ქართული პოლიტიკის კოლორიტი, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, პოლიტიკაში ფული არ უკეთებია. ასეთი იყო ნოდარ ნათაძე, თავისი ქარიზმით, პირდაპირობით, ხმაურიანობით.
ნოდარ ნათაძის, „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის შესახებ განსხვავებული პოზიციებია, მას ახსენებდნენ, რომ არცთუ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა ზვიად გამსახურდიასთან მიმართებით, მაგრამ ნოდარ ნათაძე გულწრფელად ინანიებდა ზვიადის მიმართ დამოკიდებულებას და ამბობდა, რომ დრო ეგზისტენციალურ თემებზე ზვიადთან კამათით კი არ უნდა დაეკარგა, არამედ რუსული ძალების წინააღმდეგ ერთად უნდა დარაზმულიყვნენ.
რუსული ძალები და აგენტები კი არ აკლდა საქართველოს. ნოდარ ნათაძისთვის ასეთი აგენტი იყო შევარდნაძე, შემდგომში უკვე სააკაშვილი, 1992 წლის 14 აგვისტო და 2008 წლის 8 აგვისტო მისთვის იყო რუსული ოპერაცია, ჩატარებული ქართული აგენტურის მიერ.
„მაქვს თუ არა ცხოვრებაში ძალიან მძიმე შეცდომა? მაქვს, როდესაც გართულებულ ფსიქოლოგიურ სიტუაციაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო დარაზმული ძალიან დიდი აგენტურა და შეძლეს პროვოცირება, მე ვთქვი, რომ პრეზიდენტს როცა ასეთი შეცდომა მოუვა, იგი უნდა გადადგეს. აი, ეს ვთქვი და ეს არ უნდა მეთქვა. ამას მე ვთვლი ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, პიროვნების, კაცის ჩაჭრად. ეს მე ცხოვრებაში სანანებლად მაქვს“, - ყველას გვახსოვს თვალცრემლიანი ნოდარ ნათაძის ერთგვარი სატელევიზიო მონანიება. ის მიიჩნევდა, რომ დღევანდელი გადასახედიდან ზვიადის ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო.
აფხაზეთის ომში ქართველების დამარცხების შემდეგ ნოდარ ნათაძეს ჭუბერის უღელტეხილზე ფეხით გადმოსვლა მოუწია. შევარდნაძის წამოძახებას განიცდიდა მტკივნეულად, რომელსაც უთქვამს, აფხაზეთის ომის შემდეგ მეც გამოვრბოდი და შენცო, ანუ რა ლაჩარიც მე ვარ, ისეთი ხარ შენცო, რაზეც ნოდარ ნათაძე ამბობდა, რომ შევარდნაძე ჭუბერზე ფეხით არ გადმოსულა, ის რუსეთიდან გადმოფრინდა საქართველოში მაშინ, როცა ვალდებული იყო მთავარსარდლის პოსტზე ბოლომდე დარჩენილიყო.
64 წლის ასაკში აფხაზეთის ომში უბრალო ჯარისკაცად წავიდა და პრივილეგიებით არ უსარგებლია. ჯარისკაცები ერიდებოდნენ, ამ ასაკში მისთვის რამე დაევალებათ, მაგრამ ყველაზე წინ მირბოდა. ერთხელ ჯავშანჟილეტიც არ ეცვა და თანამებრძოლი ბიჭები მოატყუა, ჯავშანჟილეტი მაცვიაო და წინ გაუძღვა ახალგაზრდებს, იმ იმედით, რომ მათთვის მოსახვედრი ტყვია თავად მოხვედროდა და ქართველი ახალგაზრდები ჩასაფრებულ აფხაზებს არ მოეკლათ. როცა ქართველმა გენერალმა თავისთან სადილად მიიპატიჟა, არ ისურვა უბრალო ჯარისკაცებისგან განსხვავებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა და „ჩესტი“ აუღო, „რიგითი ნათაძე“ გისმენთო.
ნოდარ ნათაძესთან ბევრ საინტერესო თემაზე გვისაუბრია. მათ შორის, სტალინზეც. მიაჩნდა, რომ სტალინი იაკობ ეგნატაშვილის ვაჟი იყო და არა ოფიციალური მამის- ბესარიონ ჯუღაშვილის. სტალინს ლოთი მამობილის ხსოვნაც არ უნდოდა, ბესარიონის სურათი რომ მიუტანეს, ბოღმით გადახია, დაყარა და არაფერი უთქვამს სურათის მიმტანისთვის. იაკობ ეგნატაშვილი რომ გარდაიცვალა, კრემლში შესვეს სამი ძმა ეგნატაშვილების სადღეგრძელო, მათ შორის, სტალინის. თავის მხრივ, სტალინმა ეგნატაშვილები კრემლში დაასაქმა, ანუ თავის ერთ ძმას სტალინის კვების საკითხი ებარა.
ნოდარ ნათაძე თვლიდა, რომ სტალინს შემთხვევით არ ეძახდნენ ორ სახელს- იოსებს და კობას. ბიბლიური იოსები იაკობის შვილი იყო, როგორც სტალინი იყო იაკობ ეგნატაშვილის ვაჟი. კობას კი იმიტომ ეძახდნენ სტალინს, რომ მამამისსაც იაკობი ერქვა და არა იმის გამო, რომ სტალინს ძალიან მოსწონდა ალექსანდრე ყაზბეგის პერსონაჟი კობა და ამიტომ დაირქვა ეს სახელი.
ზვიადთან დაკავშირებითაც საკუთარი თვითრწმენა ჰქონდა. მიაჩნდა, რომ ზვიად გამსახურდიას მხრიდან თვითმკვლელობა გამორიცხული იყო ფსიქოლოგიურად, რადგან მორწმუნე კაცი იყო და ამ თემაზე დინჯად და აუჩქარებლად აზრი ჩამოყალიბებული ჰქონდა. „იგი მოკლულია, ეს ჩემი უღრმესი დარწმუნებულობაა“, - გვეუბნებოდა ნოდარ ნათაძე. მას არ სურდა ბესარიონ გუგუშვილზე საუბარი, რომლის გვერდითაც ზვიადმა ბოლო წუთები გაატარა, თუმცა არ მალავდა, რომ „ძალიან ცუდად უყურებდა“ ბესარიონ გუგუშვილს.
ერთხელ პირდაპირ გვითხრა, რომ არ სწამდა შევარდნაძის ერთგვარი „მონანიების“, რომელსაც უთქვამს, „ზვიადისტები თავისებურად პატრიოტები იყვნენო“. ნოდარ ნათაძე ამბობდა, რომ „შევარდნაძე იყო ზვიად გამსახურდიას კბილების კრაჭუნით მოცული, შევარდნაძე ყველაფრის მკადრებელი იყო, შევარდნაძე დამოუკიდებლობას არ შეგვარჩენდა, მაგრამ მას გზა გადაუჭრა იმან, რომ ზვიადს რეფერენდუმი ჰქონდა საქართველოში ჩატარებული“.
არც „ვარდების მოედნის“ დასახელება ხიბლავდა, პირდაპირ ამბობდა „დებილური სახელია“, რომელიც სერიოზული ადამიანების დარქმეული არ არისო. ერთხელ ისიც გვითხრა, „ისტორიამ იცის ორი შემთხვევა, როცა მთავარსარდალი ომობს მტრის მხარეს, ერთია შევარდნაძე, მეორე- სააკაშვილი, მე ამას ისტორიის თავისებურებად ვთვლი და საქართველოსთვის შემთხვევითობად არ მიმაჩნია, რადგან დღეს ჩვენს მენტალიტეტს მრავალი პათოლოგია სჭირს, ქართველები სწორედ ასეთი პათოლოგიური ტიპების დაწინაურებას უწყობენ ხელს“.
ერთხელ ვკითხეთ, რა იწვევდა აგრესიას ახალგაზრდებში, გვითხრა, რომ ქართველი ახალგაზრდები ჩაკეტილები იყვნენ ერთ სივრცეში. ისინი ჩაკეტილები არიან საკუთარ უფლებებში, უპერსპექტივობაში. ამიტომ გამძაფრებული სიძულვილი აქვთ ერთმანეთის მიმართ, როგორც პატარა გალიაში დამწყვდეული მრავალი ძაღლი ჭამს ერთმანეთს, რაგინდ საჭმელიც არ უნდა ჰქონდეთ. ახალგაზრდები მორალურად არიან ჩაკეტილები, მშობლები აქ არაფერ შუაშია, აქ მთავარია სოციალური სივრცე, ქართველ ბავშვს აღარ დაუტოვეს ინტერესი, რომლითაც შეიძლება სულდგმულობდეს ადამიანი.
93 წლის ასაკში ნოდარ ნათაძის გარდაცვალებამ მის თანამებრძოლებს გული დასწყვიტა. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძეს ბოლო პერიოდში თუ ვინმეს დაკარგვა ასე განუცდია, ეს იყო ნოდარ ნათაძე. ნანა კაკაბაძეს ამ ადამიანთან თბილი მოგონებები აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ხან ერთად იყვნენ, ხან კამათობდნენ და ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა.
ერთ-ერთი შტრიხი, რაც ნოდარ ნათაძეს ახასიათებდა, ნანა კაკაბაძის აზრით, ის იყო, რომ მისი გამოჩენა იწვევდა ხოლმე ღიმილს, დადებით განწყობას, სიხარულს, მძიმე თემაზეც რომ ყოფილიყო საუბარი, ნოდარი რომ გამოჩნდებოდა, ყველას სახე ებადრებოდა, დადებითი ადამიანი იყო და დადებითი ემოცია შემოჰქონდა, მერე შეიძლება კამათშიც გადაზრდილიყო საუბარი, მაგრამ პირველი ემოცია ღიმილი იყო ნოდარის დანახვისას.
„პიროვნულად არაჩვეულებრივი, ძალიან სუფთა ადამიანი იყო. აფხაზეთის ომის დროს აფხაზეთში ჩავიდა, მას საომრად ვინ გაუშვებდა თავისი ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ გულიანი ადამიანი იყო, რომ იცოდა, აფხაზეთის ომში ხალხი ეწირებოდა სამშობლოს, თავი ვალდებულად ჩათვალა, თვითონაც ჩასულიყო და ის ბიჭები მოენახულებინა, შტაბებში მიდიოდა. ძალიან ემოციური იყო, მაგრამ გულწრფელი იყო ამ ემოციის დროსაც. დღეს პოლიტიკოსებს ემოციაც და ჩხუბიც თითქოს დადგმული და ხელოვნური აქვთ, თითქოს როლში არიან და ყველაფერს თამაშობენ. ნოდარი ასეთი არ იყო. შეცდომით ფიქრობდა, თუ სწორად, თავის თავთან და თავის ქვეყანასთან ყოველთვის მართალი იყო. მისი პოზიცია გამომდინარეობდა არა გამორჩენით, არამედ იმით, რომ ის ისე ფიქრობდა და დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანას ასე სჭირდებოდა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge- სთან საუბარში.
მისი თქმით, ნოდარ ნათაძე გახდა ოპოზიციის ნაწილი, მისი აფილირება არ მოხდა ხელისუფლებასთან, თუმცა იყო ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა, რომ „რუსთაველის საზოგადოება“ და „სახალხო ფრონტი“ სპეციალურად შექმნეს, რომ რეალურ ოპოზიციას დაპირისპირებოდა. ნოდარმა კი ეს არ და ვერ შეასრულა, შეიძლება ეს ნოდარის მიღმაც ხდებოდა.
