საქართველოსა და ამერიკას შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა განხორციელდეს

საქართველოსა და ამერიკას შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა განხორციელდეს

საქართველოსა და ამერიკას შორის პირველი საცდელი ფრენა, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს, ან 2023 წლის დასაწყისში განხორციელდება. პირველ წელს კვირაში ორი რეისის შესრულება იგეგმება.

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ელჩის თქმით, ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები შეწყდა კოვიდის პერიოდში, კოვიდის შემდეგ კი, სავარაუდოდ, კვლავ დაიწყება.

„ვფიქრობ, ყველამ, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. ზოგჯერ რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში პირველად მანძილის გამო, თუმცა არასდროს ჭირს მათი დარწმუნება, კიდევ დაბრუნდნენ აქ მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმართმოყვარეობას გამოცდიან“, - აღნიშნა ელჩმა, რომელმაც საქართველო - აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

საქართველო - აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება ჯერ კიდევ ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2019 წელს დააანონსა. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე რეისებს ავიაკომპანია „Air Georgia“ შეასრულებს, რომელიც სამ წელზე მეტია ამ პროექტზე მუშაობს.

აღნიშნული პროექტისთვის შესაბამისი ფლოტი იყო საჭირო. როგორც ცნობილია, ამერიკელები ასე უბრალოდ პირდაპირ ავიარეისებს არ ნიშნავენ, მათ გააჩნიათ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ხდება როგორც ავიაკომპანიების, ისე აეროპორტების და საავიაციო ხელმძღვანელობის შემოწმება. ძირითადად ეს არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი.

საქართველო-ამერიკას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა მაღალმხარჯველუნარიანი ამერიკელი ტურისტების რაოდენობას გაზრდის.

რა მნიშვნელობა ექნება პირდაპირ ავიამიმოსვლას და შეუძლია თუ არა რუსეთს, დაბლოკოს ეს პროექტი?!

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, თუმცა, ამავე დროს, უნდა გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა აშშ-ის მხრიდან. საუბარია იმაზე, რომ გარკვეული დროით ვიზების გაცემა შეწყვეტილია, საქართველოს ბევრი მოქალაქე ვერ იღებს ამერიკის ვიზას, რადგან პროცედურულ პრობლემებთან არის ეს დაკავშირებული.

„ამერიკის ვიზა თუკი საერთოდ გაიცემა, ეს ვიზა ათწლიანია. მე პირადად ათწლიანი ვიზა მაქვს, მაგრამ გარკვეული პრობლემები უკვე არის. ვფიქრობ, ისევ აღდგება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. პირდაპირი ავიამიმოსვლა მოასწავებს აშშ-ის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც უშუალოდ შეესაბამება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. ამერიკა-საქართველოს პირდაპირი ავიარეისი ჩვენ აქამდე არ გვქონია. სტამბულიდან დაფრინავდნენ ამერიკაში, არის რეისი სტამბული-ნიუ-იორკი, კიევიდანაც არსებობდა რეისები ამერიკაში, მაგრამ თბილისი-ამერიკის რეისი არ ყოფილა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

რაც შეეხება მიგრაციული პროცესის ზრდას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ-მა გაამკაცრა მიგრანტების მიღების, ამერიკაში შესვლის პროცედურები, რადგან აშშ პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში მიგრანტთა რაოდენობით. დაახლოებით 50 მილიონამდე უცხოელი მიგრანტი ცხოვრობს აშშ-ის ტერიტორიაზე. დღესაც ამერიკა, ალბათ, შეზღუდავს მიგრანტთა მიღებას, თუმცა უკრაინელ მიგრანტებს პროცედურებს შედარებით გაუადვილებს.

ანალიტიკოსი თვლის, რომ პირდაპირი ავიარეისების დანიშვნით შეიძლება მიგრაციის მასშტაბი საქართველო- ამერიკას შორის მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს, მაგრამ საქართველოსა და ამერიკის მოქალაქეებს შორის მგზავრთა მისვლა-მოსვლა გამარტივდება. ხელი შეეწყობა ამერიკის მხრიდან რბილი ძალის გამოყენებას, რომ საქართველოში პროდასავლური, პროამერიკული განწყობები გაიზარდოს.

რაც შეეხება რუსეთს, ცხადია, საქართველო-ამერიკის პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთზე ნეგატიურად აისახება. რუსეთს არ აწყობს ამერიკის გავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, შეიძლება, საქართველოს გამწარების მიზნით ახალი მავთულხლართები აღმართოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შედარებით გადმოწიოს საოკუპაციო ხაზი საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, დააკავოს საქართველოს მოქალაქეები, განათავსოს ისინი ცხინვალის იზოლატორში. მოკლედ, რა ბერკეტებიც რუსეთს გააჩნია, იმ ბერკეტებს რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს.