რეალურია თუ არა დიდი ოპოზიციური გაერთიანების იდეა და რატომ თქვა უარი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გაერთიანებაზე? აღმოჩნდა, რომ პარტიები ძალთა გადანაწილებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად ხედავენ.
ახალი ოპოზიციური გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ, თუმცა ამ ეტაპზე მათი რიგებს არავინ შემატებია. სამეული კარს ყველა პოლიტიკური ძალისთვის ღიას ტოვებს და იმედს იტოვებს, რომ კოლეგა პარტიები პოზიციას დროულად ჩამოაყალიბებენ.
ოპოზიციის უმრავლესობისთვის ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიას შეთავაზება მიმზიდველი არ არის და როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ამ და სხვა შესაძლო გაერთიანებებს უნდობლობას უცხადებენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ პრიორიტეტი საკუთარი პარტიის გაძლიერება უფროა, ნაწილს კი კოლეგა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან წარსული გამოცდილება აფიქრებს.
ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობას „ქართული ოცნება“ უნდობლობით ხსნის. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ერთმანეთის მიმართ ნდობის არარსებობაა.
პოლიტიკური განაცხადი ამ ეტაპზე თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს გაკეთებული და უმრავლესობა ამ ეტაპზე 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადებას ინდივიდუალურ რეჟიმში გეგმავს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება არაფრის მომცემი იქნება, რადგან მსგავსი გაერთიანებები 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში უკვე ვიხილეთ. ამან კი რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მოიტანა. პირიქით, „ნაციოანლური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებულმა პატარა პარტიებმა ის რეიტინგიც დაკარგეს, რაც ჰქონდათ, ოპოზიციურად გაწყობილმა ამომრჩეველმა ისინი დამოუკიდებელ პარტიებად ვერ აღიქვეს. ამიტომ მსგავსის განმეორება პოლიტიკური უვიცობაა, რომელიც ისევ ოპოზიციას დააზიანებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კარგია პატარა პარტიებმა კოალიცია თავად შექმნან და ენმ-ისგან დისტანცირდნენ.
„ქართულ პოლიტიკაში რეალობა ისევ ასეთია, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამათ, ორივეს 5%-იანი ბარიერის დაძლევის არანაირი პრობლემა არ აქვთ. დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს ამ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. აქ ვგულისხმობ 2024 წლის არჩევნებს და არც მაქვს იმის ილუზია, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. ამიტომ გასაგებია, რომ ეს წვრილი პოლიტიკური ძალები რაღაცნაირად უნდა გადაჯგუფდნენ. ამასთანავე, თუ ელექტორატს შევხედავთ, ამომრჩეველიც სამ ჯგუფად არის გაყოფილი.
„ნაციონალურ მოძრაობას“, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, თავისი ამომრჩეველი ჰყავს. „ოცნებასაც“ თავისი მხარდამჭერები ჰყავს და არის მესამე ჯგუფი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. ანუ პატარა პარტიების სამოქმედო არეალი და ასპარეზზი არის არა ის, რომ „ოცნებას“ ამომრჩეველი წაართვას, არამედ ამ მესამე სეგმენტზე იმუშაოს. სახელისუფლებო მხარდამჭერი ვინც წასასვლელი იყო, წავიდა. ახლა ამ პატარა პარტიების მიზანია, რომ ეს ადამიანები არც ენმ-ისკენ დაბრუნდნენ და არც „ოცნებისკენ“. თუ ამ 10-წლიან პერიოდს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ როდესაც ერთი-ერთზე ნაციონალები და „ოცნება“ ერთმანეთთან რჩებიან, ჩვენი მოსახლეობა არჩევანს ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებს. ამდენი წელია ეს ვერ შეიგნეს. ის მესამე ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, არჩევანს ისევ „ოცნებაზე“ აკეთებს. 60% მაინც კვლავ ხელისუფლებისკენ იხრება. თუ 2024 წლისთვის იგივე ვითარება დარჩება და პატარა პარტიები ბარიერს ვერ გადალახავენ, მანდატები უფრო ბევრი ენმ-ს და „ოცნებას“ შეხვდება. „ოცნება“ უფრო მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“,-ამბობს ძაბირაძე.
თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი ის არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები შეიქმნას, რომლებიც კონკრეტულად ამ მესამე ამომრჩეველზე იმუშავებენ. შესაბამისად, პატარა პარტიებმა, რომ ერთიანი ნაბიჯების ჩამოყალიბება დაიწყონ, სწორი ნაბიჯია. თუ საუბარია დიდ გაერთიანებაზე, ეს არაფრის მომტანი არ იქნება, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. პარტია ამომრჩეველს თავადაც დაკარგავს და ხალხს ისევ „ოცნებისკენ“ გარეკავენ.
„პატარა პარტიებმა უნდა შექმნან გაერთიანება, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ. ეს სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი დალაგდეს, რეალურად მრავალპარტიული და კოალიციური მთავრობა მივიღოთ. ამ სამეულს, ჯაფარიძეს, ხოშტარიას და ვაშაძეს, ახლა რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსიც არა აქვს. თუმცა არჩევნებამდე ერთი წელი კიდევ აქვთ, რომ თავიაანთი სათქმელი ამომრჩევლამდე მიიტანონ, მაგრამ არა ამ რიტორიკით, რასაც ახლა აკეთებენ. ოპოზიცია ერთ რამეს უნდა მიხვდეს, რომ „ოცნების“ ჯვარცმაზე და ანათემაზე გადაცემა არაფრის მომტანია.
