საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მედიასთან ბრიტანეთის საელჩოში გია ბარამიძისა და გიგა ბოკერიას დახურული შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა.
„იმ დაჯგუფებებთან, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ აპირებენ დემოკრატიული პროცესის საბოტაჟს, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნები უნდა ჩაშალონ, ასეთი ტიპის შეხვედრები, სალონური საუბარი ახალისებს მათ შემდეგ ქმედებებში.
ხშირად ვისმენთ ცრუ ნარატივებს საქართველოსთან დაკავშირებით, ვისმენთ დეზინფორმაციას, მათ შორის ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ვერ მოვისმინეთ ერთი სიტყვაც კი იმ ძალადობრივი აქტების შესახებ, რომელიც ამ პოლიტიკური ძალების ორგანიზებით ხორციელდება.
როდესაც პარლამენტს ცეცხლს უკიდებდნენ, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ, როდესაც პოლიციელებს ქვებს ესროდნენ, ერთი გაკიცხვა არ მოგვისმენია ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს არაგულწრფელობას საკუთარ მიდგომებში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ქრონიკამ“ ბრიტანეთის საელჩოში გია ბარამიძისა და გიგა ბოკერიას ფარული შეხვედრის ფაქტი დააფიქსირა. ბარამიძე ამბობს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს 4 ოქტომბრის აქციაზე ესაუბრა.