„დიდ ოცეულში“ დაბნეულობაა - ჩინეთი სამიტზე ომის თემის განხილვის წინააღმეგია, სამიტის მონაწილეები დღის წესრიგზეც ვერ თანხმდებიან

„დიდ ოცეულში“ დაბნეულობაა - ჩინეთი სამიტზე ომის თემის განხილვის წინააღმეგია, სამიტის მონაწილეები დღის წესრიგზეც ვერ თანხმდებიან

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ადასტურებას, რომ G20-ის სამიტზე ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ აპირებს. ჯერ კიდევ 27 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა დიდი ოცეულის სამიტზე დასწრება, თუმცა დაამატა, რომ სამიტზე რუსეთის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება. ინდონეზიის პრეზიდენტმა რუსი კოლეგა სამიტზე, რომელიც ბალიზე 15-16 ნოემბერსაა დაგეგმილი, აპრილში მიიწვია.

რუსეთის აგრესიის გამო G20-ის ქვეყნებმა ჯერ ვერ შეათანხმეს ინდონეზიაში სამიტის დღის წესრიგი. ინდონეზიაში უკრაინის ელჩის ვასილი გამიანინის განცხადებით, ამ მომენტისთვის „დიდ ოცეულში“ არ არსებობს კონსენსუსი, სრულიად განადგურებულია წინა სამოქმედო გეგმა და დღის წესრიგი. მისი თქმით, „ოცეულში“ არ არსებობს ერთიანობა, პირველ რიგში, თუ რა უნდა იყოს განხილული.

როგორც უკრაინელი დიპლომატი აცხადებს, მაგალითად, ჩინეთი იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ G20 ეკონომიკური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული და არ განიხილოს რაღაც პოლიტიკური მომენტები, მით უმეტეს ომი. მისი თქმით, ასეთი პოზიცია სამიტის მონაწილეთა ნაწილის გულწრფელ შეცბუნებას იწვევს.

„ინდონეზიურმა მხარემ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო, რათა სამიტის დღის წესრიგი შეექმნა და მიზნად ისახავდა წინა პლანზე პანდემიასთან ბრძოლის, ენერგეტიკული საკითხებისა და ციფრული ტრანსფორმაციის გამოტანას. მათი ბრალი არ არის ის, რომ ტერორისტი სახელმწიფო ჩვენი მეზობელია და, რომ მოსკოვურმა ფაშისტურმა რეჟიმმა, ფაქტობრივად, გაანადგურა დღის წესრიგი. ახლა ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა“, - განაცხადა ვასილი გამიანინმა.

G20-ის სამიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა ოფიციალურ პეკინს მოუწოდა, უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე თავისი გავლენა გამოიყენოს. როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ბევრ პრობლემას უქმნის წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს, ხოლო ჩინეთი, რომელიც არის დიდი ქვეყანა და მას, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება.

მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები G20-ის სამიტისთვის ემზადებიან, ცნობილი ხდება, რომ ოკუპანტებმა ხერსონში სადღეღამისო „კომენდანტის საათი“ გამოაცხადეს იმ მოტივით, რომ უახლოეს ერთ-ორ კვირაში საბრძოლო მოქმედებები ამ მიმართულებით შეიძლება გააქტიურდეს. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხერსონი ახლა ყველაზე საშიში მოქმედებების ზონაა. ამასთან, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი პირების სამხედრო მობილიზაციის შესაძლებლობას ითვალისწინებს. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში შესაძლებელი იქნება, რომ მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული პირები ჯარში გამოიძახონ. გამონაკლისი იქნება მხოლოდ იმ პირების შემთხვევაში, ვინც სექსუალური ძალადობის, სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობის ან ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ მცირდება და მობილიზებულთა რაოდენობამ უკვე 318 000-ს მიაღწია. რატომ 318 000? იმიტომ, რომ მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება. ამ რიცხვიდან 49 000 ადამიანი უკვე ჯარში იმყოფება და საბრძოლო დავალებებს ასრულებს, დანარჩენები კი კვლავ წვრთნებს გადიან“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა, გენშტაბის ყოფილი უფროსი, „ჯეო ქეისის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ მობილიზაციის შედეგად 300 ათასი კაცი გაიწვიეს და ამის გარდა, მობილიზაცია გადავიდა საშემოდგომო საყოველთაო გაწვევაში, რომელიც 120 ათასსზე მეტ წვევამდელს გულისხმობს.

„ასე რომ, მობილიზაცია არ შეჩერებულა. ფორმალურად შეჩერდა რეზერვიდან გაწვევა, მაგრამ გაგრძელდა სავალდებულო სამსახური იმ მიზეზით, რომ ახალწვეულები შეიძლება გაწვეული იქნან იმ საომარი მოქმედების ზონაში, რომელიც რუსეთს აღიარებული აქვს საკუთარ ტერიტორიად. რაც შეეხება ხერსონს, რუსებთან დაკავშირებით, არავითარ ჰუმანურობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. მოსახლეობის გამოყვანა ძირითადად ემსახურება იმას, რომ სამხედროებს გაუადვილონ სამხედრო ამოცანის შესრულება. რა თქმა უნდა, რუსეთი არ აპირებს ომის შეწყვეტას, ემზადება ხანგრძლივი ომისათვის. სულ ვძახდი, რომ უკრაინა და მთელი მსოფლიო უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ აქ იქნება ხანგრძლივი ომი.

ახლა, ჩემი აზრით, ორივე მხარე ემზადება ზამთრის კამპანიისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება საბრძოლო მოქმედება, მაგრამ მათი აქტიურობა, მათი მასშტაბი შემცირდება და გადავა პოზიციურ დაპირისპირებაში. ეს არ გამორიცხავს, რომ მანამდე, ზამთრის დადგომამდე იქნება კიდევ მცდელობა, რომ მაქსიმალურად უკეთესი პოზიცებით გავიდნენ ზამთრის პერიოდზე, თუმცა, ჩემი აზრით, ორივე მხარე მოემზადება გაზაფხულისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

რაც შეეხება G20-ის სამიტს, კაპანაძე ამბობს, რომ ზამთარში უნდა გამოჩნდეს, რას შედეგს გამოიწვევს ენერგობლოკადა უკრაინაში და ევროპაში. მისი თქმით, ასევე, უკრაინა უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

„ვხედავთ, რომ ის ამისთვის მზად არ არის და არც აპირებს. რუსეთს აქვს სურვილი, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები და რამენაირად მოიგოს დრო. ამჟამად ყველაზე მეტად მოლაპარაკება აწყობს რუსეთს, მაგრამ, ამ წუთის მდგომარეობით, არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ მოლაპარაკებები დაიწყება. შესაბამისად, ამ სამიტიდან არაფერს არ ველოდები. ზამთრის შემდეგ გამოჩნდება რაზე შეიძლება მოლაპარაკება“, - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

 

trampi "ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკების მიმართ ღიაობა გამოხატონ" - The Washington Post



დაიბნევიან.... აბა მაშ რა ჯანდაბა მოუვათ.....

ამერიკა---- ევროპამ თუ რამე ძველი გასასაღებელი იარაღი ჰქონდათ გააასაღეს უკვე და ეხლა ......................... მოლაპარაკებაო..................
რაში ენაღვლებათ რააა მაგათ რუსების და უკრაინელების ხოცვა
ძაან მაინტერესებს ფინიში როგორი იქნება....
მოკლედ ორივეს, არა სამივეს .... ძაან ვბალეშიკობ, ძაან
2 წლის უკან