ემუქრება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაშლა, თუკი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა? ნიკა მელიას თანამოაზრეები პირდაპირ ამბობენ, რომ ამის წინაპირობები უკვე გამოჩნდა, რაგან პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ღიად გამოდის. ამიტომ, თუ არჩევნებში ვანო მერაბიშვილის ფავორიტი ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერები დატოვებენ. მელიას ფლანგს მიაჩნია, რომ მერაბიშვილთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ვერ მოხდება.
სანამ ენმ-ში შფოთავენ, მერაბიშვილი ჩრდილიდან გამოვიდა და გამარჯვება ფეისბუქ პოსტით დააანონსა. თუ ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, ფაქტობრივად უკვე დადასტურებულია, რომ პარტიიდან ხატია დეკანოიძე წავა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ხაბეიშვილი თავმჯდომარის პოსტზე შესაფერისი კანდიდატი არ არის და მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის პარტიაში თავის ადგილს ვერ ხედავს.
პარალელურად, დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ფლანგს შორის სულ უფრო იძაბება. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ნიკა მელიას წარსული ამოუქექეს და პარტიის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობა წამოაძახეს.
რატომ გააქტიურდა კეზერაშვილ-მერაბიშვილის ტანდემი და ჰყავთ თუ არა მათ დასაყრდენი როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ?
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი მმართველობის მთავარ შლეიფს წარმოადგენს. ის არის ოდიოზური ფიგურა, რომელის სახელთანაც ყველაზე ცნობილი ჯალათები: მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა, დათა ახალაია და მათი ქვეშევრდომები არიან. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე ბინძური და ამაზრზენი სისტემა შექმნა და ამ ადამიანების მეშვეობით მაშინდელი რეჟიმის უსასტიკეს დანაშაულებებს სჩადიოდა. ამიტომაც თავად ენმ-ის ამომრჩეველშიც კი მერაბიშვილის მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს. ამიტომ არ არის გამორიცხული, თუკი ის და კეზერაშვილი პარტიის ხელში ჩაგდებას შეძლებენ, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაწილებად დაიშალოს.
„ამ ჯალათების უწყების ხელმძღვანელთან ვანო მერაბიშვილთან კავშირი თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ წევრსაც კი არ უნდა. შესაძლოა, მერაბიშვილი სულ სხვა მუხლით იყო მსჯავრდებული, მაგრამ თავად ამ პარტიის მხარდამჭერებშიც კი, (აღარ ვსაუბრობ ჩვენს მოსახლეობის უმრავლესობაზე), ეს კაცი ამ სასტიკი სისტემის არქიტექტორია. გვახსოვს მაშინდელი ძალოვნები ხალხს რასაც უშვრებოდნენ და რა სისტემაც შექმნა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მერაბიშვილთან ასოცირება არავის სურს. მერაბიშვილი რაც სააკაშვილი პარტიისგან დისტანცირდა, ბრძოლა გავლენებისთვის დაიწყო. მერაბიშვილი არის კეზერაშვილის ყულაბის ყარაული და ლევან ხაბეიშვილი მეთვალყურე. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეობა უნდა, არც ფინანსებს და არც ამხელა პარტიას არავინ ანდობს. ის, უბრალოდ, არის კეზერაშვილის მარიონეტი, რომელსაც უფროსად მერაბიშვილი ჰყავს მიჩენილი. კეზერაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ხოლო მერაბიშვილს, როგორც მის ყველაზე ნდობით აღჭურვილ პირს, შეუძლია ხაბეიშვილი და პარტია მართოს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები გავლენებს და მფარველებს ქვეყნის გარეთაც ეძებენ და ნაპოვნიც ჰყავთ უკვე. ვნახოთ, მგონია, რომ ენმ-ში ისეთი სიტუაცია დაიწყება, ერთმანეთს კომპრომატებით ომს დაუწყებენ“, - ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, ქუჩაში საკუთარი ნათესავების გამოყვანაც კი არ შეუძლია. ეს კაცი იმდენად სახელშელახული და ავტორიტეტდაკარგულია, რომ მის დაძახილზე 10 კაცი არ შეიკრიბება. ახლა მერაბიშვილი კეზერაშვილთან ერთად პოლიტიკურ აქტიურობას იწყებს, რადგანაც არც ერთი დაგეგმილი პროვოკაცია გარკვეულ ჯგუფებს არ გამოუვიდათ. ანალიტიკოსი მერაბიშვილის გააქტიურებაში კიდევ უფორ შორს მიმავალ მიზნებს ხედავს და მიიჩნევს, რომ ყოფილი ძალოვანების აქტიურობა და პოლიტიკაში შემობრუნება გარე ძალების ხელდასმით ხდება.
