რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსი სამხედროების გადაყვანა 11 ნოემბრის 05:00 საათისთვის დასრულდა. ხერსონი ერთადერთი საოლქო ცენტრი იყო, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ დაიკავეს და დღეს იგი თავისუფალია. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსეთის ძალების გაყვანა ხერსონის ოლქის სტატუსს არ ცვლის. პესკოვის განმარტებით, კრემლში ხერსონიდან უკან დახევა დამამცირებლად არ მიაჩნიათ.
რუსეთის უდიდესი მარცხის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ აშშ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. ვაშინგტონმა რუსეთს ჩამოართვა სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა და რაც საშუალებას აძლევდა რუსეთს, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდემპინგური ტარიფებისთვის.
როგორც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში აცხადებენ, რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება აძლევს უფლებას აშშ-ს, ანტიდემპინგური კანონმდებლობა სრული სიმკაცრით აამოქმედოს, რათა აღმოფხვრას ბაზარზე არსებული ხარვეზები, რომლებიც გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკის მუშაობაში მზარდმა ჩარევამ.
ამასთან, აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტი შეიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და ოთხ ერთეულ Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.
„დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ უკრაინის უსაფრთხოების დამატებითი 400 მილიონ დოლარამდე დახმარების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას სამშობლოს დაცვაში. საერთაშორისო მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის თავდაცვის ურყევ მხარდაჭერაში“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი.
ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, გამოცემა „New York Times“ წერს, რომ ამერიკელი გენერლები და ბაიდენის მრჩევლები უკრაინის ომის დასასრულებლად ნაბიჯებზე ვერ თანხმდებიან. გამოცემის ცნობით, გენერალი მარკ მილი, გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა თავიანთი მიღწევები მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა განამტკიცონ. როგორც სტატიის ავტორი წერს, ამერიკის უმაღლესი გენერლები მოუწოდებდნენ ბაიდენს, რომ აშშ-მ უნდა გაზარდოს წნეხი უკრაინაზე, რათა ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზები ეძებოს. მეორე მხრივ კი ბაიდენის მრჩევლები აცხადებენ, რომ ამისთვის ჯერ ადრეა.
მარკ მილი შიდა შეხვედრებზე ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა მიაღწიეს იმდენს, რასაც გონივრულად მოელოდნენ ბრძოლის ველზე ზამთრის დადგომამდე. მილის აზრით, მათ უნდა სცადონ და ეს წარმატებები მოლაპარაკების მაგიდასთან გაამყარონ. გამოცემის ცნობით, სხვა მაღალი თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან ამ იდეას და ამტკიცებენ, რომ არც ერთი მხარე არ არის მზად მოლაპარაკებისთვის და ბრძოლებში უკრაინის მხრიდან ყველანაირი პაუზა რუსეთის პრეზიდენტს ძალების გადაჯგუფების შანსს მისცემს.
იმის მიუხედავად, რომ ბაიდენის მრჩევლებიც მიიჩნევენ, რომ ომი საბოლოოდ, მოლაპარაკებების შედეგად დასრულდება, თვლიან, რომ ჯერ შესაბამისი მომენტი არ მომწიფებულა.
გენერალ-მაიორი, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ არა მარტო ამერიკაში, არამედ მსოფლიოში არის გარკვეული მოსაზრება, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რადგან მნიშვნელოვანი ზიანი ადგება მსოფლიოს. მაგრამ ის, რომ ამერიკელი გენერლები და ბაიდენის მრჩევლები ომის დასასრულებლად უკრაინის ნაბიჯებზე ვერ თანხმდებიან, ფიქრობს, რომ გადაჭარბებულია.
