დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა სასამართლო ხელისუფლების მიმართ და ქვეყანაში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მოთხოვნები არ წყდება. ევროპარლამენტარები ითხოვენ ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას, თუმცა ხელისუფლება და სასამართლო ამ ეტაპამდე ბოლომდე ინარჩუნებს პრინციპს - ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობით მსჯავრდებულებმა სრულად მოიხადონ სასჯელი და არ დაექვემდებარონ იგივე ცალკეულ ევროპარლამენტართა ზეწოლას.
უფლებადამცველი ლალი აფციაური ფიქრობს, რომ მსგავსი ევროპარლამენტარების და იგივე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან მიმართებაში, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. მისი თქმით, ამას ქართველ მოსამართლეებს ვერ უნდა უბედავდნენ, ისევე როგორც ვერ გაუბედავენ, საკუთარი ქვეყნის სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.
რამდენად მძიმე ვითარებაა მართლმსაჯულების კუთხით? რა შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ და რის გამო ვერ აცდება პრეზიდენტი პასუხისმგებლობას? - ამ საკითხების ირგვლივ for.ge გთავაზობთ ინტერვიუს ადვოკატ ლალი აფციაურთან.
რა შეიცვალა 2012 წლის შემდგომ სასამართლოში დადებითი კუთხით და რა დარჩა ძველი პრაქტიკიდან? ფაქტია, დღესაც სასამართლოს რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ დასავლელი პარტნიორები.
მე ასე დავყოფ: ვერ ვიტყვი, რომ იგივე მდგომარეობაა, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო. ამის თქმა კატეგორიულად შეუძლებელია. სიტუაცია აშკარად განსხვავებულია, მაგრამ რომ გითხრათ, სასამართლოებში კარგი მდგომარობაა, ამასაც ვერ ვიტყვი, ენა არ მომიტრიალდება. ისეთ განაჩენებს ვკითხულობ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ მოსამართლეს არც საჩივარი წაუკითხავს და არც საქმის მასალებს იცნობს, ან კიდევ, ვიღაც სხვა წერს ასეთ განაჩენებს. საქმის მასალებს არ იცნობენ. უამრავი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შემიძლია. რასაც ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ კონკრეტული ფაქტებით. რომ არ იყოს მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი, ვისი გვარებიც და სახელებიც შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომლებიც ღირსეულები იყვნენ და ასევე აგრძელებენ მუშაობას, ალბათ, სასამართლო ხელისუფლებაზე დადებითი კომენტარის გაკეთება გამიჭირდებოდა. ვიმეორებ, არიან ისეთი ღირსეული მოსამართლეები, რომლებიც მთელი სასამართლოს ტვირთს ატარებენ - ასუფთავებენ მათი გადაწყვეტილებებით. ბევრი არ არის ასეთი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, სამართლიან, ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ, მაგრამ რაც არის, ბევრად აღემატება იმას, რაც იყო. კარგია, რომ ასეთი მოსამართლეები, არიან, რომლებიც არ ღალატობენ თავიანთ პროფესიას, არ აინტერესებთ, ვინ რას ფიქრობს. მთავარია მიიღონ კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული განაჩენი.
მოსამართლე განაჩენში რომ ჩაგიწერეს, შენ კანონი დაარღვიე და ეს დოკუმეტნტი არ წარმოადგინეო, ანუ როცა მოსამართლეს მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეს გადმოაქვს, იქ უკვე წერტილი უნდა დასვა. მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება. დავუშვათ, შემთხვევის ადგილი იყო დასათვალიერებელი და არ დაათვალიერა და შენ გეტყვის, რატომ არ დაათვალიერე, კანონი რატომ დაარღვიეო, ამას აპელაციაც რომ გაიზიარებს, უკვე ცხადია, რა მდგომარეობაა. ძალიან მარტივი მაგალითი მოვიყვანე. მეეჭვება, ეს კვალიფიკაციის პრობლემა იყოს, რადგან მხედველობაში ისეთი მოსამართლეები მყავს, რომელთა კვალიფიკაციაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ხარისხიანი კვალიფიკაციის მქონენი არიან, მაგრამ ეს რისი ბრალია, არ ვიცი.
საბოტაჟის ნიშნებია? - რაც მეტი ადამიანი იქნება სასამართლოზე განაწყენებული, მით უფრო გაიზრდება უკმაყოფილება.
- აი, ამას უფრო არ გამოვრიცხავ. ხელისუფლებამ განვლილ მაგალითებზე უნდა ისწავლოს. „ნაციონალური მოძრაობა“ რამ დაანგრია და რამ შეცვალა? - სასამართლო სისტემამ, უსამართლობამ. სასამართლოს ყველამ თავი უნდა დაანებოს. მოსამართლეებმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენი. ხოლო თუ მტკიცებულება არ არის, ნაკლებად უნდა გაღელვებდეს შენზე ვინ, რას იტყვის. კეთილი ინებე და იმსჯელე სამართლიანად. ასეთი ძალიან ბევრი მაგალითია. ხშირად, შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმე წაკითხული არ აქვთ.
იფიქრებდით, რომ სასამარლოს მმართველებად ისევ მურუსიძე და ჩინჩალაძე დარჩებოდნენ? დღეს მურუსიძის განცხადებები უკვე პოლიტიკურ ელფერს იძენს.
- ნამდვილად არ ვიფიქრებდი და პიდაპირ გეტყვით, არც ვისურვებდი. ეს არის ხელისტუფლების ყველაზე დიდი შეცდომა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა. ხომ არ მითქვამს აქამდე არაფერი ამ ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ როცა ვხედავ, რომ იღუპებიან, მათ მივმართავ - ცოტაც და თავზე დაგექცევათ, რომ არ გითხრათ, არ შემიძლია. იქნებ, გაითვალისწინოთ.
სამართლიანია ბრალდება, რომ სასამართლოში კლანური მმართველობაა?
- მეტი ფაქტები, არგუმენტებია საჭირო, მტკიცებულებები უნდა ჰქონდეთ, რამდენად ჯდება ეს ყველაფერი კლანურ მმართველობაში. მაგრამ კარგ სიტუაცია რომ არ არის, ფაქტია. ღმერთმა დამიფაროს, იმ მდგომარეობამდე მივიდე, ყველაფერზე სათითაოდ ვილაპარაკო. ახლა უკვე ზღვარს ვავლებ, აქამდე არ გამივლია - სასამართლო ზღვარია.
დღეს სტრასბურგში ბევრად ნაკლები საქმე მიდის საქართველოდან. ეს ნათლად ადასტურებს, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდა?
- იმ მდგომარეობასთან შედარება ნამდვილად არ შეიძლება, ვერც შევადარებ. მართალი არ ვიქნები არც სხვებთან და არც საკუთარ თავთან, მაგრამ კარგი მდგომარეობა არ არის. რომელი ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გაუბედავდა თავის მოსამართლეებს იმას, რაც სააკაშვილმა გაუბედა?! ხომ გახსოვთ, სააკაშვილის პირველი ნაბიჯები - იმ მანქანით, რომლითაც პატიმრები გადაჰყავდათ, მოსამართლეები მიიყვანა ციხეში. ამას ვინ გაბედავდა, შენი ქვეყნის მოსამართლეს, ამას ვინ აკადრებდა, მაგრამ ესეც ვნახეთ. ალბათ, ყველაზე დიდი კატასტროფაა - მიშამ მოსამართლეები შესხა (არ ვამბობ, შეყარა) პატიმრების გადასაყვან მანქანაში და მიიყვანა ციხეში, დაათვალიერებინდა და თან იქვე დაემუქრა - აი, აქ მოგიწევთ ყოფნაო, რა იყო ეს?! ეს იყო პირველი ნაბიჯები სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს. თვალებიდან არ ამომდის ეს კადრი.
ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი სააკაშვილს და გვარამიას პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. იზიარებ მათ პოზიციას?
- ვინ არის პოლიტპატიმარი მიშა სააკაშვილი? ყველანი ციხეში! - გახსოვთ მისი პოლიტიკა. რომელ ერთ დანაშაულზე მოვყვე. იმ უცხოელმა, ე.წ. ჩვენმა მოკეთეებმა, საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებზე იზრუნონ, დაანებონ სხვის ქვეყნის შიდა საქმეებში ცხვირის ჩაყოფას და ჩარევას. რა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ლაპარაკობენ, რომ პოლიტპატიმრები არიან? ეს ზოგადი შეფასებაა, წამოსროლილი სიტყვები. თავიანთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე აკეთონ კომენტარები და იმაზე იმსჯელონ, მათივე ქვეყანაში არიან თუ არა პოლიტპატიმრები. არც სააკაშვილია პოლიტპატიმარი და არც გვარამია. „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი წევრი ვერ იქნება პოლიტპატიმარი. ეს არის მოკლე შეფასება.
