„აგვისტოს ორდღიან ომში მილიარდერები გახდნენ, ხოლო უკრაინაში მთელი მსოფლიოდან ილექება მილიარდები და სულ სხვა შესაძლებლობებია უსინდისოებისთვის“

„აგვისტოს ორდღიან ომში მილიარდერები გახდნენ, ხოლო უკრაინაში მთელი მსოფლიოდან ილექება მილიარდები და სულ სხვა შესაძლებლობებია უსინდისოებისთვის“

რა ფული იშოვეს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა ომის დროს, ამის შესახებ პერიოდულად ისმის ბრალდებები, მათ შორის, საქართველოშიც. ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი დარწმუნებულია, რომ ისინი, ვინც უკრაინაში საქართველოს ლანძღვით არიან დაკავებულნი, სინამდვილეში, თავად არიან გასაკონტროლებელნი, მაგრამ ომის დროს მათი საქმეებით არავინ დაინტერესდება.

„ომში ბევრი უკრაინელი გამდიდრდა, მათ შორის, ისეთებიც, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ“, - აცხადებს ბოდბელი მიტროპოლიტი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსი ოკუპანტია და ეს ყველამ იცის, თუმცა ვისთან ერთადაც ვიდექით და სოლიდარობა გვქონდა, მათ ერთგულებით არ გვიპასუხეს.

საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირში მიღების კანდიდატობის დროს რამდენიმე ბალტიისპირელი გამოვიდა, ევროპარლამენტის დეპუტატი და გვებრძოდა. ასევე, საქართველოს გაწევრიანებას არ ემხრობოდა მინისტრის მოადგილე უკრაინიდან, საქართველო არ უნდა მიიღოთო.

„პოდოლიაკი იმავეს ამბობდა, არესტოვიჩი იმავეს ამბობდა. ომში ბევრი ფულს შოულობს. ომი დამთავრდება და ნახავთ, რამდენი უკრაინელი გამდიდრდა, მილიარდერი გახდა, ისინიც კი, ვინც საქართველოს უტევენ“, - ამბობს მეუფე იაკობი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეუფე იაკობი უკრაინის მაღალჩინოსნებს ფულის კეთებაში ამხელს. ჯერ კიდევ მარიამობის დღესასწაულზე მეუფე ირწმუნებოდა, რომ „არახამიამ ომში მილიარდი იშოვა, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და გველაპარაკება. ეს ჩემი მოგონილი არ არის. თავის ქვეყანას მიხედოს, ჩვენ ჩვენსას მივხედავთ“.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინის მაღალჩინოსნების მიერ ომის დროს ფულის შოვნის შესახებ რა უნდა ვთქვათ, როცა 2008 წლის აგვისტოს ორდღიან ომში მილიარდერები გახდნენ კეზერაშვილებიც და სხვა დანარჩენებიც და დღეს კეზერაშვილის ფულისთვის ხოცავს ერთმანეთს ე.წ. ოპოზიციად წოდებული კრიმინალური მაფია.

„რა თქმა უნდა, ომში უდიდესი ფული კეთდება, არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ უკვე იწერება, 40 მილიარდი აქვს ზელენსკისო. ეს არ არის პატარა ფული, ადამიანმა ერთ ომში რომ იშოვოს. რის ხარჯზე მოხდა ეს? ამდენი ადამიანის, უკრაინელის სიცოცხლის ხარჯზე, ამდენი ვაჟკაცი ჯარისკაცის ხარჯზე, რომელიც გულანთებული იბრძვის თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და მართლაც სამამულო ომი ჰგონია, მილიონობით ადამიანი გახდა დევნილი საკუთარი ქვეყნიდან. სამარცხვინოა, ამის ხარჯზე რომ გახდები მილიარდერი. სამწუხაროდ, ეს მოაქვს ომს. თუკი უსინდისო ადამიანების ხელშია ძალაუფლება, ისინი ამ შანსს იყენებენ და ხდებიან მილიარდერები“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

მანვე განმარტა, რომ აფხაზეთის ომის დროსაც შეიმჩნეოდა ფულის კეთების მცდელობა, უბრალოდ, აფხაზეთის ომში არ იყო ასეთი დაფინანსება და ასეთი დახმარება. მთელი მსოფლიოდან არავინ ეხმარებოდა საქართველოს აფხაზეთის ომში, ის კი არა, ცენტრიდანაც არ ჩადიოდა დახმარება, შევარდნაძის ხელისუფლება იარაღს არ აწვდიდა მებრძოლებს და ხალხი „ტრაფეინი“ იარაღით ომობდა.

