„ზოგიერთები ცდილობენ, ზვიად გამსახურდიას შეადარონ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთში იმყოფებოდა და შეეძლო ევროპაში წასულიყო, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს, სააკაშვილისგან განსხვავებით არ უთქვამს, დამანებეთ თავი, საქართველოსკენ არ მოვიხედავ, მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა.
„არ მინდა, ექსპრეზიდენტი ციხეში მოკვდეს“, - „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ სალომე ზურაბიშვილის ამ ნათქვამმა მრავალი ინტერპრეტაცია გააჩინა, ხომ არ აპირებს ზურაბიშვილი უკან წაიღოს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პირვანდელი სიტყვები - „არა და არასოდეს“. მოგვიანებით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განმარტა, რომ არ შეიწყალებს სააკაშვილს, რადგან ის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორია და საქართველოში უამრავ ოჯახს გამოუცდია სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმი. თუმცა კითხვა კითხვად რჩება, ზურაბიშვილს ხომ არ მოუწევს კიდევ ერთი ფორმულირების შეთავაზება ხალხისთვის - „არასოდეს თქვა არასოდეს“.“
- ვფიქრობ სააკაშვილის ავადმყოფობის შესახებ ცნობები ძალიან გაზვიადებულია. მის სიცოცხლეს საფრთხე რომ ემუქრებოდეს, აქამდე, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, დაიდებოდა არა ერთი, არამედ ათი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაავადების თაობაზე. რადგან არც ერთი ასეთი დასკვნა არ დევს, ბუნებრივია, არც არსებობს ასეთი დაავადება, მხოლოდ ლაპარაკია ზოგად „დაავადებაზე“, აქედან გამომდინარე, არანაირი მტკიცებულებით გამაგრებული დასკვნა არ ჩანს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, კონტექსტს გააჩნია. თუ სალომე ზურაბიშვილს ის ჰკითხეს, რომ „დაუშვებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს?“ რა თქმა უნდა, ეტყოდა, „მე არ მინდა ციხეში მოკვდეს“, მაგრამ სიკვდილის პირას არ არის ეს კაცი და ძალად რატომ კლავენ სიტყვით? გასაგებია, რატომაც კლავენ, რომ შექმნან სიტუაცია თუ მოლოდინი, თითქოს, არიქა, დღეს თუ არა, ხვალ კვდება. თითქმის ერთი წელია, ყველას იგივე გვესმის, რომ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა, თუმცა ერთი დასკვნაც არ დევს. რადგან დასკვნა არ დევს, ამაზე უნდა ილაპარაკონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა.
ბოლო პერიოდში სააკაშვილის მომხრეებისგან ხშირად გვესმის, რომ პრეზიდენტებს ციხეში არ უნდა კლავდნენ. ცდილობენ, სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას შეადარონ. ფაქტია, ზვიადის გამო ხალხი თავს წირავდა, მის გამო სამეგრელოსაც გადაუარეს შევარდნაძის მომხრეებმა და მაინც ყველაფერი აიტანეს ზვიადისტებმა, იმდენად დიდი იყო უანგარო სიყვარული პირველი პრეზიდენტის მიმართ. სააკაშვილის მომხრეები კი მცირე რაოდენობით თუ გამოვლენ მის დასაცავად, ეს ნიშნავს, რომ მათთვისაც ცხადია, რომ სააკაშვილი არ არის გაჭირვებაში და რომც უჭირდეს, არც ადარდებთ. თქვენ ეროვნული მოძრაობიდან მოდიხართ, რას ფიქრობთ, შეიძლება ნაძალადევად სააკაშვილის ზვიადთან დაკავშირება? ეს ხომ, პირიქით, იმ ადამიანების გაღიზიანებას იწვევს, ვინც ზვიადს იცნობდა?
- სააკაშვილი არც არის ციხეში. ის ორი თვე იყო ციხეში და ერთი წელი საავადმყოფოში. საუბარია სამოქალაქო საავადმყოფოზე, სადაც ჩვეულებრივად თავისუფალი ადამიანები წვანან. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი კომფორტულ პირობებშია, თუკი შევადარებთ პატიმრის პირობებს. თქვენ სწორად შენიშნეთ, ალბათ, შინაგანად სააკაშვილის მომხრეებიც გრძნობენ და ხედავენ, რომ რეალურად არ აქვს სააკაშვილს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. რატომღაც მის მომხრეებს ავიწყდებათ, რომ ათი ათასი პატიმარია საქართველოში, მხოლოდ სააკაშვილი არ იმყოფება პატიმრობაში, ეჭვიც არ მეპარება, რომ ზოგიერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტადაც არის შერყეული. ამიტომ ზუსტად ისევე უნდა მოექცნენ სააკაშვილს, როგორც სხვა პატიმრებს. თუკი მას გაათავისუფლებენ რაღაც მძიმე დაავადების მომიზეზებით, მაშინ ყველა სხვა რიგითი პატიმარიც უნდა გაათავისუფლონ, სრული უფლება ექნებათ სხვა პატიმრებს, გაასაჩივრონ ორმაგი სტანდარტი, თუკი ერთნაირად არ ეპყრობიან ყველა მათგანს. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩეჩნეთში იმყოფებოდა, შეეძლო ევროპაშიც წასულიყო და დასავლეთისთვისაც შეეფარებინა თავი, საქართველოს მოქალაქეობაზე ზვიადს უარი არ უთქვამს, სააკაშვილისგან განსხვავებით, ზვიადს არ უთქვამს, დამანებეთ თავი, საქართველოსკენ არ მოვიხედავ, მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარო. ეს არის არსებითი განსხვავება ზვიად გამსახურდიასთან.
ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა, სულ მცირე, სულხან მოლაშვილის მსგავსი წამების ფაქტებით არ აღნიშნულა. რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, ამ რამდენიმე თვის წინ სააკაშვილის ადვოკატებმა სულხან მოლაშვილის საქმესთან გაავლეს პარალელი და მოლაშვილის მსგავსად სააკაშვილიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად გამოაცხადეს. სხვათა შორის, სულ ახლახანს ნანა კაკაბაძემ შენიშნა, რომ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის წუწუნი არავის გაუგია.
- რა თქმა უნდა, ეს ასე იყო. ამიტომაც ვერანაირად ვერ შევადარებ ორ ადამიანს - ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვითვლებოდი ე.წ. ზვიადისტად.
თურმე 40 კილო დაიკლო სააკაშვილმა, ამ ნათქვამს მაინც თუ შეიძლება ვენდოთ?
- ესეც არის თუ არა ნამდვილი ფაქტი, მე არ ვიცი. მისი ადვოკატი გამოვიდა და ამტკიცებდა, მიშამ 20 კილო დაიკლოო, სამი დღის შემდეგ გამოვიდა დედამისი, 40 კილო დაიკლოო.
მამამისი, ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სანახავად ჩამოსული ნობელის პრემიის ლაურეატი ცნობილი ექიმი სკამზეც არ დასვეს, 5 დღე აყურყუტეს 82 წლის აკადემიკოსი კაცი. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სააკაშვილი, რომელსაც მნახველები არ აკლია, შეზღუდულია ნობელიანტი ექიმების მიღებაში და მათ ხელს უშლიან?
