პოლონეთი უკრაინულ კვალზე საუბრობს, უკრაინა კი მტკიცებულებას ითხოვს

პოლონეთი უკრაინულ კვალზე საუბრობს, უკრაინა კი მტკიცებულებას ითხოვს

რაკეტები, რომლითაც პოლონეთზე იერიში მიიტანეს, უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული. სააგენტო Associated Press აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელები ცდილობდნენ თავი რუსული თავდასხმისგან დაეცვათ, რომელიც მათ ენერგოინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი.

უკრაინას კი პოლონეთში აფეთქების ადგილზე დაუყოვნებლივი წვდომა სურს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი მზად არის პარტნიორებს მიაწოდოს „რუსული კვალის“ მტკიცებულება. როგორც დანილოვმა დასძინა, უკრაინას პარტნიორებთან ერთად, პოლონეთში მომხდარი ინციდენტის ერთობლივი შესწავლა სურს.

იმის მიუხედავად, რომ „S 300“ ტიპის რაკეტას, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინულად მიიჩნევენ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რაკეტა უკრაინული არ იყო. მისი თქმით, მან ამ ინციდენტთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისა და საჰაერო ძალების ანგარიშები მიიღო და არ შეუძლია მათ არ ენდოს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა დაიშვას ინციდენტის ადგილზე.

ამ დროისთვის ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გამოყენების აუცილებლობას გამორიცხავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. თუმცა, როგორც მატეუშ მორავეცკი აცხადებს, ყველაფერი უკრაინის ხელშია. პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, არ არსებობს მინიშნება, რომ პოლონეთზე წინასწარ განზრახული თავდასხმა მოხდა. პოლონეთის პირველი პირი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 ტიპის რაკეტა, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა.

„არსებობს ბევრი მინიშნება, რომ ეს იყო საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც სამწუხაროდ, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ის სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გამოიყენება“, - აღნიშნა ანჯეი დუდამ.

ნატოს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად გაისროლეს, მაგრამ იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს არ არის უკრაინის ბრალი.

„ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს. მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს თავის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ. ნატო ერთიანია და ალიანსი ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად. ალიანსს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი გეგმავს შეტევითი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო „დიდი შვიდეულის“ ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გასროლილი ყოფილიყო. სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სახეზეა არა რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობის დაძაბვა, არამედ რუსეთ-პოლონეთის და რუსეთ-ნატოს ურთიერთობის დაძაბვა. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიიდან წამოსული რაკეტა არ ნიშნავს, რომ გასროლა უკრაინელებმა განახორიცელეს.

„დღეს, უკრაინის საჰაერო სივრცეზე თავისუფლად მოქმედებს რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები. აქედან გამომდინარე, უკრაინის საჰაერო სივრციდან თავისუფლად შეეძლოთ დაერტყათ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, შესაბამისი სამხედრო კოსმოსური ძალების დახმარებით. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკამ და პოლონეთმა გაასაიდუმლოეს ინფორმაცია. როგორც ჩანს, ეს თემა არის სენსიტიური და, მაღალი ალბათობით, რუსებმა განახორციელეს დარტყმა ბალესტიკური ფრთოსანი რაკეტით“, - აცხადებს მაისაია.

სამხედრო ანალიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდინილი რაკეტა არის რუსული, მაგრამ მიზანმიმართული იყო, შემთხვევითი, თუ აცდენას ჰქონდა ადგილი, ეს ცალკე საუბრის თემაა. თუმცა მას ეჭვი აქვს, რომ რუსებმა შეგნებულად ჩამოაგდეს რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე.

