„მოსკოვის ლოგიკა მარტივია - თუ თქვენ დამიწესებთ ეკონომიკურ სანქციებს, მეც დაგიწესებთო და ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი მის ხელში სწორედ მარცვლეულია“

„მოსკოვის ლოგიკა მარტივია - თუ თქვენ დამიწესებთ ეკონომიკურ სანქციებს, მეც დაგიწესებთო და ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი მის ხელში სწორედ მარცვლეულია“

რუსეთის მხრიდან მარცვლეულის შეთანხმებაზე უარის თქმამ და ფაქტობრივად, „სასურსათო ომის“ გამოცხადებამ მსოფლიო კიდევ ერთი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა. აღნიშნული შეთანხმება გაეროს შუამავლობით იყო მიღწეული და მისი დარღვევა, ცხადია, ყველაზე მტკივნეული ღარიბი, განვითარებადი ქვეყნებისთვის იქნება. უკვე სახელდება სავარაუდო ციფრები, დაახლოებით რამდენი ადამიანი დარჩება პურის და საკვების გარეშე. დასავლეთის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ, ნატოს სპიკერი კი აცხადებს: „პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება და შეწყვიტოს უკანონო ომი უკრაინაში“.

რთულია იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პუტინი იმ ფონზე, როცა უკრაინაში ახალი ძალებით საბრძოლველად ემზადება და თან ბირთვული იარაღის გამოყენებასაც არ გამორიცხავს. რუსეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნაკლებსავარაუდოა, პუტინი უკან დახევას გეგმავდეს. ასე რომ, ევროპა სულ უფრო რეალურად ეჯახება არაერთ რთულ პრობლემას, რასაც მათ მიერ სანქცირებული რუსეთისგან აწყდება.

რა პრობლემებს შექმნის საკვების იარაღად გამოყენება რუსეთის მხრიდან? ამ ომის პირობებში, მსოფლიოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები და სუფსის ტერმინალი და რამდენად რთული იქნება ეს ზამთარი საქართველოსთვის? ამ საკითხების ირგვლივ ვესაუბრეთ ეკონომისტს, აკადემიკოს ლადო პაპავას.

ბატონო ლადო, რას ნიშნავს რუსეთის მხრიდან მარცვლეულის შეთანხმებაზე უარის თქმა და რამდენად სერიოზული საფრთხეა ეს არაერთი ქვეყნისთვის? დღეს შეფასებებში ითქვა, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მილიონობით ადამიანი დარჩება საკვების გარეშე.

- პრობლემა ისაა, რომ სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, მანამდე რუსეთი და უკრაინა ერთად, მსოფლიო ხორბლის ექსპორტის 25%-ის მიმწოდებელი იყვნენ. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ომის შედეგად დაიბლოკა უკრაინის საზღვაო პუნქტები, ამიტომ ხორბლით დატვირთულმა გემებმა გასვლა ვერ მოახერხეს, ხოლო რუსეთმა ხორბალი გამოიყენა, როგორც „იარაღი“. იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა დააწესა ან ძალიან მაღალი ფასი ხორბლის ექსპორტზე, ან ადგა და საერთოდ აკრძალა ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით ექსპორტი, ამან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ხორბალი და უშუალოდ, პური ძირითადი საკვები პროდუქტია, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რომელთა ხვედრითი წილი ძალიან მაღალია განვითარებად ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება მათ მდგომარეობაზე და უშუალოდ დაკავშირებულია შიმშილის პრობლემასთან. სწორედ ამის გამო ჩამოყალობდა ასეთი ტერმინიც კი „სასურსათო ომი“, რომლის ინიციატორია რუსეთი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ერთობლივ ძალისხმევას, რათა რუსებს ნება დაერთოთ უკრაინული გემებისთვის გამოსულიყვნენ უკრაინის პორტებიდან და მომხდარიყო უკრაინული ხორბლის ექსპორტი. რამდენიმე გემმა კიდევაც დატოვა უკრაინის პორტები, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებაზე, მაგრამ ბოლო მოვლენებმა, როდესაც რამდენიმე რუსულ ხომალდზე აფეთქება მოხდა, რაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს, ამან რუსეთს საბაბი მისცა, რომ უარი ეთქვა უკრაინული გემების გატარებაზე, ანუ რუსეთი თურქეთთან და გაეროსთან დადებული შეთანხმებიდან გავიდა.

