„ეტყობა, რომ პროცესები ისე არ მიდის, რადგან სააკაშვილისგან გამოსული კობა ნაყოფია და გიული ალასანია ნამდვილად არ იტყოდნენ იმას, რაც თქვეს“

„ეტყობა, რომ პროცესები ისე არ მიდის, რადგან სააკაშვილისგან გამოსული კობა ნაყოფია და გიული ალასანია ნამდვილად არ იტყოდნენ იმას, რაც თქვეს“

„ნაციონალური მოძაობაში“ ლიდერობისთვის ბრძოლა ისე გაჩაღდა, რომ პოლიტიკიდან წასული ბაჩო ახალაიაც დაბრუნდა, თუმცა ჯერ საჯაროდ არ გამოჩენილა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალაია ნიკა მელიას უმაგრებს ზურგს, მეორე ფლანგს კი კეზერაშვილ-მერაბიშვილი ამაგრებს. გამოჩნდა გიორგი ჩალაძეც, რომელსაც, როგორც ამბობენ სააკაშვილის ოჯახი აგულიანებს.

რა გავლენას მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების დაბრუნება პოლიტიკურ სპექტრზე და მათ ამომრჩეველზე და ვის ლობიებს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია? For.ge-ს ამ კითხვებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პასუხობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელიას ძმები ახალაიები ეხმარებიან, ცალკეა მერაბიშვილი-კეზერაშვილის ფლანგი, რომელთა ინტერესების გატარება ლევან ხაბეიშვილს ევალება. ძველი სახეების დაბრუნება პოლიტიკურ სპეკტრზე როგორ აისახება?

- „ნაციონალურ მოძრაობის“ წიაღში მიმდინარე ტრაგიკომიკური ე.წ. ცხელი შემოდგომა ჩემთვის ნულჯამოვან თამაშს ნიშნავს. ამ პარტიას ბოლო ათი წლის განმავლობაში ისეთი რეიტინიგი არ ჰქონია, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. ერთი და იგივე ადამიანების წარმოჩენას ახდენენ, თითქოსდა ამით პარტიის განახლება ხდება. პარტიის განახლება სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე ხდება ახალი ადამიანური რესურსებით, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ვხედავთ. მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა, როდესაც კობა ნაყოფია და გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში იყვნენ და იქიდან გამოსულებმა თქვეს, რომ: „ახლა პარტიაში ცვლილებების დრო არაა და სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა პოლიტიკური ორთაბრძოლის ველად არ უნდა გადაიქცეს“. ეს უკვე ცხადად მეტყველებს, რომ ერთ დროს პარტიის რეალური ხელმძღვანელი სააკაშვილი, დღეს დისტანციურად ვერ აკონტროლებს პროცესებს. ეს შიდა უკიდურესი დაპირისპირება ახალ ეტაპებს იძენს, რაც ქართულ პოლიტიკაში არაფერს მოიტანს, გარდა იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ბუნებას წარმოაჩენს. ესენი არიან მხოლოდ რევანშისტები და მხოლოდ დესტრუქციაზე ორინტირებულნი. რომელმა კლანმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ნებისმიერ სცენარში მათ აქვთ დაგეგმილი პროცესების უკიდურესი რადიკალიზმი. ეს მათ არაერთხელ სცადეს, მაგრამ საზოგადოებისგან მიიღეს ცივი შხაპი. როდესაც მათ ქუჩაში მხარდაჭერა არ აქვთ და რამდენიმე ასეული აქტივისტით შემოიფარგლებიან, ეს ნიშნავს, რომ თავად პარტიის მიმდევრებიც კი წინააღმდეგნი არიან ქუჩაში არეულობის.

როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ხომ არ იყო იმით განპირობებული, რომ იგი შიშობს, ახალაიების, მერაბიშვილისა და კეზერშვილის წარსული პარტიის რეიტინგზე ნეგატიურად აისახება და მხარდამჭერებში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს?

- მე უფრო ვხედავ იმას, რომ მას პროცესები გაექცა. ბუნებრივია, რომ გაექცეოდა, რადგან დისტანციურად არის და უშუალოდ მასობრივი კომუნიკაცია არ აქვს პარტიის შიგნით, მხოლოდ ცაკეულ აქტორებს ხვდება. აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა კარგად იცის, ვინ არიან ეს სუბიექტები, წარსულში რას წარმოადგენდნენ და დღემდე რა რეიტინგი აქვთ. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ პარტიაში რამე შეიცვლება, ეს არის ფარსი და ტყული. საკუთარ თავს ატყუებენ და რაც მთავარია, ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს. საზოგადოება კარგად არის გათვიცნობერებული „ნაცმოძრაობის“ წარსულით, ხალხმა მშვენივრად იცის თითოეული წევრს რა დანაშაული მიუძღვის და სააკაშვილისთვის ესეც კარგად ცნობილია. თუმცა, მე ვხედავ უფრო, რომ მას პროცესები ხელიდან გაექცა. ამავე დროს არ ჩანს ერთ დროს პარტიის იდეოლოგიური კოორდინატორი და ჩეკისტი, თემურ ალასანია. შესაძლოა მას გარკვვეული კომუნიკაცია აქვს, მაგრამ ეტყობა, რომ პროცესები ისე არ მიდის, რადგან სააკაშვილისგან გამოსული კობა ნაყოფია და გიული ალასანია ნამდვილად არ იტყოდნენ იმას, რაც თქვეს.

