„კალაძის რეიტინგი მე მგონი არავის უკვირს, ხოლო რაც შეეხება ღარიბაშვილს, უყვარს თუ არა ის ვინმეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც მისი იმედი აქვს“

„კალაძის რეიტინგი მე მგონი არავის უკვირს, ხოლო რაც შეეხება ღარიბაშვილს, უყვარს თუ არა ის ვინმეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც მისი იმედი აქვს“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობა მთელი ქართული პოლიტიკური სპეტქრის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი და საერთო სურათის მიხედვით, დიდი ნიჰილიზმია. გაუცხოვება, უნდობლობა და სიახლის მოლოდინი - ესაა კვლევის მიხედვით მოცემული ზოგადი სურათი. გამოდის, რომ არჩევნებში 5%-იან ბარიერს მხოლოდ ორი პარტია „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავს.

სიტუაცია ოპოზიციურ ველზე საკმაოდ მძიმე და საგულისხმოა. პერსონალური რეიტინგის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის ლიდერები კვლავ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები არიან. მიუხედავად ოპოზიციის მიერ გავრცელებული უარყოფითი ნარატივისა, პოლიტიკოსებს შორის პირველ და მეორე ადგილებს კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი იკავებენ. ოპოზიციის მდგომარეობა კი იმდენად მძიმეა, რომ ანალიტიკოსების აზრით, „ოცნებამ“ არაფერიც რომ არ გააკეთოს, ხალხი ოპოზიციას იმდენად არ ენდობა, არჩევნების მოგებას მაინც ვერ შეძლებენ.

კითხვაზე მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 25% „ქართული ოცნებას“ ასახელებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ -12%; „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 3%;

„გირჩი მეტი თავისუფლება“ - ზურა ჯაფარიძე - 3%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე - 2%;

„დროა“ - ელენე ხოშტარია - 2%;

„ლეიბორისტული პარტია“ - 2%;

„მოძრაობა ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 2%;

„გირჩი“-2%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;

„ლელო“, „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები“ და „ალტ-ინფო“ -1%.

პერსონების მოწონების რეიტინგში, საზოგადოების ნდობა პატრიარქის მიმართ, კვლავ უცვლელია. ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ილია მეორე - 88%;
  2. კახა კალაძე- 51%;
  3. ირაკლი ღარიბაშვილი-44%,
  4. ანა დოლიძე-40%;
  5. სალომე ზურაბიშვილი - 38%.

შემდეგ მოჰყვება დავით უსუფაშვილი, გიორგი გახარია, გიორგი ვაშაძე და ა.შ

IRI-ს გამოკითხულთა 48% მტკიცედ ეთანხმება იმას, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღი პროცესია ხელისუფლებაში რამდენიმე პარტიის ყოფნა, ხოლო გამოკითხულთა 42%-ის ინტერესებს არც ერთი პარტია არ გამოხატავს. ასევე საგულისხმოა, რომ გამოკითხულთა 72% მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მოცემული კვლევა ქვეყანაში არსებულ რელობას ასახავს და ალბათ, ეს პროცენტები მოულოდნელი არავისთვის არ უნდა იყოს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყოველგვარი გამოკითხვების გარეშე, ყველა პოლიტიკური პარტიის რეიტინგი რომა  დაცემულია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ხოლო 72%, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური პარტია არ უნდა, აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობა პოლიტიკური სპექტრის მიმართ სრულ ნიჰილიზმში იმყოფება. თუმცა ოპოზიციას არ უნდა ეგონოს, რომ ეს ადამიანები მათი ამომრჩეველები არიან და არჩევნებზე ხმას მათ სასარგებლოდ მისცემენ. პირიქით, თუ სასწორზე ისევ „ოცნება“ და „ნაციონალები“ დადგნენ, ამ ხალხის დიდი ნაწილი ისევ ხელისუფლებისკენ გადაიწევა. ამიტომ 2024 წლამდე ოპოზიციამ უნდა მოიფიქროს რაღაც, რომ საერთოდ არ ჩაიძირონ.

