დავით კეზერაშვილს პოლიტიკურ გეგმებზე საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა სპეციალურ განცხადებაში წერს, რომ მხარს დაუჭერს ყველას, ვინც ხელისუფლების ცვლილების პროცესშია ჩართული. მსჯავრდებულ ექს-თავდაცვის მინისტრს რომ პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს, ამას ადასტურებს ნატოში ვაშინგტონის ყოფილ წარმომადგენელთან კურტ ვოლკერთან შეხვედრა, რომელიც ლონდონში ერთ-ერთი კაფეში შედგა.
ვოლკერი, რომელიც სენატორ მაკკეინის ბიუროში მაღალ თანამდებობას იკავებდა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მმართველ გუნდში დღეს თქვეს, რომ ამ ფაქტმა თვალსაჩინო გახადა, თუ ვინ დებს პოლიტიკურ ფსონს კეზერაშვილზე, რომელიც რამდენიმე თვეა შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე საგრძნობლად გააქტიურდა. როგორც პარლამეტის თავმჯდომარე აცხადებს, სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები.
„მგონი, დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, რა როლი აქვს დავით კეზერაშვილს ქართულ პოლიტიკაში. ქართულმა საზოგადოებამ იცის მისი წარსული, რომელიც დაკავშირებულია ქართული არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან. იცის მისი აწმყო, ეს არის პირდაპირ ჩარევა პოლიტიკაში. ოპოზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ აღიარებენ, რომ დავით კეზერაშვილის ფული არის არასამთავრობო სექტორში, მედიაში, პოლიტიკასა და პარტიებში და ამ ფულით მანიპულირებს ის მედიასაც, არასამთავრობო სექტორსაც და პარტიებსაც.
ეს ის ფულია, რომელიც წაართვეს ქართულ ჯარს, ქართველ ხალხს, ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფურცელზე ჩატარებულ ტრენინგზე, რომელშიც არც ერთ ჯარისკაცს არ მიუღია მონაწილეობა. როცა ასეთ ადამიანთან, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, ასეთ სალონურ ურთიერთობაში ხდება შეხვედრები, გასაგებია ხომ, რა შეიძლება იყოს საუბრის თემა, ეს თავისთავად უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, რა ხდება იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ როგორც სააკაშვილი, კეზერაშვილი ზუსტად იმ ჯგუფის ტიპური წარმომადგენელია, რომელმაც წარმოშვა, გააჩინა და პოლიტიკაში შემოიყვანა. ამ ჯგუფს მოეკითხებოდა მხოლოდ იდეის ერთგულება და არა განათლება და პროფესიონალიზმი. ანალოგიური მოვლენაა კეზერაშვილი, რომელსაც ფულის კეთების ნიჭი აღმოაჩნდა. უცებ გახდა მილიონერი და მერე გაამრავლა ეს თავისი მილიონები.
„თხა რომ გაუშვა ევროპაში, თუკი მას მიიღებენ დიდი პატივით და ის ყველგან „მეს“ დაიძახებს და უარყოფს საქართველოს როგორც ქვეყანას, ესეც დამაზიანებელი იქნება. გააჩნია როგორ იღებენ, თორემ ვინ რას აკეთებს მეორე ხარისხოვანია. ვოლკერი მარტივი ფიგურა არაა, ერთი წელი იყო ნატოში ამერიკის წარმომადგენელი და მეორე მხრივ ჰქონდა გარკვეული გავლენები ტრამპის ადმინისტრაციასთან, უკრაინასთან და ა.შ. კომპრომატს ეძებდა ბაიდენზე. ასეთი მოუსვენარი ტიპია, ინტრიგებში ადვილად ებმევა, რაც მთავარია, მერე ადვილად სკდება ეს ინტრიგები და საჯარო მსჯელობის საგანი ხდება.
გასაკვირი არ არის, რომ მას კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჰქონდეს, თუ დავფიქრდებით იმაზე, როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს რუსეთთან. თუ დავაკვირდებით, რუსეთთან ნაკლებად, ან ფორმალურად დაპირისპირებული ადამიანები ძალიან ხშირად ებრძვიან საქართველოს. არის მეორე ჯგუფიც - საქართველოს ებრძვიან სწორედ რუსეთთან დაპირისპირებულები, რომლებიც ვერ ხედავენ თვითონ საქართველოს სპეციფიკას რუსეთთან ბრძოლაში. ეს ის ნაწილია, ზედაპირული შთაბეჭდილებით რომ მოქმედებს. ვოლკერს ზედაპირულობის ბრალდებას ვერ წავუყენებთ, მაგრამ ბევრ რამეშია გახვეული და იქიდან შეიძლება ინტრიგის რაღაცა მორიგი ხაზი უნდა ამოწიოს და ამით არის დაინტერესებული, რასაც არ გამოვრიცხავ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დავით კეზერაშვილი მსჯავრდებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის არის ტელეიმედის საქმე. კერძოდ, ჯოზეფ ქეის ხელისუფლების სახელით დაუკავშირდა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შეხვდა და პირდაპირი მუქარით დაიყოლია ტელეკომპანიის დათმობაზე, იმ ერთადერთი პირობით, რომ მას გიგი უგულავა აუნაზღაურებდა 10 მლნ აშშ დოლარის გაწეულ ხარჯებს. გამოძიება აცხადებს, რომ უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ თავისი წილი გადასცა კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „ბორდეხ ლიმიტედ“-ს. ამ საქმეზე კეზერაშვილს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ასევე მითვისება-გაფლანგვა.
ამასთან, კეზერაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე. კერძოდ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 12.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო 2007 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ეთილის სპირტის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის, რის გამოც გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ 49.39 მილიონი ლარი იზარალა.
კეზერაშვილმა ზუსტად, ანალოგიურად, მუქარით ჩაიგდო ხელში მამა-შვილ თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეების კომპანია „BIMEDIA INVEST MENST LIMITED“. კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. კეზერაშვილის სახელს უკავშირდება ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია შპს „უნიგრუპი“, რომლის 50%-იან წილსაც ფლობდა. „უნიგრუპს“ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს 2010-2011 წლებში გამოცხადებული 61 ტენდერიდან 82% მოგებული აქვს.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, სწორედ ომის შემდეგ დავით კეზერაშვილი ხდება მილიონერი. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ დაშვებულია შეცდომა, როდესაც ხელისუფლებამ არ გააანალიზა საომარი მოქმედებების პროცესში და შემდგომ ჩატარებული მნიშვნელოვანი სახის ფინანსური ოპერაციები. მისი თქმით, ამ პროცეში ყველაზე ცუდია კიდევ ერთი გარემოება - სად და რამდენად ლეგალურად დაიხარჯა ის ფინანსური შემოდინებები, რომელიც საქართველოში შემოვიდა აგვისტოს ომის შემდეგ 2008 წელს.
„უნდა გავაანალიზოთ მისი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდი და მისი აღმასვლა, მსგავსად სოსო გოგაშვილისა. პარალელების გავლება შეგვიძლია ამ ორ შემთხვევას შორის. გოგაშვილისა და კეზერაშვილის იერარქიული აღმასვლა გავს ერთმანეთს იმიტომ, რომ არანაირი დამსახურება და არანაირი იერარქიული წინსვლა კეზერაშვილს არ უნდა მისცემოდა, ისევე როგორც გოგაშვილს.
კეზერაშვილი ჩვეულებრივ იყო იუსტიციის სამინისტროში სააკაშვილის თანაშემწე, ამის შემდეგ გადადის ფინანსთა სამინისტროში, ძალიან მალე ხდება თავდაცვის მინისტრი. ასეთი სწრაფი ტემპით ასეთ მაღალ სიმაღლეზე ვერ უნდა ასულიყო. აუცილებლად უნდა ვკითხოთ პატიმარ სააკაშვილს, რის საფუძველზე მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება და ზოგადად, ხომ არ იყო ჩვენი ტიპის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ზარი ზემოდან თხოვნით, რომ კონკრეტული პირი უნდა დაწინაურებულიყო ასეთ იერარქიაზე? მაღალი ალბათობით, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ კეზერაშვილის საქართველოში შემოსვლა და მოღვაწეობა დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ კეზერაშვილმა თავდაცვის პოლიტიკის სრული კრახი წარმოაჩინა აგვისტოს ომში. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, იმ წლებში ქვეყანში იყო ელიტარული კორუფცია, შესაბამიად, კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშულის სიმძიმიდან გამომდინარე, სააკაშვილი შეეცადა მოეხდინა პოლიტიკური რეპრესიები შეიარაღებულ ძალებზე 2008-2009 წლებში, რათა როგორმე კეზერაშვილის დანაშაული გაემართლებინა.
