„მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამდე აშშ-ში 12 ოქტომბერს მიღებული იქნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოების პოლიტიკა“

„მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამდე აშშ-ში 12 ოქტომბერს მიღებული იქნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოების პოლიტიკა“

მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საუბარია საქართველოზე. ნატო მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მოხდეს საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პაკეტის იმპლემენტაცია. პირველად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ დოკუმენტში, რეზოლუციაში დაფიქსირდა, რომ არსებული რეჟიმის პირობებში, რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა.

შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, მოახდინონ დროული იმპლემენტაცია სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტებისა, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის.

„დაჟინებით მოვუწოდებთ ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოწყვლადი პარტნიორებისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის, რათა აღმოუჩინონ დახმარება მედეგობის გაძლიერებაში, მათი პოტენციალის განვითარებასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში. ასევე, გააგრძელონ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ნატო-ში საქართველოს ელჩის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატო-ს რეზოლუცია დაფუძნებულია მადრიდის სამიტის დოკუმენტზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ საქართველოსთან მიმართებით მომავალი დეკადა უნდა იყოს უფრო ქმედითი.

„ყველა იმ მომენტის გარდა, რომელიც ასახულია შიგნით, ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმით, რომ დაფუძნებულია მადრიდის სამიტის სტრატეგიულ, ახალ კონცეპტუალურ დოკუმენტს, სადაც ერთმნიშვნელოვნადაა დაფიქსირებული, რომ საქართველოსთან, უკრაინასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიმართებით ახალი კონცეფცია და მომავალი დეკადა უნდა იყოს უფრო ქმედითი, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა მოხდეს მათი ნატო-სთან დაახლოება“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

ნატოს გენერალური მდივანი თვლის, რომ საჭიროა მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის და ყველა პარტნიორისთვის, რომელიც საფრთხის ქვეშაა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, როგორც მოკავშირეებს, რომ დავიცვათ ერთმანეთი, მაგრამ ასევე ალიანსს აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ უახლოესი პარტნიორები, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიის წინაშე ყველაზე დაუცველები, როგორიცაა საქართველო, რომელმაც უკვე განიცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია 2008 წელს, ნატოს მხარდაჭერას იღებდნენ.

„ნატო უნდა დაეხმაროს პარტნიორებს, რომ თავი დაცულად იგრძნონ. მტკიცედ მწამს, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები, მანამდე სულ მცირე მათ უნდა მივაწოდოთ მნიშვნელოვანი დახმარება. მთავარი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის ის, რომ უკრაინას უფრო ადრე და უფრო მეტად უნდა დავხმარებოდით. მინდა შევაქო ის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ეხმარებოდნენ 2014 წლიდან.

ნატო-მაც მიაწოდა მხარდაჭერა უკრაინას, მაგრამ ნატო-ს შეეძლო მეტის გაკეთება უკრაინისთვის რუსეთის შეჭრამდე. ზუსტად იგივე ვრცელდება საქართველოზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან ჩვენი ახლო პარტნიორები. ამიტომ, ყველაზე მეტად საჭიროა მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და სხვა პარტნიორებისთვის, ვინც საფრთხის ქვეშაა. ეს დახმარება არის საჭირო ახლა. სწორედ ეს არის უკრაინის გაკვეთილი. თქვენ უნდა დამეხმაროთ, რადგანაც ჩვენ გვჭირდება ფული თქვენი პარლამენტებიდან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის იმპლემენტაციას, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი უჭირავს ნატო-ს დღის წესრიგში. მოვისმინეთ ალიანსის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, გენერალური მდივნის მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უჭირავს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი ნატო-ს უმაღლეს დღის წესრიგში.

ეს რეზოლუციები ადასტურებს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მოუწოდებენ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ საქართველოს შესაძლებლობების მხარდაჭერა, ისევე როგორც, ევროატლანტიკური პროცესის მხარდაჭერა. ასევე, ხაზს გავუსვამდი მეორე რეზოლუციას, სადაც საუბარია ეფექტიან იმპლემენტაციაზე, რომლისკენაც ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ სახელმწიფოებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

პოლიტოლოგის სოსო მანჯავიძის განცხადებით, მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამდე აშშ-ში 12 ოქტომბერს მიღებული იქნა „აშშ-ის სტრატეგიის ძირითადი მიმართულების“ შესახებ დოკუმენტი. 48 გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოების პოლიტიკა, შესაბამისად, ნატოს გაფართოების პოლიტიკა, ამერიკის ინტერესშია. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, მანჯავიძის განცხადებით, რუსეთი გაფართოების წინააღმდეგი იყო და არის, რადგან ხედავდა საფრთხეს, რაც ბუნებრივია.