ხელისუფლება შეცდა, როცა თავის დროზე რეჟიმს შეფასება არ მისცა? მაშინ შეფასებად ნაწილი „ამნისტიის კანონს“ მიიჩნევდა.
- ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ღიად და საჯაროდ კოაბიტაცია გამოაცხადა. ეს არის ძალიან ცუდი შედეგი - ფაქტობრივად, ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული აპატიეს. უკაცრავად და, ამ გაქცეულ კეზერაშვილზე ახლა ძებნა რომ არის გამოცხადებული და კომპანიებს ყადაღები რომ დაედო, მას კაცი კი არ მოუკლავს ან ბარამიძესავით ბრძანება კი არ გაუცია, დახვრიტეთო, ან სააკაშვილივით - ყველანი ციხეშიო, კეზერაშვილი თავისთვის იჯდა იუსტიციის სამინისტროში, საკმაოდ კარგად ვიცნობ. იჯდა მისაღებში და ხან ყავაზე დარბოდა, ხან ჩაიზე. მერე ეს სირბილი დაუფასდა. ბევრჯერ დამილევია მისი მოდუღებული ჩაი და ყავა, თან არა მარტო მე. რა დააშავა კეზერაშვილმა, მარტო მან ასე ჩუმად ამოიღო ვიღაცის ჯიბიდან ან ბიუჯეტიდან ფული და წაიღო?! ასე ხომ ვერ გააკეთებდა, აქ ხომ მთელი სქემაა, სად არიან ამ სქემის სხვა მონაწილეები?
ბიუჯეტის მითვისებული ფული ისევ ქართულ პოლიტიკაში შემოაბრუნა ნაციონალების სასარგებლოდ.
- აბა, რას იზამდა. სხვანაირად, როგორ მოიქცეოდა. სხვა ქცევას, ვინ ელოდებოდა.
გამორიცხავთ ამ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან მის რაიმე სახით კავშირს?
- ვერ გეტყვით, ეს საგამოძიებო ორგანოების, სახელმწიფო უსაფრთხოების, პროკურატრის, შსს-ს გასარკვევია. მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემიძლია რაიმეზე შეფასების გაკეთება. ელემენტარული ლოგიკაა - კეზერაშვილი ამ თანხებს, რომელსაც ახლა ფლობს, მაშინ არ ფლობდა, ჩვეულებრივი მდივანი იყო სააკაშვლის, ისიც მახსოვს, როგორი პერანგით და პიჯაკით დადიოდა. მარტო კეზერაშვილი ვერ აიღებდა ვერც ბიუჯეტიდან და ვერც ვინმეს ჯიბიდან ვერანაირ თანხას. სად არიან სქემის სხვა მონაწილეები? რად უნდა ამას ბევრი ფიქრი?!
თავადაცვის ბიუჯეტიდან გატანილი მილიონები, რაზეც ხელისუფება საუბრობს, ბოლომდე შერჩება კეზერაშვილს?
- ამ ეტაპამდე შერჩენილი აქვს. დავუშვათ, დაიჭირეს, გაუკეთეს ექსტრადირება და ჩამოიყვანეს და მიუსაჯეს, მერე რა? დაჯდება და ამ მილიარდებით მოიხდის სასჯელს. რა, სპეცნაზი შეუვარდება და ხერხემალში გადაამტვრეს, რასაც მისი ხელისუფლების დროს აკეთებდნენ თუ რა? მშვენივრად მოიხდის სასჯელს და ის მილიარდები კარგა ხანს ეყოფათ მის შვილიშვილებსაც.
დღეს აქტუალურია სააკაშვილის დიაგნოზი - დემენცია და ამერიკელის შემდგომ, ბრიტანელი ფსიქიატრის მოწვევა ექსპრეზიდენტის დაავადების შესასწალად. მართლა ისე მძიმე მისი მდგომარეობა, როგორც მისი ადვოკატები წარმოაჩენენ?
