„ბევრი ნაგავი გამოჟონავს - გაირკვევა, სააკაშვილი საქართველოში ვინ ჩამოიყვანა და არ არის გამორიცხული, კეზერაშვილსაც გერმანიის პოლიციამ  ბრალი წაუყენოს“

„ბევრი ნაგავი გამოჟონავს - გაირკვევა, სააკაშვილი საქართველოში ვინ ჩამოიყვანა და არ არის გამორიცხული, კეზერაშვილსაც გერმანიის პოლიციამ  ბრალი წაუყენოს“

ბრძოლა ძალაუფლებისთვის, გავლენებისთვის თუ პარტიის წართმევისთვის? რატომ გამოუცახდა ნიკა მელიას ომი პარტიის ნახევარმა, რომლებმაც, ფაქტობრივად, პარტიის თავმჯდომარეს ულტიმატუმი წაუყენეს და ახალი არჩევნების დანიშვნა მოსთხოვეს.

პარტიის თავმჯდომარეს მოთხოვნა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან მოულოდნელად გაუგზავნეს. ირაკლი ნადირაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონების ხელმღძღვანელებს მეტი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, უფრო მოქნილი და აქტიური პარტია უნდათ და გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავენ. პარტიის წევრების ნაწილისთვის და თავად მელიასთვის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ე.წ. აჯანყებულები პარტიაში თათბირზე უნდა შეკრებილიყვნენ. მათ კი მოულოდნელად ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც ნადირაძე მელიას შეცვლას ითხოვს, სააკაშვილის გასათავისუფლებლად პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის უმოქმედობაა. სწორედ ამიტომ იყო მისი მხრიდან სააკაშვილის ბიბლიოთეკა შერჩეული.

მოთხოვნიდან მალევე, პარტიაში ნადირაძეს მომხრეები გამოუჩნდნენ, მელიას კი მოწინააღმდეგეები. „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა არ დამალეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ პარტია დეზორიენტირებულია და ცვლილებებს საჭიროებს. ისიც დააკონკრეტეს, რომ პარტიაში ახლა ნამდვილად არსებობს შიდა წინააღმდეგობები, რაც არჩევნების, ახალი თავმჯდომარისა და მის გარშემო კონსოლიდაციით უნდა დალაგდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ნაწილი, თანაპარტიელების განცხადებებით უკმაყოფილოა. განსაკუთრებით იმ ფაქტით, რომ პრობლემაზე არა პარტიის შიგნით მოხდა მსჯელობა, არამედ საჯაროდ. უკვირთ, ზოგიერთი თანაგუნდელის დღევანდელი აქტიურობაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, პარტიის სხვა, უკვე ყოფილი წევრები აქამდეც საუბრობდნენ, გამოდიოდნენ შიდაპრაიმერისის ინიციატივითაც. ამბობდნენ იმასაც, რომ პარტია დაცლილია პოლიტიკისგან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პარტია ამ მიზეზით ორმა წევრმა - ნიკა ობოლაძემ და ნონა მამულაშვილმა დატოვა.

პარტიის წევრების ნაწილი ამ პროცესებში ფარულ ხელს ხედავენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ აკონკრეტებს ვინ დგას ამ პროცესების მიღმა, თუმცა კულუარულად არავინ მალავს, რომ ეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, პარტიის მართვის სადავეების ხელში აღებას ცდილობს.

For.ge-ს პარტიის ერთ-ერთი წევრი უყვება, რომ სავარაუდოდ, მელიას ლევან ხაბეიშვილით ჩანაცვლება სურთ. უკვე დიდი ხანია ის კეზერაშვილის კაცად ითვლება და არაერთხელ მელიასა და ხაბეიშვილს შორის, როგორც სიტყვიერი ასევე, ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ამ ყველაფერს კი დროში ძალიან ემთხვევა ტრასნაციონალური დანაშაულის გახსნა, რომელზეც საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გერმანიის და ორი სხვა ქვეყნის სამართალდამცველები მუშაობდნენ, ხოლო დაკავებულ ადამიანებს შორის კეზერაშვილის ერთ-ერთი პარტნიორია. სავარაუდოდ, კვალი ე.წ. ქოლცენტრების ირგვლივ კეზერაშვილისკენ მიდის. არ არის გამორიცხული, რომ პარტიაში მოულოდნელად დაწყებული აჯანყება ამ თემის გადასაფარად იყოს დაწყებული ან კეზერაშვილი ჩქარობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაც შეიძლება ხელში სწრაფად ჩაიგდოს.

საღამოს ნადირაძეს და მის მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე უპასუხა: „ვიყავი მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვარ და ვიქნები“.

მისივე თქმით, დღეს მისმა თანაპარტიელებმა ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს, რომელსაც „როგორც ჩანს, შორსმიმავალი მიზნები აქვს“.

„თუ რა გახდა რეალური მიზეზები და მიზანი ამ საკითხის ასე ნაჩქარევად, ამ ფორმით, ასე მოუმზადებლად გამოტანისა, ამას უახლოესი პერიოდი აუცილებლად მოჰფენს ნათელს და განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გვესაუბრა ევროპარლამენტის მეირ გაკეთებულ განცხადებაზე პოლიტპატიმრებთან მიმართებაში - ვგულისხმობ მიშა სააკაშვილს და ნიკა გვარამიას.

თვენახევრის წინ, მე პირადად გამოვედი ინიციატივით პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე მათ შორის იმ ადამიანების თანდასწრებით, რომლებიც დღეს დილიდან საუბრობენ არჩევნების ჩატარების თაობაზე. თანხმობა არჩევნების ჩატარებაზე იყო ყველა ჯგუფის მხრიდან. ერთადერთი მსჯელობის საგანი რჩებოდა პირველ რიგში ის, რომ როდის და როგორ უნდა ჩატარებულიყო. თუ ჩემთვის რაიმე კომფორტულია, ეს არის არჩევნები და მასში მონაწილეობის მიღება- იქნება ეს გარე თუ შიდა ტიპის.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ღია და საჯარო არჩევნების ჩატარების მომხრე. მსურს, ყველამ იცოდეს - ვიყავი მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვარ და ვიქნები მით უფრო, როცა ძალიან ბევრი მაქვს სასაუბრო სიმართლის თაობაზე საკუთარი პარტიის ამომრჩეველთან.

ვისაც გნებავთ, სადაც და როცა გნებავთ, მზად ვარ ამისთვის და განსაკუთრებით ეს იციან იმ ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში პირადად იღებდნენ მონაწილეობას უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში. დეტალების თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს, პარტია იმსჯელებს, მათ შორის მათთან ერთად, ვინც ჩემი რწმენით, დღეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს, რომელსაც, როგორც ჩანს, შორსმიმავალი მიზნები აქვს. მე მსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს და იყოს მრავალათასიანი ამომრჩევლით უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც მეყოლება კონკურენტი, რომელიც იმედია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. ამომრჩეველს მიეცემა გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური დაკნინება პარტიაში მოხდა მაშინ, როდესაც „ნაციოანალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში, კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები შეიყვანეს. ამით კი გამოვიდა, რომ ნიკა მელია დე-ფაქტო ნომინალური თავმჯდომარე გახდა. დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა და ეს გასაკვირიც არ იყო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პარტიაში არსებულ უთანხმოებაზე ხმები გარეთ ისედაც გამოდიოდა. ამიტომ მოვლენები ახლა როგორც ვითარდება, მოსალოდნელი იყო.

„ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის. ის გაქცეული ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ნება-სურვილით და ფინანსებით იმართება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს და გერმანიის პროკურატურის მეშვეობით ტრანსნაციონალური დანაშაული გაიხსნა, სადაც კეზერაშვილის ხელი პირდაპირ ურევია, ეს, პარტიის შიგნით დაწყებული „აჯანყებაც“ დროში უცბად დაემთხვა. ნიკა მელიას ირგვლივ შავი ღრუბელი დიდი ხნის წინ მოგროვდა და ენმ-ის  მარტივ მამრავლებად დაშლა გარდაუვალია. ვისით ჩაანაცვლებენ ნიკა მელიას, საკითხავი ეს არის. არის საუბარი ლევან ვარშალომიძესა და ლევან ხაბეიშვილზე, მაგრამ აქ, ალბათ, კიდევ გადამწყვეტ სიტყვას სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია იტყვიან. თუმცა ბოლო მოვლენების მიხედვით, ისინი ქართული პოლიტიკით დიდად აღარ ინტერესდებიან.

რაც შეეხება ბოლო დღეებში ოპოზიციაში მიმდინარე ძვრებს და ე.წ. დიდი გაერთიანების იდეას, რომლსაც გიორგი ვაშაძე, ჯაფარიძე და ხოშტარია აყენებდნენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ისევ კეზერაშვილთან არის დაკავშირებული. ამ სამივეს კეზერაშვილი აფინანსებს და ესეც, როგორც ჩანს, მელიას ჩასაძირად იყო მოფიქრებული, ან ანკესი, რომელიც გადაუგდეს და მელია არ წამოეგო. მიუხედავად ამ „ტროიკის“ ამბიციებისა, მათ როგორც არ უნდა იაქტიურონ, პოლიტიკურ სივრცეში 2%-იანი რეიტინგით სარგებლობენ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს საჯაროდ კომპრომატებით ბრძოლას დაუწყებენ. აქ ყველაზე საინტერესო კი იმ კარტების გახსნა იქნება, რეალურად, ერთი წლის წინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რატომ ჩამოვიდა.

„აქ ძალიან ბევრი შიდა ნაგავი გამოჟონავს და ველი, რომ ერთმანეთს პარტიის წვერები კომპრომატებით ომს გამოუცხადებენ. როგორც ჩანს, სიტუაცია იმდენად მძიმედ არის, რომ პარტიაში ერთმანეთს ტელევიზიიდან და ბრიფინგებით ელეპარაკებიან. ველი, რომ გაირკვევა რეალურად სააკაშვილი საქართველოში ვინ ჩამოიყვანა, ვინ მოატყუა, რომ აქ ასიათასიანი აქციები დახვდებოდა და ის ციხეში ერთ კვირასაც არ იჯდებოდა. ეს კარტები გაიხსნება და ბრძოლა წესების გარეშე წავა. კეზერაშვილს სურვილი აქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდეს, მაგრამ ვერანაირად ვერ გაკეთილშობილდება. მას არაერთი დანაშაული აქვს საქართველოში ჩადენილი და არ არის გამორიცხული, გერმანიის პოლიციამაც მას ბრალი წაუყენოს. ასე რომ, სანახაობა მგონია უფრო წინ გვაქვს. შესაძლოა, ენმ-ის ხელში ჩაგდებას ამიტომაც ჩქარობს“, - ამბობს აბაშიძე.