„ამ ომის პირობებში საქართველო საჭირო ხდება ევროპისთვის“

„ამ ომის პირობებში საქართველო საჭირო ხდება ევროპისთვის“

„არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რადგან საქართველოს ჰყავს „პრორუსული ხელისუფლება“. ოპოზიციის არგუმენტები, რომ სუსტია ამის შესახებ საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ოპოზიციის პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს. მისი თქმით, ბრალდების საპირისპიროდ, ხელისუფლებაც უნდა ისროდეს თავისი პოზიციის გამყარების მესიჯებს, მაგრამ არ აკეთებს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისგან უმძიმეს და უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს“, - ასეთი დასკვნა ჩამოიტანეს ბრიუსელიდან გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ, რომლებმაც მთავარი გზავნილი რაც ჩაიტანეს არის ის, რომ საქართველოში არის ავტორიტარული მმართველობა და, რომ არ შეიძლება მას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ყოველ შემთხვევაში, ისინი წინასწარ აანონსებენ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ბრიუსელმა. ოპოზიცია რომ მავნებლობს ამას წლებია ვხედავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რასაც ვაკვირდებით, ეს მხოლოდ მავნებლობაა?

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციას რომ ჩავეკითხოთ და მათ გულახდილად გვიპასუხონ, ალბათ, იტყვიან, რომ ჩვენ ევროპის მიმართულებას კი არ ვკეტავთ, უბრალოდ, გვინდა ჩვენ დავაყენოთ საქართველო ამ გზაზე. როგორც თვითონ ამბობენ, ეს ავტორიტარული ხელისუფლება არ უნდა გაძლიერდეს. ფაქტია, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი წარმატებით ჩაითვლება ევროპის მხრიდან. ამიტომ, ოპოზიცია ამბობს, რომ ვებრძვით ავტორიტარიზმს და რომ არ გაძლიერდეს, ამიტომ ვაკეთებთ იგივეს, რასაც ადრე ვაკეთებდითო.

სხვათა შორის, თუ დავაკვირდებით, დაახლოებით იგივე ხდება აზერბაიჯანში. აზერბაიჯანს ხელი გაუწოდა და თხოვნითაც მიმართა ევროპამ, რომ გაზი და ნავთობი მიაწოდოს რუსეთის გვერდის ავლით ევროპას და გახდეს ალტერნატიული მიმწოდებელი ენერგომატარებლების. აზერბაიჯანისთვის ეს კარგია, მაგრამ ოპოზიცია გამოვიდა და აპროტესტებს, რომ აი, ევროპა ღალატობს თავის პრინციპებს და ადამიანთა უფლებები ანაცვალა ენერგომატარებლებსო და თანახმა არის, რომ დარღვეული იყოს ეს უფლებები, ოღონდ ენერგომატარებლები მიიღონო.

იქაც იტყვის ალიევის მომხრე ჯგუფი, ან თვითონ ალიევი, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის და არა მარტო ერთი პირის - ალიევის წინააღმდეგ. ასე რომ, ხშირია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში თავდაკარგულ ოპოზიციას ავიწყდება, რისთვის იბრძოლოს.

რამდენად შეიძლება გავლენა მოახდინოს ოპოზიციის გზავნილებმა გადაწყვეტილების მიღებაზე?

- მეეჭვება. აზერბაიჯანის მაგალითი კარგია იმ მხრივ, რომ ევროპა საკმაოდ პრაგმატული იყო ყოველთვის და ახლაც არის. ევროპას მძიმე შენიშვნები ჰქონდა აზერბაიჯანის მიმართ ასევე ავტორიტარიზმის მიმართულებით, მაგრამ როგორც კი აზერბაიჯანი მისთვის საჭირო აღმოჩნდა როგორც ენერგომატარებლის მიმწოდებელი სახელმწიფო, დაავიწიყდა ეს შენიშვნები და გაუწოდა ხელი. ანალოგიურად, საქართველოშიც იგივე საკითხი დგას. აზერბაიჯანის გაზი და ნავთობი საქართველოთი უნდა გავიდეს ევროპისკენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისევე, როგორც აზერბაიჯანის მიმართ მოხსნა პრეტენზიები ევროპამ, ასევე იქნება საქართველოს მიმართაც.

მიდის დიდი მსოფლიო ომი და ამ მსოფლიო ომში ებრძვიან ერთ კონკრეტულ ძალას, ისევე, როგორც ერთმანეთთან პრეტენზიები ჰქონდათ საბჭოთა კავშირს, ამერიკას და ინგლისს, მაგრამ ერთად დადგნენ იმიტომ, რომ ჰიტლერი დაემარცხებინათ. ახლაც ბევრი ისეთი სუბიექტი, რომელსაც შეიძლება ერთმანეთთან პრეტენზია ჰქონოდა, ვფიქრობ, ერთად დადგებიან იმისთვის, რომ პუტინი დაამარცხონ.

ვიმეორებ, შემოსული არის უკვე ბრძოლის კანონები, ომის კანონები, სადაც ამა თუ იმ მხარეს არ აქვს იმის უფლება, რომ ისეთი დათმობები გააკეთოს, სადაც რუსეთი შეიძლება მოგებული დარჩეს. ყველამ უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც რუსეთს შეუმცირებს მოქმედების არეალს. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი არის ხელშეწყობა საქართველოსთვის, რათა მან აღმოსავლეთიდან წამოსული ტრანზიტები და ენერგომატარებლები გაატაროს ევროპისაკენ. ამ ომის პირობებში საქართველო საჭირო ხდება ევროპისთვის.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით ოპოზიციის მასიურ კამპანიას ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ლოგიკა ასეთია - კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის ეს იქნება ხელისუფლების გაძლიერება და ყველაფერი, რაც აძლიერებს ხელისუფლებას, არის ცუდი, რადგან ეს არის პრორუსული ხელისუფლება. ამიტომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ძალიან ალოგიკური ბრალდებები ისმის...

- არალოგიკურია ეს ბრალდებები იმ ფონზე, რომ პრორუსულობის ერთი არგუმენტიც არ აქვთ. სულ მაგაზეა ლაპარაკი და ახლა უკრაინელებს სთხოვენ მაგას, რომ თუ ვართ პრორუსული, მაშინ გვითხარით რაში ვეხმარებით რუსეთს, მოიტანეთ ფაქტიო, მაგრამ არ იძლევიან ამ ფაქტს. მთლიანად ბლეფზეა აგებული ბრალდება - რასაც ჰქვია ქართული ხელისუფლების პრორუსობა. ევროპის წინაშე რამეთი ხომ უნდა გაამართლონ ეს ნაბიჯი, რატომ იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ.

მათ თავის მართლებასაც აქვს მიზეზი - ეს ხელისუფლება არის პრორუსი. იმიტომ კი არ ვიბრძვით, რომ მათ ვერ მოგვიგონ და ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში - არა, ვიბრძვით იმიტომ, რომ პრორუსია. ანუ, პოლიტიკური ბრძოლის ასეთი გათეთრება უნდათ. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ესენიც იბრძვიან იმისთვის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში რა არგუმენტებით უნდა უპასუხოს ოპოზიციის ამ ბრალდებას? ცხადია, რომ ძლიერი ბერკეტით არ უპირისპირდება ოპოზიციას, რაც მათ აძლევს მავნებლობის საშუალებას...

- გეთანხმებით, რომ არგუმენტების უფრო ძლიერი სისტემა არის მოსატანი. სულ არ აქვს არგუმენტები ოპოზიციას, რომ ხელისუფლება პრორუსია, მაგრამ ყოველ მეორე წუთას ამის გამეორებით შედეგს იღებს და ეს ფრაზა - „ხელისუფლება პრორუსია“ ბევრის ტვინში რჩება. ამავე სიხშირით არის გასაკეთებელი და საჩვენებელი ის არგუმენტები, რომლებიც ამხელენ უკვე ოპოზიციურ ჯგუფებს. 4 წელიწადში ერთხელ საარჩევნოდ გაიელვებს რამდენი ობიექტი გადასცა რუსეთს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ახლა დავითვალოთ დღეში რამდენჯერ იძახიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული პარტია! შეუთავსებლად დიდი რაოდენობაა. ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდისტული მანქანა არ აქვს. ოპოზიციის პროპაგანდისტული მანქანა კი მუშაობს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, არის თუ არა ლოგიკური. პროპაგანდისტული მანქანა უნდა დაიდოს და განუწყვეტლივ უნდა ისროდეს არგუმენტებს. რახან ფსიქოლოგიურ ომსაც ომი ჰქვია, ინფორმაციის გადასროლასაც ნაღმის სროლას ადარებენ და ეს ინფორმაციული ნაღმი განუწყვეტლივ უნდა ფეთქდებოდეს, როგორც ამას მოწინააღმდეგე მხარე აკეთებს. ხელისუფლებაც უნდა ისროდეს თავისი პოზიციის გამყარების მესიჯებს, მაგრამ ამას ხელისუფლება არ აკეთებს.

 

Aburjga Tasmanieli შორს ეშმაკეულისაგან - შორს ევროპისაგან! ღმერთო შენ გვიშველე და დაგვიფარე ამ გათახსირებულ მტარვალთაგან!
2 წლის უკან