„რუსეთი სანამ არ დამარცხდება, ჰააგაში ვერავის დასჯიან“

„რუსეთი სანამ არ დამარცხდება, ჰააგაში ვერავის დასჯიან“

უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებისა და ომის დამნაშავეების სამართლებრივი დევნის განსახილველად, გერმანიის ინიციატივით, G7-ის იუსტიციის მინისტრების პირველი შეხვედრა შედგება. „დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრების განხილვის მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულები იქნება, რომლის გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაც, გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არის უმთავრესი მიზანი.

აღსანიშნავია, რომ 1992-93 წლების შემდეგ ევროპას ამ მასშტაბის სამხედრო დანაშაული არ უნახავს და სწორედ მაშინ შეიქმნა ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი და საფუძველი ჩაეყარა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც 2002 წელს, ჰააგაშივე დაფუძნდა.

საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ორი ცნებაა - „აგრესია“, „დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ“ და „გენოციდი“ დანაშაული, რომელიც მიმართულია ადამიანურობის წინააღმდეგ. როგორც მოვლენები აჩვენებს, 24 თებერვალს, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრით, რუსეთმა ყველა კატეგორიის დანაშაული ჩაიდანა.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლების შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მართლმსაჯულების სისხლის სამართლის სასამართლოს შეუძლია იმ პირთა გამოძიება და დევნა, რომლებიც ბრალდებულები არიან საერთაშორისო საზოგადოებისთვის მძიმე დანაშაულების ჩადენაში. სწორედ ამიტომ, ყოფილი პროკურორები ამბობენ, რომ არ არის შემთხვევითი, როდესაც ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები პუტინს ომის დამნაშავედ მოიხსენიებენ.

ომის დანაშაული დადასტურებულია როგორც ბუჩაში, ასევე ირპენში. არსებობს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები, მათ შორის ხელებშეკრული და შემდეგ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. ასევე, უკვე არის გაუპატიურების და სიკვდილით დასჯის ფაქტებიც. მტკიცებულებებს აგროვებენ და მოწმეებს კითხავენ უკრაინელი სამართალდამცავებიც. სწორედ უკრაინელ სამართალდამცავებზეა დამოკიდებული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში პროკურორებმა შეძლონ იმის დამტკიცება, რომ რუსეთის მიერ დანაშაული განზრახ იყო ჩადენილი.

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მრჩეველი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ გამოძიება და მათ შორის სასამართლო პროცესი დროში გაწელილი პროცესია. თუმცა, მისი თქმით, თუკი პუტინი აღიარეს ომის დამნაშავედ, ასეთ შემთხვევაში გაუგებარი ხდება, როგორ უნდა დაისაჯოს პუტინი? ვინ დააპატიმრებს? ვინ წარადგენს სასამართლოს წინაშე?

„სასამართლო დროში გაწელილიც არის და სივრცეში. გამარჯვებული მხარე უნდა იყოს შესული იმ ტერიტორტიაზე, სადაც მოხდა ომის დანაშაული. მილოშევიჩს ვერავინ ვერ დააკავებდა სერბეთი რომ არ დაემარცხებინათ ამ დაპირისპირებაში. ყველამ იცოდა კადაფი დამნაშავე იყო, მაგრამ ვერავინ ვერ აკავებდა. იგივე მოხდა სადამ ჰუსეინის შემთხვევაშიც. დააკავეს და გაასამართლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დამარცხდა და ტყვედ აიყვანეს. გერმანელებს რომ გაემარჯვათ მეორე მსოფლიო ომში, ნიურნბერგში იჯდებოდნენ ამერიკელები, ინგლისელები და არა გერმანელები“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

მისი თქმით, არაფერი რთული გამოძიებაში არ არის, ვინაიდან საქართველოსგან განსხვავებით უკრაინელები შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მასიურად ხდებოდა ადამიანების დახოცვა და დასაფლავება.

„შეიყვანეს როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე მედიის წარმომადგენლები იმ ტერიტორიაზე. ასე რომ, აქ პრობლემა არაა. პრობლემა გვქონდა ჩვენ. ვერაფერს ვერ დავუმტკიცებთ, იმიტომ, რომ ის ტერიტორიები დავკარგეთ. მაგალითად, უკრაინელები ვერავის ვერ დაუმტკიცებენ რა ხდება მარიუპოლში. ალბათ, იქ არანაკლები უბედურებები ხდება, ვიდრე ბუჩაში და ირპენში. მაგრამ თუ უკრაინელები არ შევიდნენ მარიუპოლში, ვერავინ გაიგებს, რა დანაშაული ჩაიდინეს რუსებმა. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ფაქტია, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ სანამ არ დამარცხდება რუსეთი, ვერც ვერავის დასჯიან ჰააგაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.

Aburjga Tasmanieli რუსეთი თუ გაიმარჯვებს არის რაღაც მცირე მაინც შანსი ჰააგაში ვიღაცეები ისევ გაასამართლონ, მაგრამ რუსეთი თუ დამარცხდა მაშინ გაძლევთ 1%-ან გარანტიას, რომ ჰააგაში ვერავის გაასამართლებენ იმიტომ, რომ ახლა სადაც ჰააგაა იმ ადგილას ატლანტიკის ოკიანის რადიაქტიური წყლები ილივლივებენ!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 1% - 100%
1 წლის უკან