ნანა კაკაბაძე იმასაც იხსენებს, რომ ნოდარ ნათაძე ოპოზიციაში იყო ზვიად გამსახურდიასთან, მიუხედავად იმისა, რომ როცა პირველი არჩევნები ტარდებოდა, სადაც ზვიადმა მიიღო მონაწილეობა, ეროვნული მოძრაობის დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ არ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და არც მიიღეს, ნოდარმა კი მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, „ჭავჭავაძის საზოგადოებამ“, „სახალხო ფრონტმა“ მიიღეს მონაწილეობა და ნოდარ ნათაძე გახდა დეპუტატი, რაც საკამათო საკითხი იყო. შემდეგ ნოდარი ზვიადისტი ქალბატონების სამიზნეც გახდა.
„ზვიადის მომხრე ქალები დასდევდნენ საცემრად. ერთხელ გაეკიდნენ და ნოდარი ხელებაფარებული გარბოდა, ქალები კი მისდევდნენ დროშებით. ის იყო სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც აკეთებდა იმ საკეთებელს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნდა. ამითი გამორჩეული იყო. მისი დაც - მაია ძალიან დახვეწილი, ერუდირებული ადამიანი გახლდათ, ორივე და-ძმამ თავი მიუძღვნა ქვეყანას. ნოდარი იყო უწესიერესი ადამიანი და შემდგომ არჩევნებში რომ მონაწილეობდა, ფინანსები არ ჰქონდა და „ჭავჭავაძის საზოგადოება“ ეხმარებოდა ხოლმე ფინანსურადაც, როცა შეეძლოთ“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ნოდარ ნათაძე ყოველთვის იყო კრიტიკული პროცესების შუაგულში. აბსოლუტურად კრისტალური ადამიანი იყო, რომელიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. პოლიტიკური შეფასების მაღალი კრიტერიუმი ჰქონდა, საკუთარ თავსაც ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებდა და სხვებსაც სთხოვდა ამას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხშირად ზედმეტად კრიტიკული იყო ხოლმე გარკვეული პროცესების მიმართ, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად ზვიადი და ნოდარი თანამებრძოლები იყვნენ.
„ბატონმა ნოდარმა თვითონაც შეაფასა ზვიად გამსახურდიას მიმართ თავისი ქმედება შეცდომად და გულწრფელად მოინანია, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს. ის იყო მეცნიერიც, შესანიშნავი ნაშრომების ავტორი, მას სურდა საქართველო ყოფილიყო საკუთარი იდენტობის მქონე თვითკმარი სახელმწიფო. მის თვალწინ მოხდა 9 მარტის პირველი ტრაგედია. აფხაზეთის ომშიც იყო, იგი გახლდათ პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, მონაწილეობდა სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენებშიც, მის ყოფნას ცხელ წერტილებში სიმბოლური დატვირთვა უფრო ჰქონდა“, - იხსენებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ნოდარ ნათაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელის მომწერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი, უამრავი ნაშრომის ავტორი, რომლის მეცნიერულ მოღვაწეობაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა „ვეფხისტყაოსნის“ კვლევას.
9 აპრილებში პირველად ამისგან გავიგე მართვადი ქაოსის რაობის შესახებ.....ამერიკის სამხედრო ლაბორატორიებში ამ თემებს ამუშავებენო
და ეს მაშინ, მაშინდელი განათლების დონიდან გამომდინარე, იმდენად აბსურდულ--დაუჯერებელ ამბად მიმაჩნდა, რომ ვამბობდით ეს კაცი ვერააა კარგადო და სუ პუპუზა პუპუზას ვეძახოდით
არადა თურმე სადა ვბანაობდით....თურმე პუპუზები ჩვენა ვყოფილვართ და ამ კაცს მაშინ სუ მართალი ულაპარაკია
ეხლა რომ დღევანდელ ცხოვრებას ვუყურებ ზუსტადაც რომ მართვად ქაოსია და მართვად ქაოსში ვცხოვრობთ კიდეც
ვისი ვისსაშია კაცი ვერ გაიგებს