებს, ამას ახსნის იმით, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და არა ხელისუფლებამ, ხოლო გამოდის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და არა ხელისუფლებისგან მართული. ამით დასავლეთის თვალშიც ქულებს დაიწერს და სააკაშვილის პრობლემასაც თავიდან მოიშორებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ხელისუფლება და არც სხვა ვინმე არ არის იმაში დარწმუნებული, რომ გამოჯანმრთელებული სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას აღარ გადაწყვეტს. ხელისუფლებამ ეს კარგად იცის, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამის დასაზღვევად კიდევ რაღაცები შემოინახონ. ასე რომ, არ მივიჩნევ ხელისუფლებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რამე კატასტროფის მომტანი იყოს“, - ამბობს ძაბირაძე.
სხვათა შორის, TV პირველის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა საინტერესო განცხადება გააკეთა:
„მამაჩემის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდი შეცდომა იყო და მე არც გამკვირვებია. მე ვისმენდი მის საუბარს ამაზე საჯაროდ და მეც იგივეს მეუბნებოდა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ამის გაკეთების. აქამდე მიდგომა იყო ისეთი, რომ ის კრიზისებში იგდებდა თავს და პოულობდა გამოსავალს უცებ. ვარდების რევოლუცია და ა.შ. დიდი კრიზისების გადაწყვეტით მიაღწია მან წარმატებას. ალბათ, კიდევ ერთხელ ეგონა, რომ შეძლებდა ამის გაკეთებას, მაგრამ მე არასდროს ვთვლიდი, რომ ეს შესაძლებელი იყო, არ იყო რეალური შექმნილ სიტუაციაში. თუ უბრალოდ შევხედავთ მხარდაჭერის დონეს, ხელისუფლების ტიპს და ა.შ. უბრალოდ, ეს არ იყო რეალისტური და ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა წლების განმავლობაში. ის არც იყო საქართველოში და მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია მიდიოდა მასთან. თვითონაც ფილტრავდა, რაც უნდოდა ის ესმოდა. ამან უბიძგა მას უდიდესი შეცდომის დაშვებისკენ, რომელსაც მგონია, რომ ძალიან, ძალიან ნანობს. მის ადგილას მეც ვინანებდი, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ის ამას არ გაიმეორებს მომავალში, იმიტომ, რომ იმდენად დიდი ტრავმა მიიღო ამის შედეგად და აშკარად მოუწია რეალობის უკეთ დანახვა“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში სააკაშვილის ირგვლივ გააქტიურება, ასევე დასავლეთის და ამერიკის მხრიდანაც სააკაშვილის ჯამრთელობის ირგვლივ დაინტერესების გაზრდა შესაძლოა, სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე მიუთითებდეს - ეს უკანასკნელი პოლიტიკიდან დისტანცირების სანაცვლოდ, ქვეყნიდან სამკურნალოდ გაუშვან.
„რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილის აქტიურობა წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. ის ხედავს, რომ სააკაშვილის თემა ისევ აქტუალური გახდა. ამიტომ, თუკი ხელისუფლება მის ქვეყნიდან გაყვანას გადაწყვეტს, ალბათ, სურს, რომ ამ პროცესებში თავისი წვლილიც გამოჩნდეს. კი ბატონო, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ პარტიას სხვა ელექტორატიც ხომ ჰყავს. მელია მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ენმ-ისთვის მართალია სააკაშვილის ჯამრთელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პარტიის დღის წესრიგის განმსაზღვრელი და მხოლოდ ამ ამბის ირგვლივ არ უნდა ტრიალებდნენ. ეს პარტიას მხარდამჭერებს დააკარგვინებდა. სიმართლესაც ამბობდა და ასეც მოხდა. თუმცა ხაბეიშვილს, როგორც ჩანს, იმის დამტკიცება უნდა, რომ სააკაშვილზე გული მას უფრო შესტკივა. სააკაშვილი კი ცდილობს, ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ამ პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებულია და მას ახლა აქციები ნამდვილად არაფერში აწყობს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული დასავლეთს სააკაშვილის პოლიტიკური რეამინირება უნდა, რადგან დაინახა, რომ მისი მსგავსი ფიგურა ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრში არ გამოჩნდა, ამიტომაც იმედს ისევ მასზე ამყარებდეს. ქვეყნიდან გაიყვანონ, მოაფერიანონ და შემეგ პოლიტიკურ პროცესებში ისევ აქტიურად ჩააბან. ამიტომ მისთვის ნაკლებად წარმოსადგენია, ხელისუფლება ამ გარიგებაზე წავიდეს, თუმცა ყველაფერს მაინც მოვლენების განვითარება გვიჩვენებს.