სამოქალაქო ომი, სახალხო ომი, მესიანისტური ომი სატანისტების წინააღმდეგ, - რა სახელი აღარ დაარქვეს პუტინმა და მისმა მომხრეებმა რუსულ-უკრაინულ ომს, ოღონდ რუს ხალხში მუხტი აეწიათ, თუმცა ამაოდ. რიგითი რუსებისთვის ეს ომი არც განმათავისუფლებელი ომია, არც სამამულო ომი, არც ლგბტ-ეებთან ბრძოლის სინონიმი, არც წმინდა რუსეთის, ანუ „მესამე რომის“ მესიანისტური მისია.
ეს თემა კადიროვმაც აიტაცა და უკრაინელები სატანისტებად მოიხსენია, რომლებიც გონს ვერ მოეგნენ, ამიტომ უნდა განადგურდნენ რუსეთის მიერ მოწყობილ ჯიჰადში, ანუ სარწმუნოებისთვის ბრძოლაში. მედვედევმაც თქვა სათქმელი და ნარკომანებთან ბრძოლის კლასიფიკაცია მიანიჭა ამ ომს, განმარტა რა, რომ რუსები ებრძვიან „გიჟი ნარკომან-ნაცისტების გროვას და მათგან დაშინებული ხალხს, ასევე, მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან“, ამიტომ რუსეთმა „წმინდა ძალა შეიძინა“ და შესაძლებლობა აქვს, „ყველა მტერი ცეცხლოვან გეენაში გაგზავნოს“. მედვედევის თქმით, საბოლოო მიზანია ,,ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება'’.
რას მიაღწევენ თანამედროვე „ჯვაროსნები“ და რამდენად იმუშავებს უკრაინასთან ომის მაღალი იდეალებით გამართლება რუს ხალხში?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ უკრაინასთან ომი რუსეთშიც არაპოპულარულია, ამიტომ მისი შეფუთვა ძალიან ძნელია. სოსო ცინცაძის განმარტებით, ძალზე საინტერესო იყო კირიენკოს, ელცინის დროინდელი პრემიერის სტატია, რომელიც კრემლის ოფისის უფროსის მოადგილეა და კურირებს უკრაინას. კირიენკო წერს, ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ეს ომი გადავაქციეთ სამოქალაქო ომად, სახალხო ომად.
„თვითონ პუტინმა პირდაპირ თქვა ვალდაის სხდომაზე, რომ ეს არის სამოქალაქო ომი. როდესაც მას კითხვა დაუსვეს, თქვენ ამბობთ, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, მაშინ რა გამოდის, ერთი ხალხი ომობს ერთმანეთის წინააღმდეგ? პუტინმა დაადასტურა, დიახ, ასე გამოდის, რომ სამოქალაქო ომიაო. კირიენკო კი ამბობს, სახალხო ომად უნდა ვაქციოთ ეს ომიო. თუმცა სახალხო ომად როგორ აქცევენ? სახალხო ომი იყო, ვთქვათ, ნაპოლეონის წინააღმდეგ ომი, ან კიდევ მეორე მსოფლიო ომი, სადაც პატრიოტიზმი უმაღლეს დონეზე იყო, რუსი ახალგაზრდა ბიჭები ასაკს იკლებდნენ, რომ ომში წასულიყვნენ, რადგან 18 წლიდან მიჰყავდათ ჯარში. 16-17 წლის ბიჭები აცხადებდნენ, პასპორტი დავკარგე, მაგრამ 18 წლის ვარო და მიდიოდნენ კიდეც ასე ჯარში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება კადიროვს და მის ნათქვამს „სატანისტ უკრაინელებთან“ ომის თაობაზე, სოსო ცინცაძის თქმით, კადიროვი რუსი არ არის, უფრო მეტიც, კადიროვი რუს სამხედროებს და რუს ჩეკისტებს ჭირივით სძულთ. რუსი სამხედროები ყოველ ჩინსა და ყოველ ვარსკვლავზე ხან სირიის ომში, ხან ჩეჩნებთან ომში სისხლს ღვრიან, ამ დროს კი კადიროვი გროზნოში გრიალებს და გენერალ-პოლკოვნიკი გახადა პუტინმა. ეს არ მოსწონთ სხვა გენერლებს. რუსეთში არის გარკვეული წრე, რომელსაც კიდევ სჯერა რუსული პროპაგანდის, ტელესოლოვიოვების და სხვა პროპაგანდისტების, მაგრამ პეტერბურგის, მოსკოვის ინტელიგენცია არ თანაუგრძნობს ამ ომს. უკრაინასთან ომის მომხრეების რაოდენობაც მცირდება.