- გახსოვთ, მისი მმართველობის დროს, რაც ხდებოდა, ყველაფერმა თქვენ თვალწინ გაიარა, ყველაფრის თვითმხილველი ხართ. რაიმე მნიშვნელოვანი არ მომხდარა, იქ არ ვყოფილიყავით. ხომ გახსოვთ იმ უცხოელი ექსპერტების არაოფიციალური შეფასება, რომ სააკაშვილი ფსიქიკურად გაუწონასწორებელიაო, მაშინ, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი იყო. ვინც სააკაშვილს მეტ-ნაკლებად იცნობს, მას არ სჭირდება ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე დაყრდნობა, ისედაც ყველაფერი გასაგებია. უამრავი ცუდი გააკეთა, მაგრამ ცოცხალი ადამიანია და არ მინდა, ახლა რამე ვთქვა. ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. ამას რად უნდა დამატებითი კვლევები, გინდა მძიმე ეძახეთ ახლა და რაც გინდათ. რაც შეეხება სხვა დაავადებებს, რა ვიცი, არავისზე ნაკლები ექიმები არ გვყავს და ტუბერკულოზი რომელი ისეთი საშინელი დაავადებაა, რომ ვინმემ ქართველმა ექიმებიდან, დამალოს, ტუბერკულოზი არ აქვსო და უცხოეთში მოუწიოს ამის დადგენა, ეს ხომ სისულელეა.
ანუ დემენცია და ტუბერკულოზი, აქაც მარტივად დაუდგინდებოდა?
- მარტივად დაუდგინდებოდა და თან საუკეთესო პრაქტიკის მქონე ექიმები - ფთიზიატრები, გვყავს. ამიტომ, ამის გარკვევა და დადგენა რთული არაა. რაში სჭირდებოდა ამას უცხოელი ექსპერტები, მაგრამ ჩვენთან ასეა - უცხოელი რომ ამბობს, თურმე ის აპრიორი მართალია. ყველამ თავის ქვეყნის საქმეს მიხედოს. ნუ აძლევენ თავს უფლებას, ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიონ. მათ შორის, დიდად არ მეპიტნავება სასამართლოზე ქება-დიდება, მაგრამ ზოგიერთმა დიპლომატმა თავი შეიკავოს. აბა, გაბედონ თავის ქვეყნის მოსამართლეზე თქვან ის, რასაც ჩვენს მოსამართლეებზე ამბობენ. ეს პირდაპირი და ღია ჩარევაა.
აშშ-ის ელჩის მხრიდან ხაზგასმა იმაზე, რომ სასამართლო რეფორმას ამერიკა მილიონებით ეხმარება, ნიშნავს იმას, რომ სასამართლოზე გავლენა ჰქონდეთ?
- უკაცრავად, რა, თავიანთი ჯიბიდან არ იღებენ ესენი ამ მილიონებს. საკუთარი ჯიბიდან არ იხდიან, რომ მათ დაკრულზე იცეკვოს ქართველმა მოსამართლემ. ეს არის საერთაშორისო პროგრამები, მათი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული, ასე ვთქვათ, ამერიკელი ხალხის მიერ გამოჩენილი კეთილი ნება ქველმოქმედების კუთხით და რადგან ამას აკეთებენ, ამიტომ თითები უნდა გვიქნიონ? ჩვენ მბრძანებლები არ გვყავს. მოსამართლეებს არ აკლიათ შეფასებები ქართველებისგან. გავიხედავ, მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანს და ამერიკის ელჩის კომენტარია - „ეს რა გააკეთა?!“ ვინ გკითხავთ, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს? რა, საქმის მასალებს იცნობ, პროცესებს ესწრებოდი, მტკიცებულებები შეისწავლე და გამოიკვლიე, თუ რა?
კელი დეგნანმა მიუთითა, რომ საელჩოს თანამშრომელი აკეთებს სასამართლოს მონიტორინგს და მათ ინფორმაციას ეყრდნობა.
- რა, ყველა პროცესზე სხედან? 15 წუთით შემოდიან. კი, არიან სასამართლოში, ვერ უარვყოფ. ყოველთვის არის ორი გოგონა, მაგრამ 15 წუთით რომ ესწრება პროცესს, ეს არის მონიტორინგი? ამით შეიძლება დასკვნები გააკეთო?
მოდით, სააკაშვილს დავუბრუნდეთ. ფსიქიატრიული პრობლემები აქვს ექსპრეზიდენტს და ამიტომ ჩამოჰყავს მის დაცვის მხარეს ბრიტანელი ფსიქიატრი? ამ გზით გეგმავენ, რომ სააკაშვილს საპატიმრო დაატოვებინონ?
