საქართველო სატრანზიტო კორიდორის ფუნქციას იძენს. ვიქტორ ორბანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე და ახალ ენერგოპროექტებზე პირისპირ, გაფართოებულ ფორმატებში იმსჯელეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შექმნილი ენერგოკრიზისის ფონზე, ევროპა ენერგორესურსების დივერსიფიცირებას, ახალი მომწოდებლებისა და მარშრუტების მოძებნას ცდილობს. მათ შორის არის ევროკავშირის წევრი უნგრეთი, რომელიც აზერბაიჯანიდან ენერგიის შემოტანას საქართველოს გავლით აპირებს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა რუსული გაზის ევროპაში განაწილებას „თურქული ნაკადის“ გავლით უზრუნველყოფს. ერდოღანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს.
ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია დამატებით სარგებელს მოუტანს. ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს არის ერთგვარი სტიმული საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროპისთვის და არა მარტო ევროპისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ენერგომიმწოდებელი. მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო დანიშნულებას იძენს.
„ქვეყანა იძენს საერთაშორისო მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო ჩაფიქრებული - საქართველო გამხდარიყო ენერგომატარებლის სატრანზიტო ქვეყანა და მიეღო შემოსავლები, ყოფილიყო საერთაშორისო აქტორების ყურადღების ცენტრში და ყოფილიყო დაცული. როდესაც შენი ტერიტორიის გავლით მიდის ენერგომატარებლები ევროპაში, ის არ დაუშვებს, რომ შენს ტერიტორიაზე ომი გაჩაღდეს.
გარდა ამისა, ეს იწვევს იმას, რომ აშენდეს თანამედროვე ინფრასტრუქურა იმისათვის, რომ ენერგომატარებლების გატარება მოხდეს უსაფრთხოდ, სტანდარტების დაცვით. ეს არის დამატებითი სარგებელი და ა.შ. ანუ, ბევრი პარამეტრით შეუძლია საქართველოს სარგებელი მიიღოს. თუმცა, არის გარკვეული საფრთხეები. ამან შეიძლება გამოიწვიოს უცხოელი მუშახელის დიდი რაოდენობით შემოდინება, რაც გარკვეულწილად, დემოგრაფიულ სურათზეც იმოქმედებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ექსპერტი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში საქართველოს მონაწილეობა არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოების, მათ შორის განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
„საქართველო ხდება ევროკავშირის პირდაპირი პარტნიორი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოზე გაივლის ევროკავშირისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების მოცულობები. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების თვალსაზრისით“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც უნგრეთის პრემიერმა ისაუბრა, ეს არის ბრიუსელის გადაწყვეტილება. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი კარგ გადაწყვეტილებად თვლის მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებას და ამავე დროს, მიუღებელი და ამორალურია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმა.
„მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია. ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში!“, - აცხადებს ვიქტორ ორბანი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლა სწრაფი ცვლილებების დროა დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში. მისი თქმით, ახლა არის ახალი მომენტი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს.
„როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ ასევე მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა ახალი მომენტია, ცვლილების ქარია, რომელიც ევროპულ ოჯახს აახლოებს“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის ნებისმიერი საერთაშორისო აქტივობა კარგია, თუმცა უნგრეთი საქართველოსთვის ევროპული ქვეყნის მოდელი არ არის.
„ქვეყნისთვის ნებისმიერი საერთაშორისო აქტივობა კარგია, თუმცა უნგრეთი არ არის ევროპული ქვეყნის მოდელი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ თავად უნგრეთს საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვს მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და სხვა ბევრი მიმართულებით. ამიტომ ბუნებრივია, ეს ვიზიტი გარკვეულად პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, მთავარი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნები არიან. მათი განცხადებები და მათთან ურთიერთობების დალაგება ბევრად უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების დიდი ნაწილი ძალიან კარგად აცნობიერებს, რა შესაძლებლობები შეიძლება გაუხსნას ევროკავშირს საქართველოსთან პარტნიორობამ და საქართველოს ევროკავშირში წევრობამ.
„დღეს განსაკუთრებით ცხადად ჩანს საქართველოს მნიშვნელობა ევროკავშირისთვის. ამას ჩვენი პარტნიორების დიდი ნაწილი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს, რა შესაძლებლობები შეიძლება გაუხსნას ევროკავშირს საქართველოსთან პარტნიორობამ და საქართველოს ევროკავშირში წევრობამ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან იმისთვის, რომ სწორად და კარგად იყოს გამოყენებული როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის ის გეოპოლიტიკა, გეოგრაფიული მდებარეობა და მისწრაფებები, რაც საქართველოს აქვს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.