„ეს გიორგი ჩალაძე საიდან გამოცხვა, საიდან გამოტყვრა, არ ვიცი. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მიშა სააკაშვილი უკეთესი მსახიობი იყო, იგი უფრო კარგი შულერი, ნიჭიერი აფერისტი იყო, ლევან ხაბეიშვილი კი უნიჭო აფერისტია“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
„ნაცმოძრაობის“ წევრები ფიქრობენ, რომ დღეს ისინი წარმოადგენენ „ნაციონალურ უძრაობას“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. ნამდვილად დაუდგა თუ არა „ნაცმოძრაობას“ უძრაობის ეპოქა? ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ გახდა ქუჩის ფლაგმანი, ნიკა მელიას ფაქტორითაა განპირობებული, რომელიც „ნაცების“ შეფასებით, გადამგდები, უუნარო და სიტყვის გამტეხია?
- ვეჭვობ, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ რაღაც მოძრაობაზე ფიქრობდეს. მაგათ ერთადერთი რაც ამოძრავებთ, ეს ფინანსური ინტერესებია. ბევრი რამ დამოკიდებულია მასზე, ვინც ფულს დებს „ნაციონალებში“, ვის მიმართ აქვს ნდობა და ვის მიმართ არ აქვს, ლაპარაკია კონკრეტულად კეზერაშვილზე. როგორც ვიცი, კეზერაშვილს მელიას მიმართ არ აქვს ნდობა და არ უნდა მისი ფინანსები იხარჯებოდეს მელიაზე. ამიტომ თითიდან გამოწოვილ მიზეზებს იგონებენ მელიას წინააღმდეგ. რა მოძრაობა, რის მოძრაობა, როგორც იმოძრავეს ცხრა წელი, ისტორიაში უკვე შევიდნენ სისხლიანი ცხრაწლიანი რეჟიმით. ეს იყო მათი მოძრაობა, უძრაობაშიც ახერხებენ იმას, რომ ქვეყანას ავნონ და ქვეყანა დააზიანონ. ამას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ახერხებდნენ და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. ასე რომ, საქართველოსთვის მომგებიანი მათი უძრაობის ხანა იქნება. საერთოდ თუ გაჩერდებიან, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანენ ქვეყანას, რადგან ნებისმიერი მათი მოძრაობა იწვევს ამ ქვეყნის ნგრევას, ჩამოშლას. ფაქტობრივად, „ნაციონალები“ უკვე გადასულნი არიან უძრაობაში. რაც უნდათ, ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ, ამ მოპარულ ფულს თუ არავინ აბრუნებინებს საქართველოს ყულაბაში, როგორც უნდათ, ისე დაუჭამიათ ერთმანეთი, მეტის ღირსები არც არიან.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არ უნდა ასხივებდეს უთანხმოებას სააკაშვილთან, რაშიც შემჩნეულია ნიკა მელია. ხომ არ ფიქრობთ, რომ მელიასთან მიმართებით სულ მალე ახალი ბრალდებები გაჩნდება, რომ მან ძალით დაშალა „ნაცმოძრაობა?“
- ის, რომ ქუჩაში ვერაფერს აკეთებენ „ნაციონალები“ და ქუჩის ფლაგმანი ვერ გახდა ეს მოძრაობა, ეს მელიას და ქათმის ბრალი კი არ არის, ეს არის მათი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი. საზოგადოებას იმხელა სიძულვილი და მიუღებლობა აქვს მათ მიმართ, ვინ გაჰყვება მათ ქუჩაში?! მელია კი არა, თვითონ მიშაც რომ გამოიყვანონ, მცირე სექტანტური ჯგუფის გარდა, არავინ გაჰყვება. ბელადომანიით შეპყრობილი ადამიანები ხომ ყველა ქვეყანაში არიან და საქართველოშიც მოიძებნებიან, „ნაციონალები“ ბელადის კერპიდან ვერ გამოდიან და კიდევ იძახიან, ჩვენ „პრადვინუტები“ ვართო, „პრადვინუტები“ კი არა, რაღა დროს ბელადი და რაღა დროს კერპების დევნაა, 22-ე საუკუნეში შევდივართ, აზრზე ვერ მოვიდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ 90-იან წლებშიც კი ბელადომანია უკვე ყავლგასული იყო. დღემდე ეგენი ბელადს მისტირიან, მათი პროგრესი ამაშიც ჩანს. თავისივენაირი მაფიოზურ-კრიმინალური კლანი ჰყავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, დასავლეთში პარტნიორებად, ამიტომ არიან ვითომ „პრადვინუტები“. რეალურად ბნელები არიან, რაღა დროს მიშა-მიშას ძახილია, რაღა დროს ლენინის და სტალინის ძახილია.
