რუსეთის შეიარაღებული ძალები აქტიურადაა თავდაცვაზე გადასაული და დაკავებული საზღვრების შენარჩუნებას ცდილობს - მარჯვენა სანაპიროზე ძალებითა და ტექნიკით მანევრირებს, თავდაცვის ხაზებს აწყობს, მარცხენა სანაპიროს ნაღმავს და მოსახლეობა გაჰყავს 15-კილომეტრიანი ზონიდან, თხრილებში ათავსებს ტექნიკას და საცეცხლე პოზიციებს აწყობს. რუსული ძალები ქალაქ ხერსონის დასაბრუნებლად კონტრშეტევისთვის ემზადებიან.
ოკუპირებული ქალაქ ხერსონის მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტელეფონებზე გამაფრთხილებელი შეტყობინება მიიღო, რომლითაც აფრთხილებენ, რომ უკრაინის არმია მასიური თავდასხმისთვის ემზადება და სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი. ასევე, კვლავ მაღალია რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება ვლადიმერ პუტინისთვის და მისი სახელმწიფოსთვის. აგრესორი სახელმწიფოს მუქარა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაძლიერდა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, ეს იქნება ზღვარი, რომელიც რუსეთმა არ უნდა გადალახოს. როგორც ოლაფ შლოცი აცხადებს, ეს გზავნილი ჩინეთშიც ჩაიტანა და აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტიც ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას.
„რუსეთი არის და რჩება დიდ სამხედრო ძალად. რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი. სწორედ ამიტომ არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება. მოვუწოდებთ რუსეთს, მკაფიოდ განაცხადოს, რომ ამას არ გააკეთებს. ეს იქნება ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახოს“, - აცხადებს ოლაფ შოლცი.
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თვლის, რომ ამ ეტპაზე დაბალია რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალზე სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს.
„რუსეთის მოქმედებები უპასუხისმგებლო და უგუნურია. ბირთვული იარაღი კონფლიქტის ბუნებას შეცვლის. პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინის მიმართ ნატოს მხრიდან მხარდაჭერა და დიდი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა. მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარების გაგრძელება. თუკი პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის კატასტროფა, არამედ ეს მთელს მსოფლიოს მიაყენებს ზიანს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ და არა პუტინმა“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
საერთო ჯამში, დღეს ბირთვულ იარაღს 9 ქვეყანა ფლობს - აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა.
რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ეს ფეთქებადი მოწყობილობაა, მისი ენერგიის წყარო კი ბირთვული რეაქციაა. თავად ბომბის შექმნის ისტორია მანჰეტენის პროექტთანაა დაკავშირებული, პირველი გარღვევა 1911 წელს სერ ერნესტ რუთერფორდს ეკუთვნის. 1938 წლის 17 დეკემბერს ფიზიკოსმა ოტო ჰანსმა ატომის ბირთვის გახლეჩა შეძლო. უკვე 1945 წლის 16 ივნისს პირველი ატომური ბომბი ნიუ-მექსიკოში წარმატებით გამოსაცდეს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და ცივი ომის დროს, მსოფლიოს ორი ზესახელმწიფო - აშშ და საბჭოთა კავშირი ცდილობდა უფრო მეტი და უფრო ძლიერი ბირთვული იარაღის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ლობირებდნენ ბირთვული იარაღის შემცირებას, მსოფლიოში ბირთვული იარაღის მარაგი 1986 წელს რეკორდულ რიცხვამდე 70 300 ქობინამდე გაიზარდა.
ცივი ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შედარებით შეამცირეს მარაგები, მაგრამ გაჩნდა ბირთვული იარაღის მქონე ახალი სახელმწიფოები. მიუხედავად ამ შემცირებებისა, მსოფლიოს ბირთვული იარაღის თითქმის 90 პროცენტი აშშ-სა და რუსეთზე მოდის. მათ მოჰყვებიან ჩინეთი და საფრანგეთი, რომლებმაც დაიწყეს ბირთვული იარაღის გამოცდა, 1964 და 1960 წლებში. დიდ ბრიტანეთს აქვს მეხუთე ყველაზე დიდი ბირთვული იარაღი დღეს, თუმცა ის რიგით მესამე ქვეყანა იყო, რომელმაც შექმნა ატომური შეიარაღება ჯერ კიდევ 1952 წელს.