„დასავლეთში თვლიან, მათ შორის არის ამერიკის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ახალი კვლევა და რეკომენდაციები ამერიკის მთავრობის მიმართ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ აშშ არ უნდა მოერიდოს თვით რუსეთის მიერ ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენების საფრთხესაც კი, ვინაიდან ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენება იმ მხარდაჭერასაც მოუსპობს, რაც აქვს მას ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ეს მხარდაჭერა გამოიხატება მისი ენერგომატარებლების შესყიდვაში და საჭიროა ბოლომდე გაანადგურონ რუსეთის სამხედრო პოტენციალი,

მიაღწიონ რუსეთის სახელმწიფოსგან ამ იმპერიული ამბიციების სრულ განეიტრალებას მისი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის განადგურების გზით. ასეთი მიდგომებია, შესაბამისად, ნატოს მიერ მიღებული რეზოლუცია ასახავს სწორედ ამას. ბუნებრივია, რომ რუსეთის ნეიტრალიზაცია, რომელიც პირველი რიგის ამოცანაა იგივე აშშ-ის სტრატეგიულ დოკუმენტში, სადაც პირდაპირ წერია, რომ რუსეთი წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს და ის არის ავტოკრატიათა იერარქიაში მეორე, პირველია ჩინეთი, შემდეგ არის უფრო პატარა ქვეყნები, რომელშიც მოიხსენიება ინდოეთი“, - ამბობს სოსო მანჯავიძე.

პოლიტოლოგი თვლის, რომ ეს მყისიერი საფრთხე უნდა იყოს განეიტრალებული, რათა აშშ-ს ჰქონდეს საშუალება უფრო საგნობრივად მიუდგეს ჩინეთის საკითხს, რომელსაც ის მოიხსენიებს ქვეყანას, რომელსაც აქვს არა მარტო სურვილი, არამედ სამხედრო და ეკონომიკური პოტენციელი, რომ გამოიწვიოს აშშ. როგორც მანჯავიძე ამბობს, აშშ-ის ამოცანაა, რასაც დემოკრატიის დაცვის მოტივით ამართლებენ, შეაკავოს ჯერ რუსეთი და შემდეგ ჩინეთი, ან ორივე ერთად.

„ამიტომ, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ნატოს რეზოლუციაში ლაპარაკია იმაზე, რომ მომავალში საქართველო, უკრაინა, ბოსნია-ჰერცოგოვინა და სხვა ქვეყნები იქნებიან ნატოს წევრები, ეს განზრახვა მათ რომ აქვთ, ცხადია. ეს შესაძლებელი გახდა იმ მძიმე მდგომარეობის ფონზე, რომელშიც აღმოჩნდა რუსეთი მისი ხელმძღვანელობის სრულიად გამიზნული მოქმედებების შედეგად. რაც შეეხება კითხვას - ეს რეზოლუცია იძლევა იმის პირობას, რომ საქართველო შესაძლებელია გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო? - ბუნებრივია, შესაძლებლობა არის. რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე ეს შესაძლებლობა არსებობს. თუ, რა თქმა უნდა, იქნება ნატოს ინტერესებში და პირველ რიგში, აშშ-ის. უკრაინის ომის შემდეგ რუსეთმა განიცადა თავისი გეოპოლიტიკური როლის შემცირება და შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ისთვის და სხვა ავტორებისთვის იქნება მისაღები საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ისინი ამას გააკეთებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

trampi ნეტავ იცოდეთ როგორ მიხარია ჩემგან კოლუმბის ძახილი საჭირო რო აღარაა
უკვე უჩემოდაც ყველაფერი ნათელია
ბოლო ბოლო მაინც ყველა მიადექით ნაცების ,,მეგობარ,, კოლუმბს...
ასე რომ კოლუმბთან ასპარეზი თქვენთვის დამითმია.....
2 წლის უკან