„ეს არის ერთგვარი ძალის დემონსტრირება რუსების მხიდან, რომელიც უკრაინასთან ომს აგებს. პოლონეთი და ამერიკა არიან მთავარი შეიარაღების მიმწოდებელი სახელმწიფოები და ეს ერთგვარად გამაფრთხილებელი ნაბიჯი მგონია რუსეთის მხრიდან. მეორე ვარიანტია, რომ, რუსებმა მოახდინეს თავიანთი ფრთოსანი ბალესტიკური რაკეტის დატესტვა და ამასთან ერთად, როგორც ჩანს, გამოსცადეს ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები როგორ მოქმედებენ უშუალოდ ნატოს ფარგლებში. მეოთხე ვარიანტია - ეს იყო მცდელობა, რომ როგორმე ხელი შეეშალათ პოლონეთის ტერიტორიიდან უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისთვის. მით უმეტეს, რომ ლუბლიანა ემიჯნება პოლონეთს და ძირითადად, იქიდან ხდება ლვოვის მიმართულებით სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო შეიარაღების გადატანა დასავლეთის მიერ. ეს არის ოთხი კონკრეტული ვარიანტი, რატომაც რუსებმა განახორციელეს გასროლა და მეხუთე - რუსები არიან გამწარებული. მათ მესამე ტალღის შეტევები განახორციელეს უკრაინის ქალაქებზე. რამდენიმე დღეა სასტიკი ინტენსივობით იბომბება უკრაინის ქალაქები. ამიტომ, პოლონეთის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში ეს რუსული სიხისტის და სიმწარის ანარეკლი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს ამ ეტაპზე არ აწყობს ნატოსთან დაპირისპირება, სავარაუდოა, რომ „S 300“ ტიპის რაკეტა რუსეთის მხრიდან ნასროლი არ არის.

„რასაც ადასტურებენ როგორც ამერიკელები, ისე პოლონელები, ეს არ არის რუსების მიერ გაშვებული ის რაკეტა, რომლითაც უკრაინას ბომბავდნენ ამ დღეებში. ამას გარდა, თვითონ ზუსტი დამიზნებით ნასროლი რაკეტა ასობით კილომეტრითაა დაცილებული უახლოეს სამიზნეს. შესაბამისად, დაუჯერებელია, რომ ასეთი აცდენა მოხდეს.

მეორე ვერსიით, ეს არის უკრაინის მიერ გაშვებული „ეს 300“ ტიპის რაკეტა, როდესაც ის თავს იცავდა რუსული რაკეტებისგან და რომელსაც ტყუილად უშვებენ. ეს რაკეტა შეიარაღებაში აქვს როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას. ძნელი დასადგენი არაა საიდან არის გაშვებული, მით უმეტეს, რომ არსებობს ობიექტური დაკვირვების საშუალებები და თუ ვინმეს ამის გარკვევა უნდა, ეს იოლად გასარკვევია. თუმცა, ცხადია, რომ აქ ერთვება პოლიტიკური და პიარ შემადგენელი“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც სოსო მანჯავიძე აცხადებს, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნა მოხდა რამშტაინის სამიტის წინ, რაც სავარაუდოს ხდის, რომ რეალური გახადონ ნატოს მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.

„ვინაიდან, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ვერაფერს გახდნენ და ვერ იცავენ თავის ინფრასტრუქტურას რუსული რაკეტებისა და დრონი კამიკაძეებისგან, ამიტომ, სავარაუდოა, რომ გაისროლეს იმისათვის, რომ დაკეტონ უკრაინის ცა. თუ რუსეთმა გააგრძელა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ამ ტემპებით განადგურება, დადგება უმძიმესი შედეგები. წარმოვიდგინოთ, რომ ზამთრის პირას 4-მილიონიანი კიევი და სხვა დიდი ქალაქები აღმოჩნდებიან შუქისა და გათბობის გარეშე. უკრაინის კლიმატის გათვალისწინებით ამას ექნება უმძიმესი შედეგი. აქედან გამომდინარე, დასვლეთის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და კოლოსალურ თანხებს გამოყოფენ, ბუნებრივია, მოვლენების ასეთი განვითრების სცენარს მიიჩნევენ თავისთვის მიუღებლად და შეეცდებიან დაკეტონ უკრაინის ცა. თუმცა, ეს ომი იმდენად პარადოქსულია და გამოირჩევა ყველა სხვა წინა ომისაგან, რომ შეიძლება სულ სხვა სახის ვაჭრობასთანაც გვქონდეს საქმე“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.