„არ ვიცი რატომ შეიძლება პრეზიდენტის პასუხები ვიღაცამ ორაზროვნად ჩათვალოს, მან თქვა იგივე, რასაც აქამდე ამბობდა, ოღონდ მისი სიტყვათა წყობა სრულიად სხვაგვარი იყო“

„არ ვიცი რატომ შეიძლება პრეზიდენტის პასუხები ვიღაცამ ორაზროვნად ჩათვალოს, მან თქვა იგივე, რასაც აქამდე ამბობდა, ოღონდ მისი სიტყვათა წყობა სრულიად სხვაგვარი იყო“

შესაძლოა თუ არა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს? „არა და არასდროს!“, - ესაა ზურაბიშვილის ცნობილი პასუხი, რომელიც უკვე დამაჯერებლად არ ჟღერს, ვინაიდან BBC-სთან ინტერვიუში მისმა ორაზროვანმა პასუხებმა გააჩინა მოლოდინი, რომ შესაძლოა, მან პოზიცია შეიცვალოს. ეს მოლოდინი სააკაშვილის ოჯახსა და მის ადვოკატებსაც გაუჩნდათ. აღნიშნულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „დიდ პოლარიზაციას“ გამოიწვევდა, მას კი, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ სურს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს, მაგრამ არც შეწყალების უფლება აქვს.

„არ მაქვს ამის უფლებამოსილება ერთი მარტივი მიზეზის გამო, განაჩენის გამოტანა არ დასრულებულა, მას ჯერ კიდევ ასამართლებენ და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება ხდება, როდესაც ყველაფერი დასრულებულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა BBC-თან ინტერვიუში, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, რატომ არ იყენებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად.

კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ექსპრეზიდენტს, როცა დასრულდება ყველაფერი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ეს სხვა საკითხია, მე განვმარტე, რატომ არ გავაკეთებ ამას“.

„ეს არის პოლარიზაციის ფაქტორი. მისი რეჟიმის დროს და საქართველოში პრაქტიკულად ერთი ოჯახიც არ დარჩა, რომელმაც საკუთარ თავზე არ განიცადა, თუ რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის არსებობა. არა მგონია, რომ უნდა გავხდე ინსტრუმენტი მეტი პოლარიზაციისთვის. ამასთან, მე არ მსურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს ან რაიმე გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. საქართველოში საჯაროდ ვაცხადებ, რომ მისი ექსტრადირება უნდა მოხდეს, თუ არ ვიცი, რა ტერმინი გამოიყენება, რათა დამატებითი მკურნალობა მიიღოს... ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში სრულფასოვან მკურნალობას იღებს და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის რიტორიკა და პოზიცია ზოგიერთ სააკითხებთან დაკავშირებით ქვეყნის გარეთ ყოფნისას განსხვავებულია. საყვარელიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილის ორაზროვანი პასუხი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთანა დაკავშირებით ლოგიკურია, რადგან ის არის პოლიტიკოსი და იცის, სად, როგორ და რა კონტექსტში უნდა ისაუბროს.

„მე არ მივიჩნევ, რომ ამით სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია შეიცვალა და მიხეილ სააკშვილის შეწყალება აქვს გადაწყვეტილი. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და კარგად იცის საზღვარგარეთ და დასავლეთში, მით უმეტეს, მის პოზიციას როგორ აფასებენ. ამიტომაც ჟურნალისტის კითხვაზე რატომ არ იწყალებს პრეზიდენტს, საკმაოდ სწორი და დიპოლომატიური პასუხი გასცა. თქვა, რომ სასამართლო ჯერ მიდის და სამართლებრივად მას ამის საშუალება არა აქვს. თუმც არც ზუსტად თქვა, რომ მის შეწყალებას აპირებს. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ არ სურს მესამე პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ეს არის ლოგიკური და ცხადია, ეს არც ხელისუფლებას სურს. ამიტომ მისი პასუხები იყო დიპლომატიური და პოლიტიკურად გააზრებული. რაც შეეხება იმას, ხდება თუ არა მასზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლა ან კულისებში ხომ არ მოუწოდებენ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს, არ მგონია. ფაქტია, რომ მსგავსი არაფერი ხდება. სააკაშვილის ფიგურა დასავლეთისთვის ბევრი მიზეზის გამო დიდად საინტერესო აღარ არის, მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებასთან დასავლეთში კიდევ დამატებით დაპირისპირება არავის აწყობს. ამიტომაც ვხედავთ, რომ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით დიდად პრეტენზიები არავის გამოუთქვამს. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ადამიანს ქართველი ხალხის წინაშე დანაშაულებები აქვს ჩადენილი“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის მხრიდან ასეთი ტაქტიკა იმიტომ არის შერჩეული, რომ ქართველი ხალხისთვის კარგად არის გასაგები სააკაშვილის შეწყალებას ხელს რატომ არ აწერს. ხოლო დასავლეთს და მით უმეტეს ჟურნალისტს, მაშინ თავიდან უნდა მოუყვეს და აუხსნას ყველაფერი. ამიტომაც ის ამხელა ამბის მოყოლას ერიდება და ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე დიპოლომატიურ პასუხს სცემს.

