იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია. ევროსასამართლოს შეფასებით, საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის „მომზადების“ მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს. ევროპულმა სასამართლომ სწორედ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე არ იმსჯელა და კონვენციის დარღვევა ამ ნაწილში არ დაადგინა. ამიტომ საქმის ხელახლა განხილვის და გადახედვის პერსპექტივა მცირდება.
თუმცა სასამართლოს დასკვნის მიხედვით მამალაძესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ გიორგი მამალაძეს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 ათას 418 ლარი. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას, 376 ათას ლარს და ასევე მორალური ზიანისთვის 150 ათას ევროს ითხოვდა.
ამის მიუხედავად, დეკანოზ მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში საქმე წააგო. ამიტომ დეკანოზ მამალაძეს ეძლევა საშულება სასჯელის განახევრება მოითოხვოს, ან საქმის ხელახალი გადახედვა მოხდეს და ის ციხიდან გაათავისუფლონ. თუმცა არსებობს მესამე გზაც, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება გამოიყენოს იმის საფუძვლად, რომ დეკანოზი მამალაძე შეიწყალოს. თუმცა მამალაძე ამ თოხვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს.
დავით ჯანდიერის განცხადებით, ევროპული სასამართლო ბრალეულობაზე - ვინმე დამნაშავეა, თუ არა, არ მსჯელობს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.
როგორც ჯანდიერი განმარტავს, გიორგი მამალაძის მიმართ მე-6 მუხლი, ანუ ადამიანის უფლება დაირღვა, ხოლო დეკანოზ მამალაძეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს, რათა მისი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა მოხდეს.
კითხვაზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად კანონიერად შეიძლება ჩაითვალოს მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, იურისტი ასე პასუხობს: „როცა საკითხი უკავშირდება კონვენციის დარღვევას, მაშინ განაჩენი არ არის კანონიერი“.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი კი აცხადებს, რომ ყველა მტკიცებულება, ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ გიორგი მამალაძემ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს შეფასებით აღარ ჩნდება კითხვის ნიშნები განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით და მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით მომჩივანმა მიიღო უარყოფითი პასუხი, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ 3 ძირითადი პრეტენზია ჰქონდა მომჩივანს სასამართლოს წინაშე. აქედან ერთი იყო მთავარი, შინაარსობრივი ხასიათის მოთხოვნა, რაც გულისხმობდა - მას, მთავარი მტკიცებულება, ციანიდი ჩაუდეს და შესაბამისად ამ უკანონო მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო უკანონო, - ეს იყო მთავარი მოთხოვნა ევროპული სასამართლოს წინაშე. დამატებით ჰქონდა ორი პროცედურული მოთხოვნა, რომელიც გავლენას არ ახდენდა ამ შინაარსზე, უბრალოდ იყო დამატებითი ორი მოთხოვნა. ერთი, ეს შეეხებოდა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და მეორე - სასამართლო პროცესი უნდა წარმართულიყო საჯაროდ თუ დახურული. ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სამივე პრეტენზიაზე კონკრეტული პასუხი გვაქვს. პირველ, არსებით საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ დარღვევა ვერ დაინახა, ევროპული სასამართლოს შეფასებით, მტკიცებულებების მოპოვების დროს, კონკრეტულად ციანიდის ნაწილშიც დადასტურდა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეს მტკიცებულება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოიპოვეს და შემდეგ უკვე განაჩენებით, რომელიც დაეფუძნა ამ მტკიცებულებებს იყო ევროპული კონვენციის სრულ შესაბამისობაში“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
ბექა ძამაშვილის თქმით, რაც შეეხება ორ დამატებით პროცედურულ მოთხოვნას, აქ დარღვევები დადგინდა.
„თუმცა ეს დარღვევები გავლენას ვერ მოახდენს არსებით მხარეზე, გავლენას ვერ მოახდენს იმაზე, რომ გადაწყვეტილება არის კანონიერი“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი for.ge-სთან განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ განიხილა მამალაძის საქმის სამართლებრივი წარმოების სხვადასხვა დროს მოხდა თუ არა კოვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა. იურისტი ამბობს, რომ სტრასბურგმა მხოლოდ სამ კომპონენტზე იმსჯელა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება. აქედან ორზე დაადგინა, რომ სახელმწიფომ მამალაძის მიმართ უფლებები დაარღვია.
„რაც შეეხება იმსჯელა თუ არა მტკიცებულებების კანონშესაბამისობაზე და აქედან გამომდინარე განაჩენის კანონიერებაზე, სტრასბურგის მანდატის კომპენტენციაში განაჩენის კანონიერების კვლევა არ შედის. სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, მამალაძეს უნდა ჰქონოდა პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ამის საშულება კანონმდებლობით მისცემოდა. სტრასბურგის სასამართლო პრესრელიზში მიუთითებს, რომ მამალაძეს ჰქონდა კანონმდებლობით შესაძლებლობა, რომ ედავა ამ საკითხებზე, რისი საშუალებაც არ მიეცა. ან სანქცირების გარეშე ჩხრეკა რომ ჩატარდა, ამაზე შეეძლო ედავა და არ უდავია. ასევე ამოღების ოქმთან დაკავშირებით არის მითითება, რომ გასაჩივრება შეეძლო და ეს უფლება არ გამოუყენებია. მეტის თქმის საშულება შემდეგ მოგვეცემა, როცა დასაბუთებული გადაწყვეტილება ცნობილი იქნება“, - ამბობს იურისტი.
რაც შეეხება კითხვას რის საშუალებას აძლევს მამალაძეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შეუძლია თუ არა მან მიმართოს სასამართლოს, რომ საქმის ხელახალი გადახედვა მოხდეს? - ალაფიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მამალაძეს მხოლოდ ეძლევა ფორმალური საფუძველი, რომ სასამართლოს განაჩენის გადახედვისთვის მიმართოს.
„აქამდე მამალაძეს ამის ფორმლაური საფუძველიც კი არ ჰქონდა, რომ სასამართლოსთვის განაჩენის გადახედვის მოთხოვნით მიემართა. კანონმდებლობა გადახედვის შესაძლებლობას არ იძლეოდა. ეს ფორმლური საფუძველი ახლა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ გაუჩნდა. ხოლო თუ მამალაძე სასამართლოს მიმართავს, რთულია იმის თქმა სასამართლო ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებს თუ არა. ის მოცემულობა, რაც მოკლედ სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია გადმოცემული, ამის თქმის საშუალებას არ იძლევა. საქმის განახლების პერსპეტქივა და შანსი თეორიული არსებობს. თუმცა სასამართლოს აქვს უფლება მამალაძის საქმე არც კი განიხილოს და არ მიიჩნიოს საჭიროდ, რომ საქმის წარმოების გადახედვა უნდა მოხდეს“, - ამბობს ალაფიშვილი.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შეუძლია თუ არა მას სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოიყენოს იმის საბაბად, რომ მამალაძე შეიწყალოს? - ალაფიშვილი ამბობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და მას თუ სურვილი აქვს, მამალაძის შეწყალება ნებისმიერ დროს შეუძლია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არაფერ შუაში არ არის იმასთან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზურაბიშვილი. მას ეს დასკვნა ვერ აიძულებს, რომ მამალაძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს, თუ ამის გაკეთება არ უნდა. ასევე არ არის საჭირო მამალაძემ ამ თხოვნით მიმართოს, პრეზიდენტს ამის გაკეთება ჰუმანიტარული აქტის სახით მაინც შეუძლია.
იურისტი ლია მუხაშავრია კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მე-6 მუხლის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სასამართლოს არა აქვს უფლება მამალაძის საქმის გადახედვაზე უარი უთხრას. მას შეუძლია ეს 6 თვის განმავლობაში მოითხოვოს. ხოლო თუ ეს შანსი ხელიდან გაუშვა, მაშინ მას ამის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება. თუმცა არ არსებობს იმის გარანტია, რომ საქმის გადახედვის შემთხვევაში სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნოს.
„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძეს შეეზღუდა უფლებები, რათა სასამართლოზე მას სიტყვით თქმის საშაულება ჰქონოდა, ასევე მის ადვოკატს არ ეძლეოდა საშაულება საქმის მასალებზე და მტკიცებულებებზე მედიასთან ესაუბრა, როცა ამ საშუალებას პროკურატურა სრულად იყენებდა, უფრო მეტიც, მათ ფარული ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებიც კი წარადგინეს მედიაში და მამალაძის დანაშაულს ამტკიცებდნენ. სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ამის გამო მამალაძის უფლებები დაირღვა, მას არ მიეცა იმის საშუალება, რისიც ბრალდების მხარეს ეძლეოდა. ამიტომაც რადგან ეს მე-6 მუხლის დარღვევა მოხდა, ჩვენს სასამართლოს აქვს ვალდებულება, რომ მამალაძის მიმართვის შემთხვევაში, საქმეს ხელახლა გადახედოს.
თუმცა ეს 6 თვის განმავლობაში მამალაძემ უნდა მოასწროს. თუ შანსი ხელიდან გაუშვა, მერე ამის უფლება აღარ აქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმის ხელახლა გადახედვის შემთხვევაში მამალაძე გამართლდება. შესაძლოა, ისევ გამტყუნდეს და განაჩენი ძალაში დარჩეს. ან წლები დააკლდეს და სასჯელი გაუნახევრდეს, ან სულაც გაამართლონ, ამაზე საუბარი წინასწარ რთულია. უბრალოდ, პროცედურულად საკმაოდ რთული იქნება, რადგან მამალაძემ ის მთელი სასამართლო პროცესი ისევ ხელახლა უნდა გაიაროს“, - ამბობს მუხაშავრია.