ირაკლი ღარიბაშვილი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა

ირაკლი ღარიბაშვილი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა

მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შსს-ს 8 თანამშრომელი დაიკითხა. ასევე დაიკითხნენ მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლებიც. ამ ეტაპზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურეობრივი შემოწმება აღნიშნულ საქმეში მონაწილე სხვა პირების მიმართ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს. რაც შეეხება საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას, შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ის ხვალ გახდება ცნობილი.

მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო სახლხო დამცველის აპარატმა. როგორც სახალხო დამცველმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, საქმეში არსებობს სერიოზული დარღვევები.

„ეს საქმე იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული ჩვენთვის უახლესი კვირის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც დეტალურად გვექნება ამომწურავი ინფორმაცია, გავაკეთებთ განცხადებას, თუმცა ამ ეტაპზე, შემიძლია იმის თქმა, რომ სერიოზული დარღვევებია საქმეში“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ა-ო სექტორი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს „დროულ რეაგირებას“ ამ დრომდე ელოდება. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორის მოწოდების მიუხედავად, იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც მიქაუტაძე დააკავა და დაკითხა, არ მომხდარა.
ა-ო მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე დროულ რეაგირებას და იმ პირთა იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც იგი დააკავა და დაკითხა. როგორც მამუკა მიქაუტაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის განიცდიდა, რომ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს. ოჯახის წევრები ასევე არ გამორიცხავენ, რომ მამუკა მიქაუტაძეს თავი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოეკლა.

საიას ხელმძღვანელის, კახა კოჟორიძის განმარტებით, იკვეთება ის გარემოება, რომ პოლიციამ მიქაუტაძე უკანონოდ დააკავა და მას თავისუფლება აღუკვეთა ისე, რომ არანაირი შესაბამისი ოქმი არ შედგენილა. იკვეთება ისიც, რომ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას. 
კახა კოჟორიძემ და იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს მიქაუტაძის ჩვენების ასლებიც გააცნეს, სადაც ეს უკანასკნელი მართლაც ადასტურებს, რომ მას მეგობარმა გელა მანჯავიძემ „მარიხუანა“ მიუტანა.

ნიშანდობლივია ჩვენების ის ნაწილი, სადაც მიქაუტაძე ამბობს, რომ მანჯავიძე ორ, მისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა, როცა მას „მარიხუანა“ გადასცა და ამ საკითხზე ესაუბრა. კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ნაკლებად დასაჯერებელია, აღნიშნულ თემაზე საუბარს უცნობ ქალბატონებთან ერთად ჰქონოდა ადგილი. ჩვენებაში მიქაუტაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მან „მარიხუანა“ 10 დღის წინაც მიიღო, რასაც ექსპერტიზა არ ადასტურებს. როგორც კახა კოჟორიძე ამბობს მიქაუტაძის სხეულის გარეგანი დათვალიერების შედეგად, მასზე ზემოქმედების ნიშნები იკვეთება. 

„2013 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, როდესაც ვიმყოფებოდი ა-სადგომზე, ჩემი ნაცნობი გელა მანჯავიზე თავისი მანქანით მოვიდა. მანქანა სადგომის შესასვლელთან გააჩერა და მანქანიდან გადმოუსვლელად ფანჯრიდან დამიწყო საუბარი. მომიკითხა, როგორ ვიყავი და ასევე მითხრა, რომ თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელიც იმ მომენტში ეჭირა ხელში. კერძოდ, სიგარეტის კოლოფის ცელოფანში გახვეული პაკეტი, რომელშიც მისი მონაცემებით „მარიხუანა“ იყო მოთავსებული. სწორედ ამ მომენტში ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მოგვიახლოვდა რამდენიმე მამაკაცი, მათ გვითხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წარმოგვიდგინეს საბუთები.

თუმცა პოლიციის თანამშრომლების მოსვლის მომენტში გელამ დრო იხელთა და მანქანის მარჯვენა ფანჯრიდან სწრაფად გადააგდო აღნიშნული პაკეტი, რომელშიც მისი განმარტებით იყო მარიხუანა. პოლიციის თანამშრომლებმა გელას ეს ქმედება, რა თქმა უნდა, დაინახეს და ჰკითხეს, თუ რა გადააგდო მან ფანჯრიდან, რაზეც გელამ უარით უპასუხა და განაცხადა, რომ ხსენებული პაკეტი მას არ ეკუთვნოდა და ნამდვილად არ იცოდა, თუ რა იყო მასში მოთავსებული“, - აცხადებს ჩვენების თანახმად მიქაუტაძე. 

ჩვენების მიხედვითვე, აღნიშნულის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გელას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს და ორივეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს. 

„ასევე გაჩხრიკეს ავტომანქანაც და შეადგინეს შესაბამისი ოქმები. ხოლო გელას მიერ ფანჯრიდან გადაგდებული მცირე ზომის პაკეტი ჩვენი თანდასწრებით ქაღალდის კონვერტში მოათავსეს და დალუქეს. ხსენებული პაკეტი იყო ზუსტად ის, რაც მანამდე გელას ეჭირა და რომელიც შემდგომ მან გადააგდო ფანჯრიდან. ჩხრეკის დასრულებისას მეც და გელაც პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციის დაწესებულებაში წაგვიყვანეს“, - წერია ჩვენებაში. 

საკუთარ ჩვენებაში მამუკა მიქაუტაძე ასევე ამბობს, რომ მანამდე მასთან გელა მანჯავიძეს არასდროს მიუტანია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, თუმცა იცოდა, რომ დროდადრო მოიხმარდა მას. 

„და ჩემი მოსაზრებით სწორედ ამიტომ მოიტანა, რომ ჩემთვის მოეცა იგი. დასმულ შეკითხვაზე მოგახსენებთ, რომ მე დაახლოებით 10 დღის წინ მოვიხმარე „მარიხუანა“, რომელიც ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა მომცა, რომლის მანქანასაც მე ვარემონტებდი. მე არც მისი ვინაობა ვიცი და არც მისამართი. იგი ვნახე პირველად და მას შემდეგ საერთოდ არც მინახავს“, - აცხადებს მიქაუტაძე ჩვენებაში და ოქმზე ხელს აწერს. 

არსებული ინფორმაციით, 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა. 
როგორც გარდაცვლილის მეზობელი აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თბილისის ზღვაში სცადა თავის დახრჩობა, შემდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ის მოკლეს. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს გამოძიების დასრულებამდე კომენტარებისგან თავი შეიკავონ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. მე ვისურვებდი, რომ ყველამ შეიკავოს თავი წინასწარი კომენტარებისგან სანამ ოფიციალური ესქპერტიზა არ დაიდება და ვენდოთ გამოძიებას და დაველოდოთ მის შედეგებს. გელა ხვედელიძის მაგალითი აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში თვითონ მინისტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ებრძოლოს დაუსჯელობის სინდრომს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მიქაუტაძის საქმეზე რა შედეგიც დაიდება, თუკი აღმოჩნდა, რომ ვინმე არის ამაში დამნაშავე, იმისდა მიხედვით დამყარდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებები,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფაქტია, რომ მამუკა მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვები, რომელსაც შსს-ში დაწყებულმა გამოძიებამ პასუხი დროულად და ადეკვატურად უნდა გასცეს. სამართალმცოდნე კახი კახიშვილი განმარტავს, რომ ისევე როგორც გენერალური პროკურორისთვის, ასევე შს მინისტრისთვის ეს არის ტესტი, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ.

„რა თქმა უნდა გამოწვევა კი არა, ყველა ეს საკითხი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ დროულ პასუხს ითხოვს ამ უწყების ხელმძღვანელების მხრიდან. თუ ჩვენ არ გვინდა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს ამ უწყებების მიმართ,“ - აცხადებს კახი კახიშვილი.