არის ასეთი გამოთქმა, „ისტორიაში შეიძლება მოხვდე, ან ისტორიაში შეიძლება გაეხვე“, შეიძლება ითქვას, რომ „ნაცმოძრაობა“ მორიგ მძიმე ისტორიაში გაეხვა, მას შემდეგ, რაც პარტიის წევრთა საკმაოდ ანგარიშგასაწევმა ნაწილმა პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნები მოითხოვა. ისე რომ არ გამოსულიყო, თითქოს ეს პერსონალურად ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას წინააღმდეგ მიმართული დემარში იყო, „აჯანყებულებმა“ პარტიის პოლიტსაბჭოს და მმართველი სტრუქტურების ხელახალი არჩევნები მოითხოვეს.
გულუბრყვილო ადამიანიც კი არ დაიჯერებს, თითქოს „აჯანყებულებს“ ერთ ღამეში მოუვიდათ აზრად, რომ მელიას თავმჯდომარეობა ახალ ლეგიტიმაციას საჭიროებდა და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა შემთხვევით შეირჩა ბრიფინგისათვის. ეს „სკანდალური“ ბრიფინგი რომ მელიას ჩაძირვის შეთქმულების ნაწილი იყო, კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მელიასთან დაპირისპირებულმა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა ნელნელა დაიწყეს „კარტების გახსნა“. ისინი უკვე ღიად აცხადებენ, რომ მელიამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, და თუ მიიღებს, აუცილებლად დამარცხდება.
მელიას რამდენიმე მხრიდან უტევენ. მის წინააღმდეგ მოქმედებს „ნაცების“ ძველი გვარდია - კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი, რომლებიც მელიამ პარტიას ჩამოაშორა და საჯარო სივრცეში საკმაოდ უარყოფითი ეპიტეთებით შეამკო. მელიას პარტიის ლიდერობიდან ჩამოშორება სურს სააკაშვილის ოჯახობას, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ მელიამ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი პარტიის მთავარ პრიორიტეტად არ დააყენა. სააკაშვილის ოჯახის ფავორიტის გიორგი ჩალაძის კანდიდატურის წამოყენება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე მიუთითებს, რომ „ოჯახი“ აქტიურად არის ჩართული პარტიულ საქმეებში. ჩალაძის ნომინაციამ სრულიად გააუფასურა ეს პროცესი, თუ სოციალური ქსელების რეაქციით ვიმსჯელებთ,
ასევე ღიმილისმომგვრელია ის, რომ „ნაცმოძრაობამ“ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა თავმჯდომარის არჩევის წესის შესამუშავებლად, თითქოს პარტიის წესდებაში ეს არ იყოს გაწერილი. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა ერთ დიდ ტრაგიკომიკურ სპექტაკლს ემსგავსება.
რა თქმა უნდა, მელიას ჰყავს მომხრეებიც. ის ყველანაირად ცდილობდა რადიკალური ლიდერი ყოფილიყო, რომ „ნაცმოძრაობის“ ანსამბლში მაქსიმალურად ჩაწერილიყო, მისი რადიკალიზმის დონე, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა მისაღები „ნაცმოძრაობის“ რეალური პატრონებისთვის და უპირველეს ყოვლისა სააკაშვილის ოჯახისთვის, რომელთანაც მელიამ ვერანაირად ვერ დაალაგა ურთიერთობები და შედეგმაც არ დააყოვნა. ნათქვამია სხვის მეჩეთში შენი კანონებით ვერ შეხვალო. მელიას „რეფორმები“ პარტიის დიდი ნაწილისთვის, მათ შორის ვეტერანებისთვის ბოლომდე მოსაწონი არ აღმოჩნდა, რადგან პარტიაში მათ მდგომარეობას შეეხო.
ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე შიდაკონფლიქტი გადაიტანა. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი პარტიაში ლიდერობისთვის და ფინანსებისთვის ბრძოლა იყო. ყოველი ასეთი შიდაკონფლიქტით ნაცების პოლიტიკური, რეპუტაციული და მორალური დეგრადაციის პროცესი ღრმავდება, და შეუძლებელია ამან უარყოფითი გავლენა არ იქონიოს მის ამომრჩევლებსა და მხარდაჭერებზე. მათი უმრავლესობა საშუალო სტატისტიკური ქართველია და შეუძლებელია მათ მოსწონდეთ ის, რაც პარტიაში ხდება, შეუძლებელია მათ მოსწონდეთ ის, თუ როგორ იქცევა სააკაშვილი, რომელიც მათთვის ბელადი და წინამძღოლი იყო და დღეს ეს იმიჯი ფაქტობრივად დაკარგული აქვს.
„ნაცმოძრაობის“ დეგრადაციის პროცესს ვერც კოლექტიური კუბილიუსები შეაჩერებენ ხელოვნურად, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა წერონ მათი დაკვეთით. იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ ფინალამდე მივიდეს, რაც ნიშნავს პოლიტიკური რუკიდან „ნაცმოძრაობის“ გაქრობას, „ნაცმოძრაობამ“ საბოლოოდ უნდა დაკარგოს ყველანაირი ლეგიტიმაცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი უკვე შეუქცევადად დაწყებულია და როდის გაფორმდება ოფიციალურად, მხოლოდ დროის ამბავია.