„ჩვენ არავინ გვედგა მხარში, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოდან ილექება და ილექება უკრაინაში მილიარდები, ბუნებრივია, უკრაინაში სულ სხვა შესაძლებლობები და შანსებია უსინდისო ადამიანებისთვის. იქ სინდისიერს ვერავის ვხედავ, თუნდაც ჩვენს ქვეყანასთან დამოკიდებულებაში“, -გვითხრა ნანა კაკაბაძემ.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ ომის დროს ფული კეთდება, ომში ფულს ნაძირლები აკეთებენ და ეს ნაძირლები ყველა ქვეყანაშია. მამუკა გიორგაძე იხსენებს, რომ საქართველოში აფხაზეთის ომის დროსაც კეთდებოდა ფული და ის ხალხი, ვინც მაშინ ამ საქმით იყო დაკავებული, დღეს მორალს გვიკითხავს.

„ცხინვალის ომის დროს არ გაკეთდა ფული? ის ხალხიც დღეს ჭკუას გვარიგებს, როგორ უნდა მოვიქცეთ და კიდევ პოლიტიკასა და ბიზნესში არიან ეს ადამიანები. ამიტომ სხვა ქვეყანაში ომის დროს ფულის გამკეთებელი ხალხი კი არ უნდა ვამხილოთ, არამედ ჯერ ჩვენს ქვეყანაში მყოფი ნაძირლები უნდა გამოვავლინოთ. მათ პასუხი უნდა აგონ და უნდა გამოვიძიოთ, რა მოხდა აფხაზეთის ომის დროს, რატომ დაეცა გაგრა, ვინ გაყიდა გაგრა, ვინ გაყიდა სოხუმი, ცხინვალი, კოდორი“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ ამ ადამიანების საქმესთან დაკავშირებით საჭირო ფაქტები მასაც აქვს, დანარჩენ ბიჭებსაც, ვინც გაგრაში იომა. მამუკა გიორგაძის თქმით, სხვათა შორის, გამოძიება დაიწყო კიდეც მათი აქტიური ზემოქმედების შედეგად, მაგრამ ვეღარ გაგრძელდა.

„სოხუმი რატომ დაეცა, არ უნდა ვიცოდეთ? დღესაც 2008 წლის ომი გამოძიებული არ გვაქვს, ვის მხარეზე იბრძოდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება? ან თუნდაც დასავლეთის მილიარდიანი დახმარება ვინ შეჭამა? ის ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომლებიც დღესაც წარმატებულნი არიან და საკუთარი თავი ელიტად მიაჩნიათ? უკრაინაშიც ასეა. უკრაინამაც არ შეისწავლა, რა მოხდა 2014 წელს ყირიმში, რატომ გაიყიდა ყირიმი ტყვიის გაუსროლად? რა ხდებოდა ოკუპირებულ დონეცკში, სად გადიოდა ქვანახშირი? გაზი?“ - აცხადებს მამუკა გიორგაძე, რომლის თქმითაც, ნაძირლები უკრაინაშიც ბევრია, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებაშიც. ამ ადამიანებმა როდესაც ინფორმაცია მიიღეს, ომი იქნებაო, წინასწარ გაანადგურეს პროკურატურის საქმეები, ნაცვლად იმისა, რომ ხერსონის ხიდი დაენაღმათ.

მამუკა გიორგაძის თქმით, უკრაინაში დიდია კორუფციის მასშტაბი. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უდიდესი პრობლემაა უკრაინაში არსებული კორუფცია. იქაურმა ოლიგარქებმა სწორედ უკრაინის გაღატაკების ხარჯზე იშოვეს ფული.

მიშა სააკამ ბიზნეს-პრიორიტეტები არასწორედ შეარჩია. აქ ჩამოსვლის ნაცვლად, უკრაინაში რომ დარჩენილიყო, კი გამოკრავდა ზედმეტ მილიარდებს ხელს.
ეხლა კი იჭამს იდაყვებს, მაგრამ . . . ,,ააფრინე ალალიო"
2 წლის უკან