„ოცნებამ“, როგორც ვთქვი, ამომრჩეველი ვინც უნდა დაეკარგა, უკვე დაკარგა, დანარჩენი რაც ჰყავს, მისი სტაბილური ამომრჩეველია. ოპოზიციის ამომრჩეველი 2/3-ია, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ მათ სწორი მიმართულებით გაუშვებენ, რაღაცა შედეგი მიიღონ. ეს ასე უშრომლად ხელისგულზე არ დევს. რა უნდა შესთავაზონ, იმაზე უნდა იფიქრონ. დღეს ოპოზიციის და მისი მედიების მთავარი ნარატივია, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, უნდა დასანქცირდეს, რუსია, ევროპულ გზას ავცდით და ა.შ. ჰო, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მოსახლეობა კითხულობს, კარგი, გავიგეთ, ეს კაცი ცუდია, მაგრამ თქვენ ამაზე კარგები რით ხართ? მთელი ამ ამბის ფილოსოფია ისაა, რომ ხალხს ოპოზიცია უფრო ცუდად მიაჩნია, ვიდრე ხელისუფლება, ამაში კი ხელს თავად ოპოზიცია უწყობს“,- ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც მიიჩნევს, რომ წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, ოპოზიციას კარგი გაკვეთილი უნდა მიეღო და მსგავს დიდ გაერთიანებაზე, წესით, ნაკლებად უნდა ფიქრობდეს. ანაჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამ სამი პარტიის გაერთიანებისგან რაიმე ღირებული შედეგის მიღება მოხდეს, ნაკლებად სავარაუდოა.
„გაერთიანებას აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ნამდვილად ერთიანი ფრონტით გამოვა, ერთიანი სია ექნებათ და ერთი ლიდერი ეყოლებათ, რომ საზოგადოებას მკაფიო არჩევანი დაენახა. აქეთ არის „ოცნება“ და მეორე მხარეს ოპოზიციური ძალების ერთიანობა, რომელიც საკუთარ თავს პოზიციონირებენ, როგორც დასავლურ ძალას. როდესაც პროდასავლურობაზე ძალიან ბევრ პოლიტიკურ ძალას ოპოზიციაში პრეტენზიები აქვს, ეს სამი პარტია ცდილობს, რომ ამ თემის მონოპოლიზება მოახდინოს, რაც ცოტა არ იყოს, არასერიოზულად გამოიყურება. რა გამოდის მაშინ, თუ ეს სამი პარტია პროევროპული გაერთიანებაა, სხვები ვინ არიან?
თუკი გავითვალისწინებთ ამ პარტიების ელექტორალურ მაჩვენებლებს ბოლო არჩევნებში, არ მგონია, რომ მათ რაიმე სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეთ, მით უმეტეს ეს სამი ლიდერი დიდი ელექტორალური რესურსით ვერ გამოირჩევა, ამას მეტყველებს, როგორც გამოკითხვები ასევე არჩევნების შედეგები. ალბათ, მომავალი დაგვანახებს, საკუთარ ნიშას სად დაგვანახებენ. ჯერ საზოგადოებას პროგრამა, ხედვები უნდა წარუდგინონ, საკუთარ თავს სად და როგორ ხედავენ. ერთია განაცხადო, რომ პროევროპული ხარ და მეორე მხრივ ხალხმა უნდა დაინახოს მათთგან რას უნდა ელოდოს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ჩვენთან გაერთიანება ყველა პარტიას თავისებურად აქვს წარმოდგენილი. ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ თუ გაერთიანება შედგა, ყველა პარტია თანასწორი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ელექტორალური მაჩვენებელი აქვთ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიიჩნევენ, რომ რადგან მათ აქვთ ყველაზე მეტი რესურსი, როგორც ელექტორალური ასევე სხვა, წამყავნი ძალა ისინი უნდა იყვნენ.
„უკეთესი იქნებოდა, რომ ამ პატარა პარტიებმა საკუთარი პარტიების განვითარებაზე იზრუნონ. შეიძლება 2024 წელს არა, მაგრამ შემდეგ მაინც თვითკმარ პოლიტიკურ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ. ასე აქეთ-იქით მიტმასვნა და სხვისი მხრებით პარლამენტში შესვლა, ხელს არ უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური ორგანიზაციების განვითარებას. პარტია იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ამომრჩეველი თავად მიიზიდოს. ჩვენთან კი ამ პატარა პარტიებს პარლამენტში შესვლა სხვის ხარჯზე უნდათ. ასევე მეჩვენება, რომ ეს სამი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე მუშაობს. მათი რიტორიკა და აგრესიული დღის წესრიგი სწორედ ამ მასაზეა გათვლილი. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პოლიტიკურ მოვლენებს ჩაეხსნა, მეჩვენება, რომ გიორგი ვაშაძეს აქვს ამბიცია ოპოზიციის ლიდერი გახდეს. რა თქმა უნდა, ეს სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის სურვილი აქვს“, - ამბობს ანჯაფარიძე.