გაერო აქტიურად მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს უარი თქვას ხელშეკრულებიდან გასვლაზე და დროულად დაამთავროს უკრაინასთან უკანონო ომი. უშვებთ იმ ფაქტს, რომ პუტინი ამ მოწოდებას შეასრულებს?

- ასეთი მოწოდებები იმდენი იყო, მათ შორის არა მარტო გაეროდან, გაეროზე ბევრად უფრო ძლიერი აქტორების მხრიდან და რუსეთს არანაირი რეაქცია არ ჰქონია. გაერო დღეს, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი საერთაშორისო ორგანიზაციაა, მას რუსეთ-უკრაინის ომში ჩარევის ქმედითი ინსტრუმენტები არ გააჩნია. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული რესურსი ისევ თურქეთის პრეზიდენტს აქვს, რომელიც რეგიონში სულ უფრო ძლიერი მოთამაშე ხდება და პუტინი თურქეთის პრეზიდენტს აშკარად ანგარიშს უწევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ერდოღანი ისევ ჩაერთვება ამ საქმეში და რაღაც გამოსავალს მოძებნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შიმშილის პრობლემა გარდუვალია და ეს გლობალური პრობლემაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, შიმშილის პრობლემა, უწინარეს ყოვლისა, ეხება დაბალშემოსავლიან ოჯახებს. ასეთი ოჯახების ხვედრითი წილი კი განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ მაღალია.

რამდენად დასაშვებია 21-ე საუკუნეში საკვების იარაღად გამოყენება და რა ვერ გათვალა დასავლეთმა, როცა რუსეთს სანქციებს უწესებდა? ასე იოლად დათმობდა პუტინი პოზიციებს დასავლელი პოლიტიკოსების აზრით?

- მთელი პრობლემა ისაა, რომ დასავლეთმა რუსეთთან მიმართებაში თავიდანვე სწორი პოზიცია ვერ (ან არ) დაიჭირა. ჯერ ერთი, გავიხსენოთ, რომ 2008 წელს, როცა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაცია და შემდგომ ანექსია, ამ ომს დასავლეთის მხრიდან რაიმე სერიოზული რეაგირება არ მოჰყოლია, აღშფოთება-შეშფოთების გარდა. სანქციებიც კი არ ყოფილა დაწესებული რუსეთის წინაარმდეგ. 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული დაიპყრო, ამას სანქციები კი მოჰყვა, მაგრამ ეს სანქციები მასშტაბური და ძლიერი არ ყოფილა, ხოლო დასავლეთი რუსეთთან თანამშრომლობას ისევ აგრძელებდა. იცით, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებიც კი ჩატარდა. რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიც გაიმართა. ამიტომ დამოკიდებლება დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ არ იყო მკაცრი. რა თქმა უნდა, ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთზე დამოკიდებულება ძალიან დიდი იყო. ლამის მთელი ევროპა რუსულ გაზს და ნავთობს „ჩამოეკიდა“. 2014 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ ანექსია მოახდინა, მოსკოვმა აქცენტი აიღო და სერიოზული ყურადღება გადაიტანა მარცვლეულის წარმოების ზრდაზე. ხორბლის წარმოება მისთვის პრიორიტეტული გახდა. პრაქტიკულად, თითქოს ემზადებოდა დასავლეთთან დაპირისპირებისთვის, მასზე სერიოზული შეტევისთვის. ეს მან განახორციელა კიდეც უკრაინაში სამხედრო აგრესიის სახით. რაც მოსკოვმა ამისთვის რესურსები დააგროვა და სათანადო ინსტრუმენტები შექმნა, ყველაფერს იყენებს. მოსკოვის ლოგიკა მარტივია - თუ თქვენ დამიწესებთ ეკონომიკურ სანქციებს, მეც დაგიწესებთ, ჩემი მხრივ, სანქციებს (ამის პრეცედენტი 2014 წელსაც იყო ყირიმის ანექსიის შემდეგ). ამიტომ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი მოსკოვის ხელში არის სწორედ მარცვლეული, ხორბალი. რატომ დასავლეთი არ ფიქრობდა ამაზე თავიდანვე, რომ სასურსათო უსაფრთხოების საკითხი იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი 21-ე საუკუნეში, ეს გასაკვირია. ფაქტია, რომ დღეს რუსეთი ამაში თავის ძლიერ პოზიციას ჯერ იყენებს, რათა მთელი მსოფლიო დააშანტაჟოს.

ცივი და მშიერი ევროპა - ასე განისაზღვრება ეს ზამთარი ევროპისთვის თუ რაიმეს შეცვლას შეძლებს კოლექტიური დასავლეთი?

- ევროპისთვის ზამთარი მართლაც ძალიან რთული იქნება. რაიმე პოზიტიური პროგნოზის გაკეთება რთულია. ჯერ კიდევ არის გარკვეული დრო და ევროპა მაქსიმალურად ცდილობს მოემზადოს რთული ზამთრისთვის, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რაიმე კარდინალური ცვლილებისთვის დრო ძალიან მცირეა დარჩენილი. ამიტომ, აქაც ასეთი ტერმინი არსებობს - „ნავთობის ომი“, რომელიც ნავთობის და გაზის პრობლემებს აერთიანებს, და რაშიც აშკარად გამოიკვეთა, რომ რუსეთი ნავთობსა და გაზს კონფლიქტში ინსტრუმენტად ისევე იყენებს, როგორც ხორბალს.

ამ გლობალურად რთულ ვითარებაში, როგორ გამოიყურება საქართველო, რუსეთთან ასე ვთქვათ, მშვიდი პოზიციის შენარჩუნებით და ომში არჩართვით? რა შედეგებს მისცემს ეს ქვეყანას? ფაქტია, ამ ფონზე საქართველოში მოულოდნელად ჩამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, რომელთან შეხვედრის შემდგომაც ირკვევა, რომ საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობით შეძლებს გარკვეული სარგებლის ნახვას ნაბვთობპროდუქტების ტრანზიტით, რეალიზაციით.

- რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, მე ამ ურთიერთობას ნორმალურს ნამდვილად ვერ დავარქმევ. შეუძლებელია ოკუპანტთან ნორმალური ურთიერთობა გქონდეს, თანაც როცა საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.

ყველა მხრივ ვიზიარებ საქართველოს ხელისუფლების დინჯ პოზიციას, რომ არ აჩქარდა და სანქციებს ბრმად არ შეუერთდა. ყველა ის სანქცია, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა და რომელიც ეხება საერთაშორისო ინსტრუმენტებს, აქ საქართველოც მონაწილეობს. მაგალითად, „ვითიბი ბანკი“ დღეს საქართველოში აღარ ფუნქციონირებს; ასევე, სვიფტის სისტემიდან რუსეთის გათიშვამ საქართველოც იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ სვიფტით საბანკო კომინუკაცია რუსეთთან ვერ ექნება. მაგრამ ის, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები არ შემოიღო, ეს მხოლოდ და მხოლოდ სწორია. ასევე სწორია, რომ არანაირ პროვოკაციას არ აჰყვა, თუმცა, ეს პროვოკაციები საკმაოდ ძლიერი იყო, რომ საქართველო ომში ჩართულიყო. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ ინფლაცია მაღალია მსოფლიოში და ის მაღალია საქართველოშიც, საქართველო მაინც მაქსიმალურად ინარჩუნებს კარგ ეკონომიკურ ვითარებას, ეკონომიკური ზრდაც მაღალია.

აგრეთვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში გამოიწვია აზერბაიჯან-საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის საკითხის აქტუალიზება. ეს დერეფანი კარგა ხანია არსებობს. მისი შექმნა დაკავშირებულია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელთან. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში მის მიერ წამოწეულ იქნა კონცეფცია „ახალი აბრეშუმის გზის“ შესახებ, რომელმაც ხორცი შეისხა ნავთობსადენების, გაზსადენის და რკინიგზის პროექტებში. და, რა თქმა უნდა, დღეს უკვე აქტუალური ხდება ის, რომ ცენტრალურ აზიაში არსებული რესურსების მობილიზება და ტრანსპორტირება მოხდეს სწორედ აზერბაიჯან-საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო. თვითონ აზერბაიჯანსაც აქვს ენერგეტიკული რესურსების ძალიან დიდი პოტენციალი, მათი მოპოვების და მიწოდების გაზრდის ძალიან დიდი პოტენციალი, ხოლო გამტარუნარიანობა საქართველოზე გამავალ მილსადენებს გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის აქტუალიზებაც ხდება. ასე რომ, ძალიან კარგი პერსპექტივებია. თუმცა ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, ამ პროექტებში ჩინეთი რამდენად იქნება ჩართული იმიტომ, რომ დიდი ოდენობით რესურსი, რომელიც ჩინეთიდან დასავლეთისკენ შეიძლება წავიდეს, სწორედ მას აქვს. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად შეძლებს ჩინეთი ამ პროექტებში მონაწილეობას. უმთავრესი შემაფერხებელი, რა თქმა უნდა, ჩინეთის ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებაა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მთავარი გარანტორი. ამიტომ აქ საქართველოს ბეწვის ხიდზე გავლა დასჭირდება, ანუ ერთი მხრივ, აშშ-სთან ჰქონდეს მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობა და იმავდროულად, ჩინეთის პოტენციალი გამოყენებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკის საკეთილდღეოდ. ასე რომ, განსაკუთრებით დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში.

ასევე დადებითად ვაფასებ პრემიერი-მინისტრ ღარიბაშვილის  ძალიან კარგ ვიზიტს უნგრეთში. უნგრეთი არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მას, რა თქმა უნდა, თავის სიტყვა ეთქმის ბრიუსელის ტრიბუნებიდან. მნიშვნელოვანია, როცა უნგრეთის ხელმძღავნელობა თვლის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის არმინიჭება, ეს ბრიუსელის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება იყო.

ფიქრობთ, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს მეზობელ აზერბაიჯანთან ერთად, ქვეყანა მშიერ და ცივ ზამთარს აცდება და ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს ნავთობროდუქტების გატარებით?

- იცით, როგორ არის? ზუსტი პროგნოზების გაკეთება დღეს შეუძლებელია და ამას ვერავინ გააკეთებს, რადგან ომის დროს პროგნოზის გაკეთება უკიდურეად გართულებულია, განსაკუთრებით, როცა ომში ჩართულია ისეთი ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი გააჩნია და, რომელიც მუდამჟამს იმუქრება, რომ ამ თავის ბირთვულ შესაძლებლობას ომში გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ამ დროს რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ნამდვილად ცივი და მშიერი ზამთარი არ ელოდება. იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ერთადერთი პრობლემა, რაც შეაწუხებს საქართველოს მოსახლეობას, ეს იქნება მაღალი ფასები, მაგრამ მაღალი ფასები ეს არ არის საქართველოში შექმნილი პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც გამოწვეულია მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევით, რამაც განაპირობა მიწოდების შემცირება და ფასების ზრდა. ეს პრობლემა აშშ-დან დაწყებული ყველა ქვეყნისთვის სერიზული გამოწვევაა, როგორც მიმდინარე წელს, ასევე შემდეგ წელსაც ასეთად დარჩება.