„ნაციოანლურ მოძრაობაში“ დაწყებულმა ძვრებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს - პარტიაში დაპირისპირება პიკს აღწევს, რის გამოც უკვე ორი კვირის განმავლობაში ენმ ორმა წევრმა დატოვა. ნიკა ობოლაძის შემდეგ, ენმ-ში საკუთარი და ქვეყნის მომავლის განვითარება ნონა მამულაშვილმა ვეღარ დაინახა, ამიტომ მან პარტიაც და პარალმენტიც დატოვა. მამულაშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ თანაპარტიელებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით აცნობა. ის მიხეილ სააკაშვილის აქტიურ მხარდამჭერად ითვლება და პარტიაშიც მისი ლობისტობის შედეგად მოხვდა.
მამულაშვილი გავრცელებულ განცახდებაში აღნიშნავს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში „ყველაზე სამარცხვინოა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი „პოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია“.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.
მე დღესაც, როგორც 2020 წელს, იგივე და მარტივი მიზანი მაქვს - მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი ხვედელიანისა და ბექა ყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმა „გამზირს“, - წერს ნონა მამულაშვილი.
25 სექტემბერს, მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ის მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე „აქტიურობის გამო“ მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ „ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან“.
იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ის ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მუქარის გამო, პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა თუ პოლიტიკური პარტია, არამედ გაურკვეველი წარმონაქმნია, ხოლო მისი მხარდამჭერები პარტიას მხარს არა პოლიტიკური საქმიანობის გამო, არამედ ბელად მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის გამო უჭერენ. ეს არის სექტანტური ტიპის პარტია, რომელიც არა ქვეყნის მომავალზე, არამედ მხოლოდ იმაზე ზრუნავს, ქვეყანა როგორ და რა ფორმით დააზიანოს. ამიტომ იქ დაწყებული დაპირისპირება მოსალოდენლიც იყო და, დიდი ალბათობით, დუღილის ტემპერატურა კიდევ უფორ ზევით აიწევს.
„მიმდინარე წლის თებერვალში ნიკა მელიამ საკუთარ პარტიას განაჩენი გამოუტანა, სადაც თქვა, რომ 20 წლის განმავლობაში ენმ-ს არ გააჩნია, არც ერთი ნიშანთვისება, რომელიც კლასიკურ პოლიტიკურ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს. პარტიას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურა და რეგიონალური წარმომადგენლობები. არ არსებობს მიმართულება, რომელიც ახალგაზრდებთან იმუშავებს, არ გააჩნია გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპეტქივაზე გაწერილი გეგემები. თემატური პროგრამები არა აქვთ. ეს არის ადამიანთა ორგანიზაციის აქტიურობა, რომელიც მხოლოდ 2-3 თვე მუშაობს. მერე პარტიული ინტერესი და პოლიტიკური ცხოვრება ამ ორგანიზაციას არ გააჩნია. როდესაც საუბარი რაღაცა სექტანტური ტიპის ორგანიზაციაზე მიდის და პოლიტიკური პარტიისთვის დამახასიათებელი არც ერთი ნიშანთვისება არ გააჩნია, ქვეყანაზე ასეთი პარტია პოლიტიკურ გავლენას ვერ მოახდენს. მათ მხოლოდ დესტრუქციული დღის წესრიგი აქვთ და ერთი მიზანი ამოძრავებთ, რომ ქვეყნის რეპუტაცია დააზიანონ, პარლამენტში სრული საბოტაჟი და დემარში მოაწყონ. მათი ძირითადი რიტორიკა კი მხოლოდ ის არის, რას იტყვის დასავლეთი და ბრიუსელი, რას იტყვის შარლ მიშელი და ვაშინგტონი, ხოლო არც ერთხელ, არ უფიქრიათ იმაზე, რას იტყვის ჩვენი ამომრჩეველიო. მათი ინტერესია ქვეყანაში სიტუაცია როგორმე ააყირავონ, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ხერხით უკან, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რის საშუალებასაც მათ საზოგადოება აღარ აძლევს. მათი რეიტინგები ყოველდღიურად იკლებს და იმდენად ქვემოთ არიან, მათივე დაქირავებეული ორგანიზაციებიც კი რეიტინგს ვეღარ უყალბებენ“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
თუკი „ნაცონალური მოძრაობის“ დასუსტება და რღვევა ამ ტემპით გაგრძელდა, ქვეყანაში რა სახის პოლიტიკურ რეალობას მივიღებთ? მიეცემა თუ არა სხვა პარტიებს შესაძლებლობა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე უფრო გაძლიერდნენ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სრულიად სხვა რეალობა მივიღოთ? -ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ ნიკა მელია ამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას შეინარჩუნებს, ის აუცილებლად შეეცდება, რომ პარტია რადიკალური და დესქტრუქციული ძალებისგან გაწმინდოს.
„მელია შეეცდება, რომ თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს, რომელიც 20 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო. თუმცა მას, შესაძლოა, იმ რაოდენობის ამომრჩეველი აღარ ჰყავდეს, რაც ჰყავდა, მაგრამ ოპოზიციური ამომრჩევლის რაღაც ნაწილი მაინც დარჩება. აუცილებლად განჩდებიან ახალი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ეცდებიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოიტანონ. ქვეყანა ამ ორპოლუსიან გაუგებარ ჭიდილში ყოფნას ვეღარ გააგრძელებს. როდესაც ოპოზიციური სპექტრი კოტრდება, ქვეყანას და სახელმწიფოს განვითარებას ოპოზიციური ფლანგი სჭირდება“,-ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ გასაკვირია, ნიკა მელიამ ამდენი ხნის განამვლობაში პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა როგორ შეინარჩუნა. საყვარელიძე ამბობს, რომ უფრო ადრე იყო მოსალოდნელი მას პარტია თავის მხარდამჭერებთან ერთად დაეტოვებინა, თუმცა, როგორც ჩანს, ის წარსულ გამოცდილებას ითვალისწინებს, როცა პარტია სხვებმა დატოვეს და მათი პოლიტიკური მომავალი არც თუ წარმატებით განვითარდა. ამიტომ მელია, სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილთან სიტუაციის დალაგებას ცდილობს და მასთან ერთად უნდა პარტია ხელში ჩაიგდოს ისე, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი ისევ დაკავშირებული იყოს. ყველამ კარგად იცის, რომ პარტიას ამხელა მხარდაჭერა მხოლოდ მის გამო აქვს.
„პარტიაში რომ დიდი ხანია სიტუაცია დაძაბულია და დუღილის ტემპერატურა მაღლა იწევს, ფაქტია. თუმცა, როგორც ჩანს, პარტიის შიგნით სიტუაცია იმდენად მძიმედ არის, უბრალოდ, რღვევა დაიწყო. ფაქტია, მიშისტები სააკაშვილის დუმილის და უმოქმედობის ფონზე უმცირესობაში აღმოჩდნენ და ზოგი მათგანი იძულებულია პარტია დატოვოს. მე ის მიკვირს, მელია ამდენ ხანს იქ როგორ ძლებს და თავს როგორ იმაგრებს. ეჭვი ჩნდება, რომ ის დავით კეზერაშვილთან სიტუაციის დალაგებას ცდილობს და საბოლოოდ, ორივე ხელში ჩაიგდებს პარტიას. მიშას მხარდამჭერების დუმილს პარტიაში ამით ვხსნი, რომ მელიას ზურგს უფრო ძლიერი ვიღაც უმაგრებს. თუმცა პარტია სააკაშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენს. გვინდა თუ არა, მას ქარიზმა აქვს და მხარდამჭერებს სწორედ ამის გამო მოსწონთ. იგივე არის ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებითაც, როცა მის მხარდამჭერებს მისი სადარი არც ერთი პოლიტიკოსი არ მიაჩნიათ. შევარდნაძემ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი იყო, ხალხის გულის მოგება მაინც ვერ შეძლო. ამიტომ დღეს ენმ-ში არც მელია და არც სხვა ლიდერები არ წარმოადგენენ იმ დონის ლიდერს, როგორიც სააკაშვილი მისი მხარდამჭერებისთვის არის. შესაბამისად, მათ პარტია სააკაშვილის გარეშე უნდათ, მაგრამ არა მისი სახელისგან დისტანცირებული. ამიტომაც ეს დაპირისპირება და ბრძოლა წესების გარეშე კიდევ უფორ გამძაფრდება, რაც მგონია, რომ პარტიას დაშლის“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება სააკაშვილის დუმილს და პროცესებისგან დისტანცირებას - საყვარელიძე ამბობს, რომ მას პოლიტიკიდან წასლა ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს, ამიტომ ამის გაჟღერებისგან თავს იკავებს. ის თავად არ არის დარწმუნებული, რომ ამის გაკეთება უნდა. ეს კი პარტიაში მოლოდინის და გაურკვევლობის განცდას ზრდის. პარტიის წევრები ხვდებიან, რომ მათი მომავალი გაურკვეველი ხდება, ამიტომაც ვისაც საშუალება აქვს უბრალოდ გარბის.