ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის მკაფიო გზავნილებმა ოპოზიციის ნაწილი წყობიდან გამოიყვანა. ევროკომისარმა ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და დაადასტურა მზადყოფნა ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
საქართველოს სურვილზე და ქართველი ხალხის არჩევანის მნიშვნელობაზე - ოლივერ ვარჰეიმ ვრცლად, მთავრობის ადმინისტრაციაში სტუმრობის დროს ისაუბრა. ევროკომისარმა ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მაღალი ტრიბუნიდან დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით. ევროკომისარს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობისა და საბოტაჟის მიუხედავად, საქართველო ევროპულ არჩევანს არ დათმობს.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა, სადაც ასევე, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აქცენტი დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა. ის ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუმცა როოგრც შეხვედრიდან გამოსულმა მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, ევროკომისარს ოპოზიციასთან არ უსაუბრია და მათ მხოლოდ მცირე დრო დაუთმო. ვარჰეი, ძირითადად, მმართველ გუნდს და პარალმენტის თავმჯდომარეს უსმენდა.
ევროკომისრის ეს პასუხი ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა ზედმეტად დიპლომატიურად მიიჩნიეს, ნაწილი კი არც კომისარი ვარჰეის კრიტიკას და მის პოლიტიკურ წარმომავლობაზე აქცენტს მოერიდა. ოპოზიციამ ოლივერ ვარჰეის უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პარტიასთან კავშირიც გაიხსენა.
„ოპოზიცია ევროკომისრის ვიზიტს და მის განცხადებებსაც დეპოლარიზაციის გასაღრმავებლად იყენებს“, - აცხადებენ მმართველ პარტიაში და განმარტავენ, რომ თავად ეს ფაქტი, ნათლად მიუთითებს ოპოზიციის ჩანაფიქრზე, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას დაბრკოლებები შეუქმნას.
მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე და შეცდომებზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილში, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობს. პარტია „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წევრებისთვის გაუგებარია, რატომ ვერ იგებენ კოლეგები ევროპელი პარტნიორების გზავნილებს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ევროკავშირის ნებისმიერი წარმომადგენელი განცხადებებს მოუმზადებელი არ აკეთებს. მათი ყველა სიტყვა ანალიტიკოსების რჩევებს ეფუძნება. ისინი სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას საქართველოზე, მის შიდა პოლიტიკაზე, ოპოზიციაზე, ხელისუფლებაზე და საზოგადოებაზე, წინასწარ ემზადებიან და მათი სიტყვა და პასუხი ბრიუსელთან არის შეთანხმებული.
„ეს გზავნილები მხოლოდ ევროკომისარ ვარჰეის გზავნილები არ არის. ეს არის ბრიუსელის პოზიცია და ამას მხოლოდ ერთი ადამიანი არ საუბრობს. მისი სიტყვა და საუბარი ყველაფერი ბრიუსელთან არის შეთანხმებული. მკითხველმა რომ კარგად გაიგოს, ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა. ის გაფართოების საკითხებში ერთგვარი მინისტრია. ის გზავნილები, რაც მან ჩამოიტანა, ასე იკითხება, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დგას, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულებისათვის. ამას ბრიუსელი კარგად ხედავს.
მან დიპლომატიურად ოპოზიციას მოუწოდა, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთოს. რაც მთავარი იყო, ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა ევროკავშირში შესვლის წინაპირობაა. ვარჰეიმ მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში პროგრესი და სტაბიულრობაა საჭირო. ამით კი ოპოზიციის ოცნებებს წერტილი დაუსვა. არანაირი მეორე ფრონტის გახსნაზე და არანაირ ქვეყანაში არეულობაზე ევროკომისარს არაფერი უთქვამს, პირიქით, ოპოზიციას მოუწოდა, რომ საქმეს მიხედონ და ქვეყნის ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვან“, - ამბობს გია აბაშიძე.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას და ბიძინა ივანიშვილის მისამართით დასმულ კითხვას, სადაც ევროკომისარი პასუხობს, რომ კანონი მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებაზე არ უნდა იყოს მორგებული და ეს პერსონალურად ერთ ადამიანს არ ეხება - აბაშიძე ამბობს, რომ ვერც ევროპელი ჩინოვნიკი და ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ იტყვის, რომ კანონი რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას უნდა მოერგოს. ოპოზიცია თუ მისგან ელოდებოდა, რომ იტყოდა კანონი ივანიშვილს უნდა ეხებოდესო, სრული აბსურდი და უვიცობაა.
