დიდხნიანი ომი და ბრძოლა გამოფიტვისთვის - ესაა შეფასებები უკრაინის ომის ირგვლივ, რომელსაც სამხედრო ანალიტიკოსები for.ge-სთან აკეთებენ. ფრონტის ხაზზე სიტუაცია ორივე მხარეს თანაბრი უპირატესობით ვითარდება და განსაკუთრებულად მძიმე ბრძოლები ხერსონის ოლქში მიმდინარეობს, სადაც რუსული კონტინგენტი დღითიდღე იზრდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობემ, რუსეთის სამხედრო გადაწყვეტილება პოლიტიკურმა გადაწონა და რუსებმა მდინარე დნეპროს მარჯვენა სანაპიროს დატოვების მაგივრად, პირიქით, ამ მიმართულებაზე დანაყოფები გაზარდეს.
უკრაინელებს ამის გამო, მცირედით, უკან დახევა მოუწიათ, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხერსონი რუსების სუსტი წერტილია, რადგან იქ მობილიზებული დიდი რაოდენობით სამხედრო დანაყოფების გამოფიტვა და გადაღლა მოხდება, რაც უკრაინელებს საშუალებას მისცემს, ადრე თუ გვიან, ხერსონი დაიკავონ. თუმცა პუტინი დანებებას არ აპირებს და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ის 2023 წლის გაზაფხულზე, სავარაუდოდ, ახალი კონტრშეტევისთვის მოემზადება.
ომი რომ ხანგრძლივი იქნება, ამას ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტიც“ ადასტურებს. ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება გააგრძელოს საომარი მოქმედებები, რათა შეინარჩუნოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, დაიკავოს ახალი ტერიტორიები და შექმნას პირობები დასავლეთისთვის, რომ შეწყვიტოს კიევის მხარდაჭერა, რაც მათი მოლოდინით, ამ ზამთარს მოხდება.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი სურდეს, თუმცა, ის სავარაუდოდ, გააგრძელებს მინიშნებას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ნატო-ზე თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ, იმ მიზნით, რომ შეარყიოს დასავლეთის ნება, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
პირველი - პუტინი წამოაყენებს პირობებს, რათა გააგრძელოს ცუდად მომზადებული რუსული ჯარების უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გადასროლა იმის ნაცვლად, რომ შეაჩეროს ოპერაციები ეფექტური სამხედრო ძალების აღსადგენად. მეორე - პუტინის გამარჯვების თეორია ეყრდნობა მკაცრი ზამთრის გამოყენებას ევროპის ნების შესარყევად“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.
მათივე შეფასებით, თუ პუტინი აპირებს 4-6 წვრთნის შემდეგ რუსი ახალწვეულების უკრაინაში გაგზავნას, შესაძლოა, რუსეთის ძალებს შეუქმნას პირობები, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები გაზაფხულის დათბობის დასრულების შემდეგ.
„რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზება მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა 2023 წელს და არ მოელის რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლაშა ბერიძე აცახდებს, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ამ ეტაპზე რადიკაურად შეცვლილი არ არის. ბერიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომე ეს ომი გამოფიტვაზეა. ამიტომ რუსეთი ცდილობს, რომ ტაქტიკური მანევრირებით შეავსოს ის დანაკლისი, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით აკლია და აქამდე ვერაფრით მიაღწია. რეალურად, რუსეთს არა ყავს ის შემადგენლობა, რომლითაც მას არა თუ ამ ომის მოგება, არამედ დაკავებული ტერიტორიების გაკონტროლება შეძლოს.
„ენერგოსადგურების განადგურება თუ სხვა ინფრასტრუქტურის დაზიანება, ეს რუსეთის ახალი ტაქტიკის ნაწილია, რათა მოსახლეობის დაშინება და დაშანტაჟება შეძლოს. სხვაგვარად მას გრძელვადიან შედეგს ვერ მოუტანს. რა თქმა უნდა, სრულიად ვიზიარებ და ვეთანხმები იმას, რომ პუტინის რეჟიმი ომის შეჩერებას არ აპირებს და ყველა რესურსის გამოყენებას შეეცდება, რომ დროში გაწელოს. რუსეთის ჯარში ძალიან აღრეულია ტაქტიკური, სტრატეგიული და პოლიტიკური სიტუაცია. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დნიპროს მარჯვენა მხარე, ქალაქი ხერსონი დაეტოვებინათ და მარცხენა სანაპიროეზე გადმოსულიყვნენ, მაგრამ გადაიფიქრეს. ეს მართალია დიდად არაფერს შეცლიდა, მაგრამ საოკუპაციო ძალებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. რუსეთში პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ სამხედრო გადაწყვეტილება გადაძალა და დნიპროს მარჯვენა სანაპირო არ დატოვეს. პირიქით, დანაყოფები შეიყვანეს და ბრძოლას აგრძელებენ. თუმცა უკრაინისთვის ამ მიმართულებაზე ბრძოლის გაგრძელება უფრო მომგებიანია. უკრაინა რუსების სწრაფ დამარცხებაზე არ მუშაობს, აქ პრიორიტეტი რუსების გამოფიტვას ენიჭება. ამიტომ ხერსონი რუსებისთვის ყველაზე სუსტი წერტილია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ამ მიმართულებაზე რუსული წინააღმდეგობა, გრძელვადიან პერსპექტივაში კარგია“, - აცხადებს ბერიძე.
მისივე თქმით, სასურველია, ჯერ უკრაინული ჯარი დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადმოვიდნენ, ეს პლაცდარმი დაიკავოს და ხერსონის გათავისუფლებაზე აქცენტი შემდეგ გაკეთდეს. პოლკოვნიკი მბობს, რომ დღითიდღე უკრაინა ანტისაჰაერო და ანტიდრონული თავდაცვითი სისტემებით ძლიერდება. მართალია, რუსები უკრაინელების ენერგოობიექტებს ანადგურებენ, მაგრამ უკრაინას მეტი საფუძველი მისცა იმისთვის, რომ დასავლეთისთვის დამატებით ბევრი საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემა მოეთხოვა. ამიტომ რუსების გაუთვლელი შეტევები, პირიქით, მათვე აზიანებთ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე ორივე მხარეს ტაქტიკური პაუზა აქვს აღებული. გენერალი for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლა ომი გამოფიტვაზე მიდის და ყველა უნდა ემზადებოდეს იმისთვის, რომ საბრძოლო მოქმედებები 2023 წელსაც გაგრძელდება და ეს ომი დიდხნიანი იქნება. კაპანაძე მიიჩნევს, რომ პუტინმა გამოცხადებული მობილიზაციით შეძლო და ფრონტის ხაზზე ღიად დარჩენილი ხვრელები შეავსო. ამიტომ, უკრაინამ, ამ ეტაპზე, კონტრშეტევაზე გადასვლა შეაჩერა. მას მიაჩნია, რომ პუტინი ზამთარში შეტევაზე გადასვლას აღარ ეცდება და მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეეცდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გაზაფხულზე მან მობილიზებული რესურსით ხელახალი კონტრშეტევები წამოიწყოს.
„კონტრშეტევის ტემპი შენელდა და ეს გასაკვირი არ არის. ის ხალხის მასა, რომლის მობილიზებაც პუტინმა შეძლო, ამ მიმართულებით თავის როლს ასრულებს და უკრაინელები კონტრშეტევებზე გადასვლას ვეღარ ახერხებენ. თუმცა ხარკოვის მიმართულებაზე წინსვლა ნამდვილად არის. ნელი, მაგრამ გარკვეული აქტიურობა შეიმჩნევა. პუტინმა თავდაცვაში ღრიჭოების შევსება შეძლო და გადაჭიმულ ფრონტზე ეს ღია რგოლები დახურა. სამწუხაროდ, ეს ომი იქნება ხანგრძლივი და გამოფიტვაზე. ყველაფერი დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე. ჯერჯერობით გვესმის ეს „რამშტაინები“, მაგრამ ეშელონებს ვერ ვხედავთ. იარაღის მიწოდება ძალიან სწრაფ ტემპში უნდა ხდებოდეს, უკრაინაც ხომ განიცდის დანაკარგს. მართალია, რუსებთან შედარებით ხარისხობრივი უპირატესობა აქვს, მაგრამ ჯერ რუსებს ისევ რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ“, - ამბობს გენერალი.
მისივე თქმით, რუსეთის განცხადებებს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენების შესახებ არავინ იჯერებს, რადგან მისი ხელწერა და შანტაჟის ტაქტიკა ყველამ კარგად იცის. გენერალი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვის არის მიმართული, რადგან რუსეთის საზღვრის გარეთ კრემლის განცახდებების არავის აღარ სჯერა.
„ე.წ. ბინძური ბომბი რადიაციული გამოსხივების შემცველი მასალაა, რომელიც შეიძლება რომელიმე ტერიტორიაზე იქნას განთავსებული და რომლის დაფიქსირება და აღმოჩენა რთულია, ხოლო მისი მოქმედების ეფექტი ძალიან ძლიერია. მას არ აქვს მყისიერი მოქმედების შესაძლებლობა, არამედ დროში გაწელილი მძიმე შედეგები აქვს. საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოში ჯერ არ დაფიქსირებულა და იმედია არც დაფიქსირდება. რამდენად მიეცემა რუსეთს ამის საშუალება, რომ ეს ბომბი გამოიყენოს, არ ვიცი, მაგრამ ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ყველაფერია მოსალოდნელი. ყველანაირი სადაზვერვო საშუალებები მის მონიტორინგს ახდენენ და მსგავსი ქმედებების შემჩნევისას, რუსეთის მიმართ დასავლეთის და ამერიკის პასუხიც ადეკვატური იქნება. არ მგონია, რომ რუსეთმა ამაზე ფიქრი დაიწყოს და მისი გამოყენება გადაწყვიტოს. მათ ჯერ კიდევ აქვთ რესურსი, რომ სამხედრო დაპირისპირება გააგრძელონ“, - ამბობს გენერალი.