„გავიხსენოთ პარლამენტიდან გასული პოლიტიკოსები, დაწყებული ბესო ჯუღელიდან, რითი დაასრულეს კარიერა? საერთოდ დაიკარგნენ, ხალხმა დაივიწყა“

„გავიხსენოთ პარლამენტიდან გასული პოლიტიკოსები, დაწყებული ბესო ჯუღელიდან, რითი დაასრულეს კარიერა? საერთოდ დაიკარგნენ, ხალხმა დაივიწყა“

შალიკოს ფანჩატური მზადაა, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი. ოპოზიციაში პარლამენტის დატოვებას განიხილავენ, მაგრამ პარლამენტის დატოვების „ა“ გეგმის შემდეგ რა ექნებათ „ბ“ გეგმა, ეს არ იციან.

ოპოზიცია თავის ქმედებებში არათანმიმდევრულია. თავის დროზე, როცა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოპოზიციამ გადაწყვიტა საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და ამით პოლიტიკური კრიზისის გადალახვა. დღეს კი არც შარლ მიშელის დოკუმენტი ახსოვთ, არც საკუთარი ელექტორატის წინაშე აღებული ვალდებულება, რომელმაც ოპოზიციას პარლამენტში მუშაობა და არა პარლამენტიდან გაქცევა დაავალა, არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რომლებმაც დეპუტატებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.

დღეს ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ შეცდომა იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და არსებულ პირობებზე დათანხმება. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად გაანადგურეს, ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააგდეს და ახლა პარლამენტიდან ოპოზიციის გასვლასაც აღარ ექნება ფასი.

ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ „პარლამენტი არის შაპიტო, მანდ არაფერზე არ უნდა მიხვიდე“.

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი პარლამენტის დატოვების საჭიროებას რაღაც მომენტში ხედავს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა სიტუაციის გარდატეხას მოიტანს.

ნიკა მელია ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ პარლამენტი თუ უნდა დატოვოს, დატოვოს მაშინ, როდესაც გარდაუვალ კრიზისს შეუქმნის რეჟიმს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა, პარლამენტი დატოვოს, რადგან „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“, თუმცა ეს პროცესი არ უნდა იყოს ნაადრევი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის დატოვება გამოსავალი არსად არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს. პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტის დატოვების შემდეგ სხვა სტრატეგია უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. ამ ჩვენი ოპოზიციის შემხედვარე კი რომელ სტრატეგიაზეა საუბარი, პარტიზანულ ომს იწყებენ, თუ რა არის?

„ჩვენ გვახსოვს შალიკოს ფანჩატური, მაგრამ რა მოგვცა იმ ფანჩატურმა? არაფერი. ამიტომ პარლამენტის დატოვება გამორიცხულია. პარლამენტი მაინც ტრიბუნაა, შენ თუ გადადიხარ უსისტემო, არასისტემურ ოპოზიციაში, ეს არის მარგინალიზაციისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა. გავიხსენოთ პარლამენტიდან გასული პოლიტიკოსები, ბევრი პოლიტიკოსი გავიდა ჩვენი პარლამენტიდან და ცალკე დაიწყო მოღვაწეობა, ბესო ჯუღელიდან დაწყებული, სხვებით დამთავრებული, მაგრამ რითი დაასრულეს კარიერა? საერთოდ დაიკარგნენ. ელექტორატმა დაივიწყა, ხალხმა დაივიწყა, მორჩა და დამთავრდა. ასე თუ ისე, დღევანდელ ოპოზიციონრებს პარლამენტში ტრიბუნა მაინც აქვთ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და იმ მოტივზეც საუბრობს, რაც პარლამენტის დატოვების მოსურნე დეპუტატებს ამოძრავებთ.

პოლიტოლოგის აზრით, გიორგი ვაშაძეს იმიტომ სურს პარლამენტის დატოვება, რომ გაერთიანება სწადია ძლიერ პარტიასთან, მაგრამ არ უნდა გაერთიანება მელიას და ძალად როგორ გაერთიანდებიან?!

პოლიტოლოგი იხსენებს, რომ კვაზი გაერთიანება იყო წინა არჩევნებზე, როდესაც 2-კაციანი პარტიის ლიდერი სიაში ჩაწერეს და გახდა პარლამენტარი, მაგრამ როდესაც ძლიერთან ერთიანდები, ის ძლიერი ყოველთვის ფიქრობს, შენ რა მოგაქვს საერთო ყულაბაში, ელექტორატის რამდენი ათასი ხმა მოგაქვს?! შენ თუ ნული ან ერთი პროცენტი გაქვს და არაფერი არ მოგაქვს საერთო ყულაბაში, კი ბატონო, მარტო ერთ კაცს ჩაწერენ სიაში და მეტს არა.

„გიორგი ვაშაძემ რამდენიმე კაცი გაიყვანა პარლამენტში, „გირჩმაც“ კიდევ რამდენიმე, მაგრამ არის „ნაციონალების“ სიით გასული 4-5 კაცი, ერთი ქალბატონიც, რომლებიც არავის არ წარმოადგენენ, რომლებსაც ელექტორატი არ ჰყავს და რა ჯანდაბად უნდა მელიას მკვდარი სულები?! ამიტომ ოპოზიციას სტრატეგია უნდა ჰქონდეს, რას აკეთებენ პარლამენტიდან გამოსვლის შემდეგ, ქუჩაში გამოიყვანენ ასი ათას კაცს? ვერ გამოიყვანენ. საერთოდ ვერაფერი გავიგე ამ ჩვენი ოპოზიციის, კრეატიული, ინტელექტუალური რესურსის ასეთი დეფიციტი წარმოუდგენელია“, - გვითხრა სოსო ცინცაძემ.