- მამამისი ექიმია და იმდენი მაინც უნდა იცოდეს, რომ ექსპერტიზის დასკვნა პირადი შეხვედრების შედეგად არ იდება. ჯერ ერთი, შეხვედრები ათასობით ადამიანს ჰქონდა სააკაშვილთან და აქვს დღესაც. მეორეც, თუ ექიმი სააკაშვილთან იმიტომ შედის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიოს, მაშინ ამისთვის არსებობს სამედიცინო ისტორია. არა მარტო სააკაშვილთან, არამედ ნებისმიერ ავადმყოფთან და პატიმართან მიმართებით ყოველდღიურად ნებისმიერ საავადმყოფოში ადგენენ ასეთ სამედიცინო ისტორიას, ყოველდღიურად აკვირდებიან პაციენტს, რა მიეწოდება, რას იღებს, უარესდება თუ უმჯობესდება მისი მდგომარეობა. სულაც არ სჭირდება ნობელიანტების მიღება. სააკაშვილთან იმისთვის ხომ არ შედიან, რომ პირზე კოცნით მოიკითხონ? რა შუაშია ნობელიანტი? ან რა შუაშია გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი თუ იტალიელი ექიმი? ნებისმიერი ექსპერტი წერს ჯანმრთელობის დასკვნას. როგორც წესი, არც ნახულობენ ავადმყოფს ექსპერტები, უბრალოდ, ნახულობენ სამედიცინო ისტორიას. რად უნდა ამდენი ექიმის ჩამოსვლა? ავადმყოფობის ისტორია გადაუგზავნონ იმ უცხოელ ექიმს, ერთი წუთი სჭირდება ინტერნეტით გადაგზავნას და ხელად გადმოგზავნიან დასკვნას. ეს „ემპათია“ რომ პირველსავე დღიდან დასჩხავის და გვაბოლებს, არიქა, კვდება ყოფილი პრეზიდენტიო, თვითონვე დაეწერა საექსპერტო დასკვნა, რატომ არ დაწერა? მაგრამ არ წერენ ასეთ დასკვნას, რადგან თეთრზე შავი რომ თქვან, სხვა ექიმებიც ხომ არსებობენ? ელემენტარულად, სხვა ექიმები დასცინებენ.
სააკაშვილის ოჯახის ახლობელმა ექიმებმა ისიც თქვეს, რომ საველე კარავს გაშლიან, თუკი ექსპრეზიდენტს უცხოეთში სამკურნალოდ არ გადაიყვანენ.
- ექიმი ამას უნდა ამბობდეს? საველე კარავი კი არ უნდა გაშალონ, უნდა დაწერონ სამედიცინო დასკვნა და იმით მოახდინონ აპელირება. რა შუაშია საველე კარავი? ეს ნიშნავს, რომ, როგორც ექიმებს, სათქმელი არაფერი აქვთ და, როგორც მიშისტი პოლიტიკოსები, ისე ლაპარაკობენ.
სააკაშვილის მოწამვლაზეც იყო საუბარი. ამჯერად ვერცხლისწყლით მოწამვლაში დაადანაშაულეს პენიტენციური სისტემა, რაც შემდეგ თავადვე უარყო სააკაშვილმა, ადვოკატებისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზეო. როგორც ჩანს, თვითონვე ვერ ჩამოყალიბებულან, რა უფრო მომგებიანი და რეზონანსული იქნება - სააკაშვილის მოწამვლაზე საუბარი, თუ ციხეში გადატანილი „წამებით“ აპელირება? შეიძლება მოწამლონ პატიმარი, რომელსაც ამდენი გამაკონტროლებელი ჰყავს?
- მოწამვლით აპელირება სისულელეა. როგორც კი აღნიშნა პენიტენციურმა დაწესებულებამ, რომ სააკაშვილს შეამოწმებს და ექსპერტიზას დაუნიშავს, მაშინვე უკან დაიხიეს და თქვეს, რომ მოწამვლა არ მომხდარა. ვფიქრობ, მანდ მიმდინარეობს პოლიტიკური თამაში, დაწყებული ევროპარლამენტარების ნათქვამით, რომ თურმე ისე ცუდად არის სააკაშვილი, რომ ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. მხოლოდ სიტყვებზე დაყრდნობით ამბობენ ამას, აქედან უთხრეს, ცუდად არისო და მათაც დაიჯერეს ყოველგვარი სამედიცინო დასკვნის გარეშე. ასეთი სამედიცინო დასკვნა რომ ყოფილიყო, მერე ამ დასკვნაზე იმსჯელებდნენ იურისტები. ახლა იურისტებს სამსჯელო არაფერი აქვთ. რატომღაც ახლა გინეკოლოგიც გამოდის და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, ტრავმატოლოგიც, კარდიოლოგიც, უროლოგიც, ნევროლოგიც. ისე, მართლა გინეკოლოგი რა შუაშია? გამოდის, ყველა დაავადება სჭირს ამ ადამიანს, რაც კი არსებობს და ერთი დასკვნა ვერ დადეს, რომ თურმე მძიმე დაავადება ჰქონია?! ეგეც არ გამიკვირდება, მალე გინეკოლოგიური დაავადება „აღმოუჩინონ“.