ომი და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე, პარლამენტში, სადაც პრემიერი ოპოზიციამ ინტერპელაციის წესით დაიბარა, დისკუსიის და დაპირისპირების მთავარი თემა იყო. რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა და 5 საათის განმავლობაში უსმენდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გამოსვლის ძირითადი დრო ხელისუფლების მწვავე კრიტიკისთვის გამოიყენა. პრემიერ-მინისტრმა კი გიორგი ვაშაძეს ადეიშვილის მოადგილეობა შეახსენა და მჩაგვრელი რეჟიმის სახე უწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ქვეყანა საბრძოლო პოლიგონად გადაიქცეოდა, ამას კი ხალხი კარგად ხვდება და მათ მიერ წამოწყებულ კამპანიას არ ჰყვება.
ღარიბაშვილმა ასევე ის კონკრეტული რეფორმები შეახსენა ვაშაძეს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში განახორციელა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს.
ევროპულ ოჯახში შესვლას, მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, ხელს ოპოზიციის საბოტაჟი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები უშლის. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კონტექსტში, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა და ამ რეზოლუციის მიღებაში ოპოზიციის ნეგატიურ წვლილზე გააკეთა აქცენტი. პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს რეკომენდაციების პირველი პუნქტის შესრულებისკენ და პოლარიზაციის დასრულებისკენ მოუწოდა.
ოპოზიცია დაინტერესდა, რა გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველო როგორც ეკონომიკურად, ასევე სასურსათო და ენერგოუსაფრთხოების კუთხით ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთზე.
საპასუხოდ, მთავრობის ხელმძღვანელმა 2008 წელი და ომის შემდგომი პერიოდი გაიხსენა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირველმა პირებმა რუსეთს სტრატეგიული ობიექტები გადასცა.
„რადიკალურ ოპოზიციას ომის პარტია შემთხვევით არ ვუწოდეთ, მათი მთავარი ამოცანა იყო და არის ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, მზად იყვნენ და არიან, ხელი მოაწერონ ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას, ჩვენ ეს კარგად ვიცით და ჩემს წინა გამოსვლაში გარკვეული მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, „დიდი განსხვავებაა ჩვენსა და რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის“.
„რაც მათთვის არის უცხო, ის ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, იმას გავაკეთებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში. მისივე თქმით, „სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს“.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პარალმენტში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხლა-შემოხლის ძირითადი საგანი კვლავ წარსული იყო. ძაბირაძე ამბობს, რომ ორივე მხარე ცდილობს, რომ შეინარჩუნოს პოლარიზაცია და მუდმივად 2012 წელთან იტრიალონ. ხელისუფლება საუბრობდა 2012 წლამდე რა ხდებოდა და როგორი მძიმე სიტუაცია იყო და ოპოზიცია, პირიქითი, 2012 წლიდან ქვეყანაში რა ხდება იმაზე საუბრობს. თუმცა, სააბოლოო ჯამში, ხელისუფლებას აქვს ხელთ ისეთი არგუმენტები, რომელსაც ოპოზიციას უკან ადვილად უბრუნებს. მაგალითად, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საზოგადოების თვალით დანახული სურათი ასეთია: ოპოზიციას ერთი სული აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, რათა მერე ქუჩაში ხალხის გამოყვანის საბაბი ჰქონდეთ.
„პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას ასეთი რამ თქვა, რომ კარგია კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, მაგრამ თუ არ მოგვცემენ, მერე რა უჭირს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც გვაქვს. ანუ გამოდის, რომ ხელისუფლება საზოგადოების მომზადებას ცდილობს და კარგად იცის, რომ თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ხალხის ქუჩაში მასობრივი გამოსვლა არ დაიწყება. ოპოზიცია კი ციდლობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ ამის გამო ქუჩაში უნდა გამოვიდნენ, თუ არადა ქვეყანა დაინგრევა. ახლა რას ხედავს ხალხი - ჩვენი მოსახლეობა ფიქრობს: არც ხელისუფლება ვარგა, მაგრამ ოპოზიცია უარესია. რომ გამოვიდე ქუჩაში, ოპოზიციაში არ არის ის ძალა, რომელსაც შეიძლება ვენდო. მით უმეტეს ამ უკრაინის ომის ფონზე, შესაძლოა, ჩვენი ქვეყანაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ხალხის ეს დამოკიდებულება ხელისუფლებამ იცის და ამიტომაც იყო, რომ პრემიერი პოლიტიკურად მშვენივრად აპელირებდა ამ მიმართულებით. ოპოზიციას უთხრა, რომ საბოტაჟს აწყობენ და 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არაფერს აკეთებენ. მოსახლეობის უმრავლესობა ამას იჯერებს იმიტომ, რომ რეალურად მართლა არაფერს აკეთებენ. ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს უთხრა, ჩვენი რეკომენდაციები 12 პუნქტთან დაკავშირებით არც ერთი არ მიიღეთო. თქვე კაი დედმამიშვილებო, მანდ არ არის სხვა დარბაზი, ამათმა არ მიიღეს, თქვენ დაიწყეთ ამაზე ოპოზიციაში მუშაობა და აჩვენეთ ხალხს, რომ რაღაცას აკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს მოსახლეობაში არის განწყობა, რომ ოპოზიცია ქვეყანას მიაქანებს დაპირისპირებსიკენ და ამას ხელს ხელისუფლება უშლის“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ტყუილად აქვს ოპოზიციას იმედი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა, თუკი ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. ამის მიზეზი უკარინის ომია და ოპოზიციის მხრიდან ამ ომის გარშემო არასწორი აქცენტების გაკეთება. ამან განაპრობა ის, რომ ხალხი ამ შემთხვევაში ენდობა ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ერთი და იგივე წრეზე სიარულს თავი უნდა დაანებოს, რაც პარლამენტში ისევ გაიმეორეს. მოიფიქრონ, როგორ დაარწმუნონ ხალხი იმაში, რომ ხელისუფლებაზე უკეთესად ქვეყნის მართვას შეძლებენ.
