ადრე ჩინეთი უყურებდა საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის მთავარ დერეფანს. იმდენად დიდი იყო საქართველოს მიმართ ინტერესი, ქართველ ექსპერტებს იმედი გაუჩნდათ, რომ ჩინეთი დაგვიცავდა რუსული აგრესიისგან, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. დღეს ისევ აქტუალური გახდა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის (Middle Corridor), პოზიცია. ამჯერად ვჭირდებით ევროპას, რადგან უკრაინის ომის ფონზე, როცა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების განულებას ცდილობენ, სწორედ საქართველოს გავლით აპირებენ მიიღონ აზერბაიჯანული გაზი, ნავთობი, ელექტროენერგია.
აზერბაიჯანის ელექტროენერგიამ ევროპამდე რომ მიაღწიოს, ამისთვის საჭიროა შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის დამონტაჟება, რომელმაც საქართველო- რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემა უნდა დააკავშიროს 1200-კილომეტრიანი კაბელით. ამ კაბელის 1100 კილომეტრი წყალქვეშ იქნება, დანარჩენი კილომეტრი კი ხმელეთზე.
გაზრდილი ტვირთნაკადების ფონზე გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად შევინარჩუნებთ შუა დერეფნის ფუნქციას და დახუჭავს თუ არა თვალს რუსეთი საქართველოს ამ როლზე, ეს მომავლის საქმეა. ერთი კია, აქამდე ამ ფუნქციის შესრულება მთლად უხარვეზოდ არ გამოგვდიოდა, როგორც ჩინეთ-ევროპის ტვირთების გადაზიდვების ერთ-ერთ ალტერნატივას.
შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას აფერხებდა სიძვირე და ხანგრძლივი მარშრუტი. კონკრეტულად, სიძვირე განპირობებული იყო კასპიის ზღვაზე საბორნე მომსახურების ფასებით. პრობლემას ქმნიდა, ასევე, შავი ზღვის პორტების დაბალეფექტურობა, კერძოდ, უამინდობა, რადგან საქართველოს პორტები წელიწადში თითქმის 70 დღე იკეტებოდა.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს, დიდი დატვირთვა ექნება, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი წამოიწყო უკრაინასთან და რუსეთი გახდა სანქციების ობიექტი, ასევე, შემცირდა რუსეთის ტერიტორიაზე სახმელეთო ტვირთების გამავლობა, ჩინეთიდან ევროპისკენ და იაპონიიდან ევროპისკენ.
„პრაქტიკულად, ძალზე გართულდა რუსეთიდან მატარებლების ევროპაში შეღწევა. ამიტომ საქართველო და ეს დერეფანი, რომელსაც შუა დერეფანს უძახიან, აზერბაიჯანთან და ტრანსკასპიურ სატრანსპორტო ქსელთან ერთად ძალზე პერსპექტიული გახდა. დეტალები უცნობია, მაგრამ შესაძლოა ამასთან დაკავშირებით ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჩვენს ხელისუფლებასთან შეხვედრა, ალბათ, უნდათ, გაზარდონ გადაზიდვების შესაძლებლობა სწორედ ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რამაც ახლა აქტუალობა შეიძინა, გარდა ამისა, ნავთობისა და გაზის ტრანზიტის პოტენციალზე მოთხოვნაც საქართველოს გავლით გაიზარდა“,- აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც შუა დერეფნის პოტენციალის მქონე ქვეყნის საფრთხეს, კახა გოგოლაშვილის აზრით, რუსულ საფრთხეზე საუბარი ახლა უკვე ტრივიალური გახდა, რუსეთიდან საფრთხე მუდამ ემუქრებოდა საქართველოს, მაგრამ ახლა ნაკლებად გვემუქრება, რადგან ახლა რუსეთი ჩაბმულია ისეთ ომში, რომელსაც აგებს და სადაც ხარჯავს უამრავ რესურსს. ამიტომ ძალიან გაუჭირდება რუსეთს გააგრძელოს ზეწოლა სხვა მეზობლებზე, დღეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც რუსეთიდან მომავალი საფრთხის იმდენად აღარ უნდა შეგვეშინდეს, როგორც ადრე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით აქ გეგმებსა და ვარაუდებზეა საუბარი, რომლითაც უნდა მოხდეს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ფუნქციის გამოყენება. რაც შეეხება ჩინეთის ინტერესს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მიმართ, ჩინეთს ახლა თავისი გასჭირვებია.
„ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ახლა ძირითადად დაკავებულია საშინაო პრობლემებით. მან გაიმყარა მდგომარეობა, პოლიტბიუროში მისი მომხრეები არიან უკვე და ჯერ კიდევ სჭირდება აქტიურობა ქვეყნის შიგნით. თანაც ცნობილია, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს ჩინეთს, ეკონომიკა ვერ არის მაინცდამაინც მოწოდების სიმაღლეზე, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ აბრეშუმის გზის იდეა მათთვის დღეს უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნავს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.