„ტვირთი 200, ანუ კუბოები მიდის და მიდის უკრაინიდან რუსეთში, დასავლეთი იარაღს აწვდის და აწვდის უკრაინას. პუტინს ახლა ორი რამის იმედი აქვს, ერთი, ზამთრის და მეორე, ამერიკაში 9 ნოემბრის არჩევნების, რომ რესპუბლიკელები მოვლენ ერთ-ერთ პალატაში. ამერიკაში ყველა არჩევნების შემდეგ ასეა, გამარჯვებული პარტია პირველ შუალედურ არჩევნებში კარგავს ერთ-ერთ პალატას, ეს ტრაგედია არ არის დემოკრატებისთვის. ალბათ, უფრო წარმომადგენელთა პალატას დაკარგავენ დემოკრატები, მაგრამ სენატს შეინარჩუნებენ. თუმცა რესპუბლიკელებშიც ძალიან ბევრია უკრაინის მომხრე, იმავე სენატში უმცირესობის ლიდერი რესპუბლიკელი მაკკონელი უკრაინის ვენებგადაჭრილი მომხრეა, ყოველდღე ბაიდენს აკრიტიკებს, ასე მიზერულად რატომ ვეხმარებით უკრაინასო. ასე რომ, ასეც არ არის, პუტინი როგორც ვარაუდობს, თითქოს ყველა რესპუბლიკელი უკრაინის დახმარების წინააღმდეგია. ტრამპი უკრაინის დახმარებას კი არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ, აკრიტიკებს ბაიდენს, მე რომ ვყოფილიყავი, პუტინი ვერ გაბედავდა ომის დაწყებას. იმას კი არ ამბობს, პუტინი სწორიაო“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, როგორც არ უნდა შეფუთონ რუსებმა ეს ომი, წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რამდენად გრძელვადიანი იქნება რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება.
კახა გოგოლაშვილის აზრით, თავად ომის მოტივი იყო უარგუმენტო და შინაარსისგან დაცლილი, ამიტომაც რუსეთის ხელისუფლებამ მოიგონა სისულელეები, აბსურდი, თითქოს ებრძვიან ნაცისტებს, მერე მოიგონეს, რომ ებრძვიან ნარკომანებს, სატანისტებს. 21-ე საუკუნეში სასაცილოა ამაზე ლაპარაკი. გასაგებია, ეს რუსეთში მცხოვრები ხალხის ბნელ ნაწილზე მუშაობდა, მაგრამ მათზეც აღარ მუშაობს, რადგან, ჯერ ერთი, ინფორმაცია შედის ინტერნეტით, მეორეც, როგორი ბნელიც არ უნდა იყოს ადამიანი, საბოლოო ჯამში, შედეგებს უყურებს.
„რუსეთში მცხოვრები მოსახლეობა ხედავს, რომ საზარბაზნე ხორცად უყურებენ მთელ რუს ხალხს, უბრალო ადამიანებს, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფენ მათ გამარჯვებას, უსაფრთხოებას, გადარჩენას. ისინი ფიქრობენ, თუ გაგრძელდა ეს ომი, ბევრი მათგანი დაიღუპება. ეკონომიკურად უკვე გაუჭირდათ რუსებს, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური სირთულე ელით, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებას არანაირი შეფუთვა არ უშველის. საერთაშორისო ასპარეზზეც რუსეთის ხელისუფლებამ ვერანაირად ვერ მოახერხა მხარდამჭერთა მობილიზება. იმდენად ბნელი და შეუსაბამოა 21-ე საუკუნისთვის ის ეპითეტები, რომლითაც რუსი ხელისუფალნი ამკობენ უკრაინელებს და ამართლებენ ამ ომს, რომ აღარავის სჯერა მათი, ყველაზე უფრო მიყრუებულ სახელმწიფოშიც კი“,-აცხადებს კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას.