ოპოზიციური სპექტრი ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებამ აღაშფოთა და ახლა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებას სთხოვენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თავად გვარამიას შეწყალება არ სურს და ეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ გააჟღერა.
„ძალიან კონკრეტულად მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება იყო შეწყალება. ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, არც არასდროს მოითხოვს. არასდროს მოუთხოვია არც მას, არც მის უფლებადამცველებს და არც ოჯახის წევრებს, ეს იყო ჩვენი, მისი მეგობრების და იმ პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, ვინც ვფიქრობთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის უნდა ყოფილიყო მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე. ეს მიმართვა გულისხმობდა ზუსტად იმას, რომ მან საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს 12 პუნქტის შესრულების კუთხით. რას გადაწყვეტს და როგორ პოზიციაზე დარჩება პრეზიდენტი, მისი საქმეა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ჯერჯერობით, ამ საკითხზე გამოხმაურება არ ყოფილა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალებაზე განაცხადა, რომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საქართველოს სახელმწიფოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებას პატივი სცეს.
„მე არ ვიცი, ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით. იმ პირთა შორის, ვინც დღეს შეწყალებაზე საუბრობს, არიან ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდნენ. ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ? მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური და თუ აქამდე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებდნენ, რა საფუძვლით შეიცვალა მათი ეს მოსაზრება?“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
ანალიტიკოსებს პრეზიდენტის, სალომე ზურბიშვილის სჯერათ და იმედი აქვთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს არ შეიწყალებს.
„სახელმწიფო აზროვნებიდან გამომდინარე, ქალბატონმა სალომემ ეს არ უნდა გააკეთოს. ერთია ხელისუფლებასთან პირადი წყენა და მეორეა სახელმწიფო ინტერესები. ამიტომ, მან სახელმწიფო ინტერესები პირელ ადგილზე უნდა დააყენოს. ამრიგად, ნიკა გვარამია უნდა იჯდეს იქ, სადაც ზის. კი, დღეს ოპოზიცია მისგან შეწყალებას ითხოვს, თუმცა რისი პრეზიდენტია, თუ ოპოზიციის ზეწოლას ვერ გაუძლებს! როდესაც ზურაბიშვილი ამ პოსტზე მოდიოდა, მას უნდა სცოდნოდა, თუ რა წინააღმდეგობები შეხვდებოდა. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი არ გააკეთებს იმას, რისკენაც დესტრუქცული ძალები მოუწოდებენ მას“ - განუცხადა for.ge-ს ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე პრეზიდენტის მხირდან იმ შეწყალებას იხსენებს, რომელიც საკმაოდ რეზონანსული იყო და რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა. თუმცა, ახლა ანალიტიკოსს სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის არის ის ურთიერთობა, რომელიც უნდა იყოს - პრეზიდენტს თავისი ფუნქცია-მოვალეობები აქვს, ხელისუფლებას კი თავისი. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში „ქართული ოცებმამ“ დიდი წვლილი შეიტანა. ასევე, კარგად გვახსოვს ოპოზიციის მხრიდან მის წინააღმდეგ როგორი სიცრუისა და დეზინფორმაციის ნიაღვარი მოდიოდა. ასეთი სიძულვილის ენა არც ერთ საარჩევნო კამპანიის დროს არ მახსოვს. შემდეგაც, ყველას გვახსოვს, რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ქალბატონ სალომეს, როგორც ქალს და რაც ყველაზე მთავარია, როგორც პრეზიდენტს. პრეზიდენტის ინსტიტუტს არ აღიარებდნენ და ა.შ. თუმცა, გვახსოვს 8 მარტის შეთანხმებაც, როდესაც მან ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა. მაშინაც სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გვახსოვს, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ საერთო ინტერესეიდან გამომდინარე მიიღო. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მით უმეტეს მიიღოს იმიტომ, რომ ხელისუფლება დასაჯოს. გვარამიამ ჩაიდინა დანაშაული, კერძო კომპანიამ მას უჩივლა, რადგან კომპანიას ზიანი მიაყენა. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და ის დააპატიმრა, ხოლო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა. რაც შეეხება იმას, რომ ნიკა გვარამია თავისუფალი სიტყვის სიმბოლოა და მის პატიმრობას თავისუფლებასთან რაიმე კავშირი აქვს, მით უმეტეს ევროკაშირის 12 პუნქტის შესრულებასთან, ეს ასე არაა“ , - აღნიშნა ბოჟაძემ.
სწორედ, ამ თემაზე აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ გვარამიას პატიმრობაში დატოვება საქართველოს ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებაში, რაზეც ანალიტიკოსი ელჩს ასე პასუხობს: „საელჩოს განცხადება გადაჭარბებული იყო. ბუნებრივია, გვარამიას პატიმრობა საქართველოს საგარეო კურსზე, არც მედიისა და არც სიტყვის თავისუფლებაზე არ გადის. ამ განცხადებით დადასტურდა ის, რომ საელჩო დაინტერესებული იყო ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმით. ამის პარალულად, გვახსოვს მოსამართლეების დასანქცირება. სამწუხაროდ, აშშ-ს საელჩო წყვეტს, რომელი მოსამართლე წავიდეს ან არ წავიდეს ამერიკაში. ეს არის პირდაპირი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. ჩვენ კი სასამართლოს დამოუკიდებლობა იმიტომ გვინდა, რომ მოსამართლეების მხრიდან გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა არავინ მოახდინოს. რა თქმა უნდა, აშშ-ს ელჩის ეს განცხადება წასაკითხად და მოსასმენად მძიმე იყო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილისგან გვარამიას შეწყალებას არ ველოდები“, - განუცხადა ბოჟაძემ for.ge-ს.