„ასეთი პოზიცია არ გამიგია, თუმცა რამდენიმე სამხედროს პოზიცია მოვისმინე და ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ რუსებს ვერ დაამარცხებენო. მოსაზრება ბევრნაირია და მთავარია როგორი იქნება ამერიკლების პოლიტიკური ხაზი. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ არის მხარდაჭერა. არ მგონია, რომ მოქმედი გენერალი აქტიურად გამოდიოდეს და რაღაცას ამბობდეს თავისი პოლიტიკური მოსაზრებით. ის არის თავდაცვის მდივნის მთავარი სამხედრო მრჩეველი და შესაბამისად, მას შეიძლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ამერიკაში შეიძლება იყოს განსხვევული მოსაზრება და იგივე გენერლებში, მაგრამ ბევრი გენერალი ვიცი, რომელიც პირიქით, ბოლომდე გამარჯვებას უჭერს მხარს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, ანგლოსაქსური სამყაროს სტრატეგიულ ცენტრებს აქვთ პოზიცია, რომ მათ უნდა გადააფორმატონ მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე და არა მარტო, თუმცა ამ მიდგომაში თვითონ ანგლოსაქსურ სამყაროში არის ორი განსხვავებული მიდგომა, ისინი ითვალისწინებენ იმას, რომ რუსეთში შეიძლება პროცესები უმართავი გახდეს და მათი გეგმები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
„კერძოდ, რუსეთში ჩამოაგდონ პუტინი, რომელიც იდეალურად ასრულებს ყველაფერს, რაც მათ გეგმებშია და ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ძალები, რომელთანაც ისინი ვერ შეძლებენ ასეთი პოლიტიკის გატარებას, მათ გეგმებში არ შედის - იგულისხმება რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის და გარკვეული სადაზვერვო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან აფილირებული დასავლურ ანგლოსაქსურ სამყაროსთან და არ არიან მათი მოკავშირეები. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, დიდი ევრაზიის გადაფორმატირების გეგმა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. შესაბამისად, ეს დასავლური ძალები ცდილობენ შეაჩერონ ეს პროცესი იმგვარად, რომ ძალიან რადიკალური არ გახდეს მათი მოქმედებები და ამიტომ, იგივე რუსულ საზოგადოებაში, მათ შორის უკრაინულშიც, საუბარია დიდ შეთანხმებაზე, რომელსაც ახორციელებს პუტინის რეჟიმი იგივე ანგლოსაქსებთან და რომლის მთავარი ინდიკატორები ვნახეთ. ეს არის იგივე ხერსონის დატოვება, მანამდე ხარკოვის დატოვება და საერთოდ ე.წ. სპეცოპერაციის დაწყება, რომელიც აბსოლუტურად იდიოტური იყო რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე და, რომელიც სრულიად გამართლებული იყო ანგლოსაქსური სამყაროს ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ბევრისთვის ნათელი გახდა ეს ინსტრუმენტები და ცხადია, ის ძალები, რომლებიც შედარებით პრაგმატულად აზროვნებენ, ფიქრობენ იმაზე, რომ არ მიიღონ ისეთი პასუხი, რომელიც მათთვის არასასურველი და დამაზიანებელია.
„ისინი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს იმ მიზანში, რომ რუსეთი უნდა დაიშალოს დღეს. რუსეთი უნდა დაიშალოს და ეს უნდა მოხდეს 2-3 წელიწადში მაინც, რომ მერე გაუადვილდეთ შემდგომი მიზნების მიღწევა. კერძოდ, სამიზნე გახლავთ ჩინეთი, რომლის წინააღმდეგ უკვე დაიწყო მასშტაბური ღონისძიებები და, რომელსაც უკვე არავინ მალავს. აქ ლაპარაკია არა პრინციპულ განსხვავებაზე, არამედ ტაქტიკურ განსხვავებაზე.
მოხდება თუ არა ამ ომის გაყინვა დროებით, ეს დამოკიდებულია იმ ძალთა განლაგებაზე, რომელიც აშშ-ში არჩევნების საბოლოო შედეგის დადგომის შემდეგ დაიდება. მაგრამ, პრინციპულად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ფსონები ასეთია. ჩემი აზრით, ეს ამერიკული წინააღმდეგობა განპირობებულია იმ შიშებით, რომელიც მათ აქვთ რუსეთში პოლიტიკური სიტუაციის უმართავი ცვლის მოლოდინის გამო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.