„მოსახლეობა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მიმართ არის გაუცხოვებული. უფრო შორსაც წავალ და იმასაც ვიტყვი, რომ გაუცხოვება ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია საშუალებებსაც. რაღაცნაირად სიტუაცია ისე დალაგდა, რომ საზოგადოება მთლიანობაში პოლარიზებულია. აი, ეს ჩემს მიერ ჩამოთვლილი მედიაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც პოლიტიკოსებთან ერთად, ამ ყველაფერს ხელს უწყობენ. საზოგადოების ზედა პოლიტიკური ფენა, პოლარიზებულია. შესაბამისად, მთლიანად ამ თემისადმი გაუცხოვება ხდება. უბედურება ისაა, რომ ნათელი წერტილი არსაიდან არ ჩანს.

მთლიანი ოპოზიცია 10 წელია მხოლოდ იმას იმეორებს, რომ ივანიშვილი პრორუსია და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს. თუმცა ვხედავთ, რომ ეს ტრენდი უკვე წლებია არ ჭრის. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ეს კაცი პრორუსია, მაგრამ რაში ჩანს ეს? ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომ ვხედავთ, რომ არ იჯერებს. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მათზე კარგად დაალაგა ეს თემა და ოპოზიციას აქეთ უტრიალებს. ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი და ხელისუფლება თამაშობს რუსეთთანაც და ევროპასთანაც და ეს სწორია, რადგანაც ხალხს ომს და უბედურებას თავიდან არიდებს. ნაწილი კიდევ საერთოდ არ იჯერებს და ამბობს, რომ ოპოზიციას ომი უნდა და ხელისუფლება ამის საშუალებას არ აძლევს. ამის საპირისპიროს კი ოპოზიცია ვერაფერს ამბობს. აი, ამ წრეზე ვტრიალებთ უკვე წლებია“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგს და იმას, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი უპირატესობას ზომიერ პოლიტიკოსებს ანიჭებს - ძაბირაძე ამბობს, რომ ესეც ლოგიკურია, რადგან ხალხი აგრესიული რიტორიკისგან დაღლილია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დროს ამ ლიდერებს იგივე მხარდაჭერა ექნებათ. უმეტეს მათგანს, ხალხი ლიდერად არ აღიქვამს. ძაბირაძე ქალაქის მერის კახა კალაძის და პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგსაც ეხება, რომლებიც პოლიტიკოსებს შორის პირველ მეორე ადგილებს ინაწილებენ. მისი აზრით, ეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული, რომ ხალხს მაინც ისევ იმედი სახელისუფლებო ლიდერების აქვს, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი საქმეს მეტ-ნაკლებად მაინც აკეთებენ.

„კალაძის რეიტინგი მე მგონი არავის უკვირს, რადგან ის არის დედაქალაქის მერი და მას რომ ამხელა მხარდაჭერა აქვს, არჩევნებითაც ბევრჯერ გამოჩნდა. ის არჩეული მერია და გვინდა თუ არა, ეს მისი პირადი, პოლიტიკური რეიტინგია. რაც შეეხება პრემიერ ღარიბაშვილს, რომლის რეიტინგიც ოპოზიციის ლანძღვის მიუხედავად მაინც მაღალია, ეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოებით იხსნება. უყვარს თუ არა ის ვინმეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც მისი იმედი აქვს, რადგანაც პასუხისმგებელ პირად მიიჩნევენ. ფიქრობენ, რომ საქმის გამკეთებელი მაინც ის არის. ამასთანავე, ბოლო დროს წარმართულმა პიარმა და გეოპოლიტიკურმა გარემოებებმა, მისი რეიტინგი გაზარდა. აქ საუბარი უკრაინის ომზე და მის გარშემო წარმოებულ შიდა პოლიტიკაზე მაქვს. მას ასევე რეიტინგი პარტიის მხრიდანაც აქვს და „ოცნების“ რეიტინგი ავტომატურად მასაც ემატება. რაც შეეხება ზომიერი პოლიტიკოსების მოთხოვნას, ეს გამოკითხვა ნამდვილად ამას აჩვენებს, რომ დოლიძე, უსუფაშვილი, გახარია, ზურაბიშვილი, თითქმის ერთ რეიტინგში არიან, გასაკვირი არ არის. აგრესიული და დესტრუქციული დღის წესრიგის მქონე პოლიტიკოსები არავის უნდა“, - ამბობს ძაბირაძე.