ანალიტიკოსი და „მოძრაობა ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ პარლამენტში საქართველოს პრემიერი ინტერპელაციის წესით დაიბარეს არა ოპოზიციის წევრებმა, არამედ უცხო ქვეყნის აგენტურამ. ქართველიშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანები ცდილობენ საქართველოში აგენტოკრატია დაამკვიდრონ. მათ არ აინტერესებთ რეალურად ქვეყნის ბედი, რადგან, უბრალოდ, უცხო ქვეყნების ინტერესებისთვის მომუშავე აგენტები არიან.
„პარლამენტში პრემიერთან დისკუსიის დროს, ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა აღიარეს, რომ უცხო ქვეყნის აგენტები არიან და მათ არა საქართველოს ბედი და მომავალი ადარდებთ, არამედ იმაზე ნაღვლობენ, მათი ბატონები რას იფიქრებენ. აღიარეს, რომ ეს იყო არა 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესურლებაც ევროკავშირმა მოგვთოხვა, არამედ 12-ხაფანგიანი გეგმა, რომელშიც ხელისუფლება, უბრალოდ, არ გაება. თითოეული ნაბიჯი ხელისუფლებამ ზუსტად გათვალა და ძალიან ფრთხილად უვლის. არადა ბრიუსელი მოგვიწოდებს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად უნდა გადალახოს, რის შედეგადაც ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. თუმცა პარლამენტში ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები დიდი მონდომებით ცდილობენ, 12-პუნქტიანი გეგმა ჩავარდეს.
პარლამენტში პრემიერთან დისკუსიის დროს, პოლარიზაცია რომ არსად არის გამქრალი, ესეც კარგად გამოჩნდა. ის რიტორიკა და პათეტიკა, რაც ამ ადამიანებისგან ისმოდა, რომელ პოლარიზაციის დასრულებაზეა საუბარი. ხელისუფლების მისამართით გაუგებარი და წარმოუდგენელი ბრალდებები ისმოდა, რომ თითქოს „ოცნება“ არ აკეთებს არაფერს, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა შეასრულოს. არადა, რეალურად, თავად არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფებში და შორიდან გახარებულები იყურებიან, იქნებ ეს გეგმა ჩავარდეს“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, უკვე ცნება კანდიდატის სტატუსი ოპოზიციის პირიდან ისეა გაუფასურებული, ამ სტატუსმა რაღაცა წმინდა გრაალის მნიშვნელობა მიიღო, ხოლო ე.წ. ოპოზიციონრები რაღაცა წმინდა სექტის წევრად არიან გადაქცეულები. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ქართველ ოპოზიციად წარმოდგენილი ადამიანები ხალხს ატყუებენ, თითქოს ამ სტატუსის მინიჭებაზეა დაფუძნებული საქართველოს მომავალი. არადა ეს ასე არ არის და პრემიერმა ირიბად ეს ყველას შეახსენა.
„ყველამ კარგად ვიცით, რა ქვეყნები ელოდებოდნენ წლების განმავლობაში და კიდევ ელოდებიან ამ სტატუსის მინიჭებას. ქვეყნები, რომლებიც ისე არიან განვითარებულები, რომ ამ სტატუსის მიღება სულაც აღარ სჭირდებათ. ამიტომ ხალხიც კარგად ხვდება, რომ ოპოზიციას ეს თემა საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდება - იმისთვის, რომ როგორმე ხალხი რაღაცის გამო ქუჩაში გამოიტყუონ. არადა ქართველი ხალხი ამ 30 წლის განმავლობაში პოლიტიკურად დაბრძენდა. ემოციებს აღარ ჰყვება და კარგად იაზრებენ, ვინ ვინ არის და მათი გულწრფელი ემოციების გამოყენება ამ ე.წ. ოპოზიციას როგორ შეუძლია. ამიტომაც ოპოზიციას ტყუილად აქვს იმედი, რომ ვინმე მათ დაძახილზე გარეთ გამოვა“, - ამბობს ქართველიშვილი.