ცნობილია უკვე ვის სურს პარტიის თავმჯდომარეობა, მათ შორის არის სააკაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი გიორგი ჩალაძე. ამით დასტურდება ის, რომ პარტია სამ ნაწილად გაიყო - თემურ ალასანია, რომელიც ზურგს ჩალაძეს უმაგრებს, ძმები ახალაიები, რომლებიც მელიას უკან დგანან და მერაბიშვილი-კეზერაშვილის ფლანგი?

- პირობითად, შეიძლება სამად დავყოთ, მაგრამ შეიძლება მომავალში უფრო მრავლად დაიყოს. ჩვენ არ ვიცით ახლა, ამ ეტაპზე, რომელი ფლანგი გადაწონის, ვისი გავლენები უფრო იმოქმედებს. უახლოეს პერიოდში ეს გაირკვევა, რადგან დეკემბრის ბოლომდე ახალი ლიდერი უნდა აირჩიონ. რაც შეეხება გიორგი ჩალაძეს, მას საზოგადოება წელიწადზე მეტია იცნობს. იქამდე ის რა იყო, არის თუ არა ქარიზმატული ლიდერი, არ ვიცით.

ყველასთვის ცნობილია ბაჩო ახალაიას განცხადება, როდესაც ის ციხიდან გამოვიდა, მან თქვა, რომ პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა. მსგავსი განცხადება გააკეთა ვანო მერაბიშვილმაც, თუმცა დღეს სხვა სიტუაცია შეიქმნა. მათი პოლიტიკაში დაბრუნება შეიძლება გამოიწვია იმან, რომ ისინი სააკაშვილზე შურს იძიებენ და სურთ პარტია წაართვან, რადგან როდესაც ისინი სასჯელს იხდიდინენ, მაშინ ექს-პრეზიდენტი გაქცეული იყო და იმ ბრალდებებს გაექცა, რა ბრალისთვისაც სასჯელს იხდიდნენ ახალაია და მერაბიშვილი?

- ამ საკითხს ორად გავყოფდი და ახალია-მერაბიშვილს ერთად არ მოვიაზრებდი. ბაჩო ახალაია როდესაც ციხიდან გამოვიდა, მან თავისი პირობა ბოლომდე შეასრულა და დღემდე საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა. რაც შეეხება მერაბიშვილს, ის თავიდან გამოვიდა აჟიტირებული, გვახსოვს, როგორი განცხადებები გააკეთა ციხის კარებთან. შემდეგ კი გამოჩნდა, რომ ის ვერ დაიბრუნეს უკან პარტიის წიაღში. ამიტომ, იძულებული გახდა უკრაინაში წასულიყო და ახლა უკან დაბრუნდა. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრებისგან ირკვევა, მასთან ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციები. მერაბიშვილს არანაირი პოლიტიკური ქარიზმა არ აქვს, არ აქვს პოლიტიკური წონა, მათ შორის თანამოაზრეებშიც კი. მას წონა რომ ჰქონოდა, ციხიდიან გამოსვლის შემდეგ ძალიან აქტიურ პოლიტიკაში იქნებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ არ აქვს. შეიძლება დამატებით იმედები გაუჩნდა, ან ფინანსური რესურსები, რომ საკუთარი ბედი სცადოს, თუმცა ძალიან წარუმატებელი იქნება, როგორც კეზერაშვილი თავისი ფავორიტებიანად. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დათა ახალაიასა და დავით კეზერაშვილს თუ დაბრუნება მოუნდათ, მათ საზღვარზე ბორკილები ელოდებათ.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ამ ძველი სახეების დაბრუნებით და მათი წარსულის გამო ამ რეიტინგს და ამომრჩეველს დაკარგავს?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ საშინელი დანაშაულის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა ძალიან დაუგვიანდა. სწორედ, ქართველმა ხალხმა ათი წლის წინ, ამის გამო მოიშორა ხელისუფლებიდან. ათი წლის განმავლობაში ვერც ერთ არჩევნებს რომ ვერ მოიგებ, უნდა მიხვდე და წახვიდე. რაც უნდა ანგარებით იყოს ადამიანი დახუნძლული, თუ მას საზოგადოება ათი წელი არ იკარებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მისი პოლიტიკური ანალიზი ძალიან დაბალია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი მაღალჩინოსანი იყო, რომლებიც მიხვდნენ, რომ მათ პოლიტიკურ კარიერას არაფერი ეშველებოდა და სხვა სფეროში გადაინაცვლეს. ამავე დროს, ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ ახლანდელი „ნაცმოძრაობიდან“ ახალი პოლიტიკოსები გაიქცნენ.

სწორედ ესაა მთავარი, მათი გამოჩენის გამო თავად პარტიიდანაც წევრები კიდევ ხომ არ წავლნენ?

- გამორიცხული არაა. მე „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. მე უფრო პრეტენცია მაქვს პარტიის ხელმძღვანელობასთან. თავად „ნაცმოძრაობის“ წიაღში რა ხდება, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ადამიანების სისხლში გარეული ხელებით ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია. რაციონალურად მოაზროვნეები, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატშიც არიან. ეს ხელმძღვანელები, რომლებიც გაჯიუტებულები არიან, რომლებსაც აქვთ იმის ილუზია, რომ თუ ფეისბუქში აქვთ ბევრი მოწონება, ამით მათი რეიტინგი მაღალია, ეს არის სწორედ პარტიის პრობლემა.