გენშტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩევლი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა იყო უკრაინული, ნახეს ნამსხვრევები, ნახეს ნომერი. ამის გარდა რადარებზე ჩანს ტრაექტორია რაკეტის გაფრენის. მაგრამ, მისი თქმით, ეს რაკეტა არ იყო პოლონეთისკენ გასროლილი, ეს იყო ნასროლი იმისათვის, რომ ჩამოეგდოთ რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტა, თუმცა საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას.
for.ge ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.
რაკეტები, რომლითაც პოლონეთზე იერიში მიიტანეს, უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული. მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო? განიხილება რამოდენიმე ვერსია - რუსეთ-პოლონეთის და რუსეთ-ნატოს დაპირისპირება...
ვახტანგ კაპანაძე: რეალურად რა მოხდა, ამას ვერ ვეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება. ექსპერტები შეისწავლიან რაკეტის ნომრებს და დაველოდოთ. რეალობა იყო ის, რომ ეს იყო „S 300“ ძველი საბჭოთა ტიპის ჰაერსაწინააღმეგო რაკეტა. იგი გასროლილი იქნა ან აცდა, ან ტექნიკური გაუმართაობის გამო შეიცვალა მიმართულება და ჩამოვარდა პოლონეთის საზღვართან ახლოს.
რაც შეეხება კითხვას - რაკეტა იყო უკრაინული და ამას აღიარებს მსოფლიო. ნახეს ნამსხვრევები, ნახეს ნომერი. ამის გარდა რადარებზე ჩანს ტრაექტორია რაკეტის გაფრენის. მაგრამ, ეს რაკეტა არ იყო პოლონეთისკენ გასროლილი, ეს იყო ნასროლი რაკეტის ჩამოსაგდებად. 100 რაკეტა გაუშვა რუსეთმა იმ დღეს უკრაინის წინააღმდეგ.
ვთანხმდებით, რომ ომი არის უბედურება და დამნაშავე არის რუსეთი. ეს ომი დაიწყო რუსეთმა, რომელიც ბომბავს უკრაინას სასაზღვრო ქვეყნებსაც. ეს არის რუსეთის დანაშაული. მოდით, ჩავთვალო, რომ რუსული რაკეტა იყო, მაშინ რატომ აარჩია რუსეთმა მიყრუებულ სოფელში ჩამოეგდო რაკეტა? რისთვის გააკეთებდა ამას და რატომ არ ისროდა ვარშავაში, თუკი ომი უნდოდა?
რაც თავისუფლად შეეძლო...
- რა თქმა უნდა, შეეძლო. პოლონეთს თავისი საჰაერო დაცვა აქვს, მაგრამ რუსეთი თუ გადაწყვეტს, რომ ომი დაიწყოს, რაღა 400 კაციან მიყრუებულ სოფელში ისროდა რაკეტას? გამოიყენებდა უფრო მასშტაბურად. ომის უბედურება არის არა სამხედრო დანაკარგი, ესეც ომის პრინციპია, მაგრამ, ამავე დროს, ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საფრთხეს, რომ ასე შემთხვევით, ასეთი ფართომასშტაბიანი ომი შეიძლება სრულიად შემთხვევით, გადაიზარდოს საერთაშორისო ომში. ამის საფრთხე არის ძალიან მაღალი.
არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ის, რაც პოლონეთში მოხდა, ამის მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ ალიანსმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დახუროს უკრაინის ცა. თუ გავითვალისწინეთ პოლონეთის ინციდენტს, გამორიცხავთ, რომ ალიანსმა მიიღოს გადაწყვეტილება და დახუროს უკრაინის ცა?
- ყველა ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, მათ შორის ისიც, რომ უკრაინელებმა დახოცეს ის 2 კაცი, მაგრამ უკრაინელები იმდენად სულელები არიან, რომ მსოფლიო ვერ მიხვდებოდა და მარტივად გაარკვევდა რაკეტის წარმომავლობას? რატომ უნდა გაეკეთებინათ ასეთი სისულელე, არ მესმის და რატომ დაკეტავდნენ ცას ამის გამო? ნაღმები დაცურავას შავ ზღვაში და ზღვა დაკეტეს?
როგორ ფიქრობთ, რატომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას ნატო? გასაგებია, რომ აწვდიან შეიარაღებას, მაგრამ ცხადია, რომ ამერიკა ბოლომდე არ აწვდის უკრაინას ისეთ იარღს, რომელიც ომს მოაგებინებს უკრაინელებს...
- სიმართლე გითხრათ, ეს დეტალები არ ვიცი და ვერ შევდივარ ამ დეტალებში, მაგრამ უნდა განისაზღვროს რა ითვლება ომის მოგებად. უფრო სწორედ, უკრაინისთვის რა ჩაითვლება ომის მოგებად, რა რუსეთისთვის და ამერიკისთვის, ჩვენ ეს დეტალები არ ვიცით. როცა გავიგებთ, მაშინ უფრო ადვილი იქნება იმის თქმა, რატომ არ აძლევს ამერიკა გადამწყვეტ იარაღს. ცის დაკეტვას რაც შეეხება, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საფრენი აპარატი, რომელიც მის ტერიტორიაზე შემოვა უნდა ჩამოაგდოს ნატომ. ეს ნიშნავს, რომ ომი დაუწყოს რუსეთს, რაც არ უნდა არც ნატოს და არც ამერიკას.
