„ნაცმოძრაობა“ არის საზღვარგარეთული ბნელი ძალების კლიენტელა და ისინი როდის გადააფასებენ ამ პროექტს, ეს უკავშირდება მთელი დასავლეთის მდგომარეობას და ბედისწერას“

„ნაცმოძრაობა“ არის საზღვარგარეთული ბნელი ძალების კლიენტელა და ისინი როდის გადააფასებენ ამ პროექტს, ეს უკავშირდება მთელი დასავლეთის მდგომარეობას და ბედისწერას“

„სააკაშვილის ქარიზმა იმ პერიოდში მოიტანა 2000-იანმა წლებმა, როცა შევარდნაძის რეჟიმის შემდეგ იყო დემოკრატიის მშენებლობის საყმაწვილო სენი. დღეს კი ქარიზმა არანაირად არ არის საჭირო, ამიტომაა, რომ „ნაციონალები“ დღეს გარეშე ძალებს ეყრდნობიან. „ნაცმოძრაობა“ ეს არის მტრული ძალების მთავარი დასაყრდენი საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ხომ არ ფიქრობთ, რომ „ნაციონალები“ საბოლოოდ ნანობენ, რომ შიდა არჩევნებში მხარი დაუჭირეს ნიკა მელიას და არა ლევან ვარშალომიძეს, რომელიც, სააკაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, აჭარის სასწაულის შემქმნელი იყო. სააკაშვილი არც მალავდა, ლევან ვარშალომიძისთვის მხარი რომ დაეჭირა, სხვაგვარად წარიმართებოდა პროცესები, მაგრამ სააკაშვილს თურმე არ უნდოდა „ნაციონალების“ შიდა არჩევნებში ჩარეულიყო.

- კარგი არჩევანი „ნაციონალებს“ არ აქვთ. მე არ ვიცი, მელია ჯობია, თუ ვარშალომიძე, თუ ერთმანეთზე უარესები არიან, მაგრამ მთავარია, რას ემსახურება ან მელია, ან ვარშალომიძე. ფაქტია, მელია ემსახურება დესტრუქციას, ეს პარტია, თუკი პარტია შეიძლება მას ეწოდოს, არის მტრული ძალა საქართველოსთვის, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას ყოველთვის და ყველა საშუალებით ებრძოდა და ებრძვის. მთავარია, მათი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე რაც შეიძლება შემცირდეს, საერთოდ თუ განულდება, უკეთესი იქნება. მე მგონი, საქმე აქეთკენ მიდის, რომ მათი პოლიტიკური წონა მათსავე პარტიაში შექმნილი კრიზისის გამო კიდევ უფრო შემცირდება. შესაძლებელია, ოპოზიციურ ფლანგზე გაჩნდეს ახალი ძალა.

ელით, რომ „ნაცმოძრაობის“ ფესვზე ახალი ძალა აღმოცენდება? თავის დროზე „ნაცმოძრაობას“ ვინც გამოეყო, მათ შორის, „ევროპული საქართველო“ ვინც დააკომპლექტა, მათგან შეიძლება მივიღოთ კონსტრუქციული ძალები? „ნაცმოძრაობაში“ ხომ სულ ასეთი დესტრუქციული ტიპაჟები არიან?

- არ ვიცი, დაიშლება თუ არა „ნაცმოძრაობა“, მაგრამ ეს დესტრუქციული ძალა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული, შიდა პოლიტიკურ დაპირისპრებას აწყობს, ეს უნდა შეიცვალოს. ისინი ახლა არიან გამოუვალ კრიზისში. „ევროპულ საქართველოს“ რაც შეეხება, ეს ერთი ძალაა, ისინი მექანიკურად არიან ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებზე. უბრალოდ, მათ შიდა დაპირისპირება აქვთ რესურსების გამო. აქ ვგულისხმობ ელექტორალურ რესურსს, ანუ საკუთარ მომხრეებს ვერ იყოფენ და, ასევე, ვგულისხმობ ყველაზე მთავარს, ფინანსურ რესურსს.

მოვლენები ისე ჩანს, რომ არც კეზერაშვილს, არც მერაბიშვილს არ ადარდებს მიშას ბედი, ამიტომაც დადო მისმა ოჯახმა ფსონი გიორგი ჩალაძეზე.

- ეს ძნელი გასაანალიზებელია, ვინ რაზე დებს ფსონს და ვინ რას თამაშობს, მთავარია, რომ რესურსების გამო აქვთ ერთმანეთში გაუთავებელი დავა, ვერ იყოფენ ამ რესურსებს, მაგრამ ერთადერთი, რაშიც შეთანხმებულნი არიან, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ერთიანი დესტრუქციული ქმედება. ამიტომ მათი გავლენა, ეს რესურსები რომ არ გამოიყენონ ქვეყნის წინააღმდეგ, რაც შეიძლება მცირე უნდა იყოს. მათი რეალური პოლიტიკური წონა რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს. ეს გახსნის პოლიტიკურ ველს და გზა გაიხსნება კონსტრუქციული ოპონირებისთვის.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია უფულოდაა და ამიტომაც იკლავს თავს კეზერაშვილის ფულისთვის? ანუ როგორც ნაცების ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე იტყოდა, მათ სად აქვთ იმის ფუფუნება, ხელი კრან რომელიმე ადამიანს, მათ შორის, კეზერაშვილს. მხოლოდ კეზერაშვილის ფულის შემყურენი არიან და სხვა მსხვილი დონორი არ ჰყავთ?

- როგორ არ ჰყავთ, დონორები არ აკლიათ. საკმაოდ მსხვილი დაფინანსება აქვთ არა მარტო კეზერაშვილისგან, ისინი სახელმწიფოსგანაც იღებენ დაფინანსებას, რაც კურიოზია, რადგან სახელმწიფო ფულს იხდის იმ საქმიანობაში, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. ცოტა არ იყოს, უცნაური ვითარება იქმნება ამ მხრივ. ესეც დემოკრატიის ერთ-ერთი თვისებაა და უნდა შევეგუოთ და ავიტანოთ. სხვა დონორებიც ჰყავთ, მათ არ აკლიათ „ოლიგარქები“. ოპოზიციის ნაწილს ინახავს ხაზარაძე-ჯაფარიძის დაჯგუფება, კობა ნაყოფია, ჭყონია. ზოგიერთი აბსოლუტურად უმოტივაციოდაც კი, რაღაც ახირების გამო აფინანსებს ოპოზიციას იმ იმედით, იქნებ რამე შეიცვალოს. ისინი რამდენიმე ტელევიზიას აფინანსებენ, მათი პროპაგანდისტული მიზნით ფული იხარჯება სოციალურ ქსელებშიც. ამ თვალსაზრისით მათ ნაკლებად აქვთ პრობლემა, პრობლემა აქვთ იდეოლოგიურ გაკოტრებაში და იმის ნათელყოფაში, რომ რაიმე კონსტრუქციულის შექმნა ქვეყნისთვის არ შეუძლიათ.

ერთ დროს უკრაინაში მყოფი სააკაშვილი სიამაყით გვამცნობდა, რომ იგი ისტორიაში უკვე შესული იყო, ჰყავდა ბევრი მიმდევარი, მასთან უცხოელები ჩადიოდნენ იმ მიზნით, რაღაც ესწავლათ მისგან, თუმცა ფაქტია, საკუთარ პარტიაში სააკაშვილის უშუალო მიმდევარი არ ჩანს. ლევან ხაბეიშვილი თითქოს მისნაირი ტიპაჟია, პიარიც უნდა უყვარდეს... ვინ შეიძლება ამ პარტიაში სააკაშვილის მიმდევრად ჩაითვალოს?

- აბსოლუტურად სხვა დროა ახლა. სააკაშვილის ქარიზმა იმ პერიოდში მოიტანა 2000-იანმა წლებმა, როცა შევარდნაძის რეჟიმის შემდეგ იყო დემოკრატიის მშენებლობის საყმაწვილო სენი. დღეს კი ქარიზმა არანაირად არ არის საჭირო. ამიტომაა, რომ ნაციონალები დღეს გარეშე ძალებს ეყრდნობიან. არა მხოლოდ უკრაინულს, ევროპაშიც არიან ასეთი ძალები.

თუკი ნაციონალები დასაღუპად არიან განწირულნი, რატომ იკლავენ თავს ამ პროექტის ბოლომდე მიყვანაში საზღვარგარეთ მყოფი ძალები? ხომ შეიძლება, დასავლეთში პრაგმატულმა ადამიანებმა გადააფასონ მოვლენები და მიხვდნენ, რომ არაპოპულარული „ნაცმოძრაობისთვის“ არ ღირს ფსონის დადება?

- „ნაცმოძრაობა“ ეს არის მტრული ძალების მთავარი დასაყრდენი საქართველოში. საერთაშორისო პროექტის ნაწილნი არიან ეს ძალები. ცხადია, მათ მხარს დაუჭერენ, შეინახავენ და გაააქტიურებენ კიდეც, დღეს „ნაცმოძრაობა“ არის საზღვარგარეთული ბნელი ძალების კლიენტელა. ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის. თქვენ მკითხეთ, საზღვარგარეთული ძალები როდის გადააფასებენ „ნაცმოძრაობის“ პროექტსო. ეს საკმაოდ რთული საკითხია და უკავშირდება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი დასავლეთის მდგომარეობას და ბედისწერას. ეს არის ლიბერალური ძალების პროექტი. ჩვენი იდენტობა აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე ამ ე.წ. ლიბერასტების. რაც ნაცებისთვის სამართლიანია, ჩვენთვის უსამართლობაა. რაც ნაცების უკან მდგომი ძალებისთვის სამართლიანია, ჩვენთვის მიუღებელია, მაგალითად, სქესის შეცვლა, რაც ჩვენთვის საშინელებაა. აქ იდენტობების საკითხია. ნაციონალები ჩაერთვნენ ამ პროექტში იმისთვის, რომ თავიანთი ადგილი ეპოვათ საქართველოში. ეს ზურაბ ჭიაბერაშვილმაც აღიარა, რომ ჩვენ სახელმწიფო კი არ გვჭირდება, არამედ გვჭირდება კორპორაცია. ჩვენ საკუთარი იდენტობის მქონე სახელმწიფო კი არ გვჭირდება, არამედ გვჭირდება კორპორაცია. ვარდების რევოლუცია ეს იყო მახინჯი მოვლენა, მაგრამ ქართული მოვლენა. ახლა რაც ხდება „ნაცმოძრაობის“ გარშემო, აღარაფერი მასში ქართული აღარ არის, ეს არის თავიდან ბოლომდე გარეშე ძალების, გლობალური ძალების ინტერესი. ამ დიდი ლიბერალური პროექტის კლიენტელაა „ნაცმოძრაობაც“ და რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიციაც, ანუ მათ ინტერესებზე მუშაობენ და იქიდან ხდება მათი შენახვაც.