„ამ ოპოზიციამ ხალხს ისევე მოაბეზრა თავი, როგორც შევარდნაძემ, რომელიც ბოლო წლებში ფერმებში ძროხებთან ატარებდა „შეხვედრებს“

„ამ ოპოზიციამ ხალხს ისევე მოაბეზრა თავი, როგორც შევარდნაძემ, რომელიც ბოლო წლებში ფერმებში ძროხებთან ატარებდა „შეხვედრებს“

ოპოზიციამ თავი დაირწმუნა, რომ ევროკავშირის ხათრით მაინც გამოვა ხალხი ქუჩაში და, თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ვერც ერთი თემით საპროტესტო ტალღის აგორება, ევროკავშირის თემა ის იშვიათი გამონაკლისი იქნება, რაც ასი ათასობით ადამიანს ქუჩაში გამოიყვანს. ამიტომაც ოპოზიციის ნაწილი ქუჩის აქციებისთვის ასე ნაადრევად ემზადება, პროტესტის დაწყებამდე კი აანონსებს, რომ მათთვის ბრიუსელის პოზიცია ცნობილია. მათი მტკიცებით, საქართველო მომავალ წელს ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ნაცმოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლების გამო საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო, ხალხს არავის მოწოდება არ დასჭირდება, ისე გამოვა ქუჩაში. მისი თქმით, 170 ათასი კაცი იყო თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე, რაც ისტორიას არ ახსოვს, ამ ადამიანების მოთხოვნა იყო საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და იმ სიკეთეების მიღება, რაც აქვს ამ ცივილიზებულ სამყაროს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძეც ჩქარობს და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე შორია და საქართველო ჯერ კიდევ ევროპული დავალების შესრულების პროცესშია, მაინც აანონსებს ქუჩაში ათი ათასობით თუ ასი ათასობით ადამიანის გამოყვანას, ოღონდ ზუსტად ვერ ჩამოყალიბებულა, რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ერთი წლის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შეფასება, როგორ შეასრულა საქართველომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი დავალება. მანამდე ძალიან ძნელია წინასწარ საუბარი იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი და ოპოზიცია გამოიყვანს თუ არა ხალხს ქუჩაში.

დავით ზარდიაშვილის აზრით, ოპოზიციის მხრიდან ეს ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობაა. ერთი წლით ადრე რადგან ამაზე საუბრობენ, ეს ნიშნავს, რომ საქმე გამოლევიათ და 10 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანს, რაზეც ისინი მთელი სერიოზულობით საუბრობენ, ვერ გამოიყვანენ.

„ოპოზიციას დღის წესრიგი არ აქვს, რა უნდათ, გაუგებარია, უბრალოდ, გულში მჯიღს იცემენ და იმუქრებიან. ეგენი სულ ქუჩის აქციებით იმუქრებიან, რაც 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებიდან წავიდნენ, მაგრამ მათ მიერ მოწყობილი ქუჩის აქცია არ მინახავს, ვერც ახლა ვნახავთ, მიუხედავად იმისა, ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის ქცევა საქართველოს ტესტი იმდენად არ არის, რამდენადაც თვითონ ევროპისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ევროპა იმ გზას დაადგა, რა პოლიტიკასაც საქართველოს მიმართ ახლა ატარებს, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ეს რეალობის გაყალბება, სამართლის უსამართლობად წარმოჩენაა, რაც პრობლემას შეუქმნის თავად ევროპას.

„ის, რომ კეზერაშვილი თურმე ქველმოქმედია და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ეს თვითონ ევროპისთვისაა გაუგებარი და მიუღებელი, ჩვენთვის ეს ნაკლებად იქნება პრობლემა, რადგან ის რეალობა მაინც არ შეიცვლება, რაც გვაქვს. თანაც, ევროკავშირში მიღება-არმიღება არ არის დამოკიდებული ამ 12 პუნქტზე, 12 პუნქტი არის კომბინაცია რამდენიმე საკითხის, რომელთა ძირითადი ნაწილი ისედაც გაწერილია ასოცირების ხელშეკრულების გეგმაში. საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ევროპასთან გვაახლოებს, ისედაც მოცემული იყო და აქ ახალი არაფერია. ახალი არის ორი რამ - ერთია დეოლიგარქიზაცია, რაც სამართლებრივი აბსურდი და სისულელეა და მეორეა დეპოლარიზაცია, რომელიც, ასევე, აბსურდია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს თავად ევროპისთვის იქნება ტესტი, რა სახეს მიიღებს ევროკავშირი უკრაინის ომის ფონზე. არაპროგნოზირებადი ვითარებაა მსოფლიოში, ხვალ რა იქნება, ის არ ვიცით, არათუ ის საკითხი, მოგვცემს თუ არა ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა და, საერთოდ, ევროსტრუქტურებმა ისეთი დეგრადაცია აჩვენა ქართულ საზოგადოებას, დღეს რომ გამოკითხვა ჩატარდეს, იმის ნახევარიც არ დაუჭერს მხარს, რისი დეკლარირებაც ხდება, რომ ვითომ 75% თუ 80% უჭერს მხარს ევროკავშირს.

ნანა კაკაბაძის აზრით, ეს პროცენტული მაჩვენებელი მტკნარი სიცრუეა, თვითონ ევროსტრუქტურების დამსახურებაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ნიჰილისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, ხალხს შეიძლება სამუშაოს საძებნელად სჭირდებოდეს ევროპა, თორემ მოლოდინი იმისა, რომ ევროპაში უმაღლეს დონეზეა ადამიანის უფლებები, ღირებულებები, აღარ აქვთ და, სავარაუდოდ, საქართველოში ასეთი მითების 5%-საც არ სჯერა.

„საქართველოში 100%-იც რომ იყოს ევროინტეგრაციის მომხრე და რწმენაც რომ ჰქონდეთ ევროპის მიმართ, რომ ევროპა გადაგვარჩენს, ჩვენი ოპოზიციის ქმედებებმა საზოგადოებას ისე მოაბეზრა და მოაძულა თავი, ამ ოპოზიციის გვერდით თავისთვის სასარგებლო მოთხოვნისთვისაც კი ხალხი არ გამოვა და არ დადგება. ოპოზიციას სხვა გზა არ დარჩენია, ისინი საპარლამენტო მუშაობაში ხელმოცარულნი არიან, ინდივიდუალურად ჩადიან რაიონებში, ვითომც ოპოზიციური გაერთიანების სამეულის სახით, ის პერიოდი მახსენდება, შევარდნაძის ბოლო წლები, ხალხს უკვე ისე ჰქონდა შევარდნაძის მმართველობა მობეზრებული, რომ უინტერესო გახდა შევარდნაძე საზოგადოებისთვის. ამიტომ ხალხს რომ ვეღარ ხვდებოდა, ფერმებში დადიოდა და ძროხებთან ატარებდა „შეხვედრებს“, ძროხებს ათვალიერებდა. დაახლოებით ამ მდგომარეობაში არიან ჩვენი ოპოზიციონრებიც, თუ უფრო უარესში არა, შევარდნაძის მიმართ ამხელა აგრესია არ იყო, როგორც ამ ოპოზიციის მიმართ. ამდენად, არც ევროკავშირის ხათრით არ გავა ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ და არც ამ ოპოზიციონრების ოჯახის წევრები არ გავლენ ქუჩაში. წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ეს არის მხოლოდ დანაპირები, რომ ქუჩაში გაიყვანენ ხალხს. მერე მალევე იტყვიან, რომ ეს გეგმა შეიცვალა“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ for.ge-სთან საუბრისას.