ბიძინა ივანიშვილზე, როგორც „ოლიგარქზე“ და „რუსეთის ინტერესების გამტარებელზე“, 29 ნოემბერს, ბრიუსელში კონფერენციაზე იმსჯელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები. მათ შორის არის ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებზე სანქციების დაწესებას ითხოვს.
კრამერი ამბობს, რომ სანქციების გარეშე საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. შესაბამისად, მიაჩნია, რომ მიზანმიმართული სანქციები არის შესაძლებლობა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სასჯელი, შესაბამისი საფასური ქართული მთავრობის მიერ ამჟამინდელი ქცევის გაგრძელებას.
„მე მინდა ძალიან კარგად განვმარტო, თუ რას ვგულისხმობ. მე არ ვგულისხმობ სანქციებს ქართველი ხალხზე, მე არ ვგულისხმობ სანქციებს სახელმწიფოზე. მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კონკრეტულ, მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ სანქციებს ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს არასწორი მიმართულებით მიუძღვებიან.
ეს დაიწყება ბატონი ივანიშვილისგან, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არ აკისრია ოფიციალური როლი მთავრობაში ან პარტიაში, არის ის ადამიანი, რომელიც რეალურად აკონტროლებს ამ პროცესებს და ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მის ბრძანებებს, მათაც უნდა შეეხოთ სანქციები. თუმცა ნამდვილად დავიწყებდი ამ ყველაფერს ივანიშვილით“, - აცხადებს დევიდ კრამერი.
კრამერის სკანდალურ განცხადებაზე კომენტარის გაკეთების სურვილი არ აქვს კელი დეგნანს, თუმცა ამბობს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე.
„დევიდ კრამერი არის კერძო პირი, რომელიც აკადემიურ წრეებში ძალიან დაფასებულია. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
მმართველი გუნდის შეფასებით, დევიდ კრამერის განცხადება არის იმ ჰიბრიდული ომის გაგრძელება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ დავაკვირდებით ქართულ რეალობაში როგორ წარმოიშვა ტერმინი „ოლიგარქია“, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ განხორციელებულიყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე.
„ის, ვინც თავს ესხმის საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, ეს არის აქსიომა, შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ მთელ მდგომარეობას. რომ დავაკვირდეთ ქართულ სინამდვილეში როგორ წარმოიშვა ტერმინი „ოლიგარქია“, როგორ განვითარდა, რა ინტერესი იდგა ამის უკან, ვნახავთ, რომ უნდა მომხდარიყო გარკვეული „კლიშირება“ ამა თუ იმ ადამიანისა, რადგან, საბოლოოდ, განხორციელებულიყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების დასუსტების მცდელობის უკან ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მათი მხარდამჭერები დგანან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავთ აყვანილი და ცდილობენ, მძევლად აყვანის სანაცვლოდ გამოივაჭრონ საქართველოს ხელისუფლების დასუსტება.
„ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას გარშემო უარეს, რომ რამენაირად, დემოკრატიის გვერდის ავლით ჩაენაცვლებინათ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ მათ უკვე ცხრაჯერ უთხრა უარი იმ ავტორიტარული რეჟიმის გამო, რომელიც მათ დამკვიდრებული ჰქონდათ, ესაა რეალური მიზეზები. იქნება ოლიგარქია, სახელმწიფოს მიტაცება, თუ სხვა ტერმინები, ამ ჯგუფებმა შემოიტანეს საქართველოში, რათა მოეხდინათ ქვეყნის დისკრედიტაცია და არადემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებაზე გავლენა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის გაუგებარია რომელი პოზიციიდან უკან დახევაზე საუბრობს დევიდ კრამერი. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, სერგო თეთრაძე წამებაში მოკლეს, რაც ერთი შემთხვევა არ არის და საინტერესოა, ნუთუ არ იცის დევიდ კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო საქართველოში?! ვიცე-სპიკერის განმარტებით, ასეთი სამაგალითო, ერთგული დასაყრდენი, როგორიც საქართველოა, აშშ-ს და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს ამ რეგიონში და თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
„ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული რაღაც პრანჭიაობით და პოლიტიკური კეკლუცობით. ჩვენ ერთად გვიომია და კიდევ დავდგებით ერთად, როდესაც საქმე გლობალურ უსაფრთხოებას ეხება. კრამერის პოზიცია ვიცით. ის არის ამერიკული გვარით ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ლიდერი თუ არა, წევრია რადიკალური ოპოზიციისა. კრამერმა რადგან თქვა, ჩვენ თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ დემოკრატიის უკუსვლაა? დღეს სერგო თეთრაძეზე იყო საუბარი. სულ არ უნდოდა იმ კონკრეტულ ადამიანს, რომ შეეყვანათ და დამიზნებულად, დავალების მიხედვით ემოქმედა სადამსჯელო ჯგუფს, კონკრეტული გვარებიც ვიცით, უსასტიკესად ეწამებინათ და წამებაში მოეკლათ. ეს ერთი შემთხვევა ხომ არ არის? ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო? საიდან დავიხიეთ უკან. მანდ ჩამოვედით ისევ? თუ მაგ მდგომარეობიდან დავიხიეთ უკან?“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, მათთან აფილირებული საერთაშორისო მხარდამჭერები, რომლებიც, უბრალოდ თავის პარტიას, რომელთანაც გააჩნიათ ლობის განხორციელების შესაბამისი ხელშეკრულება და შესაბამისი დაფინანსება ვალდებულნი არიან თავისი საქმე გააკეთონ, ანუ გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ - მიაღებინონ ანტიქართული რეზოლუცია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
„ამერიკის ნებისმიერ ქალაქში10 ამერიკელი გავაჩეროთ და დავუსვათ კითხვა - ვინ არის დევიდ კრამერი? დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი იქნება აბსოლუტურად ნოლი. ჩვენ იგივე გზას მივყვებით, როდესაც გვავიწყდება, რომ 705 ევროპარლამენტარისგან შედგება ევროპული პარლამენტი. მაგრამ, ჩვენ ვიცით 5 და მაქსიმუმ 7 ევროპარლამენტარის სახელი და გვარი.
„სახალხო პარტია“, ან კუბილიუსი, ფოტიგა, კრამერი თუ გადამდგარი იან კელი, რომელთა სახელი და გვარი ამერიკაში არავისთვის არ არის ცნობილი, ზუსტად იგივე საქმიანობით არიან დაკავებულნი, რომლითაც დაკავდა შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიშა სააკაშვილის ახლო მეგობარი, კარლ ბილტი, რომელმაც პენსიაზე გასვლის შემდეგ პიარკომპანია შექმნა და მთლიანად ემსახურებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ინტერესებს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, ეს ჯგუფი ქმნის აჟიოტაჟს, რომელიც მოქმედებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე და ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ლობისტური კომპანიები თავისას მიაღწევენ.
„ვერაფერს ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ პოლიტიკას მართავენ პრაგამტიული ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან რა პროცენტიანი რეიტინგი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და დანარჩენ მათ განშტობებზე საერთოდ არ ვიძახი. ძალიან კარგად იციან, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ამ ხელისუფლებას და ძალიან კარგად იციან, რომ იმ სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სატრანზიტო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია პატარა საქართველო, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით, ტოკიოდან ლისაბონამდეა გაჭიმული და მანდ რომ რამე მოხდეს, ომი, პოლიტიკური გადატრიალება, ან არასტაბილური პოლიტიკური გარემო შეიქმნას, მაშინვე ეს რგოლი ამოვარდება ამ ჯაჭვიდან და ვერ იმუშავებს.
ამიტომ მსოფლიოს პრაგმატული, პოლიტიკური არჩევანი აქვს გასაკეთებელი ასეთ საქართველოსთან მეგობრობასა და აი, ამ ჯაჭვის გაწყვეტას შორის. მე არ მგონია, რომ ეს ვინმეს ჰქონდეს დღის წესრიგში. კრამერებს, კუბილიუსებს, ფოტიგას, იან კელის ამოძრავებთ მხოლოდ ფული. მათი მიზანია ნებისმიერ გზით მიაღწიონ არეულობას ამ ქვეყანაში, რათა თავისი ფავორიტები დააბრუნონ ხელისუფლებაში. აი, ამ ყველაფერს ცოტა უფრო მეტი სჭირდება, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პოლიტიკური ნება, რომ ასე მოხდეს, არ არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.