თავის დროზე სააკაშვილი ციხიდან მხარს უჭერდა მელიას და ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა ლიდერთა მთელი თანავარსკვლავედი და, მათ შორის, ნიკა მელია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ მელიამ ჩამოიტყუა სააკაშვილი, მელია იქადნებოდა, სააკაშვილის ადგილას რომ ვიყო, საქართველოში ჩამოვიდოდი, რევოლუციას მოვახდენდიო, მაგრამ უკვე დაჭერილი სააკაშვილის ქმედებას არ ამართლებდა, საქართველოში ჩამოსვლის დრო არ იყოო. „ნაციონალები“ ახლა გიორგი ჩალაძით აპირებენ მელიას ჩანაცვლებას, თუმცა ჩალაძეს არც ქარიზმა ემჩნევა, არც პოლიტიკური გამოცდილება აქვს. ძალად „ნაცობა“ ჩალაძეს გამოუვა?
- ეს ჩალაძე საიდან გამოცხვა, საიდან გამოტყვრა, არ ვიცი, პარტიის თავმჯდომარედ თუ ირჩევენ, ისეთ ადამიანს უნდა ირჩევდნენ, ვისაც რაღაც რენომე გააჩნია, რაღაც დამსახურება აქვს ამ პარტიაში. ჩალაძე კი არსად მინახავს, ბოლო პერიოდში გამოჩნდა, პირველად „ჯორჯიან თაიმსში“ ვნახე, ეს კაცი ვინ არის, რატომ მოიწვიეს, წარმოდგენა არ მქონდა, იმდენად არაფრისმთქმელი ფიგურა იყო. თუ „ნაცმოძრაობა“ უკვე იმ მდგომარეობაშია და მაგ დონეზეა, რომ უცნობ ადამიანს თავმჯდომარედ ირჩევენ, რომელსაც, ალბათ, „ნაცმოძრაობაშიც“ არავინ იცნობს („ნაცმოძრაობის“ ძველ წევრებს ვგულისხმობ), თავისთავად ჩანს, რა მდგომარეობაშიცაა ეს პარტია. ამ დროს იქ, პარტიის გაგებით, „დამსახურებული“ და „ცნობილი“ სახეები ჰყავთ. ქუჩაში გამვლელს ირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ, რომელიც საიდან მოვიდა, რატომ მოვიდა და რა უნდა, თვითონაც არ იცის. მიშა სააკაშვილმა როდესაც თქვა, მე გავდივარ ამ პარტიიდანო, უკვე ნათელი იყო, რომ ამ პარტიას არ ჰქონდა არანაირი მომავალი. თორემ რაიმე პერსპექტივა რომ ჰქონოდა, სააკაშვილი პარტიას დატოვებდა და წავიდოდა? აბსოლუტურად უპერსპექტივო იყო „ნაცმოძრაობა“ და მოასწრო სააკაშვილმა ჩაძირული გემიდან გადმოხტომა.
თუკი მართლაც ჩაძირული გემია, რატომ დებენ ამ გემში ფულს კეზერაშვილები, ნაყოფიები და სხვები?