- არ მგონია ამ კუთხით იყოს. უბრალოდ, უცხოელის სიტყვა არის ავტორიტეტი. გათავისუფლების სურვილი გასაგებია, მაგრამ რა, უცხოელების დასკვნის საფუძველზე მოსამართლე გაუშვებს? რატომ უნდა გაუშვას? ქართველმა რომ დადო ექსპერტიზის დასკვნა, იმას რას უშვრები?!
სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ქართველ ექიმებს უნდობლობას უცხადებენ. საავადმყოფო კი, კონფიდენციალობიდან გამომდიანრე, პაციენტის პირად ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.
- სწორს აკეთებს საავადმყოფო. აბა, რა უნდა ქნას საავადმყოფოს მედპერსონალმა, უნდა გამოდგეს და მოყვეს, რა ჭირს მიშას? პაციენტის უფლებები კანონითაა დააცული.
დაბოლოს, რატომ აცხადებენ ევროპარლამენტარები გვარამიას და სააკაშვილს პოლიტპატიმრებად?
- კატეგორიულად ვაცხადებ, არც ერთი მათგანი პოლიტპატიმარი არ არის. თანაც, ეს ხომ არ არის ევროპარლამენტის ერთობლივი განცხადება. ცალკეული დეპუტატები გამოდიან ამ შეფასებით და არა ჯგუფურად. ვის რა ურთირთობა ჰქონდა მიშასთან, არ ვიცი, ბრალს ვერავის დავდებ, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ამას რაღაც ინტერესის გამო აკეთებენ. თუ მთელი ევროპარლამენტი დაეთანხმება ამ განცხადებას, მერე დავფიქრდები.
ევროპაროლამენტარები გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებას ითხოვენ. პრეზიდენტმა კი ცალსახად თქვა - „არა და არასოდეს!“ გამოითქვა აზრი, რომ პრეზიდენტი „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულია და შესაძლოა ამ ფონზე გადაწყვეტილებას გადახედოს ანუ შეიწყალოს.
- ვერ გეტყვით. რას ნიშნავს პრეზიდენტი მთავრობაზე განაწყენებულია?! თქვას, რა ეწყინა, თუ აწყენინეს. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მას კანონით აქვს უფლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში ერთპიროვნულად შეიწყალოს ვინც უნდა და როცა უნდა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. რას გადაწყვეტს, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია ასე ფიქრობდეს, განაწყენებულია და შური იძიოს. ვისზე უნდა იძიოს, ქართველ ხალხზე? მთავრობისთვის თმის ბეწვი არ ჩამოუგდია სააკაშვილს, ჩვენ შეგვეხო მოსახლეობას, თორემ ნახევარზე მეტი მთავრობის წევრები, მეცინება რომ ვამბობ, სააკაშვილის ხელისუფლებაში იყვნენ. ჩვენნაირებს შეეხო და ვისზე უნდა იძიოს შური, ჩვენზე? ჩვენი წყალობით მოვიდნენ. დღე და ღამე ქუჩაში ვიყავი. ჯერ კიდევ სააკაშვილის მოსვლის დღიდან ვთქვი, 2004 წლის იანვარში ქუთაისში დარბევა რომ განახორციელა ჯერ მოსახლეობის და მერე ჩემი ოფისიც დაარბიეს, პირველი განცხადება მაშინ გავაკეთე, ხმა ამოიღეთ, თორემ მოგიკაკუნებთ კარებზე-თქო და ლამის ქვებით ჩამქოლეს. ხომ გახსოვს, სამშობლოს მტრად გამომაცხადეს. დღეს რომ ვუყურებ, 99% ამ მთავრობაში და საჯარო სამსახურებში ვინც არიან, სწორედ მიშას თანამშრომლები იყვნენ. უკაცრავად და, ჩვენზე თუ უნდა, მოსახლეობაზე შურისძიება, თქვას. ან იმათზე თუ აპირებს შურისძიებას, ვისაც მიშას რეჟიმი შეეხო, მაშინ ჩვენთან ექნება ქ-ნ სალომეს საქმე, რა შუაშია აქ მთავრობის წვერები?! 300 000 კაცს, ვინც ციხე გამოიარა, იმათ ოჯახებს, ახლობლებს, რა პასუხს აძლევს?
ჩვენ კიდევ თურმე ვერ შევიფერეთ ......