„უკრაინელებთან ომი ძალიან ძნელია. მათ გენეტიკურად სძულთ რუსები, როგორც პოლონელებს. პირადად შევესწარი უკრაინის ცეკას პირველი მდივნის შელესტის ნათქვამს, როდესაც „უფროსი ძმის“ - რუსი ხალხის სადღეგრძელო დალიეს, შელესტიმ თქვა, „მე არ ვიცი, როგორ არის ქართულ ზღაპრებში, მაგრამ უკრაინულ ზღაპრებში უფროსი ძმა ყოველთვის სულელი და დეგენერატიაო“. სხვათა შორის, ეს შელესტი მერე ხრუშჩოვმა მოხსნა ნაციონალიზმის გამო“, -აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბარში.
უკრაინის პრემიერმა საკუთარი მოსახლეობა შეამზადა, რომ რთული ზამთრისთვის მოემზადონ. თუკი გამძლე უკრაინელებს ელით ცივი ზამთარი, რა ელის კომფორტს მიჩვეულ ევროპას, რომელსაც პუტინი გაყინვით დაემუქრა? პარალელურად, პუტინმა უკრაინას შეუთვალა, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. კიდევ რისი გაკეთება შეუძლია პუტინს?
- უკრაინას მართლაც ელის რთული ზამთარი, განსაკუთრებით, მის დედაქალაქ კიევს. კლიჩკომ ძალზე საინტერესო გეგმა გამოაცხადა, რომ ათასი პუნქტი შეიქმნება უკრაინის დედაქალაქში, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ მივიდნენ, გათბნენ, ცხელი ჩაი დალიონ, იქაურობა უკვე მომარაგებულია გენერატორებით, წყლით. კიევი დიდი ქალაქია, მაგრამ ათასი ასეთი პუნქტი მაინც ბევრია. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, უკრაინა ზამთარს გადაიტანს. თანაც, ევროკავშირმა უკრაინას გუშინ გამოუყო კიდევ 30 მილიონ ევრომდე თანხა დანგრეული ელექტროსადგურების აღსადგენად, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ფული კი არის, მაგრამ სათადარიგო ნაწილები ჰესების აღსადგენად არ იშოვება, ეს საბჭოთა დროინდელი ნაგებობებია და ამის სათადარიგო ნაწილებს დღეს არავინ არ უშვებს მსოფლიოში. უკვე 40%-ია დანგრეული სისტემა და კიდევ გრძელდება ელექტროობიექტების დაბომბვები. რაც შეეხება ევროპას, აქ უკვე პუტინის გეგმა ნამდვილად ჩაფლავდა, ვინაიდან დღეს ევროპაში პრობლემა აღარ არის, გაზი სად იშოვონ, ევროპას გაზი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე სჭირდება. 50-დან 75 გიგანტური ტანკერები (ზოგიერთი წყარო 50 ტანკერს ასახელებს, ზოგი 75-ს), რომელთაგან ზოგი ტანკერი 2-სართულიანი სახლის ხელაა, გაზით სავსე დგას ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, გერმანიის პორტებთან და ელოდება დაცლას. ასე რომ, გაზი სავსე აქვს ევროპას. 1-ლი ნოემბრისთვის მიწისქვეშა გაზსაცავები 80%-ით უნდა შევსებულიყო, თუმცა ორი კვირით ადრე, 15 ოქტომბერს 95%-ით იყო სავსე. დღეს უკვე ადგილი აღარ არის, რომ შეავსონ გაზსაცავები. თანაც, ეს როგორი გაზსაცავებია, იცით? ბუნებრივ აირს მინუს 160 გრადუსამდე ყინავენ და თხევადად გადააქცევენ, ამ თხევად გაზს ასხამენ ტანკერში და შემოაქვთ, შემდეგ უკვე ქარხნებია საჭირო იმისთვის, რომ რეგაზიფიკაცია მოხდეს, ანუ ისევ ბუნებრივ აირად იქცეს. გერმანია და ჰოლანდია ახლა ერთად აშენებენ გიგანტურ მიწისქვეშა საცავს, ამიტომ ევროპამ გაზის პრობლემა გადაჭრა. მართალია, გაზი დღეს ევროპაში 2-ჯერ ძვირია იმასთან შედარებით, რაც იყო წელიწადნახევრის წინ, მაგრამ 6-ჯერ იაფია იმ ფასთან შედარებით, რაც იყო ზაფხულსა და გაზაფხულზე. სამაგიეროდ, რუსეთმა უკვე საბოლოოდ დაკარგა ევროპის ნავთობის და გაზის ბაზარი. მიღწეულია შეთანხმება, დეკემბრიდან ალბათ გაზსაც დაუწესებენ ზედა ზღვარს, ჯერჯერობით უნგრეთი ამის წინააღმდეგია, მაგრამ ევროკავშირი როგორმე მოუვლის. ასე რომ, უკრაინა როგორმე გადაიტანს ზამთარს, მთავარია მერე აღდგენა უკრაინის. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ომი, ევროპასა და, განსაკუთრებით, ამერიკაში, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ტრამპი თუ სხვა ვინმე, რუსეთს დიდი უსიამოვნება ექნება უკვე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების თვალსაზრისით, ვინაიდან მომხდარს ვერავინ გაექცევა. რუსეთმა ჟენევის ყველა კონვენცია დაარღვია.
ორი მსოფლიო ომის შემდეგაც პუტინმა ვერ გამოიტანა დასკვნა და საერთაშორისო წესების შეცვლას შეეცადა. შემთხვევითი არაა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ერთობლივი ტრიბუნალის შექმნა მოითხოვეს პუტინის წინააღმდეგ.
- პუტინმა საერთაშორისო წესები დაარღვია. ეს არის სამოქალაქო ობიექტების მიზანშეწონილი, გამიზნული განადგურება. პუტინი ვერ იტყვის, შემთხვევით ვესროდი სამხედრო ქარხანას და მოხვდა ელექტროსადგურსო, ვინაიდან თვითონვე აკეთებს აღიარებებს. პუტინი ყოველდღე აცხადებს, რომ მისი მიზანია ენერგოსისტემის ქსელის განადგურება, რომ შემდეგ ყინვები დაიწყება, უკრაინელები მიაწყდებიან ევროპას, ევროპაში ამას მოჰყვება უკმაყოფილება და ევროპა ზელენსკის აიძულებს, დადოს რუსეთისთვის სასურველი ხელშეკრულება დაზავების თაობაზე, მაგრამ ეს გამორიცხულია.
ჩვენ გვახსოვს მაიდნის პროცესები, როცა უკრაინელები იმ ყინვაში ფეხმოუცვლელად იდგნენ და არავინ ფიქრობდა სახლში წასვლას. მაშინ გვიკვირდა კიდეც, იმ საშინელ ყინვაში რა დროს ნარინჯისფერ რევოლუციაზე ფიქრი იყო. თუმცა ომმა დაღლა იცის, უპირველესად ფსიქოლოგიური დაღლა, ხომ შეიძლება ეს გამძლე ხალხიც დაიღალოს, მიაწყდეს ევროპას და დაცარიელდეს უკრაინა?
- რასაკვირველია, ეს გამძლე ხალხია. 1-ლი ნოემბრიდან კიევში ტროლეიბუსები აღარ დადის, დენი არ არის, ავტობუსებზე გადავიდნენ, უკვე დაიწყო დენის გამორთვები, მაგრამ ევროკავშირმა უკვე მიაწოდა ენერგოგენერატორები. კიევში გახსნილი ათასი პუნქტი რომ ვახსენე, იქ ხალხი არ გაიყინება მაინც. იმ პუნქტებში შეუძლიათ 3-4-ჯერ შევიდნენ, მობილური დატენონ, ცხელი ჩაი დალიონ, გამოვიდნენ, თავიანთ საქმეზე წავიდნენ, შესცივათ, კიდევ შევიდნენ იმ პუნქტებში. თქვენ გაინტერესებთ, ხომ არ დაცარიელდება უკრაინა, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩემი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო თვეები მიცხოვრია დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში, ერთხელ თვენახევარი ვიყავი, მეორედ ორი თვე, იქ სულ სხვა ხალხია. ჯერ ერთი, თვითონ უკრაინელები სხვანაირი ხალხია, „ხახლი“, როგორც რუსები ეძახდნენ მაგათ, ძალზე ჯინიანები არიან, გენეტიკურად აქვთ ასეთი დამოკიდებულება რუსების მიმართ, როგორც პოლონელებს, რუსები სძულთ. ეს ყოველთვის ასე იყო. ერთ მაგალითს გეტყვით, მეცნიერებათა აკადემიაში 40 წელიწადი ვმსახურობდი, აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილის თანაშემწე ვიყავი, თუ არ ვცდები, საბჭოთა კავშირის დაარსების 50 წლის იუბილე იყო, საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის დელეგაცია, რომელსაც მეცნიერებათა აკადემიამ უმასპინძლა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო უკრაინის ცეკას პირველი მდივანი შელესტი (რომელიც მერე ხრუშჩოვმა მოხსნა ნაციონალიზმის გამო). ბანკეტზე თამადა იყო გეპეის მაშინდელი დირექტორი იოსებ ბუაჩიძე, მაშინ ტერმინი „რექტორი“ არ არსებობდა, იოსებ ბუაჩიძემ პირველი სადღეგრძელო თქვა „ჩვენი უფროსი ძმის-რუსი ხალხის“ მიმართ, შელესტი მაღალი, მელოტი კაცი იყო, ადგა და თქვა: „მე არ ვიცი, როგორ არის ქართულ ზღაპრებში, მაგრამ უკრაინულ ზღაპრებში უფროსი ძმა ყოველთვის სულელი და დეგენერატიაო“. ეს თქვა 70-იან წლებში. იქ ისეთი ამბავი ატყდა, ჩვენები შიშის ოფლს იწმენდნენ, უკრაინის დელეგაციამ კი ტაში დაუკრა. ამიტომ უკრაინელებთან ომი ძალიან ძნელია.
რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი აბათილებს პუტინის გარშემო შექმნილ მითს, თითქოს პუტინი არასდროს დაიხევს უკან. მაკფოლი ისტორიულ გამოცდილებას იშველიებს პუტინთან მიმართებით, რომელმაც 2008 წელს თბილისზე შეტევა გადაიფიქრა, როცა გააფრთხილეს, რომ ასე არ მოქცეულიყო. უფრო მეტიც, ერდოღანმა რუსების თვითმფრინავი რომ ჩამოაგდო, ნაცვლად იმისა, პუტინს სამაგიერო გადაეხადა, გაჩუმდა. ამდენად, მაიკლ მაკფოლი გამორიცხავს, რომ პუტინი კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის მდგომარეობაში აღმოჩნდეს და უფრო საშიში გახდეს. პუტინის წარსული ქმედებები რას გვკარნახობს?
- რასაკვირველია, მაიკლ მაკფოლი მართალია, პუტინი უკან იხევს ხოლმე, სულ რაღაც ოცი დღის წინ პუტინი იმუქრებოდა ატომური ბომბის გამოყენებით, მაგრამ ნახეთ ბოლო განცხადებები: „ჩვენ არასოდეს არ გამოვიყენებთ ატომურ ბომბს, ეს კატასტროფა იქნება“. ჩვენ არ ვიცით ბევრი ინფორმაცია, მაგრამ თეთრ სახლსა და კრემლს შორის კონტაქტი არ შეწყვეტილა, სატელეფონო საუბარი სულ მიმდინარეობს. იმავე მაკფოლის განცხადება წავიკითხე, რომ თეთრმა სახლმა პუტინი გააფრთხილა, რა ელის მას, თუკი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, კერძოდ, ამერიკა არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მაგრამ მას აქვს კონვენციური, არაბირთვული იარაღი, რომლითაც ნახევარ საათში ჩავძირავთ რუსეთის მთელ ფლოტს და მოვსპობთ რუსეთის სამხედრო მრეწველობასო. იცის პუტინმა, რაც ელის. ამერიკელი გენერალი ჰოჯესი იხსენებს, ომი რომ დაიწყო, ამერიკელი სამხედროები ვვარაუდობდით, რომ ერთ კვირას გაძლებდა უკრაინა, ერთი კვირა კი არა, უკვე შვიდი თვეა უძლებს უკრაინა. ხშირად ცდებიან, ამერიკელები პირველად კი არ შეცდნენ, ჰიტლერი საბჭოთა კავშირს რომ დაესხა, მაშინ დასავლეთში ორგვარი პროგნოზი ვრცელდებოდა - ოპტიმისტური და პესიმისტური. ოპტიმისტური იყო ის, რომ საბჭოთა კავშირი გაძლებდა სამ თვეს, ხოლო პესიმისტური, რომ საბჭოთა კავშირი გაძლებდა თვენახევარს, მაგრამ მოტყუვდნენ.
სხვათა შორის, ამერიკელების ერთ-ერთი პროგნოზი ისიცაა, რომ „პუტინი მოკვდება ისე, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს“.
- დიახ, ასეთი პროგნოზები კეთდება. გენერალი ჰოჯესი იყო ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, იგი რიგითი გენერალი არ ყოფილა, გუშინ დაწერა ჰოჯესმა, ჩვენ შევცდით, მოვტყუვდით, ჩვენ უფრო ძლიერი გვეგონა პუტინი და მისი არმია, მაგრამ არც პუტინი აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, არც მისი არმია.
პუტინს ახლა უკანდახევა არ გამოსდის, მოლაპარაკებაც ვერ ხერხდება. რა იქნება ამ ომის ფინალი?
- არ ვიცი, მაგრამ გავრცელდა ნაკლებად სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც თვითონ რუსმა პოლიტოლოგებმა გაავრცელეს, მათ შორის, პოლიტოლოგმა, ავტორიტეტულმა პროფესორმა სოლოვეიმ, რომ კულუარული მოლაპარაკების დროს, სადაც უკრაინა არ მონაწილეობს, თითქოს პუტინი ზავის პირობებს თანხმდება ერთი დათქმით, დაუტოვონ სახმელეთო გასასვლელი ყირიმთან, დანარჩენ ოთხ ტერიტორიას კი, რომელიც თითქოს მიიერთა, აბრუნებს. ეს არის ერთი პოლიტოლოგის ინფორმაცია, რამდენად რეალურია, არ ვიცი, მაგრამ თვითონ რუსეთშიც რომ ეს ომი არაპოპულარულია, ესეც ცხადია.