რაც იქნება მესამე მსოფლიო ომისკენ გადადგმული ნაბიჯი...
- რა თქმა უნდა. მესმის, რომ უკრაინელებს სწრაფად უნდათ ომის დასრულება, ხალხი იხოცება, მაგრამ ფაქტობრივად, ამ შედეგითაც ახერხებენ რუსების დამარცხებას.
გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ - ვგულისხმობ, ხერსონიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას, - რატომ იქნა მიღებული? იყო, ეს ამერიკა-რუსეთს შორის ვაჭრობის შედეგი?
- სამხედრო თვალსაზრისით, ეს იყო წაგებული ამბავი. ეს პლაცდარმი გამოსაყენებელი იყო რუსეთისთვის და მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსები გააგრძელებდნენ ნიკოლაევის მიმართულებით შეტევას, ასეთ შემთხვევაში ხერსონი იყო ამ შეტევისთვის მომზადებული პლაცდარმი, რომელსაც გამოიყენებდნენ რუსები და უკვე მეორე ნაპირზე ჰქონდათ პლაცდარმი მოწყობილი, რომ შეტევა განევითარებინათ, მაგრამ ვერ შეძლეს. რადგან შეტევა ვერ განავითარეს, ეს პლაცდარმი დარჩა არამოწყვლადი რუსებისთვის. რუსებმა იცოდნენ, რომ ხერსონს ვერ იცავდნენ. ვერ მოახერხეს ვერც ლოგისტიკური მარაგების შექმნა და ვერც ლოგისტიკური ხაზების მუდმივი ჩამოყალიბება, რომ მომარაგება განეხორციელებინათ. შესაბამისად, რუსებს ხერსონი ჰქონდათ სავაჭროდ, მოლაპარაკებისთვის. ხმებიც გამოდიოდა, რომ თუკი უკრაინა აღიარებდა ყირიმს და ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაშინ ხერსონს დათმობდა რუსეთი. ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი იყო ხერსონში, მას სჭირდებოდა ეს დანაყოფობები.
გეთანხმებით, რომ რუსეთი ხალხს არ უფრთხილდება, მაგრამ უფრთხილდება ყველაზე მომზადებულ დანაყოფებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ სხვა მიმართულებაზე და ამიტომ გამოიყვანა იქიდან ეს დანაყოფები, რომ საერთოდ არ დაეკარგა. ყოველ შემთხვევაში, ეს დანაყოფები თავდაპირველად, 30 ათასი, მერე უკვე 25 ათასი ფაქტობრივად, ვერ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში სხვა მიმართულებით და მიჯაჭვული იყვნენ ხერსონზე. სამხედრო თვალსაზრისით, იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური დარტყმა რუსეთისთვის. ეს კიდევ ერთი მარცხი იყო პუტინისთვის, რომელიც საერთოდ არ ჩანს. ხერსონიდან სამხედრო ნაწილის გაყვანასთან დაკავშირებით დადგმული სატელევიზო შოუ გვანახეს კოპებშეკრული სუროვიკინის და ჭკვიანი სახით შოიგოს მონაწილეობით, ფაქტობრივად, სამხედროებს გაახმოვანებინეს. წესით, უმაღლეს მთავარსარდალს უნდა მიემართა მოსახლეობისთვის და ეთქვა რა მოხდა, მაგრამ საერთოდ არ გამოჩნდა.
ეს მოცემულობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საბრძოლო მოქმედება უფრო მძიმე იქნება?
- რუსეთი იყენებს სტრატეგიული პარალიზების მეთოდს. ომი უფრო სასტიკი იქნება ორივე მხრიდან. უკრაინელები გრძნობენ გამარჯვების მოახლოებას, რუსები არიან გამწარებული. ნუ დაგვავიწყდება, რომ პუტინს კიდევ აქვს რესურსი, 300 ათასიანი მობილიზებული ნაწილი, რომელიც ახლა ემზადება და მალე შევა ბრძოლის ველზე და გაამაგრებს თავდაცვას. ასე რომ, ადვილი ბროლები არ იქნება. ორივე მხარე ემზადება ზამთრის კამპანიისთვის. ჯერ არაა ის პერიოდი, რომ რუსული ჯარები შემოუტრიალდნენ პუტინს.
ჯერ უკან იხევენ, მაგრამ როცა დაიწყებენ გაქცევას, მაშინ უკვე საშიში იქნებიან თვითონ პუტინისთვის. ჯერჯერობით რასაც აჩვენებენ, ეს არის უკამყოფილება სხვადასხვა სასწავლო ცენტრში, თუ დააკვირდით უკმაყოფილება არაა ომის წინააღმდეგ, არამედ იმაზე, რომ რატომ გვიგვიანებთ ხელფასებს, რატომ არ გვავარჯიშებთ, რომ უფრო კარგად ვიომოთო. ასე რომ, ეს იქნება უფრო მძიმე ომი და ამავე დროს ეს არ იქნება ხანმოკლე.
ხერსონიდან გასვლის შემდეგ პუტინმა აწია მაღლა ომის ტემპერატურა? ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინაზე სარაკეტო იერიში გრძლედება და ამას აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთი წამოვიდეს მოლაპარაკებაზე?
- კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. რაც უფრო მოახლოვდება ყინვები, მით უფრო გაააქტიურებს სარააკეტო დარტყმებს, რომ მძიმე გახადოს ზამთარი. ამიტომ ცდილობს აიძულოს მხარეები დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
დასავლეთი და არა უკრაინა?
- ერთი ვექტორი იქნება ის, რომ უკრაინის მოსახლეობამ აიძულოს თავისი ხელისუფლება ომის შეწყვეტაზე იფიქროს. მეორე ვექტორი იქნება ის, რომ დასავლეთის მოსახლეობამ აიძულოს თავისი ხელისუფლება, ზელენსკი აიძულოს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ამაზეა გათვლილი ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ეს არის შიშის ფაქტორი დასავლეთისთვის და ომის გადაღლის ფაქტორი უკრაინისთვის.
საინტერესოა ისიც, რომ რუსეთს ბევრმა ბანკმა მოუხსნა სანქციები. ნავთობზე რუსეთს გაყიდვის და ვაჭრობის ნებართვა დართეს. როგორ ფიქრობთ, რატომ მისცეს რუსეთს ნავთბობით ვაჭრობის ნებართვა?
- ბევრი რაღაცა იქნება ისეთი, რასაც ჩვენ ვერ ავხსნით. შეიძლება რაღაცა დათმობაზე წამოვიდეს დასავლეთი, ისეთი კულუარული მოქმედებები მიმდინარეობს. ჩვენ ეჭვი ნუ გვეპარება იმაში, რომ მიმდინარეობს კულუარული შეხვედრები ამერიკისა და რუსეთის წარმომამდგენლებს შორის. ასეთი შეხვედრები მიმდინარეობს. არაა გამორიცხული, რომ მოლაპარაკებაც მიმდინარეობდეს და არაა გამორიცხული, რომ ამის გახმაურებაც იყოს ზელენსკის ის 10 წინადადება,
რომელიც ძალიან ნაჩქარევად არის გაკეთებული. ისეთი რაღაცეებია, რომ საერთოდ არარელევანტურია - მსოფლიო წესრიგის დამყარება როგორ უნდა მოხდეს, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტით? სირიაში შეწყდება ომი, თუ აფრიკაში აღარ იქნება ტერორისტული მოძრაობა თუ რა? ყოველ შემთხვევაში, ეს არის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ უკრაინა მზად არის რაღაცა მოლაპარაკებაზე. ზელენსკის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით,ძალიან ბუნდოვანია, ეს უფრო რიტორიკულ დონეზე წარმოთქმული წინადადებებია.
ზელენსკის სამშვიდობო გეგემაში იგრძნობა მოლაპარაკების სურვილი, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან. მაგრამ, თუ ვიტვით, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი, რამდენად შესაძლებელია, რომ მოლაპარაკება დროში გაიწელოს და ამ ზამთარს საერთოდ არ შედგეს?
- ნამდვილად შესაძლებელია, რომ ეს ორი თვე მოლაპარაკებისთვის მომზადება იყოს. ძალიან უმადურობაა პროგნოზების კეთება. რუსეთი მაოცებს თავისი ბრძოლისუნარიანობით და ისე ჩქარა გარბის უკან, რომ პროგნოზიც არ სჭირდება რაღაცებს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოსალოდნელია გაზაფხულზე. გარდატეხის შედეგი იქნება ის - დაჯდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან. როცა კი გარდატეხა იქნება, აი, მაშინ იქნება საუბარი მოლაპარაკებაზე. შეიძლება მე ვცდები და თქვენ მითხარით, თუ პუტინი არ შეიცვალა და თუნდაც უკრაინამ შეძლოს განდევნოს რუსები საზღვრებიდან, ეს ომის დასრულება იქნება?
არა, რა თქმა უნდა...
- ამაშია სწორედ საქმე. როცა ომის დასრულებაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ პუტინი უნდა შეიცვალოს. გრავიტაციის ცენტრი რუსეთში არის პუტინი. ჯერ მისი შეცვლის წინაპირობა არ ჩანს. დიდი იმედი მქონდა, რომ შეიცვლებოდა. თავდაპირველად იყო ამის წინა ნიშნები, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ „ეფ-ეს-ბე“ და მისი გარემოცვა მაგრად დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინი ჯერ იქნება.