„რაც შეეხება დასავლეთიდან რურუას, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების მოთხოვნას, მაშინდელ სიტუაციას ახლანდელთან პარალელს ვერ გავავლებთ. სააკაშვილს ამ ადამიანებზე დიდი პოლიტიკური ბეგრაუნდი აქვს. მეორეც, არავინ არ იცის მისი შეწყალების შემთხვევაში ქვეყანაში პოლარიზაცია როგორ შეიძლება გამწვავდეს. ამიტომაც ზურაბიშვილი მიუხედავად ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა, ამ საკითხში „ოცნებას“, როგორც ჩანს, ეთანხმება. თუმცა ქალბატონი ზურაბიშვილის პროგნოზირება რთულია და არავინ იცის რა გადაწყევტილება შეიძლება უცბად მიიღოს“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფრიძეც მიიჩნევს, რომ სლაომე ზურაბიშვილს ამ განცხადების შედეგად არანაირად არ ეტყობოდა, რომ მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რიტორიკა და პოზიცია შეიცვალა. ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი რა რიტორიკითაც ქვეყნის შიგნით საუბრობს „არა და არასდროს“ იგივე რიტორიკით სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს. მან კარგად იცის, რომ ამ რიტორიკას დასავლეთში ვერ გაუგებენ, ქართველ ხალხს კი კარგად ესმის სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მას ეს პოზიცია რატომ აქვს.

„არ ვიცი რატომ შეიძლება მისი ეს პასუხები ვიღაცამ ორაზროვნად ჩათვალოს. ზურაბიშვილმა თქვა იგივე, რასაც აქამდე ამბობდა, ოღონდ მისი სიტყვათა წყობა სრულიად სხვაგვარი იყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი იტყვის, რომ ექს-პრეზიდენტს ციხეში სიკვდილის სურვილი არა აქვს. ასევე სწორად განაცხადა, როცა თქვა, რომ სამართლებრივად მისი საქმეები ჯერ არ დასრულებულა, სასამართლოები მიდის და შეწყალებაზე საუბარი ნაადრევია. ეს იყო იგივე რიტორიკის გამეორება, რასაც ქვეყნის შიგნით საუბრობს. „არა და არასდროს“ ხომ ვერ ეტყვის „ბიბისის“ ჟურნალისტს. ამას დასავლეთში ვერ გაიგებენ. ქართველები კი კარგად იგებენ ზურაბიშვილი ამას რატომაც ამბობს. ნებისმიერ ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ჰკითხოთ, ისიც გიპასუხებთ, რომ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი არ სურთ, მით უმეტეს მის ჯამრთელობასთან დაკავშირებით არ არსებობს ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, რომ მასზე საუბარი იყოს.

რაც შეეხება დასავლეთიდან რატომ არ მოდის ზეწოლა პრეზიდენტზე სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, აქ ბევრი გარემოებაა, რის გამოც, სავარაუდოდ, ამისგან თავს იკავებენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთისთვის ის აღარ წარმოადგენს პოლიტიკურად დასაყრდენ ფიგურას და არ ფიქრობენ, რომ მას ოპოზიციის გაერთიანება შეუძლია. ამიტომაც დიდად თავს არ იწუხებენ. რაც შეეხება სხვა შეწყალებებს, მაშინ 8 მარტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სადაც ამერიკიდან პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ პრეზიდენტს შეეძლო ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი როლი შეესრულებინა. ისიც გამოვიდა და ეს როლი შეასრულა. ახლ კი რადიკალურად სხვა სურათი, სცენარი და სიტუაციაა“, - ამბობს ანჯაფარიძე.