„ნაცმოძრაობის“ არსებობა ფიასკოს უახლოვდება. ამის მიუხედავად, ამ მომაკვდავი პარტიის ლიდერობისთვის თავს იკლავენ. „ნაცმოძრაობის“ „მძიმეწონოსან“ ნიკა მელიას მხოლოდ მეორე „მძიმეწონოსანი“ ლევან ხაბეიშვილი არ უპირისპირდება, ზურაბ ჭიაბერაშვილსაც გაუჩნდა ცდუნება და შესაძლოა, ჭიაბერაშვილიც გახდეს ნიკა მელიას კიდევ ერთი კონკურენტი.
ის-ის იყო, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ თავს შემოუძახა, ნაცთა ამხელა პარტიის თავმჯდომარეობას როგორმე გავქაჩავო, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ორივეს ცივი წყალი გადაასხა, ვერც მელია და ვერც ხაბეიშვილი პარტიის გაერთიანებას ვერ შეძლებს, მე კი ამის პოტენციალი გამაჩნიაო.
ამ ყველაფრის შემხვედვარე ცინიკოსმა რომან გოცირიძემ კარგად შეიგრძნო საკუთარ პარტიაში მიმდინარე პროცესთა ტრაგიკომიკურობა და ნაცებს კიდევ ერთი კანდიდატურა შესთავაზა - „ბარემ „ნაცმოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭი იყაროს განდგომილმა სოზარ სუბარმა, ისიც ხომ ერთ დროს „ნაციონალი“ იყო?!“
როგორი იქნება ურთიერთდაპირისპირების არენად ქცეული „ნაცმოძრაობის“ მომავალი, ეს ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ თანაბრად აშფოთებთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ნინო კალანდაძე ეჭვობს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეიძლება ჩამოყალიბდეს უსუსურ ოპოზიციად, რომელიც ვერასდროს შეძლებს მართვის სადავეების ხელში აღებას. უფრო კონკრეტულად, ნინო კალანდაძე საშიშროებას ხედავს, რომ „ნაცმოძრაობის“ ცუდი თავმჯდომარე (ნიკა მელია) ჩაანაცვლოს ისეთივე ცუდმა ან უარესმა (სავარაუდოდ, ლევან ხაბეიშვილი) თავმჯდომარემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობა“ კარგა ხანია, უსუსური ოპოზიციაა. ამდენად, არასწორია მოსაზრება, თითქოს „ნაცმოძრაობა“ მომავალში შეიძლება ჩამოყალიბდეს უსუსურ ოპოზიციად.
„მე მგონი, 2012 წლის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ სულ უსუსური იყო. მათ ვერც ერთი არჩევნები ვერ მოიგეს. ამიტომ ზედმეტია იმის თქმა, რომ მომავალში „ნაცები“ უსუსურები იქნებიან, ისინი უსუსურები უკვე არიან სწორედ იმ არასწორი პოლიტიკით, რასაც ისინი ახორციელებენ. ამის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გამოვლინებაც არის ამჟამინდელი დაპირისპირება მელიასა და ხაბეიშვილის გუნდებს შორის, რასაც ახლა ვაკვირდებით. ასეთ შეცდომებს რომ უშვებენ, ამიტომაც არ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოებაში. მელია და ხაბეიშვილი ერთმანეთს ეცილებიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერობას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ კანონზომიერია ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება. მისივე მოსაზრებით, პოლიტიკურ ცხოვრებაში მუდმივი არაფერია და გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ყველაფერი ბერდება ბუნებაში და „ნაცმოძრაობაც“ უკვე დაბერდა, როგორც მოძრაობა, გასაქანი არ მიეცა მას, მისი სულის შთამბერავი იყო მიხეილ სააკაშვილი. ოპოზიციის ე.წ. ვერც ერთი მესიტყვე თუ ბელადი სააკაშვილთან ახლოსაც ვერ მივა, მიუხედავად სააკაშვილის შეცდომების და გადაცდომების. საქართველოში აკადემიური პარტიები არ გვყავს, რომელთაც მრავალწლიანი ტრადიციები ექნებოდათ, როგორც ამერიკას, გერმანიას, იტალიას. ჩვენ ვართ ძიების პროცესში და ამ ძიებას 30 წლის მანძილზე ახლავს მკვეთრი დაპირისპირება. მკვეთრი დაპირისპირებაა თვითონ სახელისუფლო გუნდს შორის, ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის.
„საქართველო, წესით, საპრეზიდენტო რესპუბლიკა უფრო უნდა იყოს, ვიდრე საპარლამენტო, ვინაიდან საპარლამენტო რესპუბლიკა მოითხოვს ეკონომიკის, კულტურის მაღალ დონეს. თუმცა მაინც მოხდა საპარლამენტო მოდელზე გადასვლა და ეს დაკავშირებული იყო სააკაშვილის ე.წ. სამშვიდობო გადატრიალებასთან, კერძოდ, საპრეზიდენტო გადატრიალებასთან, რომ არ უნდა ყოფილიყო ძლიერი პრეზიდენტი საქართველოში, რადგან სააკაშვილს უნდა დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამიტომ ჩვენ გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე. ასეთი ვითარება ძალიან ცუდია. არა მარტო ქონებრივი პოლარიზაციაა საქართველოში, არამედ პოლიტიკური პოლარიზაციაც, რაც პარტიებზეც აისახება“, - აცხადებს იგორ კვესელავა ჩვენთან საუბრისას.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ უსუსურ ოპოზიციად გადაიქცევა, განურჩევლად იმისა, ვინ იქნება მის სათავეში-მელია, ხაბეიშვილი, თუ ჭიაბერაშვილი, თავისი წარსულითა და შეუფერებელი გამოსვლებით. ეს იქნება ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია და ეს პროცესი აუცილებლად მოახდენს გავლენას ამომრჩეველზე, რომელთა უდიდესმა ნაწილმაც უკვე დაიწყო ფიქრი სხვა რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებაზე. საბოლოოდ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობის“ ლიდერად, ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ დიდი ხის დაგლეჯა, როგორც ეს ხდება მეხის დარტყმის დროს, ამ ხის ცალ-ცალკე ტოტები მაინც დარჩება, მაგრამ მათი ძალა არ იქნება ძლიერი და ანგარიშგასაწევი. აქედან გამომდინარე, რაც უფრო სუსტი იქნება პოლიტიკოსი, მისი პარტიაც უფრო სუსტი იქნება. „ნაცმოძრაობა“ გარკვეულ ჯგუფებად დაიყოფა, შესაძლოა, მან არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და გაიყვანოს მხოლოდ 2-3 წარმომადგენელი.