ის ოპოზიციას ურჩევს, რომ 2024 წლამდე ჩამოყალიბდნენ და რაღაცა სახის მსხვილი კოალიცია შექმნან, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მონაცემებითაც ჩანს, რომ პარლამენტში მხოლოდ „ოცნება“ და „ნაციონალები“ შევლენ. მანდატების უმრავლესობას ისევ ხელისუფლება აიღებს, იმაზე მეტს, ვიდრე ახლა აქვს და საკონსტიტუციო უმრავლესობას ისევ მიიღებს, პატარა პარტიები კი გარეთ დარჩებიან და მათი პოლიტიკური მომავალი საერთოდ გაუგებარი იქნება. ეს კი ქვეყანას ისევ ერთი და იგივე წრეზე ატრიალებს. მოსახლეობას ოპოზიციამ თუ ახალი არაფერი შესთავაზა, სიტუაცია იმაზე დრმატული იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ლევან ბოძაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნებამ“ სულ რომ არაფერი გააკეთოს, ოპოზიცია იმდენად სუსტია, მაინც ვერაფერს ვერ შეცვლის. მისი აზრით, ეს გამოკითხვა იმას ცხადყოფს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არასდროს წავა მასიურად ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ არ იცის, რა ალტერნატივა აქვს. ოპოზიციის მხრიდან მოწოდებულ ალტერნატივას კი არ იღებს. ოპოზიციაში ვერ ხედავენ იმ დონის პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც ქვეყნის მართვა და ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია. ამიტომაც ფიქრობენ, რომ შეუჩვეველ ლხინს, ისევ ხელისუფლების სახით შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ.

„სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ხალხმა ვერ დაინახა ოპოზიციაში პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გაერთიანებას შეძლებდა. ერთი ძალის გარშემო შეკრებდა ყველას და მოსახლეობა დაინახავდა, რომ ხელისუფლების ჩანაცვლება მათით შესაძლებელი იქნებოდა. ყველაფერი ლიდერზეა დამოკიდებული. ხალხში არ არსებობს ისეთი ავტორიტეტი, ვის გამოც ამ ხელისუფლების გაშვებაზე იფიქრებდნენ. ოპოზიციურ პარტიებს ასეთი დაბალი რეიტინგი ამიტომაც აქვთ.

ამ პირობებში ამ ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს, რომ რაიმე შეცვალოს. რა თქმა უნდა, ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის და მომავლისთვის დიდი ტრაგედიაა. კი ბატონო, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს „ოცნება“, მაგრამ ის არასდროს წავა მასიურად ხელისუფლების წინააღმდეგ. გაჩნდება კითხვა - რატომ? იმიტომ, რომ ხალხმა არ იცის რა ალტერნატივა აქვს. ასეთი გამოთქმა არსებობს, ნუ დაანგრევ სისტემას, თუ არ გაქვს ახალი რეცეპტი, ეს ახალი რეცეპტი ოპოზიციურ ველზე არ არსებობს. ხალხმა არარსებულზე რატომ გააკეთოს აქცენტი, როცა შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ლხინს?!“ - ამბობს ბოძაშვილი და დასძენს, რომ ოპოზიციურ ლიდერებს დღის წესრიგს ხელისუფლება უყენებს. ეს კი კატასტროფაა, რადგან ოპოზიციის სისუსტეზე მიუთითებს. ბოძაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ახლა ხარაკირის რეჟიმშია. ეს თვითმკვლელობა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, მიშელის გეგმით დასრულებული - დაიწყეს. ამიტომ, რაც არ უნდა ქნან, ყველაფერი უკან უბრუნდებათ. ხალხს მათი ერთი სიტყვისაც არ სჯერა და პირიქით, გამოდის, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი არ ენდობიან.