შეგახსენებთ, რომ პირველად ატომური ბომბი გამოყენებული იყო აშშ-ის მიერ, რომელმაც ამ ნაბიჯით შეაშინა საბჭოთა კავშირი. 1945 წელს აშშ-მა 5-ტონიანი ბომბი, სახელად „მსუქანი კაცი“ ჩამოაგდო ნაგასაკიზე, რის შედეგადადაც 73 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 ათასი სხვადასხვა დავადებამ იმსხვერპლა. მანამდე, ბირთვული ბომბი, სახელად „პატარა ბიჭი“ ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში. კაცობიობის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ბოლო შემთხვევაა ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მინიმუმადე არ არის დასული. თუ რუსეთის ხელისუფლება ამ ბრძოლას წააგებს, ასეთ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის ტერორის სხვა ფორმების კიდევ უფრო გაძლიერებას და ზეწოლას სახელმწიფოებზე სხვადასხვა ფორმით, რომ გარკვეული პოზიციები შეივალონ.
„ჯერჯერობით, რისკი რომ მინიმუმადე იყოს დასული, ასეთ რამეს ვერ ვხედავ. პირიქით, უფრო გამწვავებისკენ მივდივართ. ყოველდღიური ანგარიშები, მათ შორის დიდი ნაწილი დეზინფორმაციულია, მაგრამ იმაზე მიანიშნებენ, რომ არც ერთი მხარე პოზიციურად მზად არ არის რაიმეს დათმობისთვის და მათ შორის მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო, სამწუხაროდ, არ მოქმედებს გლობალური უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს აღნიშნული კონფლიქტი. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად, მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმა არ ხორციელდება. არადა საერთაშორისო თანამეგობრობას ამის კონკრეტული ვალდებულება გააჩნია“, - აცხადებს კუხალაშვილი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სასარგებლოდ არ დამთავრდება საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე, ძალიან ბევრ სურპრიზს უნდა ველოდოთ.
„სამწუხაროდ, ისეთი გადაჯგუფებები ხდება უკვე სახელმწიფოებს შორის, რომ, სამწუხაროდ, ძალიან სახიფათო ვითარება იქმნება მსოფლიოში. ვგულისხმობ სახელმწიფოთა დაჯგუფებას და მათ შორის ვსუბრობ იმ დაახლოებაზე, რაც რუსეთის ფედერაციასთან განახორციელა ირანმა. არსებობს გარკვეული პერსპექტივები, რომ სხვა სახელმწიფოებმაც ანალოგიური პოზიციები დაიჭირონ. ასე რომ, რუსეთი არ დარჩა მარტო.
მიუხედავად მსოფლიო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილის მცდელობისა, რომ რუსეთი იზოლირებული ყოფილიყო, ჩვენ ვაკვირდებით, რომ შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებისთვის არის საჭირო, რუსეთის ფედერაციას მიეწოდება უცხო სახელმწიფოებისგან. ეს არის როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური ბაზრები. ამიტომ, ორივე მიმართულება, სამწუხაროდ, მუშაობს.
თუ მსოფლიო თანამეგობრობა გააგრძელებს იგივე მიმართულებით სვლას, რა მიმართულებითაც დღეს მიდის, ვფიქრობ, რომ მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. ამ პერიოდის განმავლობაში რეალურად ვერ მოხერხდა კონფლიქტის მასშტაბების შემცირება, მაგრამ მოხერხდა რუსეთის მიერ საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოებთან კოორდინაციის აწყობა, ვფიქრობ, რომ ეს საომარი მოქმედების მასშტაბებს მნიშვნელოვნად გაზრდის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
იროსიმა და ნაგასაკი გამოგრჩა!
რატომ?!!!!!!!!!!!!!!!!!