- კეზერაშვილი და ნაყოფია ვინმეს სჭირდება ლიდერად, თუ არა ჩაძირულ გემს? ვინმეს შეიძლება ეგენი სჭირდებოდეს თუნდაც დამფინანსებლად? ვინ გაფინანსებს, მაგასაც ხომ მნიშვნელობა აქვს?!
„ნაციონალები“ ამასთან დაკავშირებითაც ამბობენ, აღარ გვაქვს ფუფუნების დრო და ვერ ვიტყვით უარს კეზერაშვილზეო.
- არც არაფერზე იძახდნენ უარს არასდროს. როდის იყო, ეგენი ფულზე უარს ამბობდნენ? ჯანსაღ ოპოზიციას და ჯანსაღ პოლიტიკოსებს ენდომებათ, ასეთი სახეები აფინანსებდნენ და კეზერაშვილ-ნაყოფიები იყვნენ მათი სპონსორები?
თავის დროზე პოლიტოლოგები ფიქრობდნენ, თუკი „ნაცმოძრაობა“ გაემიჯნებოდა საკუთარ წარსულს - მერაბიშვილს, კეზერაშვილს, მათ ჰქონდათ გადარჩენის შანსი, მაგრამ დღემდე ვერ ელევიან ვერც წარსულს, ვერც წარსულის ბნელ ფიგურებს. დღესაც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, თუ საჭირო იქნება, ყოველდღე შევხვდები მერაბიშვილს და ჩემთვის არანაირი მიუღებელი ადამიანი არ არსებობს, ვინც „ნაცმოძრაობას“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოადგება. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილი თითქოს რაღაცით ცდილობს, დაემსგავსოს სააკაშვილს. მას რა შანსები აქვს ამ პარტიაში?
- კრიმინალური გაერთიანების მომხრე შეიძლება იყვნენ კრიმინალები. „ნაცმოძრაობა“ ეს არის კაცების გაუპატიურების პარტია, ციხეებში წამების და არაადამიანური მოპყრობის პარტია. ეს ხომ არ არის, რომ ვიღაცამ ამბავი მოყვა, ეს ყველა მეორე ოჯახმა გადაიტანა და ყველამ იცის, ესენი ვინც არიან. მათ ხმას ვინც აძლევს და ვინც მათი ამომრჩეველია, როგორ შეიძლება, ჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდეს? შესაძლოა, ასეთი ადამიანი სადისტიცაა. როგორ შეიძლება მოსწონდეთ პარტია, რომელმაც სერგო თეთრაძეს რაც დამართა, ყველამ იცის. შეიძლება ამ პარტიას ხმა მისცეს, ვინც გირგვლიანის საქმე იცის, თუ რა დამართა დედა-შვილს მთელმა სახელმწიფო მანქანამ. ევროსასამართლო გეუბნება, სახელისუფლო სამივე შტო და პრეზიდენტი იყო ჩართული ამ სიბინძურეშიო, ასეთი პარტიის მხარდამჭერი ხომ კრიმინალია თავისი აზროვნებით? ბანდიტი კიდევ კარგი სიტყვაა, ბანდიტი რა მოსატანია ამათთან, „ნაციონალები“ საერთოდ რა მოვლენაც იყვნენ და არიან დღესაც. ისეთი ელექტორატი ჰყავთ, რაც თვითონ არიან. მათი ელექტორატი წესიერ ხალხს როგორ დაუჭერს მხარს, ისეთს, ვისაც არ ექნება კრიმინალური წარსული? მათ მოსწონთ კრიმინალები. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მიშა სააკაშვილი უკეთესი მსახიობი იყო, იგი უფრო კარგი შულერი, ნიჭიერი აფერისტი იყო, ლევან ხაბეიშვილი კი უნიჭო აფერისტია. მიშა იყო ის, რაც თვითონ იყო, ნაძირალა იყო თუ რაც იყო, მაინც იყო მიშა. როდესაც ვიღაცას ბაძავ, რა უნდა იყო შენ თავისთავად?! სწორედ ეს არის ლევან ხაბეიშვილი.