„მერაბიშვილი და კეზერაშვილი ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩათრევა სურთ, ჰპირდებიან, რომ აქ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადაგდებას შეძლებენ. ეს კი მათი ტყუილი ოცნებაა, რადგან ხალხისთვის ეს პიროვნება არაფერს წარმოადგენს და ყველამ კარგად იცის, რა სისხლიანი წარსული აქვს. გადატრიალება ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეძლოს და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაზე მერე იოცნებოს. ვინ, ვინ და, მერაბიშვილის გადასაწყვეტი მით უმეტეს არ არის, ქართველ ხალხს ხელისუფლების სათავეში ვინ უნდა, რომ იყოს. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ რომ ვერ შეხვალ, ეს ამ ადამიანებს ვერ გაუთვითცნობიერებიათ. თუმცა გასაკვირი არ არის, რადგან ესენი არიან გაუნათლებელი და უწიგნური ხალხი. როგორც 1917 წლის ოქტომბერში გაუნათლებელ მატროსოვს გაუმართლა, 2003 წელს ამათ გაუმართლა და პარალმენტში შეცვივდნენ. მერაბიშვილს ისევ 2003 წელი და შევარდნაძე ჰგონია ხელისუფლებაში. ან ფიქრობს, რომ ქართველი ხალხის მოტყუება კვლავ შესაძლებელია. თუმცა მგონია „ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ხაბეიშვილის მსგავს ტლუს, გაუნათლებელს და ხეპრეს ნამდვილად იმსახურებს. ეს არ არის პარტია, ეს არის სექტანტების მოძრაობა. ამიტომაც ასეთ ორგანიზაციას ზუსტად ხაბეიშვილის და ვანო მერაბიშვილისნაირი ხეპრეები უნდა მართავდნენ“, - ამბობს გვენეტაძე.
რაც შეეხება მერაბიშვილის და კეზერაშვილის მოულოდნელ პოლიტიკურ აქტიურობას, გვენეტაძე ამბობს, რომ ეს ადამიანები მარტონი არ მოქმედებენ. მათ ზურგს როგორც ქვეყნის შიგით, ასევე მის გარეთ უმაგრებენ. მას შემდეგ, რაც კეზერაშვილს, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ ფულები აწაპნეს, მოატყუეს, რომ აქ რაღაცას შეძლებდნენ, კეზერაშვილმა უშუალოდ საქმეში ვანო მერაბიშვილის ჩართვა გადაწყვიტა. მიხვდა, რომ ეს ნაყარ-ნუყარა პოლიტიკოსები ქვეყანაში მოსახლეობის 1%-საც კი არ ანაღვლებს. ამიტომაც ემისრად მერაბიშვილი გამოაგზავნა.
„ამათ როგორც გაღმა, ასევე გამოღმა თავისი პატრონები ჰყავთ. ესენი არიან უბნელესი ძალები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების თავის ჭკუაზე ტარება უნდათ. ამას რადგანაც ვერ ახერხებენ, ახალი დასაყრდენი კეზერაშვილ-მერაბიშვილის სახით იპოვეს. საქართველოში მანამდე კი სააკაშვილი შემოაგზავნეს, რომელმაც ასევე დავალებას თავი ვერ გაართვა. ამიტომ მას სჯიან, ართმევენ, როგორც პარტიას, ასევე იმ პოლიტიკურ გავლენებს, რაც ამ პარტიის სახით ჰქონდა. ახლა იმედებს სხვა მოთამაშეებზე ამყარებენ და, როგორც ჩანს, ეს მერაბიშვილი და ქურდბაცაცა კეზერაშვილი არიან. ვნახოთ, ფაქტია, რომ პარტია მართლაც დაეშლებათ, თუკი ხაბეიშვილმა გამარჯვება შეძლო“, - ამბობს გვენეტაძე.