47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა თავი შეიკავა - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა. მხარდაჭერილია ის შესწორებაც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი. ასევე ხაზგასამულია, რომ უნდა გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე.
ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“. ამავე ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა. ამასთან, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
შესწორებების ახალ ვარიანტში გამოთქმულია წუხილი, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად; შესწორებები შეიცავს მოწოდებას ყველა დაინტერესებული პოლიტიკური მხარისადმი, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით.
შესწორებებში ასევე „გამოთქმულია წუხილი 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გასვლაზე და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. ამასთან, შესწორებებში აღნიშნულია, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შესახებ და ჩაწერილია, რომ სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით, არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების საქმის აშკარა დემონსტრირება.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ახალ შესწორებებში საუბარია, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობაზე, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების სისტემური გზით.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა აღნიშნა, რომ ანგარიშთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი რთული იყო, თუმცა მხარეებმა კომპრომისის მიღწევა შეძლეს.
„ეს იყო მოლაპარაკებების რთული პროცესი. მინდა მასში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადავუხადო. ჩვენ საბოლოოდ შევძელით კომპრომისის მიღწევა. ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს. ევროპარლამენტში ჩვენ ასევე განვიხილეთ ის, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ. ჩვენ გვქონდა სამართლიანი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.
მიუხედავად ანგარიშისა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი ერთიანია საქართველოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენები ქართულ პოლიტიკაზე აშკარაა, რაც არ შეცვლილა.
„მოხარული ვართ, რომ რეზოლუცია აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ. საბოლოო კენჭისყრამ ნათელი გახადა, რომ ევროპარლამენტი ერთიანია იმის თაობაზე, თუ როგორ ვუპასუხოთ საქართველოს საკითხს. ტექსტში გამოყენებული იყო კრიტიკული ენა, მე არ ვიყავი თანამომხსენებელი, თუმცა ძირითადი საკითხები ამ რეზოლუციაში იყო ძალიან მკაფიო. ბიძინა ივანიშვილის გავლენები ქართულ პოლიტიკაზე აშკარაა. ჩვენ ეს საკითხი ბევრჯერ განგვიხილავს სხვა ინსტიტუციებთან ერთად, მათ შორის ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშშიც და მას შემდეგ, ვფიქრობ, არაფერი შეცვლილა“, - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრად მოხსენიება სრულიად არარელევანტურია და შესაბამისად, ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.
„გვარამია არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და შესაბამისად, სუბიექტურად არიან დაინტერესებულები იმით, რომ გვარამია სწორედ ასე მოიხსენიონ, როგორც პოლიტიკური პატიმარი. სინამდვილეში ყველამ იცის საქმე რაშიც იყო. კერძოდ, ეს ადამიანი ძარცვავდა ტელეკომპანიას, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 7 მლნ-ის ძარცვის პირობებში, ვინმეს პოლიტპატიმრად მოხსენიება სრულიად არარელევანტურია,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტარების ფორმულირებას არ იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, 2012 წლამდე კრიტიკული დამოკიდებულება არ ჰქონდათ ქვეყნის მიმართ და ძალიან აკმაყოფილებდათ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, სააკაშვილის ხელისუფლებაში ვერც ოლიგარქებს ხედავდნენ, ვერც ძალადობას და ვერც მედიის შევიწროებას.
„მე ვერ ვიტყვი რა ხიდებია გაბმული ამ 12-კაციან ჯგუფსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მაგრამ აქ კიდევ ერთი უბედურებაა, ის ჯგუფი აკეთებს საკმაოდ არაკვალიფიციურ და პოლიტიკურად მათთვის აბსოლუტრად წამგებიან შესწორებებს და დანარჩენი ამ პარლამენტის 700-ზე მეტი წევრი მხარს უჭერს ამას. აი, ეს დეპოლიტიზაცია და დეინტელექტუალიზაცია არის გულდასაწყვეტი. იმ მხრივ, რომ მათი მხრიდან კოლექტიური ინტელქტის და სწორი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ უნდა გქონდეს.
ასეთი პერსონალურად მოხსენიება ივანიშვილის, ასეთი ჯიუტად წასვლა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს არეულობა, რისთვისაც ეს კეთდება, თუ ვერ ხვდებიან რა შედეგი მოჰყვება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ეს კიდევ უარესია. მიზანი არის ქვეყანაში უმართავი პროცესები. არეულება რომ დაიწყება მოგებული დარჩება რუსეთი. გამოდის, რომ ეს უაზრო ადამიანები რუსებზე მუშაობენ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის შეფასებით, თუკი გაურთულებენ საქართველოს გზას ევროპისკენ, ამით რუსეთი დარჩება მოგებული ტრანზიტებისა და თავისთავად საქართველოს მიმართ მიდგომის ფონზე, რაც დღეს აქტუალურია. როგორც საყვარელიძე აცხადებს, დასავლეთის ასეთი პოლიტიკა ზრდის ნიჰილიზმის და აძლიერებს ანტიდასავლურ განწყობას საქართველოს მოსახლეობაში.
„ვიძახოთ ჩვენ ევროპა და ამ დროს ევროპამ რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს, აი, ასეთ პარადოქსულ სიტუაციაში ვართ. სამომავლო პესპექტივებშიდაც დამღუპველია ნიჰილიზმი ევროპის მიმართ. ჩვენი ერთადერთი მოკავშირე არის ევროპა, საფრთხე გვემუქრება რუსეთიდან, ასევე საფრთხე შეიძლება გაჩნდეს ისლამური სახელმწიფოსგან, მათ შორის ჩინეთიდან. ამ საფრთხეებს ასევე ებრძვის ევროპაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი და ევროპის ინტერესები ბუნებრივ თანხვედრაშია. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპასთან მჭირდო ურთიერთობა. ჩვენ და ევროპას ერთდროულად გაგვიჭირდება, თუ რამე გაგვიჭირდება, მაგრამ ევროპა ვერ ხვდება ამას - ინტელექტუალური პრობლემა დგას. ისევ დაუნახავი, ისევ მოკლევადიანი ხედვისა და ისევ რუსეთის ხელშეწყობის პოლიტიკას ახორციელებს.
ეს ევროპა უკრაინაში მილიარდებს ხარჯავს და საქართველოს კი წირავს ისე, რომ მერე მას რომ დასჭირდება საქართველო როგორც გზა და ჭიშკარი, მოტრიალდება და გეტყვის - შემეშალაო. რატომ შეეშელა ამას აღარ კითხულობს. 2008 წელს რატომ გაატარა 5-დღიანი ომი?! 90-იანებში რატომ არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ აფხაზეთი და ოსეთი იკარგებოდა რუსეთთან ომში?! ამ კითხვებზე რატომ არ პასუხობს ევროპა და ისეთივე შეცდომას რატომ იმეორებს ახლა ამ განცხადებებით, რაც მაშინ დაუშვა ჩვენი მდგომარეობის ფეხებზე დაკიდებით?! ახლაც, ეს ანგარიში ქართველების ფეხებზე დაკიდებაა და მეტი არაფერი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
XVII საუკუნე
საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
_ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
_ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს...
_ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
_ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.
-----------------------------------------------------
ისტორია მეორდება თავიდან და ბოლოდან...........