29-30 ნოემბერს ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტია დაგეგმილი, სადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაც არიან მიწვეულები. ნოემბერში დაგეგმილ მინისტერიალზე ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი.
ანალიტიკოსები ბუქარსტში გასამართ სამიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ. როგორც for.ge-ს სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა, უკრაინის ომისა და ნატო-რუსეთის ჰიბრიდული ომის ფონზე, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს ახალი ამოცანები და პრიორიტეტები აქვს.
„აღნიშნულ სამიტზე შეიძლება ახალი წევრების მიღების პროცედურებიც გადაწყვიტონ. გამორიცხული არ არის შვედეთმა და ფინეთმა ყოველგვარი მაპის გარეშე მიიღონ ნატოს წევრობის სტატუსი. ორი ქვეყანა დარჩა, ვისაც რატიფიკაციაზე ხელი არ მოუწერია, ერთი თურქეთია, მეორე ზუსტად არ მახსოვს რომელი ქვეყანაა.
როგორც ჩანს, უკრაინის საკითხიც აქტიურად განიხილება. უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას არ სჭირდება დამატებით მაპი. თუ პოლიტიკურ შიგთავს არ შევეხებით - რომ მეზოებელ ქვეყანასთან კონფლიქტი არ უნდა გქონდეს, უკრაინასთან მიმართებაში ეს პუნქტი ვერ შესრულდება, რადგან ამ შემთხვევაში უკრაინა თავად არის სამხედრო აგრესიის მსხვერპლი. დანარჩენი ყველაფერი - ეკონომიკური უსაფრთხოება, სამხედრო თავსებადობა და სამხედრო სიძლიერის კუთხით, უკრაინამ აჩვენა და დაადასტურა, რომ ბევრ ნატოს წევრ ქვეყანაზე მაღლა დგას.
ასევე საინტერესოა მოლდავეთის მიწვევაც, რომელსაც ნეიტრალიტეტი, ანუ სამხედრო ბლოკებში გაწევრიანება არ სურს, მაგრამ გეოსტრატეგიული ფონი მოლდავეთს იმდენად რთული აქვს, ამ საკითხსაც, როგორც ჩანს, გადაწყვეტენ“, - აღნიშნა მაისაიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულ სამიტზე შასაძლოა საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე ან მსგავსი თემების განხილვა იყოს.
„შეიძლება ახალი მოდელი მიიღონ, რომელიც მაპისთვის თავის არიდების საშუალება იძლევა. მაგალითად, შვედეთსა და ფინეთს ყოველგვარ მაპის გარეშე იღებენ. არა და მათაც მაპის სტადია უნდა გაევლოთ“, - განუცხადა მაისაიამ for.ge-ს.
საგარეო ურთიერთობის საკითხებში ანალიტიკოს თენგიზ ფხალაძის თქმით, ბუქარესტის სამიტზე მეტწილად თავდაცვის საკითხები იქნება განხილული. ფხალაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ნატოსგან დამატებით სამხედრო დახმარება მიიღოს.
„იმას ვერ გეტყვით, რომ ახლა ნატო რაიმე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ემზადებოდეს. სამიტი ემსახურება იმას, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს. ჩვენ ვართ ისეთ ზონაში, სადაც აგრესიული მეზობელი გვყავს და ამავდროულად, უსაფთხოების გარანტიები არ გვაქვს. ნატოს ამ სამიტზე კონკრეტული თემები იქნება განხილული. ამ წუთას გამიჭირდება ზუსტი პასუხი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები, როგორც ყოველთვის, ნაწილობრივ საიდუმლოდ რჩება ხოლმე. სამიტის შემდეგ უკვე ხელისუფლება იტყვის, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამიტი ეხება ჩვენაირი ქვეყნების დაცულობას“, - განუცხადა ფხალაძემ for.ge-ს.
ცნობისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუმინეთი პირველად მასპინძლობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს.