მას შემდეგ, რაც „იმედის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, სახელწოდებით - „მდიდარი ენჯეოების კლანი“, არასამთავრობო სექტორს მოლოდინი გაუჩნდა, რომ ხელისუფლება არასამთავრობოების მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას ცდილობდა.
პერიოდულად მართლაც ჩნდება ხოლმე კითხვები, რამდენად მიზნობრივად ხარჯავს არასამთავრობო სექტორი დონორებისგან მიღებულ სოლიდურ თანხებს და ხომ არ არის არასამთავრობოთა ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონკრეტულად კი ერთი პარტიის „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ მიმართული?!
არასამთავრობოები ამის პასუხად აცხადებენ, რომ მათი დაფინანსების წყაროები ღიაა და მათ მიერ დახარჯულ თანხებს საერთაშორისო აუდიტორული სამსახურები ამოწმებენ.
სხვათა შორის, არასამთავრობოთა დაფინანსების გაკონტროლება გადაწყვიტა უნგრეთმა. იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც 24 000 ევროზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, ყოველწლიურად დეტალური ანგარიში უნდა წარადგინონ.
„ენჯეო“ სექტორის სიკვდილი ჩვენი მიზანი არ არის“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. სამაგიეროდ, „ხალხის ძალა“ მოითხოვს, არასამთავრობო სექტორის დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცეს, რადგან ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი ენჯეო-ებზე არის მიმართული და აგენტოკრატიას ხმარდება.
არასამთავრობოთა დაფინანსების გაკონტროლების მომხრეა კახა კალაძეც. დედაქალაქის მერის აზრით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები პოლიტიკაში არიან ჩართულნი, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ისინი არიან პოლიტიკური პარტიები. ამდენად, კახა კალაძე ფიქრობს, რომ არა მხოლოდ არასამთავრობოთა დაფინანსება, არამედ ყველა მათი ქმედება უნდა იყოს გამჭვირვალე. ისინი უნდა იყვნენ აპოლიტიკურნი, თუმცა რატომღაც საქართველოში ყველაფერი შეტრიალებულად ხდება. უფრო მეტიც, კალაძის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ განწყობა რაც აქვს საზოგადოებას, ეს თავად მათი დამსახურებაა.
რატომ ვერ ახერხებს ჩვენი არასამთავრობო სექტორი, იყოს აპოლიტიკური და როგორ უნდა მივიღოთ პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეო“- ებისგან აპოლიტიკური არასამთავრობოები?!
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკლებლივ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ისინი ქვეყნისთვის საზიანო საქმით არიან დაკავებულნი. სასარგებლო საქმესაც, ალბათ, ვიღაც აკეთებს, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული სასარგებლო საქმეები ნაკლებად ცნობილია, რადგან პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ გაცილებით მეტს ხმაურობენ.
„თუ დასავლეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად დაკავებულნი არიან იმ საქმეებით, რომელსაც ვერ ახერხებს სახელმწიფო, ჩვენთან პირიქითაა, ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულნი არიან ზუსტად იმ საქმეებით, რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა. ფაქტობრივად, ჩვენი არასამთავრობოები პოლიტიკური პარტიის ფუნქციას ითავსებენ და ებრძვიან ხელისუფლებას, ეს წითელ ხაზად გასდევს მათ მოღვაწეობას. ამიტომაც ჩანს ასეთი ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ხმაურობენ, ხოლო ის არასამთავრობოები, რომელიც წყნარად, რუდუნებით აკეთებენ ქვეყნისთვის საჭირო საქმეს, აღარ ჩანან“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრითაც, საკმარისია პოლიტიკური მოტივით გაკონტროლდეს არასამთავრობოების დაფინანსება და გაირკვას, ისინი ქვეყნისთვის საზიანო საქმეს აკეთებენ თუ არა, ეს უკვე სახიფათო იქნება, მთელი მსოფლიო ატეხავს ამაზე ხმაურს, რომ საქართველოში თურმე არასამთავრობოებს ხელს უშლიან.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ზუსტად ასეთივე პრობლემა დგას იმ ქვეყნებში, სადაც არასამთავრობოები შეავიწროვეს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთში, სადაც პირდაპირ უცხოელების აგენტებს ეძახიან არასამთავრობოებს, ეს იარლიყი შექმნეს და ამ სახელით მოიხსენიებენ მათთვის მიუღებელ ადამიანებს. ამდენად, რუსული მოდელი რომ არ არსებობდეს, კიდევ შეიძლებოდა საკანონმდებლო წესით რაიმე რეგულაციაზე ფიქრი საქართველოში, მაგრამ რადგან რუსული მიუღებელი მოდელი არსებობს, იმავე გზის გამეორება არ იქნება შედეგიანი.
იმის გამო, რომ რუსული და აზერბაიჯანული მოდელით ვერ გაკონტროლდებიან არასამთავრობოები და ვერც მათი ფინანსები გაკონტროლდება, რამაზ საყვარელიძე გამოსავალზე საუბრობს, კერძოდ, იქნებ შეიქმნას ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საწინააღმდეგოს იტყვიან და დააბალანსებენ პოლიტიკურად მოტივირებული „ენჯეოების“ პოზიციას.
„შეჯიბრში უნდა შევიდნენ ამ არასამთავრობოებთან, უნდა შეიქმნას ისეთი არასამთავრობოები, რომლებიც სახელმწიფოს სასარგებლო საქმეს გააკეთებენ და თან კონკურენციაში შევლენ იმ არასამთავრობოებთან, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანოდ მოქმედებენ. ამ კონკურენციით უნდა მოიგონ მათ და არა ძალისმიერად. თუმცა ერთიცაა, უკვე ცნობადი არასამთავრობოები დასავლეთშიც ცნობილნი არიან, მათ მოახერხეს უცხოეთში კავშირების დამყარება, ამიტომ სხვა არასამთავრობოებმაც უნდა მოახერხონ ასეთივე კავშირების გაბმა დასავლეთში“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ანუ.....უცხოეთის ქვეყნების მიერ საქართველოში გადმოსხმული აგენტურა --დესანტი, საქართველოს წინაააღმდეგ დივერსიული აქტების ჩასატარებლად
გადმოსხმულ--დაფინანსებულიო....
100%--მართალია