გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე, საქართველოს ფიცის კაცი. ქართული ეროვნული მოძრაობის გამორჩეული მოღვაწე. ბატონი ნოდარი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც სამშობლოს დამოუკიდებლობაზე ბევრი უფიქრია. არამხოლოდ როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც მოაზროვნეს, ქართული კულტურის დაუცხრომელ მკვლევარს, ფართო ჰორიზონტის მქონე ლიტერატურათმცოდნეს და ფუნდამენტური ფილოსოფიური ტექსტების გულისყურიან მთარგმნელს. სწორედ ამიტომ, მისი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გამყარებული იყო ღრმა საფუძვლით - ისტორიული, სამართლებრივი, პოლიტიკური არგუმენტებით. თუკი ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა ამ დიდ საქმეში ნოდარ ნათაძის თვალსაჩინო წვლილიც არის.
იგი დღიდან დაარსებისა ხელმძღვანელობდა „სახალხო ფრონტს“. მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია იმისთვის, რათა საქართველოს უმაღლეს საბჭოს, ჯერ კიდევ ეროვნული ხელისუფლების მოსვლამდე, მიეღო გადაწყვეტილება საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის თაობაზე. მან უყოყმანოდ და სრულად დაუჭირა მხარი ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილებას 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და ხელი მოაწერა 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტს.
ბატონი ნოდარი თავდადებით იბრძოდა საქართველოს ერთიანობისათვის, როგორც კალმით, ისე იარაღით ხელში. მას აქვს მინიჭებული სამხედრო ვეტერანის საპატიო წოდება. ფრონტის წინა ხაზზე იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. ამასთან, ნოდარ ნათაძის ისტორიული კვლევები ეჭვმიუტანლად ადასტურებენ, რომ ცხინვალის რეგიონში უკანონო ავტონომიის არსებობა საბჭოთა რუსეთის აგრესიისა და ძალმომრეობის შედეგი იყო. ამდენად, მისი გაუქმება ჩვენი ქვეყნის საბჭოთა მარწუხებიდან გათავისუფლების აუცილებელი პირობა გახლდათ. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ბატონ ნოდარს არ დაუკარგავს ოპტიმისტური რწმენა საკუთარი სამშობლოს გამთლიანებისა და გამარჯვებისა.
ნოდარ ნათაძემ სერიოზული წვლილი შეიტანა საქართველოს კონსტიტუციის შექმნასა და მიღებაში. იგი როგორც საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი და შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე, დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გასამტკიცებლად.
ბატონი ნოდარი იყო მტკიცე და პირდაპირი ხასიათის ადამიანი, არასოდეს მორიდებია კონფლიქტს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიიჩნევდა, რომ საქმე საქართველოს ინტერესებს შეეხებოდა. ამ რთულ გზაზე მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვედრია და ხარვეზებიც ჰქონია. დამოუკიდებლობის გზა არავისთვის ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. მას თან სდევს დრამატული, ხშირად ტრაგიკული მოვლენები, სადაც სწორი არჩევანის გაკეთება იოლი არ არის. ასეთ დროს ყველას აქვს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. ნოდარ ნათაძეც არ არის გამონაკლისი. იგი არც არასოდეს გაქცევია მას. მძაფრად და დაუფარავად ლაპარაკობდა შეცდომებზე, წუხდა მათ გამო.
სწორედ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა ამოძრავებდა ნოდარ ნათაძეს მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. მან ზუსტად იცოდა, რომ თავისუფლებას ალტერნატივა არა აქვს, არც ცალკეული ინდივიდისათვის და არც მთელი ერისთვის. ცდილობდა მომავალი თაობის სულშიც გაეღვივებინა ეს სულისკვეთება. ქართველი ახალგაზრდები კიდევ დიდხანს შეისწავლიან „ვეფხისტყაოსანსა“ და „დავითიანს“ ნოდარ ნათაძის რედაქციით და საგულისხმო კომენტარებით, ეზიარებიან სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულს, მოყვასისადმი თავდადების აუცილებლობას, მართლის თქმის საჭიროებას. ჩვენ კი მის კოლეგებსა და თანამოაზრეთ, დაგვრჩება მაგალითი სამშობლოს უანგარო მსახურებისა.
არქიმანდრიტი ილია (კავსაძე), დეკანოზი როსტომი (ლორთქიფანიძე), დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი), აკაკი ასათიანი, ავთანდილ იმაძე, გოგი ხოშტარია, გივი თალაკვაძე, დავით არევაძე, გივი ლობჟანიძე, როინ მეტრეველი, იოსებ ბარათაშვილი, ანზორ სიჭინავა, გუბაზ სანიკიძე, სალომე ზვიადაძე, ალექსი არაბული, ფირუზ დიაკონიძე, პაატა ბარათაშვილი, დალი ფიროსმანაშვილი, ვაჟა ადამია, დავით კუპრეიშვილი, ნოდარ ჭითანავა, თედო ნინიძე, მინდია უგრეხელიძე, ზვიად ბოკუჩავა,ზვიად ძიძიგური, ლერი ახმეტელი, თედო პაატაშვილი, მამუკა გიორგაძე, ვახტანგ ძაბირაძე, გელა ჩორგოლაშვილი, თენგიზ დიხამინჯია, თემურ გვანცელაძე, გივი ურიადმყოფელი, გურამ პაპუნიძე, ანზორ კუდბა, თამაზ დიასამიძე, რომან ცხომელიძე, ალეკო ვარძელაშვილი, თამაზ ყურაშვილი, თამაზ გველესიანი, მანანა გაბაშვილი, გია ხავთასი, რესან კონცელიძე, ნუგზარ შავთვალაძე, ელდარ შენგელაია, პაატა ჩხეიძე, გიორგი წითლანაძე, მირიან წიკლაური, ბეჟან ჯავახია, თემურ მჟავია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ნუგზარ მოლოდინაშვილი, ანზორ საკანდელიძე, გურამ პეტრიაშვილი, ბონდო ჯიქია, გივი თაქთაქიშვილი, გურამ ისაკაძე, ემზარ გოგუაძე, ნიკა კილასონია, ირაკლი წერეთელი, ლევან მესხი, თამაზ შილაკაძე, ნიკოლოზ სანებლიძე, პაატა კოღუაშვილი.