დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს და რა პოლიტიკური დივიდენდი შეიძლება მათ ბოიკოტის შედეგად მიიღონ? - ბოლო გამოკითხვების მიხევდით, გამოკითხულთა მხოლოდ 3% მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. ანუ, გამოდის, რომ მოსახლეობას არ სურს ოპოზიციის პარლამენტიდან გამოსვლა. მაშ ვისზე უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება გათვლილი და რა სახის უპირატესობას მისცემს ეს ქმედება ოპოზიციას?
ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ეს მათთვის პოლიტიკური ხარაკირი იქნება, რადგანაც ოპოზიციის მიმართ ისედაც სკეპტიკურად განწყობილ მოსახლეობას, კიდევ უფრო მეტ საბაბს მისცემენ იმისთვის, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის ომის გამო, დასავლეთს ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის და მათი პრობლემებისთვის ახლა არ სცხელა. მეორეც, როცა ქვეყანაში ხედავენ, რომ ხალხის განწყობა ოპოზიციის ქცევის საწინააღმდეგოა, ჩვენი პარტნიორები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას არ მოისურვებენ.
პარლამენტის დატოვების იდეა საქართველოს ყოფილმა მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააჟღერა. მან ოპოზიციას მოუწოდა, რომ სიტუაციის დაძაბისთვის სჯობს, პარლამენტი დატოვონ და დასავლელი პარტნიორებიც იძულებულები იქნებიან, ოპოზიციას ამ ნაბიჯზე წაყვნენ.
„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ამ ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები... უნდა იმოქმედო. პირველი – რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნეს დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ეს დაძაბავს სიტუაციას და ეს მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომელთა 24-საათიან ლანძღვას ვიგებთ ხელისუფლებისგან, ძალაუნებურად წამოგვყვებიან ამ ნაბიჯში“, - აცხადებს მარგველაშვილი.
ოპოზიციაში მარგველაშვილის მოწოდებას აზრთა სახვადასხვაობა მოჰყვა. ოპოზიიცის ნაწილი მარგველაშვილის ამ წინადადებას დადებითად აფასებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს არაფრის მომცემი იქნება და პირიქით, ოპოზიციას დააზიანებს. დასავლეთის თვალში კი ოპოზიცია დესტრუქციულ ძალად გამოჩნდება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის. პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან „აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა“.
„როდესაც ის მოცემულობა დადგება, როცა საზოგადოებაც შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი აღარ გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება, შემდგომ ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება. დაელოდეთ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გეგმაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“.
„ლელოს“ წევრი და დეპუტატი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ მან ზუსტად ვერ მოისმინა პარლამენტის დატოვება რა შედეგს მოიტანს. ამიტომ მარგველაშვილის წინადადება მათთვის გაუგებარია.
„ჩემი აზრით, დღეს პარლამენტი შემდგარია, ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან, მას, როგორც ინსტიტუციას არ დააზიანებს, მაგრამ ძალიან დააზიანებს ოპოზიციას, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, რადგან დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ სახით, სანდო პარტნიორი არ ჰყავს დასავლეთს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციამ დემონსტრაცია გაუკეთოს იმას, რომ დიახ, სწორედ ოპოზიციის სახით დასავლელ პარტნიორებს ჰყავთ სანდო და სერიოზული პარტნიორი, ამიტომ, ყველა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, ჩემი აზრით, უნდა ითვალისწინებდეს ამ საერთაშორისო კონტექსტს“,-ამბობს სამადაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით კი, „დეპუტატების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა პარლამენტს დატოვებასთან დაკავშირებით ჩიხში უნდა შეიყვანოს ხელისუფლება და ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს სახელმწიფო“.
„პატივს ვცემ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, ისევე როგორც სხვა ადამიანის მოსაზრებებს, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს. მიმაჩნია, რომ ქართული, რეალური ოპოზიციური დეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზისის შექმნას. ასეთ შემთხვევაში ეჭვი არ მეპარება, ყველა ანთებული, გულახდილი ოპოზიციონერი იქ საკუთარ თავს ვერ იპოვის და იქნება ხალხთან ერთად“, – განაცხადა მელიამ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც მით უმეტეს ყოფილი პრეზიდენტისგან კეთდება, არგუმენტირებული უნდა იყოს.
ძაბირაძე ამბობს, რომ გაუგებარია პარლამენტის დატოვების შემთხვევაში რისი ლუსტრაცია უნდა მოხდეს. დასავლეთმა ისედაც კარგად იცის საქართველოში რა პოლიტიკური ვითარებაა. ამიტომ ამაზე გათვლილი აბსურდული გადაწყვეტილების მიღება თავად ოპოზიციას დააზიანებს და მოსახლეობის სკეპტიკურ დამოკიდებულებას, ოპოზიციის მიმართ, კიდევ უფრო გააძლიერებს.
„დღეს დასავლეთს უკრაინის ომის სახით უდიდესი პრობლემა აქვს. დასავლეთს თუ რაიმე ხელს არ აძლევს და არ სურს, ეს საქართველოში არასტაბილური მდგომარეობაა. თავი რომ დავანებოთ სხვა კიდევ ბევრ დეტალს. აქ არასტაბილური სიტუაცია რომ შეიქმნას, დასავლეთი იძულებული იქნება რაღაცა ნაბიჯები გადადგასო, მაგრამ რა ნაბიჯებს გადადგამს? მარგველაშვილის განცახდება, რომ დასავლეთი რაღაცაზე იძულებით წავიყავნოთ, ცოტა ავანტურისტულია, რაც ჩვენს ქვეყანასაც აზიანებს.
ეს სიტუაცია მაგონებს 2008 წელს, როცა, აგვისტოს ომის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ცხინვალში შესულიყო, აბა, რას იზამს დასავლეთიო, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გააფრთხილეს, პუტინის ანკესს არ წამოგებოდა. კითხვა მაქვს, კარგი, დატოვა ოპოზიციამ პარლამენტი, რა იქნება მერე? ხალხის მხრიდან ამას პირიქით, უკურეაქცია არ ექნება. კვლევებითაც ჩანს, რომ ამის წინააღმდეგები არიან. რჩება დასავლეთი და მან რა უნდა გააკეთოს? ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა განახორციელოსო ოპოზიცია რომ ამბობს, კერძოდ, რა სახის? ამაზე პასუხი არავის აქვს. როცა ოპოზიციური ამომრჩევლის 2/3-თვისაც კი „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია, რაზე შეიძლება ვისაუბროთ? ენმ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსაც კი ვერ აერთიანებს და რისი იმედი აქვთ? ჩვენს ქვეყანაში ხალხის მხრიდან არ იქმნება პოლიტიკური კრიზისი, რადგან ოპოზიცია ხელისუფლებაზე მიუღებელია. მაშინ ჩნდება კითხვა, დასაველთმა რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში?“, - აცხადებს ძაბირაძე.
მისივე თქმით, პარლამენტში ყოფნა ოპოზიციას რას უშლის გაუგებარია. ძაბირაძე ამბობს, რომ პრობლემა პარლამენტის დატოვება არდატოვებაზე კი არ არის, არამედ იმაზე, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ მუშაობს. ხალხი ამას ხედავს და მათ მიმართ აგრესიულადაა განწყობილი.
„როცა ამომრჩეველი გაძლევს მანდატს იმისთვის, რომ პარლამნეტში იმუშავო და შენ ამის მაგივრად, სხდომებს არ ესწრები, პარლამენტში არ დადიხარ და ფუქსავატობ, ხალხის დამოკიდებულება როგორი იქნება? დებატებში არ ერთვებიან და იმ საქმეს არ აკეთებენ, რისთვისაც ხალხი ფულს უხდის. მარტო ოპოზიციურ ტელვიზიებში წამოჯდებიან და იქიდან ხალხს მოძღვრავენ. ბევრი იმასაც ბედავს, რომ აქეთ ხალხს თითს უქნევს. მოსახლეობას ადანაშაულებენ, თავად უსაქმურები რომ არიან, მაშინ, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა სრულად უნდა იქნას გამოყენებული. თუ დღეს სადმე არის სამუშაო, ეს პარლამენტია. თუ სადმე სიტუაციაა გასამწვავებელი, ეს პარლამენტია. ხანდახან ოპოზიციის ქმედებებში ლოგიკას საერთოდ ვერ ვხედავ. ასე ემოციურად თუ ფრაგმენტულად მუშაობა შედეგს არ მოიტანს. ამიტომ პარლამენტის დატოვება გამართლებული არ არის. ვერც ვერავის ვერაფერს აიძულებენ და ამ ტრიბუნასაც დაკარგავენ რომლის გამოყენებაც შეუძლიათ“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას საზოგადოებაში არანაირი წონადობა არ აქვს. აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ მარგველაშვილის რჩევები ოპოზიციას არაფერში წაადგება, რადგან ექს-პრეზიდენტი თავად არსაიდან მოვიდა, პოლიტიკოსი არ არის. ამიტომ სწორ პოლიტიკურ შეფასებებს ვერ აკეთებს და პარლამენტის დატოვებით ოპოზიცია კიდევ უფრო უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„გიორგი მარგველაშვილმა მიუხედავად პრეზიდენტის პოსტის დაკავებისა, ვერ შეძლო, რომ პოლიტიკოსი გამხდარიყო. ის ერთი ჩვეულებრივი უნივერსიტეტის ლექტორია, რომელიც პოლიტიკურ სიტუაციას ადეკვატურად ვერ აფასებს. მარგველაშვილის სიტყვას ისეთივე ფასი აქვს, როგორც მაგალითად, ეკა გიგაურს სამოქალაქო საზოგადოებაში. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მარგველაშვილი რას ამბობს. რაც შეეხება მომავალ გადალაგებას, ამას ქართველი ამომრჩეველი წყვეტს. ოპოზიციამ ერთხელ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტით ვერაფერი მიიღო, პირიქით, რეიტინგი დაუვარდათ და ახლა სადღაცას გაერთიანებას ცდილობენ, რომ 2024 წლისთვის თავი გადაირჩინონ.
ვერც ცალკეული ევროპარლამენტარები და ვერც დასავლელი დაქირავებული კონგრესმენები, რომლებიც ოპოზიციის ლობისტები არიან, ხელისუფლებაზე ვერანაირ ზეწოლას ვერ მოახდენენ. ქართველი ხალხის მაგივრად, ვერც ერთი ევროპარლამენტარი თუ ევროკომისიის წევრი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ ჰყავდეს ხელისუფლებაში, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. აი, სწორედ ეს ვერ შეიგნო ოპოზიციამ და ერთი და იგივე წრეზე დადის. ხალხი კი მათ შორიდან უყურებს და უკვირს ამ აბსურდულ წრეზე რატომ ტრიალებენ. საქართველოში ქვეყნის ბედს და მომავალს ხალხი წყვეტს, ამიტომ სჯობს, ხალხს მოუსმინონ და გადაწყვეტილებები ისე მიიღონ“, - ამბობს აბაშიძე.