„კეზერაშვილი ახლა ცდილობს გაათეთროს თავისი არალეგალური შემოსავლები. ასევე საუბარია იარაღის ბიზნესზე და ახლა მისი მიზანია ეს თანხა გაათეთროს პოლიტიკურ ნაწილში - „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. პოლიტიკური პარტიები და ტელევიზიები ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი გაათეთრო ის შავი ფული, რომელიც მოიპოვა.
რაც შეეხება ბრალდებას, რომ კეზერაშვილი უცხო ქვეყნის აგენტია, ასეთ ბრალდებებს ცოტა ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ, მყარი მტკიცებულებაა საჭირო. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვანო მერაბიშვილი იყო რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის აგენტი და დღემდე ასეთად რჩება, ამის კონკრეტული ფაქტები გამაჩნია და ეს შემიძლია დავადასტურო, რადგან მაქვს მტკიცებულება, რაც არ მაქვს კეზერაშვილის შემთხვევაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
გენშტაბის ყოფილი უფროსის, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩევლის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროში სრულიად შემთხვევით მოხვედრილი ადამიანია. მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ ელემენტარული სამხედრო ცოდნა უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, კეზერაშვილი არც პოლიტიკური ფიგურა იყო და არც სამხედრო.
„ჩვენ, საერთოდ, საოცრებათა ქვეყანაში ვართ, კუსტურიცას ფილმივით ვართ. ომში წაგებული პიროვნებები დადიან და მართლა ჰგონიათ, რომ ომი მოიგეს და რუსებს ცხვირიდან ძმარი ადენინეს, როგორც თვითონ აცხადებენ? მაშინდელი დაზვერვის უფროსი, ბათუ ქუთელია ლექციებს კითხულობს დაზვერვაზე, რომელსაც ყველაფერში ჩავარდნა ჰქონდა. 2008 წელს ომში ეგ და კეზერაშვილი რუკებს უყურებდნენ, თითქოს რამე ესმოდათ. ვინ დაისაჯა? ომი წავაგეთ, მაგრამ ვიძახით, რომ ომი მოვიგეთ, მერე რა, რომ კოდორი წაიღეს! მერე რა, რომ გორამდე ჩამოვიდნენ, მაგრამ თბილისი ვერ აიღეს, თითქოს ვიბრძოლეთ თბილისთან და უკან დავახევინეთ ამ ბრძოლაში! რომელი მაშინდელი მაღალჩინოსანი გადადგა, მოიკითხეთ სად არიან მაშინდელი სამხედრო მაღალჩინოსნები, ვისაც ეხებოდა დაგეგმარება და ასრულება. ასეთ პარადოქსებში ვცხოვრობთ და კეზერაშვილი გიკვირთ?“, - აცხადებს კაპანაძე.
მისი თქმით, მას, როგორც თავდაცვის მინისტრს ევალებოდა სამხედრო პოლიტიკის წარმოება, შესყიდვების განხორციელება, თავდაცვის ბიუჯეტი და ადამიანური რესურსების მობილიზება.
„კი ბატონო, ბიუჯეტი გაიზარდა, მეტი რა გააკეთა? მაშინდელი ნაყიდი ჯავშანტექნიკა საწყობებში გვიწყვია, არც გამოუყენებიათ. მაშინდელმა დანიშნულმა მეთაურებმა არც ერთმა არ ივარგა, აბა რა გააკეთეს? მე არ ვარ გამომძიებელი ვარკვიო როგორ და რანაირად გამდიდრდა კეზერაშვილი, მაგრამ როგორც მინისტრს რომ თავი არ უნდა გამოეყოფოდეს, ეს ფაქტია. მაგრამ, ჩვენ ხომ შემოვატრიალეთ ყველაფერი. ვიძახით, რომ დავამარცხეთ რუსეთი, მერე რა, რომ რუსებს 70 კაცი მოუკვდათ და ჩვენ 180 სამხედრო; მერე რა, რომ საქართველოს ყველაზე სტრატეგიული ადგილი, საქართველოს ერთადერთი იმედი რაც იყო აფხაზეთის დაბრუნების ნაწილში - კოდორის ხეობა დავკარგეთ. ყველაზე მტკივნეული ეს იყო. მთელი საზღვაო ფლოტი დავკარგეთ. მერე გაბრაზდა მიშა და საერთოდ გააუქმა საზღვაო ფლოტი. ასეთ ვითარებაში გიკვირთ კეზერაშვილი რომ პოლიტიკაში შემოსვლას გეგმავს? სადაც უნდა იქ შევიდეს და გამოვიდეს, ამ ქვეყანას დაანებოს თავი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.