„კანონი იწერება იმისთვის, რომ ყველასთვის საერთოა და არა კონკრეტულ პიროვნებებზე უნდა იყოს მორგებული. ჩვენ შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ და ის მავნებლური მესიჯები, რასაც ნაცოპოზიცია და მათი მავნებელი ევროპელი ლობისტები ახმოვანებენ, სრული სისულელეა, რაც საღ აზროვნებას არ შეესაბამება. ამიტომაც ევროკომისარმა სწორად აღნიშნა, რომ კანონები, რეფორმები, რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება და არა რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ ან სასიკეთოდ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ევროკომისრის პოზიციებთან დაკავშირებით ნაცოპოზიციას დიდი იმედგაცრუება ეტყობდა, რის გამოც მათი მხრიდან არაადეკვატური განცხადებები გაკეთდა. აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიცია საერთოდ დაუკრეფავში გადავიდა, სადაც აცხადებენ, რომ თურმე ევროკომისარი „ოცნების“ ლობისტი ყოფილა. ასევე, რადგან ის ეთნიკურად უნგრელია და ორბანის მოკავშირეა, თურმე მის განცხადებებს არ უნდა ვიცნობდეთ.
„აქ აუცილებლად ქალბატონ სალომე სამადაშვილის განცხადებებს გამოვყოფდი, რომელიც წლების განმავლობაში დიპლომატი იყო, მათ შორის ბრიუსელში. არ შეიძლება ასეთი მავნებლური დეზინფორმაციის გავრცელება. ევროკომისარი როდესაც განცახდებას აკეთებს, ეს არის ბრიუსელის პოზიცია და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინც არიან ანტიევროპელები. თურმე მათთვის არასასარგებლო გზავნილების გამო, ევროკომისარი მოსყიდული და ხელისუფლების ლობისტი ყოფილა. აკრიტიკებენ ევროპელ მაღალჩინოსანს. ამიტომ აქ რაიმე რაციონალურ აზროვნებასთან და მსჯელობასთან საუბარი ნაკლებად გვაქვს“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ევროკომისრის მიერ დაბალანსებული და ნეიტრალური განცხადებები, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იქიდან, რომ პარალმენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული მწვავე რეზოლუცია გაანეიტრალოს. ასევე იმის მცდელობა იყო, რომ ევოკავშირის მხრიდან და ევროპარლამენტარების მიერ მწვავე განცხადებები ჩვენი ხელისუფლების მიმართ ცოტა შეემსუბუქებინა.
„ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მან ამ მოზომილი მესიჯებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პასუხისმგებლობები გადაანაწილა. შეძლებისდაგვარად გვერდი აუარა ისეთ მწვავე საკითხებს, რომელზეც ოპოზიციას უნდოდა რომ ესაუბრა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება არ სურს. ამ ზოგადი ფორმულირებებით ის სიტუაციის დარეგულირებას შეეცადა. უნდა, რომ დაძაბულობის მუხტი დაწიოს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, აბსოლუტურად სამართლიანი იყო მისი შეფასება. საკანონმდებლო დონეზე ოლიგარქების პერსონალიზაცია არ ხდება. კანონი კონკრეტულ ადამიანზე ვერ იქნება მორგებული. აქ საუბარია სისტემაზე, რომელმაც უნდა გამორიცხოს ან მინიმალიზაცია მოახდინოს ქვეყანაში ოლიგარქების პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და სოციალურ ცხოვრებაზე გავლენა - მათ შორის მედიაზეც.
ასე რომ, ვერანაირად ვერ ჩაიწერება, ვერც ივანიშვილის, კეზერაშვილის, ხაზარაძის და ვერც ვერავის გვარი. ეს იქნება კრიტერიუმების კრებული. ხოლო ვინც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მის მიმართ შესაბამის ზომები გატარდება. ამ თემაზე ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება მხოლოდ ოპოზიციის სურვილია, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ ბევრი მათი წარმომადგენელი, შესაძლოა, ამ კრიტერიუმებს დაემორჩილოს, მათ შორის კეზერაშვილი, რომელიც ღიად აცახდებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მას ოფიციალურად კონკრეტული მედია საშუალება აქვს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისარმა პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე თანაბრად გადაანაწილა, მაინც, თუკი 12 პუნქტი ვერ შესრულდა, ის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას დააკისრებს. თუმცა ანჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი, ავად თუ კარგად, ამ რეკომენდაციების შესრულებაში ჩართულია. ამიტომ ხელისუფლებას ექნება არგუმენტი, რომ არსებობს ორი ოპოზიცია, ერთი, რომელიც დესტრუქციულია და ქვეყანას საბოტაჟს უწყობს და მეორე კონსტრუქციული, რომელიც ამ პროცესებში ჩართულია. ამიტომ მთელს პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებაზე ვერ გადმოიტანს. თუმცა ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მაინც არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რადგან მათთვის სასურველი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში არ არის.